Facebook Twitter

№ბს-1475(კ-22) 22 სექტემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ.ძ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ძ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 19 ნოემბრის №70946-20/1 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე მ.ძ-ს 2018 წლის 1 მაისიდან დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ძ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 19 ნოემბრის №70946-20/1 გადაწყვეტილება. დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე მ.ძ-ს 2020 წლის 1 ნოემბრიდან დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით აპელანტ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში იგულისხმება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი შემადგენლობა. 2006 წლის 1 იანვრიდან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან, წელთა ნამსახურობის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას, გასაცემლის გაანგარიშებისათვის მხედველობაში მიიღებოდა სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, რომელიც არ ეძლევა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეს. შესაბამისად, აქედანაც დასტურდება, რომ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, მე-8 მუხლის პირველ პუნქტში, მე-16 მუხლში და მე-17 მუხლის მე-4 პუნქტში საუბარია ზევადიან სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებსაც განსხვავებით სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისა, სამხედრო სამსახურის პერიოდში ეძლევათ თანამდებობრივი სარგო, წოდების სარგო, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფისათვის დადგენილი ფულადი კომპენსაცია და სხვა ფულადი დანამატები. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 22 მარტს (ცვლილება 378–IIს) განხორციელდა ცვლილება (ამოქმედდა 2013 წლის 1 აპრილიდან), რომლის შედეგად შეიცვალა სამხედრო სამსახურიდან და სხვადასხვა ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ პირთა კომპენსაციების გაანგარიშების წესი და სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისას, აღარ გამოიყენება ზემოაღნიშნული სარგოები. ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლი ხაზგასმით უთითებს, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამავე კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ იმ პირებს, რომლებსაც სამხედრო ან შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10–ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

კასატორის მითითებით, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილ პირებს, კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით კომპენსაციაზე უფლების მოსაპოვებლად სჭირდებათ 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წლის ნამსახურობა. შესაბამისად, სავალდებულო ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილ მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს სპეციალური ან სამხედრო წოდება, რომლითაც სოციალური მომსახურების სააგენტო ნამსახურობის ამოწურვის შემდგომ მასზე მოახდენს შესაბამისი კოეფიციენტით კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრას.

საქალაქო სასამართლო დაეყრდონო მხოლოდ და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ 2020 წლის 28 ოქტომბრის MIA 2 20 02549799 წერილს და დადგენილად ჩათვალა, რომ მ.ძ-მა უნდა მოიპოვოს სახელმწიფო კომპესაციის მიღების უფლება. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული აქტის შინაარსზე, სადაც საუბარია, რომ მოსარჩელე სამინისტროში მუშაობდა ...ის თანამდებობაზე და არსად არაა საუბარი მისი სპეციალური წოდების შესახებ, რომლის მიხედვითაც სააგენტომ შემდგომში უნდა განსაზღვროს კომპენსაციის ოდენობა. ანალოგიური საფუძვლით ნებისმიერი სამოქალაქო პირი შეილება გახდეს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლის მიერ კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კანონით სპეციალურადაა გამოყოფილი რიგითი მოქალაქეებისაგან და სამოქალაქო ასაკობრივი პენსიის მიმღები წრისგან. სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფა ვერ მოხდება იმ პირის, რომელსაც არ გაჩნია ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნისას სპეციალური წოდება (უმცროსი, საშუალო, უფროსი ან უმაღლესი).

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 28 ოქტომბრის MIA 2 20 02549799 ნამსახურობის გაანგარიშება მ.ძ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, რომლის თანახმად: მ.ძ-ის 19.10.2020 წლის №2473742 განცხადების, №ბს-911(კ-19) საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინების და სხვა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, მ.ძ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდი (13.04.1984 წ. – 04.07.2005 წ.) შეადგენს - 21 წელს, 2 თვეს, 21 დღეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 29.10.2020 MIA 4 20 02553912 წარდგინებით, ამავე სამინისტროს 28.10.2020 წლის წელთა ნამსახურების გაანგარიშება, გაეგზავნა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრს (ს.ფ 28-29); ბ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიულმა სამსახურმა, 2020 წლის 19 ნოემბერს გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - გადაწყვეტილება მოსარჩელე მ.ძ-ისათვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო უარის თქმის მიზეზად მიუთითა ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსარჩელე მ.ძ-ს სამხედრო ან სპეციალური წოდებით არ უმსახურია (ს.ფ 31); გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 19 ნოემბრის №04-00-ი/20346 წერილით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის დანაწესზე მითითებით, მ.ძ-ს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 29 ოქტომბრის MIA 4 20 02553912 წარდგინებისა და 2020 წლის 12 ნოემბრის №02660944 მიმართვის თანახმად, მ.ძ-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო ან სპეციალური წოდებით არ უმსახურია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე ეთქვა უარი. განიმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა (ს.ფ 32); დ) მოსარჩელე მ.ძ-ი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა რიგითის წოდებით (ს.ფ 65-74).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს (1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი).

ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვს სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს.

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

ზემოაღნიშნული ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მ.ძ-ი წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოდან დათხოვნილ პირს, რომელსაც საქმეში წარმოდგენილი სამხედრო ბილეთის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა სამხედრო წოდება „რიგითი“. ამასთან, მისი წელთა ნამსახურობის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ წელზე მეტს. გასათვალისწინებელია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 11 აპრილის №MIA 0 18 00834588 წერილობითი მიმართვა მ.ძ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობის გაანგარიშების მომზადებაზე უარის თქმის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ.ძ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობის გაანგარიშების თაობაზე, სადაც განისაზღვრება, რომ იგი 1984 წლის 13 აპრილიდან 2005 წლის 4 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ში (შემდგომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ში შესაბამისი თარიღებით). აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განჩინება (ს.ფ 20-26). შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წინაპირობებს და მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობასთან მიმართებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე