საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივარზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ
საქმე №ბს-860(კ-23) 15 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ბ-ე, ა.ბ-ე
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2022 წლის 13 იანვარს მ.ბ-ემ და ა.ბ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიმართ. მ.ბ-ემ და ა.ბ-ემ მოითხოვეს მოსარჩელეთა უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 11 დეკემბრის №798/9 ბრძანების, ასევე მ.ბ-ის და ა.ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 დეკემბრის №1719 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის მოსარჩელეთა უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.ბ-ის და ა.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 11 დეკემბრის №798/9 ბრძანება მ.ბ-ის და ა.ბ-ის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 დეკემბრის №1719 ბრძანება მ.ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ.ბ-ისა და ა.ბ-ისათვის უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2023 წლის 17 ივლისს, რომელიც საქმესთან ერთად გადმოგზავნილ იქნა და საკასაციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2023 წლის 6 სექტემბერს. ხოლო, 2023 წლის 23 აგვისტოს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის უფროსის - ს.ბ-ის 2023 წლის 21 აგვისტოს №... წერილი საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
მოცემულ შემთხვევაში კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, რითაც მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
3. მხარეს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე