Facebook Twitter

საქმე Nბს-113 (2კ-კს-23) 02 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „ ...”

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო

დავის საგანი - მესამე პირად ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2022წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...-მ" 02.11.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართ, ხოლო 21.04.2021წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა: სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო. ამასთან, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების რამდენჯერმე დაზუსტების შედეგად მოითხოვა: ა) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2020წ. N37722 ბრძანების ბათილად ცნობა; ბ) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 05.07.2018წ. N17203 ბრძანების ბათილად ცნობა; გ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.12.2020წ. N38377 ბრძანების ბათილად ცნობა; დ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 12.02.2021წ. N3162 ბრძანების ბათილად ცნობა; ე) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 26.10.2020წ. N978/2 დასკვნის ბათილად ცნობა; ვ) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 30.04.2018წ. N545 დასკვნის ბათილად ცნობა; ზ) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების 28.12.2017წ. N3769 აქტის ბათილად ცნობა; თ) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 23.07.2018წ. N865 დასკვნის ბათილად ცნობა; ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს კანონიერ ძალაში შესული 25.05.2018წ. გადაწყვეტილების აღსრულება; კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს კანონიერ ძალაში შესული 29.11.2019წ. გადაწყვეტილების აღსრულება; ლ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2019წ. გადაწყვეტილების აღსრულება; მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 09.10.2020წ. N10665/2/2020; N10725/2/2020 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ნ) როგორც სააღრიცხვო ბარათიდან ისე საბანკო ანგარიშებიდან მოსარჩელისათვის არაპირდაპირი წესით ჩამოჭრილი თანხების უკან დაბრუნების თაობაზე მოპასუხის დავალდებულება; ო) მოსარჩელისათვის დაზუსტებული საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის უფლების მოპასუხისათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.07.2021წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...-ს" სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,...-ს" მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.03.2022წ. განჩინებით შპს ,,...-ს“ დირექტორის მ.ა-ის შუამდგომლობა ადმინისტრაციულ საქმეში (N3ბ/1865-21) თ.გ-ის, გ.ღ-ის, დ.გ-ის, ზ.ძ-ის, დ.ჯ-ას, ო.ე-ის, შ.მ-ის, შ.ვ-ის, ლ.ლ-ას, დ.ფ-ის, მ.ტ-ის, პ.კ-ის, ი.ს-ის, ლ.დ-ის, სსიპ შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად მესამე პირებად ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.03.2022წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...-მ“. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მის მიერ შუამდგომლობაში დასახელებული პირების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირებად ჩართვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.06.2022წ. განჩინებით შპს „...-ს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.03.2022წ. განჩინება საქმეში მესამე პირების ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ და შპს „...-ს“ შუამდგომლობის ხელახლა განხილვისთვის საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.03.2022წ. გასაჩივრებული განჩინება საქმეში მესამე პირების ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ მიღებულია კოლეგიური სასამართლოს მიერ, სამი მოსამართლის მონაწილეობით, თუმცა განჩინებას მხოლოდ ერთი მათგანი აწერს ხელს. ამდენად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რომლის არსებობის დროსაც, იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში.

შპს ,,...-ს“ დირექტორმა მ.ა-მა 26.10.2022წ. და 15.11.2022წ. შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმეში მესამე პირებად - დ.წ-ას, შ.კ-ის, ნ.ფ-ის, თ.გ-ის, გ.ღ-ის, დ.გ-ის, ზ.ძ-ის, დ.ჯ-ას, ო.ე-ის, შ.მ-ის, შ.ვ-ის, ლ.ლ-ას, დ.ფ-ის, მ.ტ-ის, პ.კ-ის, ი.ს-ის, ლ.დ-ის, სსიპ შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული შიდა აუდიტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვალის მართვის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ცენტრის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ცენტრალური კრიმინალისტიკური პოლიციის დეპარტამენტის ჩაბმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 05.12.2022წ. გამართულ სხდომაზე შპს ,,...-ს“ დირექტორმა მ.ა-მა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობებს საქმეში მესამე პირებად ჩაბმის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2022წ. განჩინებით შპს ,,...-ს“ დირექტორის მ.ა-ის შუამდგომლობა ადმინისტრაციულ საქმეში (3ბ/1865-21) დ.წ-ას, შ.კ-ის, ნ.ფ-ის, თ.გ-ის, გ.ღ-ის, დ.გ-ის, ზ.ძ-ის, დ.ჯ-ას, ო.ე-ის, შ.მ-ის, შ.ვ-ის, ლ.ლ-ას, დ.ფ-ის, მ.ტ-ის, პ.კ-ის, ი.ს-ის, ლ.დ-ის, სსიპ შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული შიდა აუდიტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვალის მართვის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ცენტრის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ცენტრალური კრიმინალისტიკური პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად მესამე პირებად ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ სასკ-ის 16.1 და 16.2 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია, როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება - მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს გააჩნია არა მხოლოდ უფლებამოსილება არამედ ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის პროცესში ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების და დავის საგნის გათვალისწინებით აღნიშნა, რომ შუამდგომლობაში მითითებული პირები არ წარმოადგენენ ისეთ პირებს, რომელთა ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე ისინი არ არიან იმ სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთა მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2022წ. განჩინება საქმეში მესამე პირების ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...-მ“.

კერძო საჩივრის ავტორმა - შპს „...-მ“ აღნიშნა, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას არ მონაწილეობდნენ სავალდებულო მოწვევის მესამე პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საგადასახადო ორგანოში დავის განხილვის დროს და რომლებმაც შექმნეს ყალბი აქტები და ყალბი ბრძანებები. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 29.11.2019წ. სხდომა გაიმართა საგადასახადო ორგანოში, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილა კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნები, თუმცა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ შესრულებულა. აღნიშნული თარიღის შემდეგ მიღებულ იქნა თაღლითური აქტები და ბრძანებები. კერძო საჩივრის ავტორი 2017, 2018 და 2019 წლის აქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები ყალბია და მიღებულია თაღლითი აუდიტორების მიერ: დ.ჯ-ას, ო.ე-ის, ი.ს-ის და დ.წ-ას მიერ აუდიტის დეპარტამენტში, აუდიტის დეპარტამენტი უნდა მონაწილეობდეს საქმეში, აქტების გამომცემი ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს ყალბი აქტები. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებამ გადამხდელს მიაყენა ზიანი, ხოლო გაუქმებული აქტები არ გამოქვეყნებულა. შპს „...-ს“ წარმომადგენელი მ.ა-ი აღნიშნავს, რომ 05.07.2018წ. N17203 ბრძანებას ხელს აწერს მ.ტ-ი, ბრძანება ფორმალურად გაუქმებულია, თუმცა ფიზიკურად არ არის გაუქმებული. მ.ა-ი აღნიშნავს, რომ სურს დეკლარაციების დაზუსტება 2013 წლის 10 იანვრიდან. მისი მითითებით საქმეში დაცული 23.07.2018წ. N865 დასკვნით დამატებით, უკანონოდ დაარიცხეს მოგების გადასახადი. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქმეში მესამე პირად უნდა ჩაერთოს საქმეში დაცული ყალბი აქტების შემდგენლები: დ.ფ-ე, ლ.ლ-ა, ზ.ძ-ი, დ.გ-ი, მ.ბ-ი. შპს „...-ს“ წარმომადგენელი მ.ა-ი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს რამდენჯერმე ჰქონდა დავალებული ელექტრონული ზედნადებების მიხედვით დეკლარაციების დაზუსტება, რაც არ განუხორციელებია, ასევე უკანონოდ ჩამოეჭრა თანხები. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გამოეკვლია გადავადებული ვალდებულებები, თუ რის საფუძველზე არ შესრულდა 22.12.2020წ. განჩინება, რის საფუძველზე ეთქვა უარი შპს „...-ს“ დეკლარაციების დაზუსტებაზე და რის საფუძველზე გაეზარდა დასაბეგრი ბრუნვა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ლ.ა-მა და რ.ღ-ამ ვერ წარმოადგინეს სათანადო მინდობილობები ცოცხალი ხელმოწერითა და ბეჭდით, არ გამოკითხულან დ.ჯ-ა, შ.ვ-ი, ი.ს-ე, დ.გ-ი, ზ.ძ-ი, მ.ბ-ი, თ.გ-ი, გ.ღ-ი. გაურკვეველია რის საფუძველზე არ მონაწილეობს საქმეში სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს დეპარტამენტის წარმომადგენელი ნ.კ-ი, ასევე აუდიტის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით სასამართლომ ცრუმაგიერ პირებად უნდა აღიაროს თაღლითი აუდიტორები: დ.გ-ი, ი.ს-ე, ზ.ძ-ი, მ.ბ-ი, ლ.ა-ი, რ.ღ-ა, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რომელსაც უნდა დაევალოს საქმე ცრუმაგიერი პირების წინააღმდეგ გადასცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიას, რათა ცრუმაგიერმა პირებმა სრული პასუხისმგებლობით აგონ პასუხი. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადადო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, რაც უკანონოა და ითხოვს 05.12.2022წ. განჩინებების გაუქმებას და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას, რათა საქმე განხილულ იქნას კანონით გათვალისწინებული მოპასუხეების და მესამე პირების მონაწილებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...-ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დავის განხილვაში არა მხოლოდ მხარეების (მოსარჩელე, მოპასუხე), არამედ აგრეთვე მესამე პირების მონაწილეობის შესაძლებლობას. მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ ადმინისტრაციული სასამართლო პროცესის ფარგლებში მოახდინონ საკუთარი ინტერესების დაცვა და რეალიზება. საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. ჩაბმის ფორმის მიხედვით განისაზღვრება მესამე პირთა საპროცესო უფლება და ქმედუნარიანობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში მესამე პირთა ჩაბმისას სასამართლო აფასებს საქმის გარემოებებს, მესამე პირთა შესაძლო კავშირს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ და მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე წყვეტს შესაბამისი საპროცესო სტატუსით საქმეში პირთა ჩაბმის საკითხს. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა, კონკრეტული გარემოებების არსებობისას, ვალდებულებაა. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად არასავალდებულო მოწვევის მესამე პირი არ არის განსახილველი დავის უშუალო მონაწილე, თუმცა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ პირის სამართლებრივ ინტერესზე (სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი), ხოლო სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა იკვეთებოდეს არამხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი. სავალდებულო მოწვევის მესამე პირი განსახილველი სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე უნდა იყოს, მას თავისი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინტერესი უნდა გააჩნდეს დავის მიმართ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტის მიზნით საქმისწარმოების პროცესი, რომელიც მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების რეალიზაციის პროცესუალური საშუალებაა. მესამე პირად მოწვევის საფუძვლად განიხილება სამართლებრივი ინტერესის არსებობა, რომელიც გულისხმობს სამართლებრივი ნორმებით დაცული ინტერესის არსებობას და არა ზოგადად კავშირს საქმესთან. საუბარია არა ყველა სახის ინტერესზე, არამედ სახელდობრ პირის სამართლებრივ ინტერესზე. მესამე პირთა ინსტიტუტის მიზანს ძირითადად სამართლებრივი ინტერესების დაცვაა, სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზანი წარმოადგენს უპირატეს მიზანს, რომელსაც ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. იურიდიული ინტერესის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ზემოქმედებას უნდა ახდენდეს უფლებებზე, პატივსადებ ინტერესებზე, ხოლო ფაქტობრივი დაინტერესება ასეთ შედეგებს არ იწვევს. სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილება არ არის თვითმიზანი, იგი მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება. მატერიალურ-სამართლებრივ და იურიდიულ ინტერესს შორის ურყევი კავშირი არსებობს, ვინაიდან იურიდიული ინტერესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, უკეთუ სახეზეა მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი. არ არის საკმარისი პირის განცხადება ინტერესის არსებობაზე, მისი არსებობის საკითხს წყვეტს მხოლოდ სასამართლო. პროცესუალური უფლების არსი მატერიალური უფლების გამოვლენაში მდგომარეობს. მესამე პირის საქმეში ჩაბმის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს არა აბსტრაქტულ, არამედ რეალურ, კანონით დაცულ, პატივსადებ ინტერესს (იხ. სუსგ 08.05.2020წ. N772(კს-19)).

წარმოდგენილ კერძო საჩივარში შპს „...-ს“ დირექტორი მ.ა-ი აღნიშნავს, რომ საქმეში მესამე პირებად არ არიან ჩართულები აუდიტის დეპარტამენტის, დავების განხილვის საბჭოს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის აუდიტორები, რომელთაც შექმნეს ყალბი აქტები და მათი ქმედებებით შპს „...-ს“ მიადგა ზიანი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ დავაში მოპასუხის სტატუსით მონაწილეობენ ის ადმინისტრაციული ორგანოები, რომელთა მიერ გამოცემული აქტები სადავოდ არის გამხდარი განსახილველი დავის ფარგლებში და მოსარჩელის მიერ მათი ბათილად ცნობაა მოთხოვნილი, კერძოდ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის სამართლებრივი სტატუსი აქვთ: სსიპ შემოსავლების სამსახურს, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობა არ ეხება დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოების რომელიმე თანამდებობის პირს ან თანამშრომელს, ხოლო კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს შუამდგომლობაში მითითებული პირების კანონიერ ინტერესს მოცემული დავის მიმართ. ასევე გაუგებარი და დაუსაბუთებელია შუამდგომლობაში მითითებული დანარჩენი ადმინისტრაციული ორგანოების და მათი სტრუქტურული ერთეულების შემხებლობა მოცემული დავის საგანთან. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მოწმის სტატუსით გამოიკითხნენ ის აუდიტორები (ო.ე-ე, დ.წ-ა, ლ.ლ-ა), რომელთა მესამე პირებად საქმეში ჩაბმასაც ითხოვს კერძო საჩივრის ავტორი და რომლებიც წარმოადგენდნენ მოპასუხე საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს. ისინი, როგორც სპეციალური ცოდნის მქონე პირები, სასამართლოს სხდომაზე გამოიკითხნენ საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების კუთხით, ამდენად, მათი შემხებლობა დავის საგანთან ამით ამოიწურა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მესამე პირების კონკრეტული სტატუსით ჩაბმის უმთავრესი მიზანი აღნიშნულ პირთა ინტერესების დაცვაა. მართალია, პროცესში მესამე პირის ჩართულობა ხელს უწყობს სამართალწარმოებაში მხარეთა აქტიურ მონაწილეობას, აგრეთვე, სასამართლოს მიერ დავის მართებულ გადაწყვეტას, თუმცა მესამე პირის ჩაბმის საჭიროების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება არა სამართალწარმოების რომელიმე მხარის უშუალო დაინტერესება პროცესში მესამე პირის მონაწილეობასთან მიმართებით, არამედ ის, თუ რამდენად არსებობს სწორედ აღნიშნული მესამე პირის მხრიდან კონკრეტულ დავასთან მიმართებით დაცვის ღირსი რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს განსახილველ საქმესა და მესამე პირებს შორის ისეთი სამართლებრივი კავშირის არსებობას, რაც მათი მესამე პირად ჩართვის საკმარისი საფუძველი გახდებოდა. შუამდგომლობაში მითითებული პირები არ წარმოადგენენ იმ პირებს, რომელთა ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე ისინი არ არიან იმ სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთა მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. შესაბამისად, საქმეში მოცემულ პირთა ჩართვა გავლენას ვერ მოახდენს მათ კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე. ამდენად, არ დასტურდება საქმეში მათი სასკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე ჩაუბმელობის შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის მიღმა დარჩენა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის უმეტესი ნაწილი მოიცავს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას და კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მათ არასწორ სამართლებრივ შეფასებას, რასაც შესაძლოა მნიშვნელობა ჰქონდეს დავის არსებითი გადაწყვეტისას და არა წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის განხილვისას. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადების უკანონობის და ამ საფუძვლით სააპელაციო სასამართლოს 05.12.2022წ. განჩინების გაუქმების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ გამოაცხადოს საქმის ზეპირი განხილვის დასრულებისთანავე, არამედ გადადოს გონივრული ვადით, თუ საქმე რთული გადასაწყვეტია. სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად რთულ ფაქტობრივ ან სამართლებრივ პრობლემასთანაა დაკავშირებული კონკრეტული საქმე და რა დრო შეიძლება დასჭირდეს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ზემოაღნიშნული მუხლით მინიჭებული უფლება და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადადო 2022 წლის 21 დეკემბრისათვის. ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება სააპელაციო სასამართლოს 05.12.2022წ. განჩინების უკანონობის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „...-ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2022წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...-ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2022წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი