Facebook Twitter

№ბს-789(კ-22) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ე.ჩ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.ჩ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა, დაევალოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გასცეს ცნობა ე.ჩ-ას ხუთწლიანი სწავლების შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე.ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე.ჩ-ას მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ე.ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე.ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. დაევალა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გასცეს ცნობა ე.ჩ-ას ხუთწლიანი სწავლების შესახებ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება დააფუძნა ვარაუდებსა და იმ დოკუმენტს (სასწავლო ბარათი), რომელიც არ უნდა განეხილა როგორც სარწმუნო მტკიცებულება, რადგან მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია და აღნიშნული დოკუმენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ მოიპოვება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1992 წლის 5 ოქტომბრის №4/729 ბრძანება, რომლის მიხედვით, სოხუმის უნივერსიტეტის ფასიანი სწავლების ...ის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი, ე.ჩ-ა გადაყვანილ იქნა ...ის ფაკულტეტის ფასიანი სწავლების ...ის მე-3 კურსზე, მაგრამ შემდგომი სასწავლო პროცესი, 5-წლიანი სწავლების კურსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება არც ფაკულტეტზე და არც უნივერსიტეტის არქივში.

კასატორი განმარტავს, რომ ე.ჩ-აზე ინფორმაცია არ იძებნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა პირადი საქმეების 1991-1996 წლების ამონაწერში. 1995 წლის უნივერსიტეტის ბრძანებებში ...ის ფაკულტეტზე ე.ჩ-აზე ინფორმაცია ასევე არ ფიქსირდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1995 წლის დიპლომების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალში ე.ჩ-ას სახელზე დიპლომი რეგისტრირებული არ არის. ...ის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1995 წლის სხდომის ოქმებში ე.ჩ-ასთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულებები და დოკუმენტაცია, რომელიც უნივერსიტეტს მისცემდა ე.ჩ-აზე 5-წლიანი სწავლების ცნობის გაცემის შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ ცალსახად და ვიწროდ შეაფასა საკითხი, რადგან გარემოება და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ე.ჩ-ას 5-წლიან სასწავლო პროცესს არ არსებობს და მხოლოდ ვარაუდზე დაყრდნობა, რომ პირი 5 წელი სწავლობდა და შემდგომ სახელმწიფო გამოცდები არ ჩაუბარებია, არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მისაღებად.

სააპელაციო პალატამ ბრძანების გარდა სხვა დოკუმენტის არ არსებობა არ მიიჩნია დამაბკოლებელ გარემოებად და დაადგინა, რომ ე.ჩ-აზე მაინც უნდა გაიცეს 5-წლიანი სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააპელაციო პალატა სარწმუნოდ მიიჩნევს აპელანტის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, რომლის სანდოობასაც გარეგანი ნიშნებით აფასებს, თუმცა მნიშვნელოვანი, რომ აღნიშნული დოკუმენტი სხვა შესაძლო მსგავს დოკუმენტაციასთან არ შედარებულა, ხელმოწერის იდენტიფიცირება და ხელმომწერის ვინაობის დადგენა შეუძლებელია. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს მოსარჩლის უნივერსიტეტში 5-წლიანი სწავლების სრულ კურსს, უნივერსიტეტს არ აქვს უფლება გასცეს დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება ე.ჩ-ას სწავლების 5 წელი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 1990-1992 წლებში ე.ჩ-ა სწავლობდა სოხუმის უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის ფასიანი სწავლების ...ზე, საიდანაც სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1992 წლის 5 ოქტომბრის №4/729 ბრძანების საფუძველზე, ის გადაყვანილ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის ფასიანი სწავლების ...ის III კურსზე (ს.ფ 20, 22); ბ) 2007-2008 წლებში ე.ჩ-ამ განცხადებებით მიმართა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და 1992-1995 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტზე სწავლისა და მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა მოითხოვა. სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2008 წლის 10 ივნისის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტმა საკითხის გასარკვევად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივს მიმართა, რომლის დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ე.ჩ-ა 1992 წელს (ბრძანება №4/729, 05.10.92) ნამდვილად იქნა გადაყვანილი ...ის ფაკულტეტის მე-3 კურსზე, თუმცა მისი პირადი საქმე ფაკულტეტიდან არქივში გადაცემული არ ყოფილა. ე.ჩ-ას პირადი საქმე ფაკულტეტზე არ ინახება და მის შესახებ ფაკულტეტს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია (ს.ფ 34); გ) ე.ჩ-ამ 2018 წლის 4 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მისი პირადი საქმიდან ყველა დოკუმენტის მოძიება და გადაცემა მოითხოვა (ს.ფ 75); დ) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის 8 მაისის №6913/01-10-09 წერილით, ე.ჩ-ას 2018 წლის 4 მაისის №9499/10-02 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა პირადი საქმეების 1991-1996 წლების №3 ამონაწერში ე.ჩ-ას გვარი არ ფიქსირდება; 1995 წლის საუნივერსიტეტო ბრძანებებში ...ის ფაკულტეტზე ე.ჩ-ას შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება; თსუ-ის 1995 წლის დიპლომების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალში ე.ჩ-ას სახელზე დიპლომი რეგისტრირებული არ არის; ...ის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1995 წლის სხდომის ოქმებში ე.ჩ-ასათვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება (ს.ფ 36); ე) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2020 წლის 5 მარტის №... წერილით, ე.ჩ-ას მისი 2020 წლის 27 თებერვლის №3624/10 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარქივო მასალებიდან გამომდინარე, 1995-1998 წლების საუნივერსიტეტო ბრძანებებში ...ის ფაკულტეტზე ე.ჩ-ას შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება; ...ის ფაკულტეტის დეკანის 1995 წლის კურსმოსმენილთა სახელმწიფო გამოცდებზე დაშვების შესახებ განკარგულებებში ე.ჩ-ას გვარი არ ფიქსირდება; ...ის ფაკულტეტის 1995 წლის სახელმწიფო საგამოცდო საგნობრივი (...) კომისიის ოქმებში ე.ჩ-ას გვარზე ოქმი არ არის. პირადი საქმე ფაკულტეტიდან თსუ არქივში გადაცემული არ ყოფილა (ს.ფ 76-77); ვ) თსუ ...ის დეკანის 2020 წლის 3 ივნისის №6878/27 წერილით, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის ...ის მისი წერილის (№...) პასუხად ეცნობა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის სტუდენტის (1992-1995წწ.) ე.ჩ-ას შესახებ ფაკულტეტზე ინფორმაცია არ ინახება. ასევე, არ ინახება აღნიშნული წლების სტუდენტთა აკადემიური მოსწრების ჟურნალი (ს.ფ 21); ზ) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2020 წლის 4 ივნისის №4471/01-40-09 წერილით ე.ჩ-ას მისი 2020 წლის 27 თებერვლის №5201/10-02 განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდა მის სახელზე სწავლების შესახებ ცნობის გაცემას, ეცნობა, შედეგი: სსიპ უნივერსიტეტის არქივსა და ...ზე მისი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალიდან უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტზე გადმოყვანის შესახებ ბრძანების გარდა, ინფორმაცია და დოკუმენტები არ იძებნება. ამდენად, უნივერსიტეტი მოკლებულია შესაძლებლობას მოამზადოს ე.ჩ-ას სახელზე ცნობა სწავლების შესახებ (ს.ფ 78); თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის 2018 წლის 11 მაისის №AA2018012526-03 საარქივო ცნობის თანახმად, უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში სახელმწიფო დაცვაზე არ შესულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის 1992-1995 წლების დოკუმენტები, შესაბამისად, ცენტრალურ არქივს ზემოაღნიშნულ სასწავლებელში ე.ჩ-ას სწავლის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია (ს.ფ 35).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლით გათვალისწინებულია ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ თითოეული ადამიანის განათლების უფლების აღიარება. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ე.ჩ-ას ხუთწლიანი სწავლების შესახებ ცნობის გაცემის დავალება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასწრებული განყოფილების სტუდენტის სასწავლო ბარათი, რომლითაც დგინდება, რომ ე.ჩ-ა ჩარიცხულია უნივერსიტეტში 1992 წლის №4/729 ბრძანების საფუძველზე, ...ის III კურსზე, სადაც გაიარა სწავლების სრული კურსი მესამედან მეხუთეს ჩათვლით. 1994 წლის 9 ივლისის განკარგულებით, გადაყვანილია მე-5 კურსზე, თუმცა სახელმწიფო გამოცდები არ ჩაუბარებია. სტუდენტის სასწავლო ბარათი ხელმოწერილია ფაკულტეტის დეკანის მიერ და მასზე დასმულია ფაკულტეტის ბეჭედი (ს.ფ 28-31).

ზემოაღნიშნული დოკუმენტის არანამდვილობის შესახებ კასატორის შედავებაზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა სტუდენტის სასწავლო ბარათის არანამდვილობა, რაც გამორიცხავს სასამართლოს მიერ აღნიშნული პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ არსებობს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ე.ჩ-ას ხუთწლიანი სწავლების შესახებ ცნობის გაცემის დავალების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება;

3. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/კ 204864548) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.07.2022წ. №46790 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე