საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-266(2კ-23) 20 სექტემბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ხ-ე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ. ხ-ემ 2019 წლის 18 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ამავე სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №816 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე, შესაძლებელია, მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოხელე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია. სარჩელის მიხედვით, ნ. ხ-ეის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი გახდა სამსახურში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები, თუმცა, მოსარჩელის მოსაზრებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნები, რადგან მისი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები ფაქტობრივად არ არსებობდა. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ნ. ხ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №816 ბრძანება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის პენიტენციურ დაწესებულებაში ნ. ხ-ეის სოციალური მუშაკის პოზიციაზე აღდგენა და მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის (ხელფასის) ანაზღაურება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 აგვისტოს №MCLA 1 15 00004088 ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ...ის ...ი - ნ. ხ-ე 2015 წლის 1 სექტემბრიდან გადაყვანილ იქნა და დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ...ის ...ის თანამდებობაზე. თანამდებობრივი სარგო კი განისაზღვრა თვეში 1405 ლარის ოდენობით;
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 3 იანვრის №MOC 5 19 00000002 ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის ...ს - ნ. ხ-ეს, მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 27 დეკემბრის №1135417 დასკვნის საფუძველზე, დაეკისრა დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება;
- ნ. ხ-ეს 2019 წლის 10 იანვარს ეცნობა, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანების შესაბამისად, იგეგმებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია, რომელსაც, შესაძლოა, გამოეწვია შტატების შემცირება. მხარეს განემარტა, რომ 2019 წლის 15 მაისიდან რეორგანიზაცია უნდა განხორციელებულიყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის სოციალურ განყოფილებაში, რომელსაც, შესაძლოა, გამოეწვია შტატების შემცირება და ამის საფუძველზე მოსამსახურეთა სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება;
- ნ. ხ-ე „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანების საფუძველზე, გაფრთხილებული იქნა, რომ 2019 წლის 15 თებერვლიდან სპეციალური პენიტენციურ სამსახურის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და შტატების მოსალოდნელი შემცირებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გათავისუფლებულიყო/დათხოვნილიყო დაკავებული თანამდებობიდან;
- საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული სახელმწიფო (ქართული) ენის მართლწერის ტესტში ნ. ხ-ემ მიიღო 62 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), ზოგადი უნარების ტესტში - 48 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცოდნის განმსაზღვრელ ტესტში - 18 ქულა (მაქსიმალური ქულა - 30);
- სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეებთან გასაუბრების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის 2019 წლის 1 თებერვლის გასაუბრების ოქმში მითითებულია, რომ ...ის ...ი - ნ. ხ-ე ...ის სოციალურ მუშაკად ვერ ხედავდა თავს. ამავე ოქმის მიხედვით, ნ. ხ-ეს კომისიის წევრმა მოთხოვა იმკონკრეტული შემთხვევის შეფასება, რომელიც დასრულდა ფატალური შედეგით. ამასთანავე, დაუსვა შეკითხვა - ხედავდა თუ არა სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა და მისი, როგორც განყოფილების უფროსის, პასუხისმგებლობას ზემოხსენებულ შემთხვევასთან მიმართებაში, რაზეც ნ. ხ-ემ განაცხადა, რომ ვერ ხედავდა საკუთარ, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის პასუხისმგებლობას;
- საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ოქტომბრის №1917 განკარგულებით, დანართი №1-ის შესაბამისად, განსაზღვრული იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდები. დასახელებული დანართის 42-ე პუნქტის მიხედვით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გათვალისწინებული იყო ...ის 14 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო თვეში ერთ ერთეულზე - 1405 ლარი). ზემოაღნიშნული განკარგულების შესაბამისად კი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOC 3 18 00004511 ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ისა და დანართი №2-ის შესაბამისად. დანართი №2-ის მიხედვით, ...ის სოციალურ განყოფილებაში განსაზღვრული იყო 14 საშტატო ერთეული, მათ შორის, ...ის - 1 საშტატო ერთეული, სოციალური მუშაკის - 10 საშტატო ერთეული და ფსიქოლოგის - 3 საშტატო ერთეული. 2019 წლის 14 თებერვლის საქართველოს მთავრობის №295 განკარგულებით კი განისაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდები 2019 წლის 15 თებერვლიდან დანართი №1-ის შესაბამისად. აღნიშნული განკარგულების თანახმად კი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებით, დანართი №1-ის შესაბამისად, დამტკიცდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, რომლის მიხედვით, ...ში განისაზღვრა სოციალური მუშაკის 90 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო თვეში ერთ ერთეულზე - 1 300 ლარი). ამავე ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის №4511 ბრძანება;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №816 ბრძანებით, პატიმრობის კოდექსის 71 მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილების, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანების, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (05.07.2018წ. №3129-რს) მე-2 მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სტრუქტურულ ცვლილებებსა და/ან შტატების მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 10 იანვრის №16 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის ...ი - ნ. ხ-ე გათავისუფლდა სამსახურიდან. ამავე ბრძანებით ნ. ხ-ეისთვის კომპენსაციის სახით განისაზღვრა 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება;
- საქმეში წარმოდგენილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 15 თებერვლის №01/45133 წერილით დადგენილია, რომ 2019 წლის 22 თებერვლის საშტატოს მდგომარეობით, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის დეპარტამენტში განსაზღვრული იყო 90 სოციალური მუშაკის შტატი. აქედან 77 საშტატო ერთეული იყო დაკავებული, ხოლო 13 საშტატო ერთეული იყო ვაკანტური. აღნიშნული თანამდებობების ვაკანტურობის მიზეზად წერილში მითითებულია, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეებთან გასაუბრების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის გასაუბრების ოქმის მიხედვით, გასაუბრების მსვლელობისას ცამეტმა მოსამსახურემ განაცხადა, რომ ვერ ხედავდა თავს სოციალური მუშაკის პოზიციაზე.
საქალაქო სასამართლომ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად აღნიშნა, რომ, მართალია, რეორგანიზაციის შემდგომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მოხდა შტატების შემცირება და ის საშტატო ერთეული აღარ არსებობდა, რა პოზიციაც ეკავა მოსარჩელეს პენიტენციურ სამსახურში გათავისუფლებამდე (...ი), თუმცა ...ში გათვალისწინებული იყო 90 სოციალური მუშაკის შტატი, საიდანაც 13 საშტატო ერთეული დარჩა ვაკანტური. მოსარჩელეს კი არ შეეთავაზა მსგავსი ფუნქციის მქონე თანამდებობაზე დანიშვნა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სადავო აქტის გამოცემისას კანონმდებლობის დარღვევა, რაც გასაჩივრებული აქტის - ნ. ხ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №816 ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობას ქმნიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ხ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ნ. ხ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №816 ბრძანება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ საქმეზე დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეებთან გასაუბრების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის 2019 წლის 1 თებერვლის გასაუბრების ოქმში გაკეთებულ ჩანაწერზე, რომლის თანახმად, ...ის ...ი - ნ. ხ-ე, ...ის სოციალურ მუშაკად ვერ ხედავდა თავს. პალატამ ასევე მხედველობაში მიიღო ნ. ხ-ეის მიერ სასამართლოს ორივე ინსტანციაში გაკეთებული და ამავდროულად გასაუბრების ოქმში მითითებული პოზიციისაგან რადიკალურად განსხვავებული განმარტება, რომ ადმინისტრაციული ორგანოდან აღნიშნულ შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია. პალატამ მიიჩნია, რომ ...ის სოციალური მუშაკის პოზიციის შეთავაზებასთან დაკავშირებით ნ. ხ-ეის მიერ გასაუბრებაზე გაჟღერებული უარი არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო ცალსახა უარად, რამეთუ ნება გამოვლენილი უნდა ყოფილიყო თავისუფლად და შეუზღუდავად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნების თავისუფალი გამოვლენის საკითხი სწორედ ხელახლა გამოკვლევას და შეფასებას ექვემდებარებოდა.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საკითხზე ხელახლა მსჯელობისას, გასათვალისწინებელი იყო გადაწყვეტილების აღსრულების მდგომარეობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურში არსებული ვაკანტური პოზიციები. ასეთის არსებობის, ასევე ნ. ხ-ეის მიერ ...ის სოციალურ მუშაკის ვაკანტურ პოზიციაზე დანიშვნის სურვილის ცალსახად დაფიქსირების პირობებში კი, ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების საფუძვლიანად გამოკვლევის შემდგომ, უნდა მიეღო ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორი - ნ. ხ-ე აღნიშნავს, რომ, მართალია, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ იმ პირობებში, როდესაც ცალსახად დასტურდებოდა ჩატარებული რეორგანიზაციის არამართლზომიერება და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების უკანონობა. კასატორის მოსაზრებით, უდავოა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ კონკურში ნ. ხ-ემ უმაღლესი შეფასება მიიღო. ასევე დადგენილია, რომ ...ში განისაზღვრა სოციალური მუშაკის 90 საშტატო ერთეული, საიდანაც 13 საშტატო ერთეული იყო ვაკანტური. აღნიშნული ვაკანტური პოზიციების არსებობის მიუხედავად, მოსარჩელისათვის მათი შეთავაზება არ მომხდარა მაშინ, როდესაც სხვა, მასზე ბევრად დაბალი შეფასების მქონე პირი დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობებზე.
დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული სადავო ბრძანება არაკანონიერია და ექვემდებარება ბათილად ცნობას, რაც დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველსაც ქმნის.
კასატორი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ სპეციალური პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ იქნა სახელმწიფო (ქართული) ენის მართლწერის ტესტი, ზოგადი უნარების ტესტი, საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცოდნის განმსაზღვრელი ტესტი და გასაუბრება. ნ. ხ-ემ სახელმწიფო (ქართული) ენის მართლწერის ტესტში მიიღო 62 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), ზოგადი უნარების ტესტში - 48 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცოდნის განმსაზღვრელი ტესტში - 18 ქულა (მაქსიმალური ქულა - 30). კასატორის მითითებით, ნ. ხ-ეის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება არ გამოუწვევია ტესტების შედეგად მიღებულ ქულებს, არამედ გამოიწვია დაკავებული თანამდებობის ...ის საშტატო ერთეულის გაუქმებამ და სხვა საშტატო ერთეულზე, კერძოდ, სოციალური მუშაკის თანამდებობაზე უარის თქმამ, რადგან გასაუბრების დროს კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვაზე - წარმოუდგენია თავი ...ის სოციალურ მუშაკად? ნ. ხ-ემ უპასუხა, რომ ის ...ის სოციალურ მუშაკად ვერ ხედავს თავს. ამდენად, აღნიშნული პასუხი გახდა ნ. ხ-ეის სოციალურ მუშაკად გადაყვანაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება“. გასაუბრების ოქმში აღნიშნული პასუხები კი, რომლებიც ხელმოწერილია კომისიის წევრების მიერ, ეჭვის შეტანის საფუძველს არ იძლევა და არც გასაუბრებაში მონაწილე არც ერთ პირს არ გამოუთქვამს პრეტენზია გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების არასწორად დაფიქსირებასთან დაკავშირებით. გასაუბრებაზე ყველა მონაწილეს დაესვა ზემოაღნიშნული კითხვა, თუმცა მასზე, როგორც ნ. ხ-ეის, ისე მონაწილეთა ნაწილის პასუხი უარყოფითი იყო, რამაც გამოიწვია 13 საშტატო ერთეულის ვაკანტურად დატოვება.
კასატორის მოსაზრებით, ასევე გაუგებარია ნ. ხ-ეის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის არავის არ შეუთავაზებია სოციალური მუშაკის პოზიციაზე გადაყვანა, თუმცა უდავოა, რომ გასაუბრებაზე ყველა მონაწილეს შეეთავაზა სოციალური მუშაკის პოზიციაზე გადაყვანა. ამასთან, მხოლოდ თანხმობა არ იყო გადამწყვეტი, არამედ აღნიშნულ თანხმობასთან ერთად ტესტირებაზე მიღებული ქულების შედეგებიც განმსაზღვრელი იყო სოციალური მუშაკის თანამდებობაზე მოხელის დასანიშნად. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად ტესტირებაში მიღებული მაღალი ქულებისა, გასაუბრებაზე ნ. ხ-ეის მიერ გაცემულმა პასუხმა შესაძლებლობა არ მისცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სოციალური მუშაკის პოზიციაზე გადაეყვანა იგი.
ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან და მითითებული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები სრულად, რისი გათვალისწინების შემთხვევაში არ მოხდებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №816 ბრძანების ბათილად ცნობა. სწორედ ამიტომ, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას უსაფუძვლობის გმო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ხ-ეისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინებით ნ. ხ-ეისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ეისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნ. ხ-ეის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერება, სამსახურში ჩატარებული რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების საფუძვლით.
საქმის მასალების მიხედვით, ნ. ხ-ეს 2019 წლის 10 იანვარს ეცნობა, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანების შესაბამისად, იგეგმებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია, რომელსაც, შესაძლოა, გამოეწვია შტატების შემცირება. მასვე განემარტა, რომ 2019 წლის 15 მაისიდან რეორგანიზაცია უნდა განხორციელებულიყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის სოციალურ განყოფილებაში, რასაც, შესაძლოა, გამოეწვია შტატების შემცირება და ამის საფუძველზე მოსამსახურეთა სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. საქმეზე დადასტურებულია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №816 სადავო ბრძანებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის ...ი - ნ. ხ-ე გათავისუფლდა სამსახურიდან. ამავე ბრძანების თანახმად კი, გასაცემი კომპენსაცია განისაზღვრა 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 15 თებერვლის №01/45133 წერილი, რომლითაც დგინდება, რომ 2019 წლის 22 თებერვლის საშტატო მდგომარეობით, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის დეპარტამენტში განსაზღვრული იყო 90 სოციალური მუშაკის შტატი. აქედან 77 საშტატო ერთეული იყო დაკავებული, ხოლო 13 საშტატო ერთეული იყო ვაკანტური. მიზეზი, თუ რატომ იყო 13 სოციალური მუშაკის შტატი ვაკანტური, წერილში ასევე მითითებულია, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეებთან გასაუბრების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის გასაუბრების ოქმის მიხედვით, გასაუბრების მსვლელობისას ცამეტმა მოსამსახურემ განაცხადა, რომ ვერ ხედავდა თავს სოციალური მუშაკის პოზიციაზე. ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია მოსარჩელის მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა სხდომებზე მითითებული პოზიცია, რომლის თანახმად, მისთვის გაუგებარია გასაუბრების ოქმში მითითებული განმარტება, რომ თითქოს იგი ...ის სოციალურ მუშაკად ვერ ხედავდა თავს. მისივე განმარტებით, მისთვის არავის შეუთავაზებია სოციალური მუშაკის თანამდებობა, ასეთი შეთავაზების არსებობის შემთხვევაში, ის აუცილებლად დათანხმდებოდა, რადგან 2005 წლიდან იყო სოციალური მუშაკი, ხოლო გასაუბრების დროს ჰყავდა მცირეწლოვანი შვილები და მზად იყო დაეკავებინა არა მხოლოდ სოციალური მუშაკის პოზიცია, არამედ ნებისმიერი პოზიცია, რომელიც მისი კვალიფიკაციის შესაბამისი იქნებოდა.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს სადავო ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ საფუძველზე - „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, დასაქმებული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმებაა (შემცირებაა), თუმცა საშტატო ერთეულის გაუქმება თავის თავში გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის საშტატო ნუსხიდან ამოღებას. ამდენად, მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირება, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულებაში განსაზღვრული თითოეული საშტატო ერთეული დატვირთულია კონკრეტული საჯარო ფუნქციებითა და პასუხისმგებლობებით, რაც მის ინდივიდუალურ ადგილს განაპირობებს საჯარო სამსახურის სისტემაში. შესაბამისად, სამართლებრივ ურთიერთობებში, მათ შორის, რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირების პროცესში თითოეული საშტატო ერთეულის შეფასება ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს და საშტატო ერთეულის შემცირების საფუძვლით მხოლოდ იმ საჯარო მოსამსახურის გათავისუფლება უნდა მოხდეს, რომლის საშტატო ერთეულიც გაუქმდა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 თებერვლის №295 განკარგულების საფუძველზე სპეციალური პენიტენციურის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა 2019 წლის 16 თებერვალს გამოსცა №457 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“. დამტკიცებული ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების შედეგად, უნდა განხორციელებულიყო რეორგანიზაცია, შესაბამისად, მოსალოდნელი იყო შტატების შემცირება, რის გამოც დაწესებულებაში არსებულ სოციალურ განყოფილებაში მომუშავე ყველა თანამშრომელი, მათ შორის, ნ. ხ-ეც, როგორც №... დაწესებულებაში ...ი, გაფრთხილებულ იქნა 2019 წლის 15 თებერვლიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და შტატების მოსალოდნელი შემცირებიდან გამომდინარე შესაძლო განთავისუფლება/დათხოვნის შესახებ. ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში განხორციელებულმა რეორგანიზაციამ გამოიწვია ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, მათ შორის, №... დაწესებულებაში სტრუქტურული ერთეულის - სოციალური განყოფილების ლიკვიდაცია/გაუქმება, რის გამოც ახალი საშტატო რიცხოვნობის დამტკიცება მოხდა სოციალური განყოფილების საშტატო ერთეულის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწესებულებებში გაუქმდა ...ის საშტატო ერთეული თავისი ფუნქცია- მოვალეობებით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება (იხ. №ბს-449-442 (კ-15) საქმეზე სუსგ 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად, რომლის მიხედვით, ...ში განისაზღვრა სოციალური მუშაკის 90 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო თვეში ერთ ერთეულზე - 1 300 ლარი). ასევე დადგენილია, რომ სპეციალური პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ იქნა სახელმწიფო (ქართული) ენის მართლწერის ტესტი, ზოგადი უნარების ტესტი, საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცოდნის განმსაზღვრელი ტესტი და გასაუბრება. ნ. ხ-ემ სახელმწიფო (ქართული) ენის მართლწერის ტესტში მიიღო 62 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), ზოგადი უნარების ტესტში - 48 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცოდნის განმსაზღვრელი ტესტში - 18 ქულა (მაქსიმალური ქულა - 30). მნიშვნელოვანია, რომ ნ. ხ-ეის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან არ გამოუწვევია ტესტების შედეგად მიღებულ ქულებს, არამედ გამოიწვია დაკავებული თანამდებობის - ...ის საშტატო ერთეულის გაუქმებამ და სხვა საშტატო ერთეულზე, კერძოდ, სოციალური მუშაკის თანამდებობაზე უარის თქმამ, რადგან გასაუბრების დროს კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვაზე - წარმოუდგენია თუ არა თავი ...ის სოციალურ მუშაკად? ნ. ხ-ემ უპასუხა, რომ ის „...ის სოციალურ მუშაკად ვერ ხედავდა თავს“(ტ. I, ს.ფ. 207-217). სწორედ აღნიშნული პასუხი გახდა ნ. ხ-ეის სოციალურ მუშაკად არ გადაყვანის საფუძველი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება“. აღსანიშნავია, რომ გასაუბრების ოქმში მითითებული პასუხები, რომლებიც ხელმოწერილია კომისიის წევრების მიერ ეჭვის შეტანის საფუძველს არ იძლევა და არც გასაუბრებაში მონაწილე არც ერთ პირს არ გამოუთქვამს პრეტენზია გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების არასწორად დაფიქსირებასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი გასაუბრების ოქმის ამონაწერის თანახმად, გასაუბრებაზე ყველა მონაწილეს დაესვა კითხვა - წარმოუდგენია თუ არა თავი ...ის სოციალურ მუშაკად? აღნიშნულ კითხვაზე, როგორც ნ. ხ-ეის, ისე მონაწილეთა ნაწილის პასუხი უარყოფითი იყო, რამაც გამოიწვია 13 საშტატო ერთეულის ვაკანტურად დატოვება.
საქმეზე დადასტურებულ გარემოებათა და მათ მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ვინაიდან, გარდა 2019 წლის 1 თებერვლის გასაუბრების ოქმისა, საქმეში წარმოდგენილია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 15 თებერვლის №01/45133 წერილი, რომლითაც ასევე დასტურდება, რომ 2019 წლის 22 თებერვლის საშტატოს მდგომარეობით, ...ში განსაზღვრული იყო 90 სოციალური მუშაკის შტატი. აქედან 77 საშტატო ერთეული იყო დაკავებული, ხოლო 13 - ვაკანტური, რომელთა ვაკანტურობის მიზეზად წერილში მითითებულია, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეებთან გასაუბრების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის გასაუბრების ოქმის მიხედვით, გასაუბრების მსვლელობისას ცამეტმა მოსამსახურემ განაცხადა, რომ ვერ ხედავდა თავს სოციალური მუშაკის პოზიციაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის ხელახლა განხილვის პირობებში, ზემოთ მითითებულ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სწორად შეფასების გარდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოსაკვლევია ნ. ხ-ეის მხრიდან ნების თავისუფლად გამოვლენის საკითხი, კერძოდ, რატომ არ იქნა გათვალისწინებული სოციალური მუშაკის პოზიციის შეთავაზებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გასაუბრებაზე გაჟღერებული უარი. ამასთანავე, კონკრეტულ შემთხვევაში გამოსაკვლევია გასაუბრების ოქმის ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენების საკითხი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების და შეფასების შესაძლებლობას, იგი არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ნ. ხ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხზე ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებობს საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ეისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ნ. ხ-ეისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე