№ბს-691(კ-23) 25 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ.ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 აპრილის №03-1711/ო ბრძანება „დევნილი ოჯახის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ქ.ნ-ის ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ქ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 აპრილის №03-1711/ო ბრძანება „დევნილი ოჯახის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ქ.ნ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების განსაზღვრისა და მათი ფაქტობრივად ცხოვრების საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით სააგენტოს აქვს მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს და სწავლობს კონკრეტული დევნილი ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრების საკითხს და საცხოვრებელ პირობებს. საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის ოქმებითა და სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე ნგრევად ობიექტში ცხოვრობდა და მისი გაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა. მონიტორინგის ყველა ოქმიდან ჩანს, რომ მონიტორინგის განხორციელებისას ქ.ნ-ი არასდროს იმყოფებოდა ნგრევად ობიექტში. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მეზობლის განმარტებით კი, არ შეიძლება დადგინდეს სადავო ობიექტში ცხოვრების ფაქტი. მოსარჩელის მამამ და შემდგომ უკვე, მოსარჩელის მეუღლის მეზობელმა ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს განუმარტეს, რომ ქ.ნ-ი ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრობს. საპირისპიროს მითითება კი, მხარის ინტერესებში შედიოდა და მან სასამართლო შეცდომაში შეიყვანა. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან მხოლოდ ის ფაქტი დასტურდება, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთად მეუღლის საკუთრებაში ცხოვრობს. ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია ადამიანმა იცხოვროს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მაშინ, როცა მას აქვს საშუალება სხვა მისამართზე ბევრად უკეთეს პირობებში იცხოვროს, თუნდაც მეუღლის ან ახლობლის ბინაში. საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის ოქმებიდან ცალსახად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობდა სადავო შენობაში. საყურადღებოა, რომ წლების განმავლობაში უამრავჯერ ჩატარებული მონიტორინგისას მოსარჩელე არც ერთხელ არ იმყოფებოდა მისამართზე, ხოლო ერთ-ერთი მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელის მამამ განმარტა, რომ ქ.ნ-ი არ ცხოვრობდა სადავო მისამართზე და მუშაობდა ...ში. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთად ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრობს.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობაში მოდის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტთან. იქედან გამომდინარე, რომ მოსარჩელის მეუღლეს გააჩნდა როგორც თბილისში, ისე ...ში უძრავი ქონება, სწორედ მისი ინტერესი იყო, რომ მასთან განქორწინების ფაქტის შესახებ ემტკიცებინა და შემდეგ სახელმწიფოსგან იმაზე ადრე მიეღო სარგებელი, ვიდრე მას ეკუთვნოდა.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს და პრიორიტეტი მიანიჭოს იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის საშიში ან ჯანმრთელობისათვის უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში. წარმოდგენილი საქმის მასალებით კი, უტყუარად დასტურდებოდა, რომ მხარე არ იყო ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივი მაცხოვრებელი. სააგენტომ, რომ მასზე დაკისრებული ვალდებულება პირნათლად შეასრულა მოწმობს აღნიშნული ობიექტის დახურვა და იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების გამოყვანა. მხარეს კი სურს, ურიგოდ და ყველანაირი კრიტერიუმის გარეშე მიიღოს საცხოვრებელი ბინა მაშინ, როცა ამის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება და მოპასუხისთვის კანონით დადგენილი წესით ქ.ნ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქ.ნ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მისი შვილები: თ.გ-ა (დაბ.: ...წ.), ლ.გ-ა (დაბ.: ...წ.) და ტ,გ-ა (დაბ.: ...წ.), ასევე წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს (ს.ფ. 12, 13, 14, 15); ბ) 2016 წლის 25 იანვარს ა.ნ-მა, ნ.ნ-თან (მეუღლე) და ქ.ნ-თან (შვილი) ერთად, №... განცხადებით მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. განაცხადში, განმცხადებლების ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად მიეთითა - ქ. თბილისი, ..., სასტუმრო „...“, პირველი სართული, ოთახი №... (ს.ფ. 51-52); გ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის თანახმად, ა.ნ-ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (II ჯგუფი). ოჯახს უძრავი ქონება არ გააჩნია და ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (ს.ფ. 53-64); დ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე 2018 წლის 3 მაისის განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ ა.ნ-ის ოჯახს მიენიჭა 8.50 ქულა. აღნიშნულ ფორმაში ასევე მითითებულია, რომ განმცხადებელი სარეგისტრაციო ნომერზე არის მარტო. განაცხადს აკეთებს სხვა სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ (ორგანიზებული ...) მეუღლესთან - ნ.ნ-თან და შვილთან - ქ.ნ-თან ერთად (ს.ფ. 49-50); ე) 2019 წლის 1 აგვისტოს, მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე (ქ. თბილისი, ..., სასტუმრო „...“, პირველი სართული, ოთახი №...) განხორციელდა მონიტორინგი. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მისამართზე იმყოფებოდა ქ.ნ-ის მამა - ა.ნ-ი, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული ფართი დაკავებული აქვს 1997 წლიდან. მისი მეუღლე იმყოფებოდა პირად საქმეზე, ხოლო შვილი - ქ.ნ-ი იმყოფებოდა სამსახურში, ...ში, სასტუმრო „...ში“, დამატებით გაირკვა, რომ ქ... მუშაობს ქ. თბილისში, ...ზე, სადაც აქვს ოფისი სასტუმრო „...“. მეორე შვილი ლ.ნ-ი სახელმწიფოსგან დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით და ცხოვრობს თბილისში, ...ის №7-ში (ს.ფ. 71-76); ვ) 2020 წლის 8 დეკემბერს მისამართზე ქ. თბილისი, ..., სასტუმრო „...“, პირველი სართული, ოთახი №..., განხორციელდა დამატებითი მონიტორინგი. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მისამართზე იმყოფებოდა ა.ნ-ი, რომელმაც ქ.ნ-თან დაკავშირებით განმარტა, რომ იმყოფება სამსახურში - ქ. ...ში (ს.ფ. 77-80); ზ) 2020 წლის 29 დეკემბერს განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე ქ. თბილისი, ..., სასტუმრო „...“, პირველი სართული, ოთახი №..., სადაც კვლავ ა.ნ-ი იმყოფებოდა. მან ქ.ნ-თან დაკავშირებით განმარტა, რომ აქვს კორონა და ...ის ქუჩაზე იმყოფებოდა (ს.ფ. 81-84); თ) 2009 წლის 24 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №2, ბინა №... საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ტ,გ-ას სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი - პრივატიზაციის ხელშეკრულება №1-44. 2009 წლის 2 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №2, ბინა №... საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ.გ-ას სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტია სამკვიდრო მოწმობა, დამოწმებული 27.11.2009 წელს (ს.ფ. 65, 66-67); ი) 2021 წლის 14 აპრილის გასაუბრების ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდა მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქ. №.... ბინა დაკეტილი დახვდათ, რის შემდგომაც მოხდა კორპუსის თავმჯდომარესთან - ქ.ჯ-სთან გასაუბრება, რომელმაც განმარტა, რომ ქ.ნ-ი ნამდვილად ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, მე-9 სართულზე, მეუღლესთან - ლ.გ-ასთან და 3 შვილთან ერთად (მათ შორის ერთ ახალშობილთან ერთად) (ს.ფ. 85); კ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 21 აპრილის №28 სხდომის ოქმის თანახმად, სასტუმრო „...დან“ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ქ.ნ-ს ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 აპრილის №03-1711/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №28), ქ.ნ-ის ოჯახს, ჯანმრთელობისათვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტში („...“), ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ. 86-91, 92); ლ) საქმეში წარმოდგენილია სს „...ის“ დირექტორის - კ.ა-ის 2022 წლის 20 მაისის №03/245 ცნობა, რომლის თანახმად, ქ.ნ-ი დასაქმებულია სს „...ში“ (სასტუმრო „...“) 2020 წლის 6 ივლისიდან დღემდე, ...ის პოზიციაზე და 2020 წლის 8 და 29 დეკემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით იმყოფებოდა ქ. ...ში (ს.ფ. 103); მ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 20 მაისის №01/112125 და 1 ივნისის №01/121952 წერილების თანახმად, ქ.ნ-ის რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, მის მიმართ არ ფიქსირდება ქორწინების აქტის ჩანაწერი 2011 წლიდან დღემდე (ს.ფ. 104, 111).
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოაღნიშნული ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6), რომელშიც მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.
ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესი მოქმედებს დღეისათვის მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
ამავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე და აღნიშნავს, რომ ის გარემოება, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელე არ იმყოფებოდა მისამართზე, არ შეიძლება აღქმულ იქნეს, თითქოს მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მონიტორინგის ჯგუფს მოსარჩელე არც სხვა მისამართზე, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დახვდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში პირი მისამართზე არ იმყოფებოდა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ქ. ...ში, ყოფილი მეუღლის კუთვნილ სახლში ცხოვრებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს ზეპირსიტყვიერი მითითების საპირისპიროდ საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მოსარჩელე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო იმყოფებოდა აღნიშნულ ქალაქში, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებად, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს. რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ქ.ნ-ის ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს მისი ყოფილი მეუღლის - ლ.გ-ას საცხოვრებელი ბინა, რასაც კასატორი ამყარებს მხოლოდ კორპუსის თავმჯდომარის - ქ.ჯ-ის მიერ მონიტორინგისას დაფიქსირებული პოზიციით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეული ქ.ჯ-ის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მისთვის არ იყო ცნობილი ქ.ნ-ისა და ლ.გ-ას დაშორების შესახებ, რის გამოც არასწორი განმარტება მისცა მონიტორინგზე მისულ პირებს. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ დღეის მდგომარეობით ლ.გ-ა ქორწინებაში იმყოფება სხვა ადამიანთან და ცხოვრობს მასთან ერთად. ამავე სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული ლ.გ-ას განმარტებით, მოსარჩელესთან ჰყავს სამი შვილი, თუმცა ერთად არ ცხოვრობენ მრავალი წელია. ჰქონდათ მცდელობა, რომ ეცხოვრათ ერთ ოჯახად, მაგრამ 2020 წელს, მესამე ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე თვეში, ის და ქ.ნ-ი კვლავ დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდგომაც იქორწინა სხვა ქალბატონზე და დღემდე მასთან ერთად ცხოვრობს. საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 20 მაისის №01/112125 და 1 ივნისის №01/121952 წერილები, საიდანაც დგინდება, რომ ქ.ნ-ის რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტი არ დასტურდება. ამასთან საყურადღებოა, რომ სადავო მისამართზე მონიტორინგის დროს, 2020 წლის 8 და 29 დეკემბერს, მოსარჩელის მსგავსად, ბინაში ასევე არ იმყოფებოდა მისი დედა, თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია ქ.ნ-ის მშობლების საკითხის დადებითად გადაწყვეტაზე.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობისათვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტში (მოცემულ შემთხვევაში „...“) ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს მოცემულ ობიექტში მაცხოვრებელს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე