Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-206(2კ-23) 5 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ბ...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება

განსახილველი საგანი - სარჩელის გამოხმობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ბ...-მა“ 2019 წლის 07 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 ივლისის №6-504 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 ივლისის №33886 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 სექტემბრის №39954 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 3 აპრილის №8922/2/14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ბ...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 ივლისის №33886 ბრძანება, 2014 წლის 15 ივლისის №6-504 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს 2014 წლის 15 სექტემბრის №39954 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 3 აპრილის №8922/2/14 გადაწყვეტილება სადავო მე-4 საკითხის, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის სარგებლის პროცენტის საბაზრო განაკვეთის განსაზღვრის თაობაზე გადასახადის დაკისრებისა და შესაბამისი სანქციის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „ბ...“-ის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

2023 წლის 7 ივლისს შპს „ბ...-ის“ ...მა - ნ.ა-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სსსკ-ის 831 მუხლის შესაბამისად მოითხოვა სარჩელის გამოხმობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ბ...-ის“ ... - ნ.ა-ის განცხადების განხილვის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელი დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში შპს „ბ...-ის“ ...მა - ნ.ა-მა განცხადებით მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და აღნიშნულ მოთხოვნას წერილობით დაეთანხმნენ მოპასუხეები - სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელის გამოხმობის თაობაზე შპს „ბ...-ის“ ...ის - ნ.ა-ის განცხადება აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მოთხოვნებს. ამდენად, შპს „ბ...-ის“ სარჩელი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული და უნდა გაუქმდეს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ შპს „ბ...-ის“ სარჩელზე (სააპელაციო საჩივარზე) გამოტანილი გადაწყვეტილებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ...-ის“ ...ის - ნ.ა-ის განცხადება, სარჩელის გამოხმობის შესახებ, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება;

3. შპს „ბ...-ის“ სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, დარჩეს განუხილველი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე