საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-633(კ-23) 18 სექტემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ე. ო-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ო-ემ 2021 წლის 28 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 5 ივლისის №03-2787/ო ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელის ოჯახისთვის სამოთხიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ო-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყეტილებით ე. ო-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. ო-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 5 ივლისის №03-2787/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
პალატამ აღნიშნა, რომ დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებული - „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად - ომის ვეტერანის ოჯახი განიმარტება, როგორც − განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არა დევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინა სამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში; ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების დევნილი ოჯახები; საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი დევნილი პირების ოჯახები, საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი არა დევნილი პირების დევნილი ოჯახები; იმ ვეტერანების დევნილი ოჯახები, რომლებსაც საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად მიენიჭათ მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I,II ან III ჯგუფი).
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამკტიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ე. ო-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (2021 წლის 3 ივნისის ოქმი №35), ე. ო-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო. შესაბამისად, ამავე საფუძველზე მითითებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 5 ივლისის №03-2787/ო ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ქუთაისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ერთჯერადად კონკრეტულ მისამართზე პირის ყოფნა არ არის საკმარისი საფუძველი მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის. მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა ის გარემოება, რომ მონიტორინგისას მისამართზე (მის.: ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №...) ასევე იმყოფებოდნენ ე. ო-ეის შვილები და სიდედრი (ყოფილი) - ი. ჭ-ა. ამასთან, პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით დადგენილი წესით მოსარჩელის ქორწინებაში ყოფნის ფაქტი, მეტიც, განქორწინების მოწმობით დგინდება, რომ ე. ო-ე და ლ. უ-ი 2017 წლის 5 ოქტომბრიდან აღარ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. გარდა ამისა, პალატამ მხედველობაში მიიღო უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ე. ო-ეს 2019 წლის 17 იანვრიდან 2 წლის ვადით ნაქირავები ჰქონდა ქ. ქუთაისში, ...ს მე-2 შესახვევში №10-ში, ბინა №21. ამასთან, ე. ო-ეის განმარტებით, იგი განქორწინების შემდგომ პერიოდში ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...ს ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში, რომელიც არ შეესაბამება ბავშვებისთვის საჭირო საცხოვრებელ სტანდარტებს, სწორედ ამიტომ, ბავშვები ძირითადად ცხოვრობენ ბებიის - ი. ჭ-ას (ყოფილი მეუღლის დედა) კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში (მის.: ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №...) და მათ ხშირად სტუმრობს.
პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და ე. ო-ეის განცხადების განხილვისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ პირი აღარ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ 2021 წლის 20 მარტს მონიტორინგის ჯგუფს მეზობლებმა განუმარტეს, რომ ე. ო-ე ქ. ქუთაისში, ...ს მე-2 შესახვევი №10, ბინა №21-ში (ნაქირავები ბინა) პერიოდულად იმყოფებოდა, ხოლო თავის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩაზე მდებარე ...ში (მშობლებისთვის და ძმისთვის გადაცემული სახლი) ასევე აქვს საძინებელი.
პალატის მოსაზრებით, სადავო აქტი არასაკმარისად შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის თაობაზე. იგი არ შეიცავს საკითხის იმგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი.
პალატის მითითებით, სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა - მოსარჩელე ე. ო-ეის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მოახდინოს მტკიცებულებათა გამოთხოვის, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ამავე დროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობა მოსარჩელის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსარჩელის ჩართულობით შეეძლო დაედგინა რიგი გარემოებები, რომელთა გამოკვლევა და შეფასება გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში. აღნიშნულის საპირისპიროდ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მხოლოდ იმ მოტივზე დაყრდნობით იქნა მიღებული, რომ ე. ო-ე მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს დახვდათ ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ მისამართზე.
პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყეტილებით საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება და პრიორიტეტი მიანიჭოს ისეთ დევნილ პირს / ოჯახს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს და განკარგოს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, თუმცა მის საკუთრებაში არ იყოს და იყოს ოჯახის წევრის, ნათესავის ან ახლობლის, იმ დევნილ პირთან / ოჯახთან მიმართებაში, რომელიც საფრთხის ქვეშაა, რომ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე და არ აქვს საშუალება, ისარგებლოს თუნდაც ნათესავის საცხოვრებელი ფართით.
მიუხედავად იმისა, რომ მხარემ სასამართლოში წარმოადგინა განქორწინების მოწმობა, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე თავად იურისტია და პირადად იღებს მონაწილეობას დევნილი ოჯახების და სააგენტოს დავებში, კასატორის მოსაზრებით, უამრავი პრაქტიკის გათვალისწინებით, მოსარჩელე ფლობს უნარს წარმოაჩინოს განქორწინებულად თავი, ვინაიდან მეუღლეს და შვილებს გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
კასატორის მითითებით, პალატამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე თავად განკარგავს სახელმწიფოს მიერ დედისა და ძმისათვის გადაცემულ საცხოვრებელს, რომელსაც როგორც საოფისედ განკარგავს, ასევე შეუძლია საცხოვრებლადაც გამოიყენოს, ვინაიდან ფოტომასალაში ჩანს, რომ სახლში საძინებელი ოთახიც არსებობს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუკი სააგენტო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს მივიღებთ ქაოტურ სიტუაციას და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რომელიც გააჩენს უსამართლობის განცდას საზოგადოებაში.
მოცემულ შემთხვევაში, მონიტორინგის ოქმიდან ცალსახად და უტყუარად დასტურდება, რომ მხარე რეალურად ფლობს და შეუზღუდავად სარგებლობს ფაქტობრივი საცხოვრებელი სახლით. ასევე, არცერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მხარე შესაძლოა თავშესაფრის გარეშე დარჩეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ე. ო-ეის და მისი არასრულწლოვანი შვილების - მ. და ს. ო-ეების სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობები. მოსარჩელე ე. ო-ე წარმოადგენს აფხაზეთის ომის ვეტერანს.
2020 წელს 19 თებერვალს ე. ო-ემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, განმცხადებელმა ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართად მიუთითა: ქ. ქუთაისი, ...ის ქ. მე-... მ/რ, №..., „შპს პ...“.
ე. ო-ეის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ გადამოწმების შედეგად დევნილ ოჯახს მიენიჭა - 5.5 ქულა (18 წლამდე ასაკის წევრები/2 არასრულწლოვანი - 1 ქულა; ომში მონაწილეობა/ომის ვეტერანი - 1.5 ქულა, ომში დაღუპული წევრი/წევრები - გარდაიცვალა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტების შედეგად - ვ. და ვე. ო-ეები - 1.5/1.5 ქულა).
ე. ო-ემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა 2019 წლის 17 იანვარს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 2 წლის ვადით და განმარტა, რომ ქირით ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...ს მე-2 შესახვევში №10-ში, ბინა №21- ში.
მოსარჩელემ 2021 წლის 29 მარტის ადმინისტრაციულ ორგანოში ასევე წარადგინა განქორწინების მოწმობა, რომლის თანახმად, მოსარჩელე ე. ო-ე განქორწინებულია ლელა უშხვანთან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (2021 წლის 2 ივნისის ოქმი №35), ე. ო-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 5 ივლისის №03-2787/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №35), ე. ო-ეს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი N1). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N7) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N8). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.
კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა დროს, რა მისამართზე იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირი. შესაბამისად, სხვადასხვა მიზეზით ფაქტობრივად სხვადასხვა მისამართზე ყოფნა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ოჯახს არ აქვს გრძელვადიანი საცხოვრებელი და ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დევნილებს შეუქმნას ეკონომიკური და სოციალური გარანტიები გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კუთხით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება. მითითებული საფუძვლით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის შესაძლებლობას, ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლი. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის“ შედგენას. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდება, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არსებითად მცდარია ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილმა დოკუმენტაციამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად - ომის ვეტერანის ოჯახი განიმარტება, როგორც − განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არა დევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინა სამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში; ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების დევნილი ოჯახები; საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი დევნილი პირების ოჯახები, საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი არა დევნილი პირების დევნილი ოჯახები; იმ ვეტერანების დევნილი ოჯახები, რომლებსაც საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად მიენიჭათ მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I,II ან III ჯგუფი). წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გარდა, საქმის მასალებით დგინდება, რომ ქ. ქუთაისში, ...ს ქ. ... შესახვევი N10, ბინა 21-ში (განაცხადში მითითებული მისამართი) 2021 წლის 20 მარტს სააგენტოს მიერ განხორციელდა მონიტორინგი, ადგილზე ოჯახი არ იმყოფებოდა, მეზობლის განმარტებით, მოსარჩელე ცხოვრობს შვილებთან ერთად, იმ მომენტისთვის კი, სავარაუდოდ, იგი სამსახურში იმყოფებოდა.
მოსარჩელემ 2021 წლის 23 მარტს განცხადებით მიმართა სააგენტოს დირექტორს და განმეორებითი მონიტორინგი მოითხოვა, ამასთან, განმარტა, რომ 19:00 საათამდე, როგორც წესი, იმყოფება სამსახურში, ყოველ შაბათ-კვირას კი, შვილები მიჰყავს ბებიებთან.
2021 წლის 27 მარტს განმეორებით განხორციელდა მონიტორინგი მოსარჩელის მისამართზე, მონიტორინგის ფორმის შესაბამისად დგინდება, რომ მოსარჩელის შვილები ცხვრობენ ბებიებთან სხვა მისამართებზე.
2021 წლის 29 მარტს მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელის ყოფილი სიდედრის მისამართზე, ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც ი. ჭ-ა (ყოფილი სიდედრი), ისე თავად მოსარჩელე და მისი შვილები. მოსარჩელემ განმარტა, რომ ბავშვები ძირითადად აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდნენ, თავად ე. ო-ე კი მათ მოსანახულებლად იყო მისული. მისივე განმარტებით, მას საადვოკატო ოფისი აქვს გახსნილი ქ. ქუთაისში, ი. ...ის ქ. №...-ში, აღნიშნული ფართი დაუკანონდა მის მშობლებსა და ძმას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ერთ-ერთი მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელის სხვა მისამართზე ყოფნა იმთვითვე არ ადასტურებს მის აღნიშნულ მისამართზე ცხოვრებას და შესაბამისად, სააგენტოსთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების ნამდვილობას. საფუძველსაა მოკლებული მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილად ყოფილი სიდედრის - ი. ჭ-ას ბინის მიჩნევა. სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღების მიღმა დარჩა საქმეში დაცული განქორწინების მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ ე. ო-ე და ლ. უ-ი (ი. ჭ-ას შვილი) 2017 წლის 5 ოქტომბრიდან აღარ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამასთან, კასატორი ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ფიქტიური განქორწინების განხორციელების ფაქტს, აღნიშნული მხოლოდ სააგენტოს ვარაუდს წარმოადგენს. საფუძველსაა მოკლებული აგრეთვე სააგენტოს მითითება ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩაზე მდებარე ...ში მოსარჩელის ცხოვრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დასტუდება, რომ ხსენებული ფართი მისი მშობლებისა და ძმის საკუთრებაშია, რაც არ გამორიცხავს ე. ო-ეის განსახლების საჭიროებას.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლები), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე