საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-407(კ-23) 20 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა)- ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე)- ე.თ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა
მესამე პირი- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული
განვითარების სააგენტო
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:2020 წლის 7 თებერვალს ე.თ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №20.11.8 და 2020 წლის 22 იანვრის N20.66.204 განკარგულებების ბათილად ცნობა, რომლებითაც არ იქნა მოწონებული „მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა (ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ...ში მდებარე N... და N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილების პროექტი). მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქალაქ მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოწონებული იქნება მოთხოვნა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიწის ნაკვეთებზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ე.თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება ე.თ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით ე.თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება ე.თ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის მითითებით, სასამართლოებს არ უმსჯელიათ კონკრეტულად იმ არგუმენტზე, რითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ე.თ-ეს უარი უთხრა მიწის ნაკვეთების ფუნქციური ზონის ცვლილებაზე. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზონის შეცვლაზე უარი დასაბუთებული იყო იმით, რომ ამ ნაკვეთებზე ფუნქციური ზონის ცვლილება შეამცირებს სატყეო ზონის ფართობს, ამასთანავე დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტყეებისა და სატყეო ტერიტორიების შენარჩუნება და დაცვა. ამ არგუმენტაციის საწინააღმდეგოდ წარდგენილ იქნა მტკიცებულება, რომ ე.თ-ის ნაკვეთები ვიზუალურად არ წარმოადგენს ტყეს, მათზე განლაგებულია სულ რამდენიმე ხე და ამ ნაკვეთებში ისე შეიძლება შენობის ჩადგმა, რომ არ არის საჭირო რომელიმე ხის მოჭრა, შესაბამისად, რაიმე ზიანიც არ ადგება მწვანე საფარს, და არც დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა ზიანდება.
რაც შეეხება სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სადავო აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების მახასიათებლების შეუსაბამობას გენერალური გეგმით განსაზღვრულ ფუნქციურ ზონასთან ან/და არსებული ფუნქციური ზონის მოთხოვნილი ცვლილება შეესაბამება ქალაქმშენებლობითი დაგეგმვის კანონმდებლობით განსაზღვრულ პრინციპებს, კასატორი აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მოქალაქის უფლებას (გარკვეული პირობებით), მოთხოვოს თავისი მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის შეცვლა. ამასთანავე კასატორს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მისთვის ფუნქციური ზონის შეცვლაზე უარის თქმის საფუძველი არ გამხდარა ის გარემოება, რომ ნაკვეთის მახასიათებელი არ შეესაბამება მოქმედი გენერალური გეგმით განსაზღვრულ ფუნქციური ზონის მახასიათებლებს.
ამასთან, კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოურკვევია, ნაკვეთზე ფუნქციური ზონის ცვლილება ნამდვილად მიაყენებდა თუ არა დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას ზიანს. კასატორი მიუთითებს საქმეში მის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, სადავო ნაკვეთები ვიზუალურად არ წარმოადგენს ტყეს, ნაკვეთებზე განლაგებულია სულ რამდენიმე ხე და შესაბამისად შენობის ჩადგმა შესაძლებელია ხის მოჭრის გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კასატორს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და დაკმაყოფილდეს სარჩელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე.თ-ის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე.თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ე.თ-ისათვის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გავრცელებული სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით შეცვლის მოწონებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც არეგულირებს საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესებს. დასახელებული კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით, განმტკიცებულია სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქმშენებლობითი დაგეგმვის სახელმძღვანელო პრინციპები და გეგმების ახალ გარემოებებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სივრცის დაგეგმარება და ქალაქმშენებლობითი დაგეგმვა ემყარება მდგრადი განვითარების პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამისი ტერიტორიის გამოყენებისა და განვითარების ეკონომიკური და სოციალური წინაპირობების ჰარმონიზაციას საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების და გარემოსდაცვით მოთხოვნებთან. ამ მიზნით, სივრცის დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა ხორციელდება სხვადასხვა პრინციპების დაცვით, მათ შორის: ა) როგორც დასახლებულ ტერიტორიაზე, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ადამიანისათვის ღირსეული საარსებო პირობების შექმნა და შენარჩუნება; ბ) ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური განვითარებისათვის თანაბარი წინაპირობების შექმნა, განვითარების გრძელვადიანი პოტენციალის შენარჩუნება და სათანადო უზრუნველყოფა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინება სავალდებულოა დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოსთვის, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში ცალკეულ ტერიტორიებზე სივრცით კატეგორიასა და ფუნქციურ ზონას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში საკითხი ამ კოდექსის მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად უნდა გადაწყდეს. მითითებული მუხლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, ინტერესთა შეჯერების პროცესში წარმოდგენილი და გათვალისწინებული უნდა იქნეს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ალტერნატიული გადაწყვეტები და სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესისა და კერძო ინტერესის შეწონასწორება და დაბალანსება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით, დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების, გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად), ხოლო წესების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატყეო ზონა წარმოადგენს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეს, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტყეებსა და სატყეო ტერიტორიებს. ამავე დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სატყეო ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 9 დეკემბერს ე.თ-ემ 01193432139-67 და №01193431978-67 განცხადებებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს და ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ...ში მდებარე N... და N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილება მოითხოვა (ს.ფ. 58-67).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №20.11.8 განკარგულებითა და 2020 წლის 22 იანვრის N20.66.204 განკარგულებით არ იქნა მოწონებული ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ...ში მდებარე N... და N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილების პროექტი. აღნიშნული განკარგულებები ემყარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 11 დეკემბრის N01193452267 და 2019 წლის 19 დეკემბრის N01193532746 წერილებს, რომელთა თანახმადაც, განსახილველ მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნილი ცვლილება შეამცირებს რა სატყეო ზონის ფართობს, ხოლო დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კი ტყეებისა და სატყეო ტერიტორიების შენარჩუნება და დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და შესაბამისი ცვლილება არ არის მიზანშეწონილი (ს.ფ. 53, 54).
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად (ძალადაკარგულია - 15.03.19, №39-18) სადავო მიწის ნაკვეთებზე ვრცელდებოდა ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ზონა (ლსზ), რაც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ არსებულ ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას.
საკასაციო პალატის მითითებით, მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირება წარმოადგენს საკუთრების უფლების შინაარსისა და მესაკუთრის უფლებამოსილების დადგენის ერთ-ერთ სამართლებრივ საშუალებას (სუსგ 26.01.2021წ. საქმე №ბს-1112(კ-18)), ხოლო ურბანული განვითარების შეუქცევადობის გათვალისწინებით, კონკრეტულ ტერიტორიებზე ფუნქციური ზონების ცვლილება გარდაუვალი პროცესია, თუმცა ამასთანავე, უფლებრივი ზონირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას დაგეგმვის და დაგეგმვის შენარჩუნების საჭიროების დასაბუთების პროცესში კანონმდებლობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს საჯარო და კერძო ინტერესების შეწონასწორებას და დაბალანსებას. „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების დანართი №6 ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც უპირატესი საჯარო ინტერესის გამო, შეიძლება შეიზღუდოს კერძო ინტერესები. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება, მიღებული გადაწყვეტებით რიგ შემთხვევაში იზღუდება ცალკეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა უფლებები სამშენებლო პირობების გაუარესების თვალსაზრისით. აღნიშნულთან მიმართებით ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, საკუთრების უფლება მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის აბსოლუტური ხასიათის. საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც მესაკუთრის კერძო ინტერესი საჯარო ინტერესებთან მიმართებით აბსოლუტური, უპირობო უპირატესობით სარგებლობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქო-სამართლებრივი წესრიგის შექმნისას აუცილებელია, მიღწეულ იქნეს სწორი ბალანსი საკუთრების უფლებასა და სხვა უფლებებს/საჯარო ინტერესებს შორის. აუცილებელია, მესაკუთრემ გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება „ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
მოცემულ შემთხვევაში, კასატორის (მოსარჩელის) მითითებით მას ეზღუდება მშენებლობის შესაძლებლობა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ვინაიდან მიწის ნაკვეთებს მინიჭებული აქვთ სატყეო ზონის სტატუსი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 13 აპრილის №20.426.533 განკარგულების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ განკარგულება შეიცავს შესაბამის მითითებებს ყველა იმ გარემოებაზე, რომელიც გამორიცხავს აღნიშნულ ნაკვეთზე სატყეო ზონის გაუქმებისა და საცხოვრებელი ზონის გავრცელების შესაძლებლობას. საქმეზე დართული დოკუმენტაციით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო წესით შეისწავლა ე.თ-ის განცხადება და გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება. საქმეში წარმოდგენილი აეროფოტოგადაღებისა და დედაქალაქის რუკის მონაცემებით, ასევე, თავად მხარის ინიციატივით ჩატარებული ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 4 თებერვლის დასკვნით დასტურდება, რომ N... და N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთები წარმოადგენს გამწვანებული ტერიტორიის ნაწილს, რომელზეც ფიქსირდება მარადმწვანე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ უძრავი ქონებები მდებარეობს განაშენიანების კონტურს მიღმა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ ტექსტური ნაწილის მე-2 მუხლის მე-17 პუნქტის მიხედვით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმით გათვალისწინებული განაშენიანების კონტური წარმოადგენს საზღვარს ქალაქის განაშენიანებულ და გაუნაშენიანებელ ტერიტორიებს შორის და განისაზღვრება მის გარეთ არსებული ტერიტორიების საქალაქო სამშენებლო განვითარების შეზღუდვის პირდაპირ პირობად. მოცემული შეზღუდვა ეყრდნობა ქალაქგეგმარებით მოსაზრებებს და მისი კორექტირება შესაძლებელია მასშტაბით გათვალისწინებული ტექნიკური და გააზრებითი ცდომილების ხარისხის ფარგლებში, შესაბამისი ქალაქგეგმარებითი დასაბუთების საფუძველზე. მოცემული საზღვრის კორექტირების მიღმა, ფუნდამენტური ცვლილება წარმოადგენს ცვლილებას კონცეპტუალურ დონეზე და შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტისა და მისი მიდგომების სისტემური რევიზიის პირობებში. დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გაუნაშენიანებელი ტერიტორიების ათვისება დაიშვება, მხოლოდ განაშენიანებული ტერიტორიების ქალაქგანვითარების პოტენციალის ამოწურვის ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობითა და განაშენიანების რეგულირების წესებით განსაზღვრული პროცედურებით მიღებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტებით. ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით, მოცემული არეალის განაშენიანები ტერიტორია დაკარგავს თავის პირვანდელ სახეს. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 11 დეკემბრის N01193452267 და 19 დეკემბრის N01193532746 წერილებზე, რომელთა თანახმად, N... და N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნილი ცვლილება შეამცირებს სატყეო ზონის ფართობს, ხოლო დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ტყეებისა და სატყეო ტერიტორიების შენარჩუნება და დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შესაბამისი ცვლილება არ არის მიზანშეწონილი. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას და აღნიშნავს, რომ მართალია კასატორს ეზღუდება მშენებლობის შესაძლებლობა მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, თუმცა აღნიშნული ემსახურება ლეგიტიმურს მიზანს-გამწვანებული ტერიტორიის, ტყის მასივის შენარჩუნებასა და განადგურებისაგან დაცვას.
ამასთანავე, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (ძალადაკარგულია - 15.03.19, №39-18) შესაბამისად სადავო მიწის ნაკვეთებზე ვრცელდებოდა ლანდშაფტურ- სარეკრეაციო ზონა (ლსზ), აღნიშნული მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ არსებულ ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მხოლოდ მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველსაყოფი შენობა-ნაგებობების განთავსება კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, დასტურდება, რომ 2019 წლამდე (სატყეო ზონის სტატუსის მინიჭებამდე) ნაკვეთები უკვე მოქცეული იყო იმგვარი რეგულირების ზონაში, რომელშიც დაუშვებელია საცხოვრებელი სახლების განთავსება და შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების მიღებით სადავო მიწის ნაკვეთების სამართლებრივი მდგომარეობა არ გაუარესებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას დაცულია საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობა, რამდენადაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით ცხადად დადასტურდა, რომ უფლების შეზღუდვა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერია.
ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ე.თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. გ.მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ე.თ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 01.05.2023წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე