№ბს-454(2კ-22) 17 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე (მომხსენებელი) გენადი მაკარიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ნ.მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ.თ-ემ, ი.ზ-მა, თ.გ-ემ, გ.ჯ-ემ, ნ.ს-ემ, ვ.მ-ემ, ც.ტ-მა, კ.ლ-ემ, გ.უ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ნ.მ-ის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 სექტემბრის №36132 განკარგულება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ...ში მდებარე ნ.მ-ის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ახალი კერძო ...ოს გახსნის (მოწყობის) შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №31/6611 წერილი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი); გ) ბათილად იქნეს ცნობილი მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების 2018 წლის 29 ნოემბრის დასკვნა (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის სხდომაზე მოსარჩელეთა სიიდან ამოირიცხა დ.თ-ე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ი.ზ-ის, თ.გ-ის, გ.ჯ-ის, ნ.ს-ეს, ვ.მ-ის, ც.ტ-ის, კ.ლ-ისა და გ.უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.ზ-მა, თ.გ-ემ, გ.ჯ-ემ, ნ.ს-ემ, ვ.მ-ემ, ც.ტ-მა, კ.ლ-ემ, გ.უ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ი.ზ-ის, თ.გ-ის, გ.ჯ-ის, ნ.ს-ეს, კ.ლ-ისა და გ.უ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის საფუძვლით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ვ.მ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ც.ტ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება ც.ტ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ც.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 სექტემბრის №36132 განკარგულება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ...ში მდებარე ნ.მ-ის (პ/ნ ...) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ახალი კერძო ...ოს გახსნის (მოწყობის) შესახებ, სახელდობრ, აღნიშნული ბათილად იქნა ცნობილი ც.ტ-ის (პ/ნ ...) საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) 100 მეტრის რადიუსში განლაგების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში ც.ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ნ.მ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
3.1. კასატორის - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ადმინსტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ დარღვეულა კანონი, საკითხი სრულად იქნა გამოკვლეული, ამასთან, ყველა საბუთი აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნას, სახელდობრ, წამოდგენილი გეოლოგიური დასკვნა, მერიის მხრიდან შეთანხმებული დაგეგმარების პროექტი, წერილი სხვადასხვა უწყებებიდან (ენერგო-პრო ჯორჯიადან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან და ა.შ.), შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2019 წლის 12 სექტემბრის №36132 განკარგულების გამოცემა მოხდა ყველა გარემოების, მტკიცებულებისა და ფაქტების შესწავლის საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოება, მათ შორის ადგილზე დათვალიერება, კომისიის, ბიუროსა და საკრებულოს სხდომები ჩატარდა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს არცერთი გარემოება, რის გამოც უნდა მოხდეს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს არა გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული კანონმდებლობით, არამედ საკითხზე დაინტერესებული პირის მიერ განცხადებით მიმართვის დროს მოქმედი კანონმდელობით. ნ.მ-ის მიერ განცხადების წარდგენის პერიოდში მოქმედი „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ...ების მოწყობისა მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №11 დადგენილების ჩანაწერით განსაზღვრული იყო, რომ თუ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც სურს პირს ...ოს მოწყობა, არსებული ...ოს მომიჯნავეა, ამ შემთხვევაში მას არ სჭირდება თანხმობების წარმოდგენა. დადგენილების დღეს მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ეს ჩანაწერი შეცვლილია და აუარესებს განმცხადებლის მდგომარეობას. შესაბამისად, დაუშვებელია ნ.მ-ის განცხადების განხილვისას გამოყენებულ იქნეს დღეს მოქმედი წესი. ამდენად, წყალტუბოს მუნიციპალიტტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 სექტემბრის №36132 განკარგულება გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს არანაირი კანონიერი საფუძველი მისი, თუნდაც, ნაწილობრივ ბათილად ცნობისათვის. ამასთან, სადავო ტერიტორიაზე ...ოს მოწყობა ზიანს არ აყენებს არც ც.ტ-ს და არც სხვა ყოფილ მოსარჩელეებს.
კასატორის განმარტებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ორიენტირებულია თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვაზე, შესაბამისად, იმის გამო, რომ მოსარჩელეებს არ გასჩენოდათ განცდა იმისა, რომ საკრებულო არღვევდა მათ უფლებებს ან არ ითვალისწინებდა მათ თხოვნას, სწორედ მათი სურვილის დაკმაყოფილების გამო მოხდა ცვლილების შეტანა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ...ოების მოწყობისა მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №11 დადგენილებაში, რადგან მათ ასევე ჰქონდათ შიში იმის თაობაზე, რომ არა მარტო ნ.მ-ე, არამედ მის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა მიწები (ასეთი ხუთია) გახდებიან ...ოს მომიჯნავე ტერიტორია და სხვებიც მოითხოვენ ...ოს გახსნას, რაც მოქმედი წესის მიხედვით დაკმაყოფილებული იქნებოდა.
ამდენად, თუ საკრებულოს მიერ მოხდა მოსარჩელე პირების ინტერესების გათვალისწინება და შემდგომ სხვა მომიჯნავე მიწებზე ...ოების გაშენების პრევენციის მიზნით წყალტუბოს საკრებულოს დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება, მოქალაქე ნ.მ-ის ინტერესების გაუთვალისწინებლობა და საკუთრების უფლების უგულებელყოფა დისკრიმინაციული, არაობიექტური და არაგონივრული იქნება, რადგან მან განცხადება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო ...ოს მოწყობის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიტანა მაშინ, როდესაც მოქმედი ნორმატიული აქტი მას ანიჭებდა შესაძლებლობას, გამოეყენებინა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული საკუთრების უფლება, აგრეთვე, საქართველოს კონტიტუციით გარანტირებული ეკონომიკური თავისუფლების უფლება, რომლის თანახმად, დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ნ.მ-ისთვის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კერძო ...ოს მოწყობის უფლების მინიჭება, რომელიც განლაგებულია ც.ტ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან 100 მეტრის რადიუსზე, არანაირ ზიანს (პირდაპირ თუ ირიბად) არ აყენებს ც.ტ-ს, საფრთხე არ ექმნება მისი ქონების საბაზრო ფასს, მისი და სხვა მაცხოვრებელთა საკარმიდამო მიწასთან მისასვლელი გზის თავისუფლად გამოყენებას (გადაადგილებას), ირგვლივ არსებული გარემოს დაბინძურებას, ჯანმრთელობისთვის საშიში გარემო პირობების შექმნას.
3.2. კასატორის - ნ.მ-ის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ნორმატიულ აქტი, რომელიც გამოიყენა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ძირითად მოტივად. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში (გაუქმების მოტივად) მითითებულია კანონის უკუქმედების ძალაზე, სავარაუდოდ, სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 ნაწილი (ძვ. რედაქციით 42-ე მუხლის მე-5 ნაწილი), რომელიც არასწორად არის განმარტებული, ვინაიდან არაერთი პრაქტიკა, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ადასტურებს, რომ დასახელებული კონსტიტუციური კანონის ნორმა არ ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებს და იგი ვრცელდება ყველა სხვა სახის სამართალწარმოების დროს. აღნიშნული ნორმა პირდაპირ მიუთითებს, რომ კანონს (ჩვენს შემთხვევაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დადგენილება (ახალი რედაქცია) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ...ოს მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ) უკუქმედების ძალა არა აქვს, თუ იგი არ აუმჯობესებს დაინტერესებული პირის უფლებებს. მართალია, გამონაკლის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალში ახალ ნორმატიულ აქტს აქვს უკუქმედების ძალა, მაგრამ ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნულის შესახებ პირდაპირ არის განმარტებული ახალ ნორმატიულ აქტში, რასაც ჩვენს შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზიარებული იქნებოდა სასამართლოს პოზიცია, რომ გამოყენებული უნდა იქნეს კანონის უკუქმედების ძალა და პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ახალ დადგენილებას ...ოს მოწყობის შესახებ, სადაც ერთმნიშვნელოვნად არის გასათვალისწინებელი 100-მეტრიანი დისტანცია, სრულიად უსაფუძვლოა მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან საქმის არცერთ ეტაპზე და მითუმეტეს სააპელაციო განხილვების დროს არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება (მათ შორის არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა) იმის შესახებ, რომ ნ.მ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) 100 მეტრზე ნაკლები დისტანციით არის დაშორებული ც.ტ-ის (ს/კ ...) მიწის ნაკვეთიდან. თუ სასამართლოს მხრიდან იქნებოდა გაზიარებული ახალი დადგენილება, მას ამ შემთხვევაშიც არ უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, რომელსაც მისი სარეზოლუციო ნაწილის ტექსტობრივი შინაარსიდან გამომდინარე, აღსრულების პერსპექტივაც კი არა აქვს. საქალაქო სასამართლოს, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემდეგ, საქმე დამატებითი მოკვლევის მიზნით უნდა გადაეგზავნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მითითებით, რომ საქმისწარმოების პროცესშიც და ახალი განკარგულების მისაღებად ეხელმძღვანელა ...ოს მოწყობის შესახებ დადგენილების ახალი რედაქციით.
სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას (სადაც ძირითადი აქცენტი არის გაკეთებული ც.ტ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ...) 100-მეტრიან დისტანციაზე) არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ ც.ტ-მა მიწის ნაკვეთი შეიძინა 2019 წლის 18 ივლისს მაშინ, როცა ნ.მ-ემ საკრებულოში განაცხადი შეიტანა 2018 წლის აგვისტოში და ასევე, 2018 წლის 29 ნოემბერს იქნა მიღებული მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებული და ადმინისტრაციული წარმოებისთვის მნიშვნელოვანი წყალტუბოს მერიის სივრცითი მოწყობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის განყოფილების დასკვნა. შესაბამისად, იმ პერიოდისთვის, როდესაც ც.ტ-მა შეიძინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ფაქტობრივად, უკვე დასრულებული იყო ყველა ძირითადი მოქმედებები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და განუხილველად არ დატოვა საქმე, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის განხილვის პროცესში უტყუარად დადასტურდა, რომ თავდაპირველ სარჩელზე ც.ტ-ის ნაცვლად ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი, ვინმე ა-ი. აღნიშნული საკითხის განხილვა საქმისწარმოების საწყის ეტაპზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოსაკვლევ საკითხს წარმოადგენდა. წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი სარჩელის შეტანის პერიოდისთვის არ არსებობდა და როგორც გამოირკვა, მინდობილობა მომზადდა სარჩელის შეტანიდან ერთი თვის შემდეგ, რაც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა (ადვოკატმა) აღიარა კიდეც სააპელაცო საჩივრის განხილვის დროს, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილისა და 20 მაისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ნ.მ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ნ.მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ც.ტ-ი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში საკუთრების უფლებით ფლობს უძრავ ქონებას - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1765 კვ.მ მიწის ნაკვეთსა (ს/კ ...) და მასზე განთავსებულ 293,7 კვ.მ შენობა-ნაგებობას (საცხოვრებელი ფართი - 182,30 კვ.მ, არასაცხოვრებელი ფართი - 72,6 კვ.მ, საზაფხულო ფართი - 38,8 კვ.მ (ტ. 1, ს.ფ. 260); ბ) ნ.მ-ე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში საკუთრების უფლებით ფლობს 1888.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (ს/კ ...) (ტ. 1, ს.ფ. 78-80); გ) ნ.მ-ემ (წარმომადგენელი - ნ.რ-ე) განცხადებით მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მის საკუთრებაში არსებულ 1888.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) კერძო ...ოს მოწყობა (ტ. 1, ს.ფ. 86-91); დ) ...ს ტერიტორიის დაგეგმარების პროექტის შეთანხმების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების 2018 წყლის 29 ოქტომბრის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს 2018 წლის 17 ოქტომბერს №31/7264 წერილით მიმართა ნ.მ-ის (პ/ნ ...) მინდობილმა პირმა ნ.რ-ემ (პ/ნ ...) და მოითხოვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში უკვე არსებული ...ოს მომიჯნავედ, ნ.მ-ის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში (ს/კ ...), ...ოს ტერიტორიის დაგეგმარების პროექტის შეთანხმება შემდგომში საკრებულოს მიერ ...ოს სტატუსის მინიჭების მიზნით. მესაკუთრეს წარმოდგენილი აქვს ...ოს ტერიტორიის დაგეგმარების პროექტი, გეოლოგიური დასკვნა და შეთანხმებები საინჟინრო კომუნიკაციების მესაკუთრეებთან. საპროექტო ნაკვეთი დაყოფილია ოთხ სექტორად. მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 1888.0 კვ.მ-ს, რომელზეც დაგეგმილია მოეწყოს საფლავებს შორის გასასვლელები, ავტოსადგომი, გაზონები. მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილებამ შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილებისა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად დასტურდება, რომ დღევანდელი მდგომარეობით საპროექტო მიწის ნაკვეთზე მშენებლობა ნაწარმოები არ არის (ფოტომასალა თან ერთვის), მიწის ნაკვეთი განთავსებულია უკვე არსებული ...ოს მომიჯნავედ. ნაკვეთი საკარმიდამო მიწის ნაკვეთებიდან დაცილებულია 60 მეტრ მანძილზე, ხოლო ტერიტორია გეოლოგიურად ვარგისია და საინჟინრო კომუნიკაციები არ გადის. ...-...-...ის საავტომობილო გზის მონაკვეთიდან დაშორებულია 240 მეტრი მანძილით და სრულად აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობით და საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების დასკვნით დადგინდა, რომ მოცემული სამსახური წინააღმდეგი არ იყო შეთანხმებულიყო ნ.მ-ის (პ/ნ ...) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში (ს/კ ...) ... ტერიტორიის დაგეგმარების პროექტი (ს.ფ. 75); ე) ნ.მ-ის განცხადების საფუძველზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა 2018 წლის 30 ოქტომბერს (წერილი №31/6611) მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, წარუდგინა ნ.მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში (ს/კ ...) ...ოს ტერიტორიის დაგეგმარების შეთანხმებული პროექტი და ითხოვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ნ.მ-ის საკუთრებაში არსებულ 1888.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ...ოსთვის სტატუსის მინიჭება და ...ოს გახსნის (მოწყობის) შესახებ გადაწყვეტილების მიღება (ტ. 1, ს.ფ. 76-85); ვ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 სექტემბრის №36132 განკარგულებით შეთანხმებულ იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ...ში მდებარე ნ.მ-ის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ახალი კერძო ...ოს გახსნა (მოწყობა). განკარგულებაში აღნიშნულია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 ოქტომბრის №31/6611 წერილი, მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების 2018 წლის 29 ნოემბრის დასკვნა, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2019 წლის 30 აგვისტოს №13 ოქმი და მოქალაქე ნ.მ-ის (პ/ნ ...) წარმომადგენლის - ნ.რ-ის (2018 წლის 17 ოქტომბრის და 2019 წლის 25 ივლისის) განცხადებები, რომლებიც შეეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ...ში მდებარე ნ.მ-ის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ახალი კერძო ...ოს გახსნის (მოწყობის) შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შეთანხმებას. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ...ების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №11 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 34-35); ზ) ნ.მ-ის საკუთრებაში არსებული 1888.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რომელზედაც მან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული-აქტის საფუძველზე მოიპოვა ახალი ...ოს მოწყობის უფლება, მართალია, მდებარეობს არსებული ...ოს მომიჯნავედ, მაგრამ იგი 100 (ასი) მეტრის დაშორებით არ არის ც.ტ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან. ახალი ...ოს განლაგების თაობაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ მოუთხოვია, შესაბამისად, ნ.მ-ეს ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ წარუდგენია ც.ტ-ის მიერ ...ოს მოწყობის შესახებ ნოტარიალური თანხმობა. იგი წინააღმდეგია ახალი ... მოეწყოს მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან 100 მეტრზე უფრო ნაკლებ მანძილზე (მხარეთა ახსნა განმარტება, ტ. 1, ს.ფ. 354 (DVD დისკი), 75).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ც.ტ-ს არ გაუსაჩივრებია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. მხოლოდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ნ.მ-ის საკასაციო საჩივრების წარმოდგენის პირობებში კი, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა ც.ტ-ის სარჩელი.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 სექტემბრის №36132 განკარგულება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ...ში მდებარე ნ.მ-ის (პ/ნ ...) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ახალი კერძო ...ოს გახსნის (მოწყობის) შესახებ, სახელდობრ, აღნიშნული აქტი ბათილად იქნა ცნობილი ც.ტ-ის (პ/ნ ...) საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) 100 მეტრის რადიუსში განლაგების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში ც.ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №11 დადგენილებით დამტკიცებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ...ების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ახალი ... უნდა განლაგდეს სულ მცირე 100 მეტრის (ასი მეტრის) დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ...სათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება ფაქტობრივად უკვე არსებული ...ოს მომიჯნავედ. იმ შემთხვევაში როცა არსებული ...ოს მიმდებარედ ...ოს მოწყობისას, თუ ეს მანძილი უკვე არსებულ ...ოსთან მიმართებაში დარღვეულია, დაშორება განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ...ოს მოწყობის პროექტის შეთანხმებისას. ამავე მუხლის 2.1 პუნქტის შესაბამისად, გამონაკლის შემთხვევაში, თუ ახალი ...ოს მოწყობა (გახსნა) ხდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთებიდან, საცხოვრებელი შენობებიდან 100 მეტრის რადიუსში, ...ოს უფლებამოსილი პირის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობაში წარდგენილი უნდა იქნას ამ მონაკვეთში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობები.
ამდენად, სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა ადგენდა ...ოს მოწყობის შესაძლებლობას საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან 100-მეტრიანი დისტანციის დაშორებით. ამასთანავე, წესი გამონაკლის შემთხვევაში უშვებდა ...ოს მოწყობის შესაძლებლობას 100-მეტრიანი დისტანციის დაუცველად - როდესაც ...ოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება ფაქტობრივად უკვე არსებული ...ოს მომიჯნავედ. იმ შემთხვევაში, როცა არსებული ...ოს მიმდებარედ ...ოს მოწყობისას, თუ ეს მანძილი უკვე არსებულ ...ოსთან მიმართებაში დარღვეულია, დაშორება განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ...ოს მოწყობის პროექტის შეთანხმებისას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წესი ზემოაღნიშნულ გამონაკლის შემთხვევაში, 100-მეტრიანი დისტანციის დაუცველად ...ოს მოწყობის შესაძლებლობას უშვებდა მხოლოდ იმ პირობით, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში წარდგენილი უნდა ყოფილიყო ამ მონაკვეთში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორებმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომ ნ.მ-ის საკუთრებაში არსებული 1888.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №...), რომელზედაც მან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული-აქტის საფუძველზე მოიპოვა ახალი ...ოს მოწყობის უფლება, არ არის 100 (ასი) მეტრით დაშორებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთებიდან. ასევე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „... ტერიტორიის დაგეგმარების პროექტის შეთანხმების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების 2018 წყლის 29 ოქტომბრის დასკვნაში მითითებულ გარემოებაზე, რომლის თანახმად, ნაკვეთი საკარმიდამო მიწის ნაკვეთებიდან დაცილებულია 60 მეტრ მანძილზე (ტ. 1, ს.ფ. 75). ასევე დადგენილია, რომ ახალი ...ოს განლაგების თაობაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ მოუთხოვია, შესაბამისად, ნ.მ-ეს ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ წარუდგენია ც.ტ-ის მიერ ...ოს მოწყობის შესახებ ნოტარიალური თანხმობა. იგი წინააღმდეგია ახალი ... მოეწყოს მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან და საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრზე უფრო ნაკლებ მანძილზე. შესაბამისად, მართებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 სექტემბრის №36132 სადავო განკარგულების ბათილად ცნობა ც.ტ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) 100 მეტრის რადიუსში განლაგების ნაწილში.
ამასთან, კასატორის - ნ.მ-ის პრეტენზიასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს შემდეგ გარემოებებზე: დ.თ-ის, ი.ზ-ის, თ.გ-ის, გ.ჯ-ის, ნ.ს-ეს, ვ.მ-ის, ც.ტ-ის, კ.ლ-ისა და გ.უ-ის წარდგენილ სარჩელზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით დაგენილ იქნა ხარვეზი. ხარვეზის საფუძველზე მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ იქნა დაზუსტებული სარჩელი, რომელსაც ხელს აწერს ც.ტ-ი (ც.ტ-ის ნაწილში) (იხ. ტ.1, ს.ფ. 194-207). ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით კი, სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში (იხ. ტ.1, ს.ფ. 208). შესაბამისად, პირველი ინსტანციის მიერ წარმოებაში მიღებულ იქნა სარჩელი და სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ.მ-ის საკასაციო საჩივარზე 28.03.2022წ. №... საგადახდო დავალებითა და 10.05.2022წ. №... საგადახდო დავალებით კ.ც-ეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის (200+100) ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ.მ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ნ.მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება;
3. ნ.მ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.03.2022წ. №... საგადახდო დავალებითა და 10.05.2022წ. №... საგადახდო დავალებით კ.ც-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (200+100) ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე