Facebook Twitter

№ბს-713(კ-23) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ბ.ა-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ.ა-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №03-1944/ო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ.ა-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №03-1944/ო ბრძანება, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის - ბ.ა-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორის განმარტებით, სააგენტომ მოსარჩელეს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით უთხრა, ვინაიდან გამოიკვეთა, რომ მოსარჩელე ცხოვრობს სახელმწიფოს საკუთრებაში. ის გარემოება, რომ მოსარჩელე გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებს, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, მოსარჩელის განმარტებით. 2022 წლის 23 მარტის დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე მოსარჩელის საკითხი განხილულ იქნა და მას გრძელვადიან საცხოვრებელ ფართზე უარი ეთქვა. ასევე, მას სხდომის ოქმის საფუძველზე საბოლოოდ მიენიჭა 6,5 ქულა; კრიტერიუმში - „ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე“ მინიჭებული 1,5 ქულა დააკლდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ბ.ა-ა არის ომის ვეტერანი და განაცხადი შეავსო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოში 2019 წლის 23 სექტემბერს. განაცხადს აკეთებს ერთ შვილთან - ლ.ა-სთან და ორ შვილიშვილთან - დ. და ა. ფ-ებთან ერთად. მოსარჩელის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია: ქ. თბილისი, ..., ... 3 „ა“ მ/რ., კორპ. 327. 2021 წლის 23 სექტემბრის მონაცემებით მოსარჩელე ბ.ა-ას წინასწარი შეფასებით მიენიჭა 8 ქულა შემდეგ კრიტერიუმებში: 1) საცხოვრებელი ფინანსური პირობები/ნათხოვარი - 1.5 ქულა; 2) 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი; 3) ბ.ა-ა „შშმპ“/მნიშვნელოვნად გამოხატული; 4) ბ.ა-ას ომში მონაწილეობა/ომის დროს დაინვალიდებული. 2021 წლის 8 ნოემბერს მონიტორინგის სამსახური იმყოფებოდა ქ. თბილისში, ... „ა“ მ/რ., კორპ. 327, ბინა ...-ში. მოსარჩელე ბ.ა-ა მონიტორინგის თანამშრომლებს ადგილზე დახვდა. მან განმარტა, რომ აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს 2000 წლიდან, რომელიც არის სახელმწიფო საკუთრება (კომპაქტური). მოსარჩელემ თავის შვილთან, ლ.ა-სთან და შვილიშვილებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ..ზე იმყოფებიან ნათესავთან, რადგან სახლში რემონტი აქვთ. ასევე განმარტა, რომ მისი შვილის ყოფილ მეუღლეს ტ.ფ-ას (განქორწინდნენ 2018 წ.) გააჩნია რამდენიმე რეგისტრირებული უძრავი ქონება: ქ. თბილისში, ...ას გამზ., 2 კვ., კორპ. 28ა, სადარბაზო 6, ბინა ... (29 კვ.მ) და სათავსო სართული 1 (4.41 კვ.მ); სოფელ ...ში, ...ის ქუჩა №32, სართული 2, ბინა №... (მშენებარე 64,50 კვ.მ); ასევე ...ში არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (600 კვ.მ) შენობა-ნაგებობებით ...ის ქ. 37-ში. მოსარჩელემ განაცხადა, რომ მისი შვილიშვილები დადიან №... საჯარო სკოლაში, ...ზე. ასევე მონიტორინგის თანამშრომლებთან, მოსარჩელე თავის მეუღლეს, ა.თ-ას მოიხსენიებს, როგორც ყოფილ მეუღლეს, თუმცა, აღნიშნული გარემოება არ არის დადასტურებული. ა.თ-ა იმყოფება იტალიაში. იკვეთება, რომ მოსარჩელე ბ.ა-ა ზემოთ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს შეუზღუდავად, უფრო მეტიც, სახელმწიფოს საკუთრებაში. ასევე, აღნიშნავს რომ სარემონტო სამუშაოებს ატარებს საცხოვრებელ ბინაში.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ შეისწავლა მოსარჩელის ადმინისტრაციული მასალები, მოსარჩელის საჭიროებები და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 23 მარტის სხდომის ოქმით მოსარჩელე ბ.ა-ას გრძელვადიანი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა, სახელმწიფოს საკუთრებაში ცხოვრების გამო.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია (მათ შორის, ოჯახის სოციალური მდგომარეობა, ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი) და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. შესაბამისად, სააგენტოს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ბ.ა-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი (ს.ფ 79, 142); ბ) 2019 წლის 23 სექტემბერს ბ.ა-ამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, განაცხადით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა შვილი ლ.ა-ა და შვილიშვილები - დ. და ა. ფ-ები. ბ.ა-ამ შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროების თაობაზე კითხვარი, სადაც აღინიშნა, რომ განმცხადებელი ოჯახის წევრებთან, შვილ ლ.ა-სთან და შვილიშვილებთან - დ. და ა. ფ-ებთან ერთად ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ... ... 3, III „ა“ მ/რ, კორ. 327, ბინა ... კითხვარის თანახმად, განმცხადებელს აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, არის ომის ვეტერანი. ოჯახი ცხოვრობს ნათხოვარ - ძველ მიტოვებულ შენობაში, სადაც საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (ს.ფ 69-75); გ) 2019 წლის 25 ოქტომბერს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად წინასწარი შეფასებით, ბ.ა-ას ოჯახს მიენიჭა ჯამში 8 ქულა, მათ შორის: C.1.1. კრიტერიუმით (საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნათხოვარი) - 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრების კრიტერიუმით (2 არასრულწლოვანი) - 1 ქულა; ომის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ,,შშმპ’’ მნიშვნელოვნად გამოხატული (ბ.ა-ა) – 4 ქულა; ომში მონაწილეობა, ომის დროს დაინვალიდებული (ბ.ა-ა) - 1.5 ქულა. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაში მითითებულია, რომ ბ.ა-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. განაცხადი გააკეთა ერთ შვილთან და შვილიშვილებთან ერთად. განაცხადში აღნიშნულია, რომ ყოფილ სიძეს გააჩნია არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი 600 კვ.მ შენობა-ნაგებობებით ...ში, ...ის ქ. 37-ში და სათავსო მისამართზე: თბილისი, ...ას გამზ. II კვ. კორპ. 28ა, სადარბაზო 6, სართული 1 (4.4 კვ.მ) (ს.ფ 94); დ) 2021 წლის 8 ნოემბერს განხორციელდა ბ.ა-ას ოჯახის ადგილზე გადამოწმება, მისამართზე: თბილისი, ... 3, მე-3 „ა“ მ/რ, კორპუსი 327, ბინა ... და შეივსო გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა. მონიტორინგის ფორმაში მიეთითა, რომ ოჯახი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2000 წლიდან. სახლი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას (კომპაქტური). ბ.ა-ას შვილი - ლ.ა- და შვილიშვილები, ბინაში რემონტის გამო, დროებით გადასულები არიან ...ზე ნათესავთან, ხოლო განმცხადებლის ყოფილი მეუღლე - ა.თ-ა 5 წელია იმყოფება იტალიაში. მონიტორინგის ფორმაში ასევე აღნიშნულია, რომ ლ.ა-ს ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც ლ.ა-ა 2018 წელს განქორწინდა, აქვს საცხოვრებელი სახლი და სათავსო თბილისში, ...ას გამზირზე, საცხოვრებელი სახლი ...ში, ...ის ქუჩაზე და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით ...ში. მონიტორინგის ინფორმაციით, ოჯახი ცხოვრობს სახელმწიფო საკუთრებაში (ს.ფ 76, 92-93, 95, 97-98, 100-103); ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 23 მარტის №30 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა ქ. თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი განსახლების მიზნით შევსებული განაცხადები. კომისიის გადაწყვეტილებით, ბ.ა-ას ოჯახს 2-ოთახიანი საცხოვრებელი ფართით (ბინით) დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. უარის თქმის საფუძვლად მიეთითა, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების გამო. ამავე სხდომის ოქმის თანახმად, დაკორექტირდა ბ.ა-ას ოჯახისათვის მინიჭებული ქულა და იგი განისაზღვრა 6,5 (ს.ფ 62-67); ვ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №03-1944/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №30), ბ.ა-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ 22); ზ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადში ბ.ა-ას ფაქტობრივ მისამართად მითითებულია: ქ. თბილისი, ... 3, IIIა მ/რ, კორპუსი 327, ბინა .... საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 14 მარტის №... წერილი, რომლის მიხედვით, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ... 3, IIIა მიკრო რაიონის, №327 კორპუსში კერძო საკუთრება ირიცხებოდა 37 მოქალაქეზე. საკუთრებაში არსებული ბინის ნომრები/მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები მითითებულია იმავე წერილში. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 18 ივნისის №კ742/15 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ... 3, მე-3 მ/რ, კორპუსი 327 იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის დასადგენად საჭირო იყო გეოლოგიური კვლევის ჩატარება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, 2005 წლის 18 იანვარს ქ. თბილისის ...ის რაიონის გამგებლის მოადგილემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ბ.ა-ას და სხვათა მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა ანუ მწვავე ავარიული კორპუსიდან მოპასუხეების გამოსახლება. სარჩელის საფუძვლად ქ. თბილისის ...ის რაიონის გამგეობა მიუთითებდა, რომ ქ. თბილისში, ... 3-ის IIIა მ/რ-ში მდებარე 327-ე კორპუსი იყო მწვავე ავარიული, რის გამოც არსებობდა რეალური საშიშროება მისი უეცარი ჩამოქცევის, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ადამიანთა მსხვერპლი, ახლო მდებარე სახლების მდგრადობის მკვეთრად გაუარესება და მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანება. მოსალოდნელი მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა 1997 წლის 13 ნოემბერს მიიღო დადგენილება №22.29.1240 „...ის რაიონში ... 3-ის IIIა მ/რ-ის 327-ე ავარიულ კორპუსში მცხოვრებთათვის ბინების შესასყიდად საკომპენსაციო თანხების - გაცემისა და შენობის აღდგენა-გამაგრების ღონისძიებათა შესახებ’’. ამ დადგენილების საფუძველზე ყოფილი ...ის რაიონის გამგეობის მიერ 1997-98 წლებში კორპუსიდან გასახლებულ იქნა ყველა ოჯახი, რომლებმაც ბინების სანაცვლოდ მიიღეს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და კორპუსი გათავისუფლდა. შემდგომში კორპუსი თვითნებურად იქნა დაკავებული მოპასუხეთა მიერ. მოსარჩელის პოზიციის თანახმად, აღდგენა-გამაგრების სამუშაოების შესახებ ქ. თბილისის მთავრობის 2004 წლის 13 აგვისტოს დადგენილებით კიდევ ერთხელ დასტურდებოდა, რომ მოპასუხეებისა და მათთან ერთად მცხოვრები პირების უსაფრთხოებას რეალური საშიშროება ემუქრებოდა. შესაბამისად, უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით ....ის რაიონის გამგეობას ევალებოდა კორპუსში შეჭრილ მოქალაქეთა გამოსახლება. იმის გამო, რომ კორპუსი გამგეობის ბალანსზეა, კორპუსში შესახლებული მოპასუხეები, შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ გამგეობის ხელმძღვანელობის მიერ. ასევე გაფრთხილებულნი იყვნენ იმ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება მოჰყოლოდა მათ კორპუსში დარჩენას და მიცემული ჰქონდათ წინადადება დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ კორპუსი. მითითებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხეები უარს აცხადებდნენ ნებაყოფლობით ფართის გათავისუფლებაზე და შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთხოვა კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნების მიზნით, ანუ მოპასუხეთა გამოსახლება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის ....ის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებით დადგინდა, ქ. თბილისში, ... 3-ის IIIა მიკრო/რაიონში მდებარე 327-ე კორპუსიდან მოპასუხეთა, მათ შორის, ბ.ა-ას გამოსახლება. მოსარჩელის განმარტებით, გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. დღემდე ცხოვრობს მითითებულ კორპუსში (ს.ფ 18-20, 25-28, 29-36, 69-70).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბ.ა-ას მიერ არ გასაჩივრებულა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

რაც შეეხება დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ომის ვეტერან დევნილთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. პალატა მიუთითებს აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები განსაზღვრულია აგრეთვე „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი №2-ით, ხოლო სოციალური კრიტერიუმი ამავე ბრძანების დანართი №3-ით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ომის ვეტერანის ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში; ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების დევნილი ოჯახები; საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი დევნილი პირების ოჯახები, საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი არადევნილი პირების დევნილი ოჯახები; იმ ვეტერანების დევნილი ოჯახები, რომლებსაც საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად მიენიჭათ მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I, II ან III ჯგუფი).

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლები), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უტყუარად არ დაუდგენია ის გარემოება, წარმოადგენდა თუ არა ბ.ა-ას საცხოვრებელი ფართი სახელმწიფო საკუთრებას. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 18 ივნისის №კ742/15 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ... 3, მე-3 მ/რ, კორპუსი 327 იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში. ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ დაუსაბუთებია ხომ არ არსებობდა ბ.ა-ას ოჯახის პრიორიტეტულად, კრიტერიუმების გარეშე განსახლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე