№11401-13 17 აპრილი, 2013 წელი
თ-ა ი., 11401-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - მ. ბ-ს
ადვოკატ - გ. გ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. თ-ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
ი. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ი. თ-ს სასჯელის ვადაში (მისი აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში) მოხდილად ჩაეთვალა დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2007 წლის 9 იანვრიდან 2007 წლის 26 იანვრამდე.
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
ი. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. მასვე, საქათრველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი.
ამასთან, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ი. თ-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით, 11 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. თ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით, 11 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა და მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 7 სექტემბრიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. თ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. თ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
ი. თ-ა, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით - შეუმცირდა ¼-ით და აღნიშნული მუხლით მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ი. თ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის განაჩენით გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით - შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენით ი. თ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 11 თვისა და 13 დღის ვადით, რაც დამატებული აქვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ასევე შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 2 წელი, 11 თვე და 17 დღე.
საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ი. თ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 8 თვისა და 17 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 7 სექტემბრიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. თ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 და მე-16 მუხლებით.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ი. თ-ს დანიშნული სასჯელების შემცირების შედეგად საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 6 წლით, 8 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, ნაცვლად - 6 წლის, 8 თვისა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთისა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2011 წლის 7 სექტემბრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. თ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულ ი. თ-ს საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახით განესაზღვროს 6 წლით, 8 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2011 წლის 7 სექტემბრიდან.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე