Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-605(კ-23) 18 სექტემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებზე (მოწინააღმდეგე მხარეები - კ.ქ-ა, ს.ქ-ა, ე.ქ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ.ქ-ამ, ს.ქ-ამ და ე.ქ-ამ 2022 წლის 29 სექტემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს: სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 იანვრის №03-363/ო ბრძანების ბათილად ცნობა, კ.ქ-ას, ს.ქ-ასა და ე.ქ-ას ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ.ქ-ას, ს.ქ-ასა და ე.ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 იანვრის №03-363/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა კ.ქ-ას, ს.ქ-ასა და ე.ქ-ას ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

პალატამ აღნიშნა, რომ დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე 13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ - ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

პალატამ აღნიშნა, რომ რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, რომლის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია).

ბრძანების №1 დანართის მე-6 მუხლით განსაზღვრულია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები, კერძოდ პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. რაც შეეხება მუხლის მე-3 პუნქტს, მითითებულია, რომ დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ოჯახს მიენიჭება შესაბამისი ქულები.

მოცემულ შემთხვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კ.ქ-ა და მისი შვილები, არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. დევნილობამდე მისამართი - აფხაზეთი, ..., სოფელი ..., დროებით საცხოვრებელი, რეგისტრირებული ადგილი, ზუგდიდი, სოფელი .... ფაქტობრივი საცხოვრებელი - ზუგდიდი, ...ას ქ. N2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით 2021 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით, კ.ქ-ას ოჯახი შედგება სამი წევრისაგან. ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 48840. ოჯახი იღებს შემწეობას, საცხოვრებელია მისამართია - თბილისი, ...ის პლატო, მე-3 მ/რ კორპ 10, ბინა ... დადგენილია ასევე, რომ კ.ქ-ამ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შეავსო შესაბამისი კითხვარი. კითხვარის თანახმად, განმცხადებლის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიეთითა - ზუგდიდი, ...ას ქ. N2, ბინა N... ცხოვრობენ ნათესავის/ახლობლის სახლში ქირის გარეშე. კითხვარის მიხედვით აგრეთვე, ოჯახს არ გააჩნია უძრავი ქონება და ცხოვრობს სხვის საკუთრებაში.

2021 წლის 17 მარტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით კ.ქ-ას ოჯახს მიენიჭა 4.00 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულა - 2.50 ქულა). სარეგისტრაციო ნომერზე არის ერთ შვილთან, ორ დასთან და სამ დისშვილთან. განაცხადს აკეთებს შვილთან და სხვა სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ მეორე შვილთან ს.ქ-ასთან ერთად. განცხადების საფუძველზე განაცხადიდან ამოიღო მეუღლე - ს.გ-ა. დას - ი.ქ-ას გააჩნია საკუთრება - ... სოფელი ... სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი. 2021 წლის 10 სექტემბერს გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე თბილისი, ...ის მე-3 მ/რ, ...ის ქ. N10, მე-5 სართული ბინა ..., 28.2 კვ.მ. დადგინდა, რომ მოსარჩელეები აღნიშნულ მისამართზე 2017 წლიდან ცხოვრობენ ქირის გარეშე ნათესავთან გ.ს-ას საკუთრებაში. 2006-2017 წლებში ცხოვრობდნენ სხვა მისამართზე ქირით. 1993-2006 წლებში ცხოვრობდნენ დეიდასთან ზუგდიდის რაიონ სოფელ ...ში. მეუღლე ს.გ-ა ცხოვრობს ...ში მშობლებთან. სოფელ ...ში ცხოვრობს კ.ქ-ას დედა. დადგენილია აგრეთვე, რომ კომისიის გადაწყვეტილებით, კ.ქ-ას უარი ეთქვა ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ვინაიდან, ამ ეტაპზე, განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა ნათესავის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების გამო.

მოცემულ საქმეზე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს და მის ოჯახის წევრებს საკუთრებაში არ აქვთ რაიმე სახის უძრავი ქონება, რის გამოც მუდმივი საცხოვრებლის არარსებობის გამო, ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობენ სხვის (ნათესავის) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. პალატამ აღნიშნა, რომ დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, საჭიროებიდან გამომდინარე მოითხოვოს საცხოვრებელი ფართი და მისი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დაკმაყოფილებული იქნეს საცხოვრებლით. სადავო პერიოდის მდგომარეობით დევნილი ოჯახი, მინიჭებული ქულათა გათვალისწინებით, საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.

პალატამ მხედველობაში მიიღო აგრეთვე მსგავს საკითხთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები და მიუთითა, რომ დროებით სხვის საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით (იხ. სუსგ Nბს-1129(კ-20), 2021 წლის 25 მარტი).

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 იანვრის №03-363/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის, მოსარჩელეთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2021 წლის 17 ნოემბრის (N79 სხდომის ოქმი) ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ვინაიდან მოსარჩელე მხარეს ფაქტობრივი საცხოვრებელი აქვს და ამასთანავე აღნიშნული ობიექტი არ არის ნგრევადი და არ საჭიროებს მხარის დაუყოვნებლივ განსახლებას, ასევე სახეზე არ არის სხვა კრიტერიუმები, რომლებმაც შეიძლება არსებითად დაამძიმონ დევნილის სოციალური მდგომარეობა, კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. განსახილველ ეტაპზე მოხდა იმ დევნილთა დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ კომისიის უარი საბოლოო არ არის და მხარის განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება საერთო წესით. ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა. კერძოდ, გამოიკვლია საქმის გარემოებები, მხარეს მისცა შესაძლებლობა წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები. სადავო აქტი არის დასაბუთებული და მიღებულია კანონმდებლობის საფუძველზე. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება (ოქმი N 79) არის კანონიერი. 2022 წლის 28 იანვრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება N03-363/ო) მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დაცვით, რაც გულისხმობს აქტის დასაბუთებულობას. ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული წარმოებისთვის დადგენილი წესები, ასევე საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად, კანონის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება კ.ქ-ასა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. ბრძანება მიღებულია კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები: კ.ქ-ა და მისი შვილები, ... წლის ... ...ს დაბადებული ს.ქ-ა და 2001 წლის ... ...ს დაბადებული ე.ქ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. დევნილობამდე მისამართი, აფხაზეთი, ..., სოფელი ..., დროებით საცხოვრებელი, რეგისტრირებული ადგილი, ზუგდიდი, სოფელი .... ფაქტობრივი საცხოვრებელი, ზუგდიდი, ...ას ქ. N2. სოციალურად დაუცველო ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით 2021 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით, კ.ქ-ას ოჯახი შედგება სამი წევრისაგან. ოჯახის სარეიტინქო ქულა არის 48840. ოჯახი იღებს შემწეობას, საცხოვრებელია მისამართია, თბილისი, ...ის პლატო, მე-3 მ/რ კორპ 10, ბინა ...

2014 წლის 7 ივლისს №03220 განაცხადით კ.ქ-ამ, მეუღლესთან და შვილებთან ერთად მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. განმცხადებლების ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა - ზუგდიდი, ...ას ქ. N2. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის თანახმად, განმცხადებლის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიეთითა - ზუგდიდი, ...ას ქ. N2, ბინა N... ცხოვრობენ ნათესავის/ახლობლის სახლში ქირის გარეშე. კითხვარის მიხედვით, ოჯახს არ გააჩნია უძრავი ქონება და ცხოვრობს სხვის საკუთრებაში.

2021 წლის 17 მარტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით კ.ქ-ას ოჯახს მიენიჭა 4.00 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა, სოციალური კრიტერიუმი 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულა - 2.50 ქულა). სარეგისტრაციო ნომერზე არის ერთ შვილთან, ორ დასთან და სამ დიშვილთან. განაცხადს აკეთებს შვილთან და სხვა სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ მეორე შვილთან ს.ქ-ასთან ერთად. განცხადების საფუძველზე განაცხადიდან ამოიღო მეუღლე - ს.გ-ა. დას - ი.ქ-ას გააჩნია საკუთრება - ..., სოფელი ... სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი.

2021 წლის 10 სექტემბერს გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე - თბილისი, ...ის მე-3 მ/რ, ...ის ქ. N10, მე-5 სართული ბინა .., 28.2 კვ.მ. ფართი. დადგინდა, რომ მოსარჩელეები აღნიშნულ მისამართზე 2017 წლიდან ცხოვრობენ ქირის გარეშე ნათესავთან გ.ს-ას საკუთრებაში. 2006-2017 წლებში ცხოვრობდნენ სხვა მისამართზე ქირით. 1993-2006 წლებში ცხოვრობდნენ დეიდასთან ზუგდიდის რაიონი სოფელ ...ში. მეუღლე ს.გ-ა ცხოვრობს ...ში მშობლებთან, ხოლო სოფელ ...ში ცხოვრობს კ.ქ-ას დედა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 სხდომის ოქმის საფუძველზე მიღებული სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 28 იანვრის №03-363/ო ბრძანებით, კ.ქ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ნათესავის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების გამო გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით უარი ეთქვა ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. „წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. „წესის“ დანართი №7 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №8 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავენ კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. „წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით მიღებული ქულათა რაოდენობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია) („წესის“ მე-3 მუხ. 1-ლი პუნქტ.).

„წესით“ განსაზღვრულია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების დამუშავების სრული პროცედურა, რაც მოიცავს: განცხადების მიღებას, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით. აღნიშნულის შემდგომ, მონიტორინგის დეპარტამენტი ახდენს კომისიის მიერ გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №5) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ ამ დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. დამუშავებული მასალები გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით („წესის“ მე-3 მუხ. მე-5-მე-8 პუნქტ.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქირით ან ქირის გარეშე და ამ გარემოებიდან გამომდინარე, შეფასების საერთო სისტემაში დაინტერესებულ პირს ენიჭება კონკრეტული ქულა. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 2020 წლის 18 მარტის განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). გასათვალისწინებელია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 4 ქულდან 1.5 ქულა მოსარჩელეს მიენიჭა იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც სხვის საცხოვრებელში ცხოვრების ფაქტს ადგენს. დადგენილია, რომ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობდა ნათესავის სახლში. მოსარჩელის სხვის სახლში ცხოვრება წარმოადგენს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებისთვის ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად განსაზღვრავს დევნილი ოჯახის ქულათა საერთო რაოდენობას. ამდენად, სხვის ბინაში ცხოვრება არათუ გამორიცხავს მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას, არამედ ადასტურებს განსახლების საჭიროებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის ოჯახის განსახლების გამომრიცხველი გარემოებების არსებობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე