Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-626(2კ-23) 20 სექტემბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - კ. ნ-ე

კასატორი (მოპასუხე) - სპეციალური პენიტენციური სამსახური

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის №... დაწესებულება, დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის №... დაწესებულება

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

კ. ნ-ემ 2021 წლის 30 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ამავე სამსახურის პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის №... დაწესებულების, დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის №... დაწესებულების მიმართ და მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 100 000 ლარის დაკისრება მოითხოვა. სარჩელის თანახმად, კ. ნ-ემ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დააფუძნა უკანონო პატიმრობას, ვინაიდან მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამატებით დაყო 4 თვე და 13 დღე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოების გამო დაირღვა მისი კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები და პრინციპები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 აპრილის განაჩენით დაკმაყოფილდა ...ის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა; დამტკიცდა თბილისის ...ის რაიონული პროკურატურის პროკურორ - გ. გ-სა და ბრალდებულ კ. ნ-ეს შორის 2008 წლის 17 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება; კ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და 2007 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით, 2007 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდისთვის - 6 (ექვსი) თვით, ხოლო 2007 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მთლიანად შეიკრიბა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები და კ. ნ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, კ. ნ-ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 6 თვე, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. მსჯავრდებულ კ. ნ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება გაუქმდა. მსჯავრდებულ კ. ნ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2008 წლის 21 იანვრიდან. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2007 წლის 27 სექტემბრიდან 2007 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, ასევე, 2007 წლის 24 ოქტომბრიდან 2007 წლის 26 ოქტომბრამდე პატიმრობაში ყოფნის დრო. მსჯავრდებულ კ. ნ-ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემდეგ, საქართველოს სს-ს 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე, არ შეეცვალა მუდმივი ბინადრობის ადგილი და არ დაემყარებინა ურთიერთობა იმასთან, ვისაც შეიძლება იგი ჩაება ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარების განხორციელება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის პრობაციის ბიუროს. დასახელებული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა მიღებისთანავე და დაექვემდებარა აღსრულებას;

- საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დ. დ-ის მიერ 2008 წლის 17 აპრილს გაცემული ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამავე კოლეგიის 2008 წლის 17 აპრილის განაჩენით კ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, ასევე წარმოდგენილია 2008 წლის 18 აპრილისა და 2008 წლის 5 მაისის ცნობები განაჩენის გამოტანის შესახებ, რომლებიდანაც ირკვევა, რომ 2008 წლის 17 აპრილს სასამართლოს მიერ გასამართლებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს №... საპყრობილის პატიმარი კ. ნ-ე, რომელსაც მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე ცნობით №... საპყრობილის სპეციალური განყოფილების უფროსი ალ. ჯ-ა მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა საპყრობილეში სასწრაფოდ იქნეს გადაგზავნილი განაჩენის ასლები, დამოწმებული გერბიანი ბეჭდით;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით, მსჯავრდებულ კ. ნ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება. კერძოდ, კ. ნ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 თვის და 17 დღის ვადით განახევრდა და, საბოლოოდ, მას მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 დღის ვადით. ვინაიდან კ. ნ-ეს 2008 წლის 28 ნოემბრისთვის მოხდილი ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 აპრილის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, დარჩენილი სასჯელი - 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობითად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ კ. ნ-ე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო სასჯელაღსრულების შესაბამისი დაწესებულებიდან;

- დადგენილია, რომ №... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა 2008 წლის 18 ნოემბერს წერილით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მსჯავრდებულ კ. ნ-ის 2008 წლის 17 აპრილის განაჩენისა და განკარგულების გადაგზავნა პირად საქმეზე დასართავად. აღნიშნული წერილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2008 წლის 28 ნოემბრის მიმართვით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადააგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილება. ამავე მიმართვაში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დადგენილება ჩაჰბარდა 2008 წლის 2 ნოემბერს და მას თან ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის განაჩენის ასლი;

- 2008 წლის 17 აპრილის განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ კ. ნ-ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა გაეტარებინა 2008 წლის 21 იანვრიდან 2008 წლის 15 ივლისამდე პერიოდი, ხოლო მან კანონიერი საფუძვლის გარეშე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაყო 4 თვე და 13 დღე და გათავისუფლდა 2008 წლის 28 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების შესაბამისად, კ. ნ-ემ 2021 წლის 17 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის საბჭოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 აპრილის განაჩენის ასლი. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2021 წლის 17 ივნისის მიმართვით კ. ნ-ეს გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის განაჩენის ასლი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე, 1008-ე მუხლები, ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, ასევე მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილებაზე - „საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხარპოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (სუსგ 07.12.2020წ. Nბს-326(კ-19)). (სუსგ 21.06.2022წ. Nას-34-2022, 177,179 პ.),(სუსგ 13.09.2021წ. Nბს-1320(კ-19)) და მიიჩნია, რომ კ. ნ-ეს ზიანის ანაზღაურების საკითხი შეიძლება დაეყენებინა 2008 წლის 28 ნოემბრიდან სამი წლის განმავლობაში. კერძოდ, იმ დროიდან, როდესაც სასამართლოს მიერ განხილულ იქნა 2008 წლის 21 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების საკითხი და სასამართლოს დადგენილების საფუძველზე კ. ნ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ, მართალია, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა კ. ნ-ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის ჩაბარების ფაქტი, თუმცა ამის მიუხედავად, მისთვის ცნობილი იყო სასჯელის სახის და ზომის შესახებ და მოსარჩელემ ვერ შეძლო იმის დამტკიცება, თუ რა გახდა ხელისშემშლელი გარემოება იმისა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მოეთხოვა და მიეღო მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ასლი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის დროისთვის - 2021 წლის 30 ნოემბრისათვის გასული იყო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ნ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს კ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველს არ ქმნიდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია უდავო ფაქტობრივ გარემოებას, რომ სხდომას, რომელზეც გამოცხადდა განაჩენი, ესწრებოდა მსჯავრდებული კ. ნ-ე. პალატამ ხსენებული ფაქტის შეფასებისას მიიჩნია, რომ მას არანაირი სამართლებრივი დატვირთვა არა ჰქონდა განსახილველი დავის მიმართ, რადგან მსჯავრდებულმა, მართალია, მოისმინა გამოტანილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, თუმცა აღნიშნული გარემოება არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას ევალებოდა ან/და შესაძლებლობა ჰქონდა სარეზოლუციო ნაწილში განსაზღვრული წესებით გამოეთვალა სასჯელის დაწყებისა და დასრულების ვადა. მსჯავრდებულისათვის ამგვარი ვალდებულების დაკისრებას არ ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა. ამასთანავე, უდავოა, რომ განაჩენის გამოცხადების დღეს წერილობითი სახით მსჯავრდებულს განაჩენი არ გადასცემია. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ კ. ნ-ე 2008 წლის 28 ნოემბერს გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. არ დასტურდება, რომ გათავისუფლებისას მას გადაეცა მის მიმართ გამოტანილი განაჩენების ასლები. ასევე არ დასტურდება, რომ მას ეცნობა დარღვეული უფლების თაობაზე და განემარტა ზიანის ანაზღაურების უფლება. მოცემულ საქმეზე არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ კ. ნ-ემ იცოდა სასჯელის ვადის ამოწურვის შესახებ და არ ითხოვდა დაწესებულების დატოვებას. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაცული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

დავის ძირითად არსთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 აპრილის განაჩენის თანახმად, მსჯავრდებულ კ. ნ-ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა გაეტარებინა 6 თვე, კერძოდ, 2008 წლის 21 იანვრიდან 2008 წლის 15 ივლისამდე. თუმცა, მისი განთავისუფლება მოხდა 2008 წლის 28 ნოემბერს, მაშინ როდესაც გასული იყო სასჯელის მოხდის 6-თვიანი ვადა. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა კ. ნ-ის უკანონო პატიმრობა 4 თვითა და 13 დღით. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის უკანონო ქმედება, რაც გამოიხატა მსჯავრდებულის საპატიმრო დაწესებულებაში იმაზე მეტი დროით მოთავსებაში, ვიდრე მისჯილი ჰქონდა. აღნიშნულმა ქმედებამ განაპირობა მოსარჩელის უკანონო თავისუფლების აღკვეთა. მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის დგინდება იმ გარემოებით, რომ საპატიმრო სახდელის აღსრულება და მის შესრულებაზე კონტროლი პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონით ევალებოდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და მისდამი დაქვემდებარებულ პენიტენციურ დაწესებულებებს. ანალოგიური შინაარსის ვალდებულებაზე მიუთითებდა კ. ნ-ის პატიმრობის დროს მოქმედი „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონიც. აღნიშნული ფაქტების ერთობლიობა კი ქმნიდა მოსარჩელესთან მიმართებაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წინაპირობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

კასატორი - სპეციალური პენიტენციური სამსახური მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე, 1008-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს სასარჩელო მოთხოვნის სასამართლოში წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, ხოლო სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ მოცემულ საკითხზე ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო არა 2008 წელს, არამედ 2021 წელს, როდესაც მხარემ საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან გამოითხოვა მის მიმართ 2008 წლის 17 აპრილს დადგენილი განაჩენი. კასატორის მოსაზრებით, საქმეში დაცული დოკუმენტაციისა და ახსნა-განმარტებებში ჩამოყალიბებული მსჯელობის მხედველობაში მიღებით, ცალსახაა, რომ მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების საკითხი უნდა დაეყენებინა 2008 წლის 28 ნოემბრიდან 3 წლის განმავლობაში, ე.ი. იმ დროიდან, როდესაც კ. ნ-ე 2008 წლის 28 ნოემბრის სასამართლო დადგენილების საფუძველზე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ამ მომენტიდან კ. ნ-ეს შეეძლო მიემართა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის და მოეთხოვა განაჩენის მისთვის გადაცემა, რაც შემდეგ გახდებოდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი.

რაც შეეხება დავის ძირითად არსს, კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეზე დადასტურებული გარემოებების შესაბამისად, გამოირიცხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ბრალეული ქმედება, რის გამოც არ არსებობს მისი პასუხისმგებლობის დადგომის სამართლებრივი საფუძველი.

კასატორი - კ. ნ-ე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს იმ ნაწილში, რომლითაც მის მიმართ მორალური ზიანის - 7000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა მხოლოდ სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას და აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაკისრებოდათ ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის №... დაწესებულებას და დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის №... დაწესებულებას, ვინაიდან ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ მის მიმართ უკანონო პატიმრობის დადგომის საკითხში.

კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული ყოველი დღე წარმოადგენდა მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას, სწორედ უკანონო პატიმრობის გამო, იგი მოწყვეტილი იყო საკუთარ ოჯახს, ვერ ურთიერთობდა შვილებთან, მეუღლესთან, ასაკოვან დედასთან, გადაიტანა ნეგატიური განცდები და სტრესი, რაც უარყოფითად აისახა მის ჯანმრთელობაზე, ასევე შეილახა მისი პატივი და ღირსება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით კ. ნ-ისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ კ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება ხანდაზმულობის გამო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეთათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა, თუმცა, მოცემული გარემოებების დადგენამდე და შეფასებამდე, პირველ ყოვლისა, უნდა შემოწმდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, რამეთუ, ზოგადად, „ვადის უფლებაწარმომშობი და უფლებააღმკვეთი თვისება გამოკვეთილია არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო სამართალში, არამედ იგი დამახასიათებელია მთელი სამართლისათვის. დრო იწვევს სამართლებრივი სინამდვილის ტრანსფორმაციას, უფლების წარმოშობას, შეწყვეტას, უფლების სუბიექტის შეცვლას. მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული... სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურ-სამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობა შეზღუდულია ნორმატიულად იმპერატიულად განსაზღვრული ვადებით. კანონმდებლობით გათვალისწინებულია დროის ის მონაკვეთი, რომლის ფარგლებშიც უნდა მიმართოს მხარემ სასამართლოს თავისი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად. სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადების შემოღების ერთ-ერთ მიზანს საქმის სწორად გადაწყვეტა წარმოადგენს. კერძოდ, „გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე ისრაელის მოქალაქეები - „თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21, 23).

ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ინსტიტუტის შემოღება მიზნად ისახავს უფლების დაცვის ვადების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას, რათა უფლება დაუსრულებლად, განუსაზღვრელად არ იყოს საეჭვო. ამასთანავე, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების დროული განხორციელება ემსახურება ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. თავის მხრივ, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არაჯეროვანი გამოყენება, სასამართლოსათვის ვადის დარღვევით მიმართვა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. კერძოდ, მოთხოვნის უფლება აგრძელებს არსებობას, მაგრამ, მისი საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ დაექვემდებარება იძულებით აღსრულებას და დარღვეული უფლების აღდგენა მხოლოდ დამრღვევის მიხედულებაზე იქნება დამოკიდებული. უფრო მეტიც, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული შეცილებითი და მავალდებულებელი სარჩელის წარდგენისას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვა წარმოადგენს სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს და ასეთი ვადის დაუცველობა საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობას ქმნის. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს მითითებული ვადების მხარეთა მიერ დაცვის ფაქტი. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა მოიცავს დროის იმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც უფლებაშელახულ პირს შეუძლია, მოითხოვოს საკუთარი დარღვეული უფლების სამართლებრივი გზით დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგი - სასამართლოს მეშვეობით უფლების იძულებითი განხორციელების შეუძლებლობა. ამასთან, ვინაიდან, ხანდაზმულობა არსებით გავლენას ახდენს პირის უფლება - მოვალეობებზე, პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს მისი ათვლის მომენტი. ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყების წესს კი ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმის მიხედვით, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მოთხოვნა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ (სპეციალურ) ვადებს. კერძოდ, დელიქტიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნებისათვის სპეციალური ხანდაზმულობის ვადა დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით, რომლითაც, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე, ზოგადი წესის მსგავსად, ასევე დაწესებულია ხანდაზმულობის ვადის ათვლის წინაპირობები, რაც გულისხმობს დელიქტით მიყენებული ზიანის ფაქტის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ დაზარალებულის ინფორმირებას. მას შემდეგ, რაც უფლებაშელახული პირი შეიტყობს დელიქტით მიყენებული ზიანის ან ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობას, მას აქვს სამი წლის ვადა დარღვეული უფლების აღსადგენად. ამრიგად, კანონმდებლობით იმპერატიულად არის განსაზღვრული დელიქტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების სასამართლო წესით მხოლოდ სამი წლის განმავლობაში მოთხოვნის შესაძლებლობა, ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ ინფორმაციის შეტყობის მომენტიდან.

საკასაციო პალატა გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყების მომენტის განსაზღვრისთვის მიუთითებს საქმეზე უდავოდ დადასტურებულ გარემოებებზე: განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 აპრილის განაჩენით დაკმაყოფილდა ...ის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა და დამტკიცდა ბრალდების მხარესა და განსასჯელ კ. ნ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება; საბოლოოდ, კ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ასევე ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, კ. ნ-ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 6 თვე, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება და კ. ნ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 თვის და 17 დღის ვადით განახევრდა და, საბოლოოდ, მას მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 დღის ვადით. ვინაიდან კ. ნ-ეს 2008 წლის 28 ნოემბრისთვის მოხდილი ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 აპრილის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, დარჩენილი სასჯელი - 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობითად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. ამავე დადგენილებით კ. ნ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი დაწესებულებიდან. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2008 წლის 28 ნოემბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიგზავნა კ. ნ-ის მიმართ მიღებული დადგენილება, რომლითაც ის ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მიმართვას ასევე ახლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დ. დ-ის მიერ კ. ნ-ის მიმართ 2008 წლის 17 აპრილს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ასლი. ამავე მიმართვაში შენიშვნის სახით დატანილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დადგენილება ჩაჰბარდა 2008 წლის 2 ნოემბერს და მას თან ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის განაჩენის ასლი. ამის შემდეგ დაწესებულებამ კ. ნ-ეს აცნობა განაჩენისა და დადგენილების შესახებ და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. აღნიშნული ფაქტის დასტურად საქმეში ასევე წარმოდგენილია პირად საქმეში დაცული ცნობის ასლი, რომლითაც კ. ნ-ე ხელმოწერით ადასტურებს 2008 წლის 17 აპრილის განაჩენისა და იმავე წლის 28 ნოემბრის დადგენილების შინაარსის გაცნობის ფაქტს (ტ. I, ს.ფ. 137; 146).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია რა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, მიუთითა გამამტყუნებელი განაჩენის მხარისთვის სათანადო წესით 2021 წლამდე ჩაუბარებლობაზე, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა ხანდაზმულობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე, კერძოდ, 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებაზე, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი 2008 წლის 17 აპრილის განაჩენით კ. ნ-ისათვის დანიშნული სასჯელი, ასევე ამნისტიით აქტით მისი შემსუბუქება და, საბოლოოდ, მითითებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების ბრძანებაზე. ამრიგად, საკასაციო პალატა, საქმეზე დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, მიიჩნევს, რომ კ. ნ-ეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საკითხი შეეძლო დაეყენებინა 2008 წლის 28 ნოემბრიდან სამი წლის განმავლობაში. კერძოდ, იმ დროიდან, როდესაც სასამართლოს მიერ განხილულ იქნა 2008 წლის 21 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების საკითხი. საქმის მასალების მიხედვით, დასტურდება, რომ 2008 წლის 28 ნოემბრისთვის კ. ნ-ისთვის ცნობილი იყო მოცემული ფაქტის შესახებ და საგულისხმოა, რომ სწორედ ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე კ. ნ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. საკასაციო პალატა მიჩნევს, რომ სარჩელის სასამართლოში წარდგენის დროისთვის - 2021 წლის 30 ნოემბრისთვის გასული იყო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. კ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. კ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე