საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-690(კ-23) 11 სექტემბერი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - რ.ნ-ე
მესამე პირები - ლ.ნ-ე (პ/ნ ...), ლა.ნ-ე, ლო.ნე (პ/ნ ...), მ.ნ-ე (პ/ნ ...), მა.ნ-ე ( პ/ნ ...)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
რ.ნ-ემ 2021 წლის 02 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, მა.ნ-ის (პ/ნ...), რ.ნ-ის, მ.ნ-ის (პ/ნ...), ლ.ნ-ის (პ/ნ...), ლა.ნ-სა და ლო.ნის (პ/ნ...) ნაწილში მოპასუხის 2021 წლის 04 აგვისტოს N03-3273/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელისა და მისი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 06 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ.ნე (პ/ნ ...), ლა.ნ-ე, ლო.ნე (პ/ნ ...), მ.ნ-ე (პ/ნ ...), მა.ნ-ე ( პ/ნ ...).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 04 აგვისტოს N03-3273/ო ბრძანება მ.ნ-ის (პ/ნ ...), რ.ნ-ის, მა.ნ-ის (პ/ნ ...), ლო.ნ-ის (პ/ნ...), ლა.ნ-სა და ლ.ნ-ის (პ/ნ...) ნაწილში; მოპასუხეს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული რ.ნ-ისა და მისი ოჯახის წევრების - მ.ნ-ის (პ/ნ ...), მა.ნ-ის (პ/ნ ...), ლ.ნ-ის (პ/ნ...), ლა.ნ-სა და ლო.ნის (პ/ნ...) საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ორივე ინსტანციის სასამართლო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას დაეყრდნო, რომელიც ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას შეიცავდა. გათვალისწინებული არ იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. გეოლოგიურ დასკვნაში მითითებული იყო, რომ სახლის გადატანა საჭიროა მდგრად ადგილას, რაც თავისუფალი მსჯელობის საშუალებას იძლევა და არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მდგრად ადგილად იმავე ეზოში არსებული სხვა ადგილი იგულისხმებოდეს, რაც საეჭვოს ხდის სადავო მისამართზე არსებული საკარმიდამო ადგილის მეწყერიანობას და იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა სახლი არასწორ ადგილას მშენებლობის შედეგადაა დაზიანებული.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა, სადაც მითითებულია, რომ სახლი დაზიანებულია 1991 წელს, ხოლო მხარემ განაცხადით სააგენტოს 30 წლის შემდეგ - 2020 წელს მიმართა. ამასთან, თავად მხარემ განმარტა, რომ სახლს ჩაუტარდა არაერთი სარემონტო და გამაგრებითი სამუშაოები. სახლის გვერდითა მხარეს ერთ კედელზე არსებული ბზარი არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სახლი დანგრევის პირასაა და იქ მცხოვრებ ოჯახის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.
კასატორის მითითებით, 2020 წლის 12 ივნისს განხორციელდა ადგილზე შემოწმება და შეივსო შესაბამისი ფორმა. საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ სახლს აღენიშნება მეორე კატეგორიის დაზიანება. არის ორ სართულიანი ნაგებობა. მარცხენა მხარე არის დაზიანებული. ეტყობა ძლიერი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბზარები. ეზოში დაგებული ბეტონი ჩავარდნილია 20 სმ-ით. პრევენციული ღონისძიებები დღემდე არ განხორციელებულა, რის შედეგადაც ნაგებობის მდგომარეობა უფრო დამძიმდა, კერძოდ, საკარმიდამო ეზოში მეწყრულ საფეხურზე არსებული ბეტონის ფილები კიდევ უფრო დაწეულია, დაზიანებულია სახლის მარცხენა მხარე, როგორც პირველი, ისე მეორე სართული. ბზარების სიგანე უფრო მომატებულია. იგივე მდგომარეობაშია სახლის წინ არსებული ბეტონის საფარიც. დეფორმირებულია ეზოში შესასვლელი ჭიშკარიც. აღნიშნულიდან გამომდინარე სახლის დეფორმაციის ხარისხის გათვალისწინებით გეოლოგიური დასკვნის თანახმად, საცხოვრებელ სახლზე რაიმე სახის პრევენციული ღონისძიებების გატარება დაგვიანებულია. რ.ნ-ის სახლი გადატანილი უნდა იქნას გეოლოგიურად მდგრად ადგილას. სახლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ სახლში არის მცირე ზომის ბზარები. კასატორი აღნიშნავს, რომ პირველ კატეგორიას განეკუთვნება ისეთი შემთხვევა, როდესაც საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას. მოცემულ შემთხვევაში კი რ.ნ-ის ოჯახი კვლავ განაგრძობს აღნიშნულ სახლში ცხოვრებას.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის კრიტერიუმების“ მე-3 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, ადმინისტრაციულ ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც დარწმუნდა მის მართებულობაში. კომისიამ და სააგენტომ მოცემულ შემთხვევაში დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მოსარჩელე არ დააკმაყოფილა, რადგან ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელის დაკმაყოფილების სასწრაფო საჭიროება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ივლისი განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს მოსარჩელის ოჯახის ნაწილში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 04 აგვისტოს N03-3273/ო ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. ხსენებული ბრძანებით რ.ნ-ის ოჯახს, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“ გათვალისწინებულია სოციალური გარანტიები, მათ შორის, განსახლების უფლება ვრცელდება ეკომიგრანტის სტატუსით მოსარგებლე ოჯახებზე. დასახელებული ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულია შესაბამისი სამსახურის მიერ განცხადების დამუშავების პროცედურა და მოიცავს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ 2020 წლის 1 ოქტომბერს რ.ნ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და შეავსო საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა იმერეთი, ..., სოფელი .... ოჯახის შემადგენლობაში მოსარჩელესთან ერთად მითითებულია შვილი - ლ.ნე, შვილი - ლა.ნ-ე, დედა - ლო.ნე, მეუღლე - მ.ნ-ე, და - მა.ნ-ე. საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის შესაბამის გრაფაში მითითებულია, რომ სახლი ავარიულია, ცხოვრებისთვის უვარგისი და სიცოცხლისთვის საშიში.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ 2017 წელს გაცემული ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, რომლის თანახმად, საჭიროა სახლის გარშემო სადრენაჟო სისტემის მოწყობა, საძირკვლის გაძლიერება და კედლების აღდგენა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ 2019 წლის აგვისტოში განმეორებით ვიზუალურად დათვალიერდა რ.ნ-ის საცხოვრებელი სახლი და გაიცა ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, სადაც მიეთითა, რომ სახლის შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება, კერძოდ, დაზიანებული კონსტრუქციული ელემენტების აღდგენა და ღრმა სადრენაჟო სისტემების მოწყობა. აღინიშნა, რომ სამუშაოების დროულად ჩაუტარებლობის შემთხვევაში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდებოდა.
აღსანიშნავია, რომ რ.ნ-ის საცხოვრებელი სახლი ასევე ვიზუალურად დათვალიერდა 2020 წელს. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ არ იყო შესრულებული სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ 2019 წელს გაცემული რეკომენდაციები და გაიცა ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ 2019 წლის დასკვნით რ.ნ-ის საცხოვრებელ სახლზე განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები დღემდე არ განხორციელებულა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის ამჟამინდელი მდგომარეობა უფრო დამძიმებულია და არსებული რთული გეოდინამიკური მდგომარეობის, სახლის დეფორმაციის ხარისხის და მოსალოდნელი საშიშროების გათვალისწინებით, სააგენტოს მიაჩნია, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება დაგვიანებულია, შედეგს არ გამოიღებს და შესაბამისად, რ.ნ-ის საცხოვრებელი სახლი გადატანილ უნდა იქნას გეოლოგიურად მდგრად ადგილას.
საქმეში დაცულია ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2020 წლის 10 სექტემბრის №118 ცნობა, რომლის თანახმად, რ.ნ-ის ოჯახს გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირველი კატეგორია და ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს არ ფლობს.
2020 წლის 13 ოქტომბრის შეფასების საფუძველზე, რ.ნ-ის ოჯახს მიენიჭა 19 ქულა, ხოლო 2021 წლის 12 ივნისის გადამოწმებით დადგინდა, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანების ხარისხი შეესაბამება არა პირველ, არამედ მეორე კატეგორიას, რის გამოც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2021 წლის 13,14 და 15 ივლისის №2 საოქმო გადაწყვეტილებით, რ.ნ-ის ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი სახლის შესყიდვაზე, ვინაიდან დაზიანებას მიენიჭა II კატეგორია და ოჯახი გადაფასდა 16 ქულაზე.
ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ იმ პირობებში, როდესაც არაერთი ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, მათ შორის საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათები მიუთითებს მდგრადობის თვალსაზრისით საცხოვრებელი სახლის მძიმე მდგომარეობაზე, დაუსაბუთებელია შემოწმების ოქმის შესაბამისად დაზიანების კატეგორიის ცვლილება. არ დასტურდება, რომ საცხოვრებელს ჩაუტარდა ისეთი გამაგრებითი სამუშაო, რაც თვისობრივად შეცვლიდა მის დაზიანების ხარისხს. ამასთან, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2020 წლის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, რ.ნ-ის საცხოვრებელ სახლზე პრევენციული ღონისძიებების გატარება უკვე დაგვიანებული იყო. ამდენად, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია საცხოვრებლის დაზიანების კატეგორიის შეცვლა და, შესაბამისად, დაზარალებული ოჯახისათვის მინიჭებული ქულის შემცირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა