Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-840(კს-23) 11 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - მ. ღ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ღ-ემ 2022 წლის 07 ნოემბერს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ისა და ამხანაგობის თავმჯდომარე ნ. ზ-ის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის მე-5 ჩიხის №8-ში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის 2020 წლის 12 სექტემბრის კრების ოქმი №2-ის გაუქმება, რომლითაც ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩა ნ. ზ-ე, აგრეთვე მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ქ. თბილის ში ...ში, ...ის ქუჩის მე-5 ჩიხის №8-ში არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის თავმჯდომარედ აღირიცხა ნ. ზ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით, მ. ღ-ის სარჩელი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის, ამხანაგობის თავმჯდომარე ნ. ზ-ის მიმართ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის 2020 წლის 12 სექტემბრის საერთო კრების ოქმი №2-ის გაუქმების ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ. ღ-ის მიერ, რომელმაც განჩინების გაუქმება და საქმის იმავე მოსამართლისათვის განხილვისთვის დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით მ. ღ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 მარტის განჩინებაზე დაუშვებლობის მოტივით დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ. ღ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა, ვინაიდან მიიჩნია, რომ იგი ემსახურებოდა მის დისკრედიტაციას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ღ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ღ-ის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება, რომლითაც განუხილველი დარჩა მ. ღ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 09 მარტის განჩინებაზე საქმის განსჯად სასამართლოში გადაგზავნის შესახებ. ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით მ. ღ-ეს განემარტა, რომ განჩინება წარმოადგენდა საბოლოოს და არ საჩივრდებოდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კერძო საჩივართან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ამ სახის აღმკვეთ საპროცესო წესზე გავლენას ვერ იქონიებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებები. პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლის კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას, საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ღ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა