Facebook Twitter

№ბს-470(2კ-23) 22 სექტემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ი. ჯ-ას (ე. გ-ეისა და დ. გ-ეის კანონიერი წარმომადგენლის) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 აპრილის №03-1291/ო ბრძანება „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ი. ჯ-ას და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ე. გ-ე და დ. გ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 აპრილის №03-1291/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ-ამ (ე. გ-ეისა და დ. გ-ეის კანონიერი წარმომადგენლი), რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ი. ჯ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ასევე არასრულად განმარტა კანონი. სასამართლომ არ გაითვალისწინა მთელი რიგი გარემოებები, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია და შეაფასა. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გაუჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ მხარე კარგად აპრობირებული მეთოდით ცდილობს სააგენტოს შეცდომაში შეყვანას. იგი განმარტავს, რომ განქორწინებულია და მეუღლესთან კონტაქტი არ აქვს, თუმცა იმავე მისამართზე ცხოვრობს. ამასთან, ყოფილ მეუღლეს გააჩნდა თანასაკუთრება (მის: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №..., კორპ. №1, ბინა №6), რომელიც 2019 წელს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა დედაზე - ლ. კ-აზე. ყოფილ მეუღლეს ასევე საკუთრებაში აქვს ბინა (მის: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №..., „ბლოკი ა“), თუმცა ის გაქირავებულია, მაშინ როდესაც მისი ორი შვილი ქირით ცხოვრობს. ასევე გაუგებარია, რატომ დასჭირდა მოსარჩელის ყოფილ მეუღლეს - გ. გ-ეს მონიტორინგის თანამშრომლებთან თავის წარდგენა სხვა პირად. ამასთან, საყურადღებოა, რომ მონიტორინგის დროს ი. ჯ-აც რამდენჯერმე არ იმყოფებოდა მისამართზე. ყოველივე ცხადყოფს, რომ მხარემ ადმინისტრაციულ ორგანოს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა მეუღლესთან თანაცხოვრების შესახებ.

კასატორის განმარტებით, სახელმწიფოს ათასობით დევნილი ოჯახი ჰყავს საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელი. ამ ოჯახების უმეტესობას არა აქვს საკუთრება. ყველა ოჯახს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ბინა, რაც ასევე სახელმწიფოს ინტერესიცაა, თუმცა სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით, ოჯახებს ეტაპობრივად აკმაყოფილებს საცხოვრებლით და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ითვალისწინებს სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას. სწორედ ამ მიზნით გამოყოფს იმ ოჯახებს, ვისაც მითითებული აქვთ განაცხადში სწორი ინფორმაცია, არ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. ამავე მიზნით განისაზღვრა საკითხის მომწესრიგებელი აქტებით რიგითობისა და ოჯახების საჭიროების პრიორიტეტულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ისეთ ქაოსურ სურათს, რაც ხდებოდა საკითხის მომწესრიგებელი აქტების მიღებამდე. ის გარემოება, რომ დევნილი ოჯახი სახელმწოფოს არ ჰყავს საცხოვრებლით უზრუნველყოფილი, არ დგას ეჭვის ქვეშ, თუმცა ბენეფიციარებსაც აქვთ თმენის ვალდებულება, დაელოდონ თავიანთ რიგს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ-ამ (ე. გ-ეისა და დ. გ-ეის კანონიერი წარმომადგენელი), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. საქმეში არ არსებობს არანაირი გამოსაკვლევი გარემოება, რის გამოც შეუძლებელი იყო სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ვინაიდან განხორციელებული მონიტორინგის დროს მოსარჩელე იმყოფებოდა მის მიერ მითითებულ მისამართზე, ხოლო მოსარჩელის ყოფილი მეუღლის საცხოვრებელი მისამართი იყო იმავე კორპუსში, თუმცა სხვა ბინაში. ამასთან, საქმეში წარდგენილია განქორწინების მოწმობა. განხორციელებული მონიტორინგის დროს ბინაში მყოფი პირების მიერ ზუსტად ის ინფორმაცია იქნა მიწოდებული, რაც მოსარჩელე ი. ჯ-ას განაცხადში ჰქონდა მითითებული. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივ მისამართად მიუთითა ქ. თბილისი, ...ის გამზირი ..., ბინა 12. აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული მონიტორინგის დროს მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდათ ი. ჯ-ა და მისი შვილები. ი. ჯ-ამ განმარტა, რომ 2019 წლიდან ცხოვრობდა ქირის გარეშე აღნიშნულ მისამართზე მეგობრის, მ. შ-ას, ოჯახთან ერთად. ქირაზე დასამატებლად აძლევდა 100 ლარს. ბინა ეკუთვნოდა ნ. ტ-ის, რომელიც ცხოვრობდა იტალიაში. ასევე, განმარტა, რომ მეუღლესთან 2015 წლიდან 2020 წლამდე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2020 წლის 11 თებერვალს განქორწინდნენ. მანვე განმარტა, რომ არანაირი საკუთრება არ გააჩნდა და არც გაუსხვისებია. განმცხადებლის ყოფილ მეუღლეს თანასაკუთრებაში ჰქონდა ბინა მისამართზე ქ. თბილისი, ...ის გამზირი №..., კორპუსი 1, ბინა №6 (იმავე კორპუსში, სადაც ჩატარდა მონიტორინგი, ოღონდ სხვა ბინა), რომელიც ჩუქებით გადასცა დედას, ლ. კ-ას, ხოლო, მშენებარე ბინაზე განაცხადა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ რამდენიმე მონიტორინგი ჩატარდა მოსარჩელის ყოფილი მეუღლის - გ. გ-ეის საკუთრებაში არსებულ ბინაში, სადაც იქ მყოფმა პირებმა იგივე ინფორმაცია დაუფიქსირეს მონიტორინგის თანამშრომლებს. ვინაიდან სასამართლომ ყველა აქ მითითებული გარემოებები დადგენილად მიიჩნია, გაუგებარია რატომ არ დაკმაყოფილდა სარჩელი სრულად და დასახელებული გარემოებების გარდა რა უნდა გამოიკვლიოს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ. აღნიშნული ემსახურება მხოლოდ საქმის გაჭიანურებას და მცირეწლოვანი ბავშვების, მათ შორის, შშმ პირის უფლებების დარღვევას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ი. ჯ-ას (ე. გ-ეისა და დ. გ-ეის კანონიერი წარმომადგენლის) საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ი. ჯ-ას (ე. გ-ეისა და დ. გ-ეის კანონიერი წარმომადგენლის) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება და მოპასუხისთვის კანონით დადგენილი წესით ი. ჯ-ას და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ი. ჯ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა; ბ) ი. ჯ-ამ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადი წარადგინა მეუღლესთან - გ. გ-ესთან (არადევნილი) ერთად. მოგვიანებით, მოსარჩელემ სააგენტოში წარადგინა განქორწინების მოწმობა და მოითხოვა გ. გ-ეის განაცხადიდან ამოღება. საბოლოოდ, ი. ჯ-ამ განაცხადი წარადგინა შვილებთან ერთად (ს.ფ. 45-46, 60-63, 42); გ) 2020 წლის 21 სექტემბერს განხორციელებული შეფასების შედეგად ი. ჯ-ას და მის ოჯახს მიენიჭა შემდეგი ქულები: საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავები - 1.50 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი - 1.00 ქულა; დ. გ-ე - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ მკვეთრად გამოხატული - 3.00 ქულა, სულ - 5.50 ქულა (ს.ფ. 42); დ) 2020 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №..., ბინა №12, განხორციელდა მონიტორინგი. მონიტორინგის დროს, მითითებულ მისამართზე მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდათ ი. ჯ-ა და მისი შვილები. ი. ჯ-ამ განმარტა, რომ 2019 წლიდან ცხოვრობდა ქირის გარეშე აღნიშნულ მისამართზე მეგობრის - მ. შ-ას ოჯახთან ერთად. (მარიკა შამათავა თავად ცხოვრობს ქირით და იხდის 400 ლარს, განმცხადებლის მითითებით, ის ოჯახს ქირაზე დასამატებლად აძლევდა 100 ლარს, ქირას უხდიან მესაკუთრე ნ. ტ-ის). მეუღლესთან 2015 წლიდან 2020 წლამდე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში (... წლის ...ს განქორწინდნენ). ყოფილ მეუღლეს თანასაკუთრებით ჰქონდა სახლი მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის გამზ. №..., კორპ. №1, ბინა №6 (იმავე კორპუსში, სადაც ჩატარდა მონიტორინგი, ოღონდ სხვა ბინა), რომელიც ჩუქებით გადასცა დედას - ლ. კ-ას, ხოლო მშენებარე ბინაზე ინფორმაცია არ ჰქონდა (ს.ფ. 74-77); ე) 2021 წლის 29 იანვარს მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელის ყოფილი მეუღლის - გ. გ-ეის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №..., ბინა №6. მისამართზე იმყოფებოდა მოსარჩელის ყოფილი მეუღლის დის ოჯახი. გ. გ-ეის დის მეუღლემ - გ. ს-იმა განმარტა, რომ ბინა ეკუთვნოდა გ. გ-ეის მშობლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ სამსახურში. 2021 წლის 16 მარტს, დამატებითი მონიტორინგი განხორცილდა იმავე მისამართზე. გასაუბრების ოქმის თანახმად, მისამართზე იმყოფებოდა მოსარჩელის ყოფილი დედამთილი - ლ. კ-ა და ყოფილი მეუღლის დის ქმარი - გ. ს-იი. მათი განმარტებით, მოსარჩელე და მისი მეუღლე განქორწინებულები იყვნენ და მოსარჩელე შვილებთან ერთად იმავე მისამართზე მე-4 სართულზე შ-აების ოჯახში ცხოვრობდა ქირით. თავად გ. გ-ე კი ცხოვრობდა ...ის გამზ. №9-ში ...ის კორპუსში, ბინა №201-ში. 2021 წლის 29 მარტს, გ. გ-ეის საკუთრებაში, მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის გამზ. №..., ბლოკი ა, ბინა №201-ში (ახალი აშენებული კორპუსი) განხორციელდა მონიტორინგი. გასაუბრების ოქმის თანახმად, მისამართზე იმყოფებოდა თ. ლ-ა, რომელმაც განმარტა, რომ ბინა ეკუთვნოდა გ. გ-ეს და უკვე 1 წელია ქირით ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში მეუღლესთან ერთად (ს.ფ. 78-80); ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 საოქმო გადაწყვეტილებით ი. ჯ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო მეუღლესთან თანაცხოვრების შესახებ (ს.ფ. 83-88); ზ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 აპრილის №03-1291/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), ი. ჯ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, მეუღლესთან თანაცხოვრებაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო (ს.ფ. 89).

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოაღნიშნული ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6), რომელშიც მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ზემოაღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5-ით გათვალისწინებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“. თუ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, მონიტორინგის სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელ ფართზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით („წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტები). ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესი არ გათვალისწინებული დღეისათვის მოქმედი (ასევე გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი) ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით ((„წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტები).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ დასაბუთებით, თითქოს მან არსებითად მცდარი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს იმის თაობაზე, რომ მეუღლესთან კონტაქტი არ აქვს, თუმცა იმავე მისამართზე ცხოვრობს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით დადგენილი წესით მოსარჩელისა და გ. გ-ეის ქორწინებაში ყოფნისა და მათი მხრიდან საერთო მეურნეობის განხორციელების ფაქტი. პირიქით, საქმეში წარმოდგენილია განქორწინების მოწმობა, რომლითაც დასტურდება ი. ჯ-ასა და გ. გ-ეის განქორწინების ფაქტი (ს.ფ. 62). სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია დამყარებულია ახსნა-განმარტებაზე, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობად, მით უფრო იმგვარი გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელეს ჰყავს მეუღლე, როდესაც აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულებებია საქმეში წარმოდგენილი განქორწინების მოწმობის სახით.

ასევე საყურადღებოა მონიტორინგის მასალები, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს მის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის გამზ. №..., ბინა №12, ხოლო მისი ყოფილი მეუღლე იმავე კორპუსში მდებარე სხვა ბინაში, კერძოდ (ქ. თბილისი, ...ის გამზ. №..., კორპ. №1, ბინა №6). ი. ჯ-ას და გ. გ-ეის ერთად ცხოვრების ფაქტი არც საქმის სხვა მასალებით დასტურდება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია დასახელებული გარემოება და მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე დაადგინა აღნიშნული ფაქტი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ი. ჯ-ას (ე. გ-ეისა და დ. გ-ეის კანონიერი წარმომადგენლის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე