საქმე ბს-999 (გ-23) 05 ოქტომბერი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ი. ი-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ი-მა 05.07.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 18.05.2023წ. ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან, ჰყავთ შვილი, დასაქმებულია საქართველოში რეგისტრირებულ შპს-ში. ამასთანავე, წარსულში რაიმე გართულების გარეშე არაერთგზის არის საქართველოში შემოსული. აღნიშნულის მიუხედავად, 29.04.2023წ. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წერილობითი აქტით უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, რაზეც წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 18.05.2023წ. ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელისათვის გაურკვეველია საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები, მას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. სადავო ბრძანება დაუსაბუთებელია, მასში ზოგადად არის მითითებული მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.07.2023წ. განჩინებით ი. ი-ის სარჩელი განსჯადობის განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13.05.2022 წ. N13 დადგენილებით დამტკიცებული „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარფის ადმინისტრაციული ერთეული წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უარი ეთქვა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (სარფი) გამტარი პუნქტის ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგნიდან და სადავო აქტის შინაარსიდან გამომდინარე, რომლითაც ი. ი-მა ვერ დააკმაყოფილა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისათვის დადგენილი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, საქმე განხილული უნდა იქნეს ფაქტის ადგილის მიხედვით, აღნიშნულს კი წარმოადგენს - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (სარფი) გამტარი პუნქტი, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაშია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსჯად სასამართლოდ მიჩნეულ იქნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო, რაც სასამართლოს მოსაზრებით, ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 17.07.2023წ. განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სადავო 18.05.2023წ. ბრძანების მიხედვით, 29.04.2023წ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (სარფი) გამტარ პუნქტში კანონის შესაბამისად შედგა აქტი (გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ). სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.04.2018წ. N53 ბრძანებით დამტკიცებულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულება“, რომლის თანახმად, დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო (6.1 მუხ. „ე“ ქვ.პ.). დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (სარფი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო: ახორციელებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და საზღვრის რეჟიმის დაცვას, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სავიზო და საპასპორტო კონტროლს, გასცემს საქართველოს ვიზას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (სარფი) შედის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაში, ეს უკანასკნელი კი საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტა უნდა მოხდეს არა ფაქტის ადგილის, არამედ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. დავაზე მოპასუხეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. N38. ამდენად, დავა განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ქვემდებარეა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს კონსტიტუციის ეს ნორმა იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით. „ამ უფლებით სარგებლობისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.11.2014წ. N1/4/571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ვ. გელბახიანი, მ. ნიკოლაიშვილი და ა. სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 106 პ.). სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში წარდგენილია შეცილებითი სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობა. მოპასუხედ დასახელებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო აქტი, რომელზეც ადმინისტრაციული საჩივარი იქნა წარდგენილი, გამოცემულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო მიგრაციის კონტროლის სამსახურის (სარფი) მიერ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო დავების ტერიტორიული განაწილების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს ტერიტორიული განსჯადობის სპეციფიურ წესს, რაც ადმინისტრაციულ დავებთან მიმართებით (განსახილველი დავის სპეციფიკის მხედველობაში მიღებით) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და შემდგომი მუხლების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს (სასკ-ის 1.2 მუხ.). სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს განსჯადობის საერთო წესს (მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით) და სხვა საგამონაკლისო მოწესრიგებებს (მაგ.: ნივთობრივი განსჯადობა, განსაკუთრებული განსჯადობა და სხვ.), აღნიშნულ ნორმათა მიხედვით კონკრეტული დავის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა სასამართლო არის ნორმათშეფარდებაზე და არა ნორმათშემოქმედებაზე უფლებამოსილი სუბიექტი. სასამართლო ადგენს კონკრეტული დავის განხილვაზე ტერიტორიულად უფლებამოსილ შესაბამის სასამართლოს, თუმცა ეს ხორციელდება არსებული ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში და არა ახალი მოწესრიგების შემოღების საფუძველზე. სასამართლო არ არის უფლებამოსილი განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას შეიმუშაოს დავის ტერიტორიული განაწილების ახლებური, კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი წესი. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის ტერიტორიული განსჯადობა განსაზღვრა „ფაქტის ადგილის“ მიხედვით ისე, რომ არ მიუთითებია რომელიმე კონკრეტულ ნორმაზე, რომელიც მას „ფაქტის ადგილის“ მიხედვით დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრის შესაძლებლობას მიანიჭებდა. საქალაქო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილი შედგება ზოგად ნორმათა ციტირებისაგან და არ შეიცავს იმ სახის დასაბუთებას, რაც დავის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოსადმი დაქვემდებარებას დაადასტურებს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის საქართველოში დაშვება არ მოხდა სარფის სასაზღვრო პუნქტზე, არ ასაბუთებს დავის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოსადმი კუთვნილებას, რადგან აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის დადგენისას განმსაზღვრელი არ არის ის ტერიტორია, სადაც აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი მოცემულობა განხორციელდა. საქალაქო სასამართლოს მიერ დავის ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრისას სრულად უგულებელყოფილი იქნა ის გარემოება, რომ ი. ი-ს წარმოდგენილი აქვს შეცილებითი სარჩელი, ის ითხოვს ისეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, რომლის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რომლის თანახმად ადმინისტრაციული სამართლადარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე (261-ე მუხ.). დავა არ შეეხება სამართალდარღვევის ჩადენის გამო გამოცემული აქტის კანონიერებას, განსახილველი დავის არსი მდგომარეობს საქართველოში უცხოელის დაშვებაზე უარის თქმის მართლზომიერების დადგენაში, რაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება და სასკ-ის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველ დავებს შორის არ ექცევა. ამასთანავე, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია, რომ საქალაქო სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემული მუხლი განსჯადობის საერთო წესს განსაზღვრავს და იურიდიული პირის მიმართ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ტერიტორიულად განსჯად სასამართლოდ ასახელებს სასამართლოს იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. მოპასუხე იურიდიული პირის - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი. ამდენად, საქალაქო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითების მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს დავის განსჯადობის გადაწყვეტისას არ უხელმძღვანელია სსკ-ის მე-15 მუხლით, რაც საქალაქო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების წინააღმდეგობრიობას ადასტურებს.
საკასაციო პალატა იზიარებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს განსჯადობის საერთო წესის შესაბამისად, მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, რადგან უკეთუ მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრის რაიმე სპეციფიურ წესს არ ითვალისწინებს, სასამართლო ხელმძღვანელობს ტერიტორიული განსჯადობის დამდგენი ზოგადი წესით. სარჩელის თანახმად მოპასუხედ დასახელებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომლის მისამართია ქ. თბილისი, ...ის ქ. N38. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ გასაჩივრებულია მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანება, რომლის გამომცემია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. ამდენად, ერთმნიშნიშვნელოვნად დგინდება, რომ ი. ი-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსჯადი სასამართლო არ შეიცვლებოდა იმ შემთხვევაშიც, უკეთუ გასაჩივრდებოდა პირველადი აქტი - საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო მიგრაციის კონტროლის სამსახურის (სარფი) 29.04.2023წ. გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.04.2018წ. N53 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ თანახმად, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც თავის მხრივ სამმართველოებად და სამსახურებად არის დაყოფილი. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს შორის სახელდება საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო (6.1 მუხ. „ე“ ქვ.პ.), რომელიც სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და საზღვრის რეჟიმის დაცვას, სავიზო და საპასპორტო კონტროლს (11.2 მუხ. „დ“, „ე“ ქვ.პ.). შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო აერთიანებს: საზღვრის მართვის განყოფილებას, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი), სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (ქუთაისის აეროპორტი), აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს და სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურს (დარიალი) (11.1 მუხ.), ხოლო თავის მხრივ დასავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაშია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (სარფი) (11.1 მუხ. „ე.ა“ ქვ.პ.). ამდენად, მოსარჩელესთან მიმართებით პირველადი აქტის - საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ 29.04.2023წ. გადაწყვეტილების მიმღებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი სამსახური, რომელსაც დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა არ გააჩნია და მოქმედებს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ნორმატიულად დადგენილი უფლებამოსილებების სათანადოდ შესასრულებად და დეპარტამენტის სახელით, რის გამო ი. ი-ის მიერ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ 29.04.2023წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაშიც არ იცვლება მოპასუხე და შესაბამისად, განსჯადობის დადგენილი წესი.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად არ მიუღია შინაარსობრივად განსხვავებული აქტი, მან მხოლოდ პირველადი მოწესრიგების კანონიერება დაადასტურა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული არ ასაბუთებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განსჯად სასამართლოდ მიჩნევას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, უკეთუ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცედურის შედეგად მიღებული აქტი, რომლითაც უცვლელად რჩება გასაჩივრებული აქტი, არ შეიცავს სადავო სამართალურთიერთობის რაიმე ახალ რეგულაციას, ასეთ პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოების სისტემის ერთიანობის მიუხედავად, სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგება ხდება თავდაპირველი აქტით, რაც განაპირობებს დავის სასამართლო განსჯადობის გადაწყვეტას ერთიანი სისტემის ქვედა რგოლის ანუ თავდაპირველი აქტის მიმღები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით (სუსგ 16.04.2015წ. Nბს-721-707 (გ-14)), თუმცა მნიშვნელოვანია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ზემდგომი და ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოები, სახეზეა ერთიდაიგივე ადმინისტრაციული ორგანოს ქვემდგომი და ზემდგომი თანამდებობის პირები. ტერიტორიულად განსჯადი სასამართლოს დადგენისას მხედველობაში არ არის მისაღები ის, თუ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო რომელი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს. სტრუქტურული ერთეულისგან განსხვავებული შეიძლება იყოს ვითარება ადმინისტრაციული ორგანოს საქვეუწყებო დაწესებულებებთან, დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან (შდრ. სუსგ 23.07.2020წ. Nბს-1037(კ-18)) და ტერიტორიულ ორგანოებთან მიმართებით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სახელდობრ სტრუქტურული ერთეული და არა საქვეუწყებო დაწესებულება, სსიპ ან ტერიტორიული ორგანო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.04.2018წ. N53 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ მიხედვით დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველო თუ მისი სამსახურები არ სახელდება დეპარტამენტის რეგიონულ დანაყოფებს შორის, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაც მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება (მე-6 მუხ. მე-2, მე-3 პ.). სტრუქტურული ერთეულისაგან განსხვავებით რეგიონული დანაყოფი დეპარტამენტისადმი ხაზობრივი დაქვემდებარების, მისი გადაწყვეტილების ზემდგომი რგოლის მიერ გადამოწმების შესაძლებლობის, სტრუქტურის ვერტიკალური იერარქიულობის მიუხედავად, არ კარგავს დამოუკიდებელ მნიშვნელობას. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ 29.04.2023წ. აქტზე ხელმომწერია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი (ს.ფ. 16). შესაბამისად, მათ შორის პირველადი აქტის გასაჩივრების შემთხვევაშიც არ იცვლება მოპასუხე, რადგან 29.04.2023წ. აქტი გამოცემულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით, მისი ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ი-ის ადმინისტრაციული სარჩელი მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ტერიტორიულად თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ განსჯადობის იმავე წესით ხდებოდა საქმის განხილვა სხვა მსგავსი დავების შემთხვევაშიც (იხ. მაგ. სუსგ 29.07.2022წ. Nბს-959(კ-21)).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ი-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე,
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ.გოგიაშვილი