Facebook Twitter

№ბს-812(კ-23) 22 სექტემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. რ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. რ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 ივლისის №1781 განკარგულება; ბ) მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - თ. რ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიწის ნაკვეთზე მდებარე: ქ. თბილისში, ..., ...ის ქ. №... და №...-ის მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართობი - 533.00 კვ.მ (ს.კ. ...).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 ივლისის №1781 განკარგულება. მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - თ. რ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიწის ნაკვეთზე მდებარე: ქ. თბილისში, ..., ...ის ქ. №... და №...-ის მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართობი - 533.00 კვ.მ (ს.კ. ...).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დადგენილ იქნა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 462.00 კვ.მ თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ. რ-ისა და სახელმწიფოს სახელზე (ს/კ ...). შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას. დასახელებული კანონი აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მოპოვებისა და აღიარების წესს, ანუ მითითებული ნორმატიული აქტით დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება. საკუთრების უფლებით აღიარებას კი, ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ისევ არის განთავსებული. ამასთან, კანონი თავადვე განმარტავს, რა სახის შენობის არსებობის შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს ამ კანონის მოქმედება. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება ასევე, ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს (შენობით ან მის გარეშე) და მათი ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს. განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის 2009 წლის ამონაწერით დგინდება რომ მიწის ნაკვეთი მდებარე: ქ. თბილისი, ..., ...ის ქუჩა, ...ის დასახლება, კოტეჯი №..., დაზუსტებული ფართობი 462.0 კვ.მ, შენობა-ნაგებობა №1 სახელმწიფოს საკუთრებად აღირიცხა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 07/12/2009 წლის №16/1670 წერილის საფუძველზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დგინდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სადავო მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის თვითნებურად დაკავების ფაქტი.

კასატორის განმარტებით, განსახილველ საქმეზე სასამართლო დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნებს, თუმცა სასამართლოსათვის გამოსაკვლევი/დასადგენი გარემოება არ იყო, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა-არარსებობის ფაქტი. აღნიშნული არ გამხდარა საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლოს უნდა განემარტა, სახელმწიფოსთან თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აღიარება წინააღმდეგობაში მოდიოდა თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებთან.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) თ. რ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №..., სართული 1, ფართი 62,89 კვ. მეტრი. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მდებარეობს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შიგნით, რომლის მესაკუთრედ აღრიცხულია სახელმწიფო (საფუძველი: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 7 დეკემბრის N16/1670 წერილი) (ს.ფ. 53-54, 57-58); ბ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 28 აპრილის №002668822 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისი, ..., ...ის ქუჩა ...-ში არსებული შენობა-ნაგებობის ვიზუალური დათვალიერებისა და საკადასტრო გეგმაზე (საკ. კოდი ...) დატანილი N01/1 შენობა-ნაგებობა 2005 წლის ორთოფოტოსთან შედარების შედეგად დადგინდა, რომ 2005 წლის ორთოფოტოზე, N01/1 შენობის ადგილზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობა (ს.ფ. 28-35); გ) შპს ,,... -ის’’ 2022 წლის 20 აპრილის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც მომზადდა ქ. თბილისი, ..., ...ის №...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო, საბაღე-სააგარაკო ნაკვეთის (462 კვ.მ) ტერიტორიის და მის მომიჯნავედ მდებარე (71 კვ.მ) მიწის ნაკვეთის ღობის, ხე-ნარგავების ხანდაზულობისა და ერთ სივრცეში არსებობის დასადგენად, მიწის ნაკვეთები შემოღობილია კოროზირებული ლითონის მავთულბადით და მისი საყრდენები მჭიდრო კავშირშია მიწასთან, შემოღობვის ხანდაზმულობა უდავოა და წარმოადგენს ერთ მთლიანობას ორივე ტერიტორიისთვის. შემოღობვის და ხე-ნარგავების ხანდაზმულობა უდავოა, რომელიც განისაზღვრება 20-22 წლის დიაპაზონში. აღნიშნული მიწის ნაკვეთის (ქ. თბილისი, ..., ...ის №...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო, საბაღე-სააგარაკო ნაკვეთის) (462 კვ.მ.) მომიჯნავედ არსებული (71კვ.მ) ტერიტორიას თ. რ-ი ფლობს და სარგებლობს დაახლოებით 2000 წლიდან. ნაკვეთზე არსებული ნარგავები მრავალწლოვანია. შემოღობვა, მოცემული პარამეტრებით ხანდაზმულია. ხოლო საკუთრებაში არსებული და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი მოთავსებულია ერთ მთლიან სივრცეში (ს.ფ. 35-48); დ) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2022 წლის 15 აპრილის №02-3/19706 წერილის თანახმად, საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალურ არქივში დაცულ თბილისის არქიტექტურის-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის 1987-1998 წლების დოკუმენტებში, დაბა წყნეთში, ...ის ქუჩა №... მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვა არ აღმოჩნდა (ს.ფ. 59); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 6 აპრილის №60-01220961015 წერილით მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა, რომ სამსახურის 2009 წლიდან დღემდე პერიოდის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და მონაცემთა ბაზებში ინფორმაცია ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში, ... საკადასტრო ერთეულით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან ან/და მის ლეგალიზებასთან დაკავშირებით არ იძებნება (ს.ფ. 61-62); ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 აპრილის N... გადაწყვეტილებით ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით სააღრიცხვო მასალა უძრავ ნივთზე მისამართით: ქალაქი თბილისი, ..., ...ის ქუჩა №... (..., ...ის ქუჩაზე ...ის დასახლებაში მდებარე კოტეჯი ...) აღრიცხული არ არის (ს.ფ. 64).

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საფუძვლად დაედო მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ. რ-ისა და სახელმწიფოს სახელზე, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს, ვინაიდან კანონით დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. ამასთან, საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა ისევ არის განთავსებული (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). ასევე, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას კომისია იღებს, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტაციით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას 2022 წლის 4 მაისს თ. რ-იმა წარუდგინა №19/01221242315-55 განცხადება, რომლითაც მოითხოვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ... ...ის ქ. №..., №...-ის მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართობი - 533.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 ივლისის №1781 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ. რ-ისა და სახელმწიფოს სახელზე, კანონმდებლობა კი ითვალისწინებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოპოვების შესაძლებლობას. საყურადღებოა ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით სადავოდ არ ყოფილა გამხდარი კანონით დადგენილი საკუთრების უფლების აღიარების სხვა წინაპირობების არსებობა, არამედ თ. რ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებად მიჩნეული იქნა მხოლოდ იმ ფაქტი, რომ სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მოსარჩელისა და სახელმწიფოს თანასაკუთრება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის (თ. რ-ი) და სახელმწიფოს თანასაკუთრების უფლების არსებობა არ გამორიცხავს მოთხოვნის „ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციებში მოქცევის შესაძლებლობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება და სადავო აქტის კანონშესაბამისობა, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა და სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე