Facebook Twitter

ას-1408-1530-04 8 ნოემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),

მ. ახალაძე

დავის საგანი: საკანალიზაციო სისტემის აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „პ-ას“ წარმომადგენელმა თ. ჟ-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შპს “მ-ისა” და სს “ბ-ის” მიმართ საკანალიზაციო სისტემის აღდგენისა და დამტკიცებული პროექტის მიხედვით აუცილებელი გაყვანილობისათვის საჭირო გზის მიცემის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ. ქუთაისში, ...... მდებარეობს შპს “პ-ა” _ კვების პროდუქტების მწარმოებელი და რელიზატორი საწარმო, რომლის ფუნქციონირება წყალკანალიზაციის სისტემის გარეშე შეუძლებელია. 1996 წელს საწარმოს ექსპლუატაციაში გაშვებიდან წყალკანალიზაციის არსებული სისტემა გადიოდა შპს “მ-ის” სარდაფის ქვეშ და 2001 წელს უკანონოდ, სკ-ის 180-ე მუხლის დარღვევით, ამოქოლა შპს “მ-მა”. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული მუხლის მოთხოვნათა დაუცველად შპს “მ-მა” და სს “ბ-მა” შპს “პ-ას” არ მისცეს ახალი წყალ-კანალიზაციის გაყვანის უფლება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი მოტივებით: შენობის გადაცემა და პრივატიზაცია მოხდა 1996 წელს. შპს “მ-სა” და სს “ბ-თან” შეთანხმების შემდეგ უნდა დამტკიცებულიყო პროექტი. შპს „მ-ის“ წარმომადგენლის განმარტებით, მათ მიერ ამოქოლილი საკანალიზაციო სისტემა, რომელიც მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ სარდაფში გადიოდა, იყო ძველი და უვარგისი, რის გამოც მუდმივად წყალი ჟონავდა. მილის გასკდომის შემთხვევაში მიადგებათ ზარალი და სწორედ ამიტომ გახდნენ იძულებული, გაეუქმებინათ საკანალიზაციო სისტემა. ამასთან, მოპასუხეთა განმარტებით, შპს “პ-ას” შეეძლო საკანალიზაციო სისტემის მოსაზღვრე საერთო ბინის ეზოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე მდებარე საკანალიზაციო ჭებში ჩართვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს “პ-ას” სარჩელი საკანალიზაციო სისტემის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “პ-ას” წარმომადგენელმა თ. ჟ-მა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს “პ-ას” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილება, შპს “პ-ას” სარჩელი სს “ბ-ის” მიმართ არ დაკმაყოფილდა. შპს “მ-ს” დაევალა, ხელი არ შეეშალა შპს “პ-სადმი” შპს “მ-ის” დამხმარე სათავსში (სარდაფში) გამავალი საკანალიზაციო სისტემის აღდგენაში მოცემულ საქმეზე იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2004წ. 19 მაისის ¹549/15 ექსპერტის დასკვნის დანართზე მითითებული სქემის მიხედვით, რაც შპს “პ-ამ” უნდა განახორციელოს სათანადო დამუშავებული პროექტის საფუძველზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების შედეგად შემდეგ გარემებათა გამო: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1997წ. 30 ოქტომბრის ¹48/341-”ა” საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით დადგენილ იქნა, რომ მუნიციპალური საწარმო “პ-ას” შრომითი კოლექტივის ამხანაგობის 1996წ. 9 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა ქ. ქუთაისში, ....... მდებარე ყოფილი მუნიციპალური საწარმო “პ-ა”, რომლის სავაჭრო-სარეალიზაციო პავილიონის ექსპლოატაციაში მიღებისას დაცული იყო ხანძარსაწინააღმდგეგო მოთხოვნები და იგი ქალაქის საკანალიზაციო სისტემას უერთდებოდა შპს “მ-ის” სარდაფის გავლით. შპს „პ-ას“ სამეწარმეო საქმიანობის საგანს წარმოადგენდა საზოგადოებრივი კვება და მისი სანიტარული მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად იყო შეფასებული. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული სისტემის ამგვარად მოწყობისათვის არ არსებობდა შესაბამისი პროექტი და ნებართვა, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები შპს “მ-ს” არ წარმოუდგენია. შპს “მ-ის” დირექტორი ლ. ს-ას განმარტებით, დადგენილ იქნა, რომ მათ, როგორც “ა-ოს” შრომითი კოლექტივის წევრებმა, იცოდნენ ამ საკანალიზაციო ქსელის არსებობის შესხებ. მუნიციპალური საწარმო “პ-ას” სავაჭრო-სარეალიზაციო პავილიონი ექსპლუატაციაში მიღების დროისათვის ქალაქის საკანალიზაციო სისტემას უერთდებოდა შპს “მ-ის” სარდაფის გავლით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული სისტემის ამგვარად მოწყობისათვის არ არსებობდა შესაბამისი პროექტი და ნებართვა, ვინაიდან აღნიშნულის მტკიცებულებები შპს “მ-ს”, სსკ-ის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, არ წარმოუდგენია. სასამართლოს მოსაზრებით, შპს “პ-ას” მოთხოვნა, საკუთარი საკანალიზაციო სისტემის ფუნქციონირებისათვის ისარგებლოს იმგვარად, რომ ეს სისტემა ქალაქის საკანალიზაციო ქსელთან შეერთებული იყოს შპს “მ-ის” სარდაფის გავლით, თავისთავად ლახავს მოპასუხის სამოქალაქო უფლებას, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთარი ქონებით სკ-ის 170-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად. ასეთი სახის ზემოქმედება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ მისი აღკვეთა შესაძლებელია სხვა სახის ღონისძიებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შპს “პ-ას” საკანალიზაციო სისტემა ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისას იმგვარად არსებობდა, როგორადაც მის აღდგენას მოითხოვდა მოსარჩელე. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ იქნა, რომ შპს “პ-ას” კუთვნილი საკანალიზაციო ქსელის მიერთება შპს “მ-ის” საკანალიზაციო სისტემასთან შესაძლებელია სათანადოდ დამუშავებული პროექტის საფუძველზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შპს “მ-ის” მოტივაცია, რომ შპს “პ-ამ” თავისი საკანალიზაციო ქსელი უნდა გაიყვანოს ....... და ....... ქ. ¹4/29-ში მდებარე მიწის ნაკვეთის დასავლეთით მომიჯნავე ტერიტორიაზე, საერთო ბინის ეზოსთან არსებული საკანალიზაციო ჭების გამოყენებით, დაუსაბუთებელია. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “მ-ს”, სკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, უნდა დაეკისროს თმენის ვალდებულება მის ქონებაზე მოსარჩელის მიერ განხორციელებული სარგებლობის იმ წესისადმი, რომელიც მას დაწესებული ჰქონდა მესამე პირისაგან ამ ქონების შეძენამდე. სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ შპს “ბ-ის” მიმართ შპს “პ-ას” მოთხოვნის დასაკამაყოფილებლად არ არსებობს “ნაკვეთის საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ” ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002წ. 18 სექტემბრის ¹57 ბრძანების მე-18 მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას შპს “მ-ის” მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის არასწორად დაედო საფუძვლად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს “კ-ის” წერილი, რადგან, სსკ-ის მე-4 მუხლის მეორე ნაწილისა და 152-ე-163-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს უნდა დაენიშნა ექსპერტიზა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “მ-მა” და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, კერძოდ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების მეოთხე ნაწილის გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 495-ე და 175-ე მუხლები, არ გამოიყენა სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი. არასწორად განმარტა ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ¹57 ბრძანებით დამტკიცებული „ნაკვეთის საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის” მე-18 მუხლის „ა“ პუნქტი, სადაც მითითებაა მიწის ნაკვეთით სარგებლობასა და არა შენობით სარგებლობაზე. სასამართლოს არ შეუფასებია იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2003წ. 16 ივნისის ¹242\15 დასკვნა, რომლის თანახმადაც არსებობს საშუალება, შპს „პ-ამ“ საკანალიზაციო გაყვანილობა მიუერთოს მეზობლად მდებარე მრავალბინიანი სახლის ეზოში მდებარე ჭას. სასამართლომ ასევე შეფასების გარეშე დატოვა „კ-ის“ მითითება იმის შესახებ, რომ შპს „მ-ის“ საკანალიზაციო გაყვანილობა საჭიროებს მთლიანად შეცვლას სათანადო პროექტის შედგენის შემდეგ. სააპელაციო პალატის მიერ გამოყენებული ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ საკანალიზაციო გაყვანილობა ვერ აკმაყოფილებს 100 მმ დიამეტრის მქონე გაყვანილობის ტექნიკურ ნორმებს. კასატორის განმარტებით, შპს “პ-ას” დროებითი ნაგებობის, ე.წ. “პავილიონის” ექსპლუატაციაში მიღების აქტი არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეეძლო დაედგინა, რომ აღნიშნული ჯიხური ჩართული იყო საკანალიზაციო ქსელში. განმარტება იმის შესახებ, რომ შპს „მ-ის“ მიერ „ა-ოს“ შენობის პრივატიზაციისას შპს „პ-ას“ ჯიხურის 50 მმ საკანალიზაციო მილი მიერთებული იყო უკვე შპს-ს საკუთრებაში არსებულ საკანალიზაციო ქსელზე, გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად და ჯიხურის საკანალიზაციო ქსელში ჩართვის მტკიცებულებად ვერ გამოდგება, რაც ასევე ეწინააღმდეგება “სნიპ” 2.04.03-85-სა და “სნიპ” 11-30-76.-ს. კასატორის მოსაზრებით, დავა ხანდაზმულია. ჭა ამოიქოლა 1996 წელს, რადგან დამხმარე სათავსში ჟონავდა წყალი. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ ჭის ამოქოლვა მოხდა 2001წ. გაზაფხულზე და არა 1996 წელს. შპს “პ-ას” მიერ გაშვებული იქნა როგორც ძველი, ისე _ ახალი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა.

შპს “პ-ას” წარმომადგენლმა თ. ჟ-მა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოდ ცნო და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შემდეგი მოტივებით: სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შპს “პ-ას” ქალაქის საკანალიზაციო ქსელთან მიერთების არსებობის შესახებ და ასევე სწორად იქნა შეფასებული ამ საკითხთან დაკავშირებული მტკიცბულებები. საკანალიზაციო სისტემის არსებობა შპს “მ-ის” სათავსის გავლით და ამ სისტემის მოშლა, დადასტურდა თვით კასატორის მიერ სსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად. დავა არ არის ხანდაზმული, რადგან კასატორს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული ჭის ამოქოლვის დრო. ამასთან, 1996 წელს გაყვანილობის გადაჭრისა და ამავე დროს ჭის ამოქოლვის ფაქტს კასატორი საკასაციო საჩივრამდე არ აღნიშნავდა და ამ გარემოებების დამადასტურებელი დასაბუთებული პრეტენზიაც არ ყოფილა წარმოდგენილი. სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის 495-ე მუხლი, ხოლო შპს “მ-მა” ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ უნდა გამოეყენებინდა აღნიშნული ნორმა სასამართლოს. ასევე არასწორია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სკ-ის 175-ე მუხლი სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული, რადგან იგი არ ითვალისწინებს საკანალიზაციო ქსელით სარგებლობის თმენის ვალდებულებას. სკ-ის 170-ე მუხლი მოცემული დავის გადაწყვეტისას კასატორის ინტერესებს არ იცავს და მისი გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ¹57 ბრძანება სასამართლომ გამოიყენა შპს “ბ-ის” მიმართ შპს “პ-ას” სარჩელის უარსაყოფად და აღნიშნული ბრძანების შესახებ კასატორის მითითება გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის მტკიცებულებად ვერ გამოდგება. სასამართლომ სწორად შეაფასა “კ-ის” მიერ შედგენილი წერილი არაჯეროვნად და დანიშნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმადაც გაყვანილობის აღდგენა სათანადო პროექტის შედგენისას შესაძლებელია ტექნიკური ნორმების დაცვით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს და მართებულად გამოიყენა კანონი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ მუნიციპალური საწარმო “პ-ას” შრომითი კოლექტივის ამხანაგობის 1996წ. 9 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა ქ. ქუთაისში, ...... მდებარე ყოფილი მუნიციპალური საწარმო “პ-ა”, რომლის სავაჭრო-სარეალიზაციო პავილიონის ექსპლოატაციაში მიღებისას დაცული იყო ხანძარსაწინააღმდეგო და სანიტარული მოთხოვნები. ობიექტი ჩართული იყო ქალაქის კომუნიკაციების ქსელში. მუნიციპალური საწარმო “პ-ას” სავაჭრო-სარეალიზაციო პავილიონი ქალაქის საკანალიზაციო სისტემას უერთდებოდა შპს “მ-ის” სარდაფის გავლით. შპს “პ-ას” საკანალიზაციო სისტემა ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისას იმგვარად არსებობდა, როგორადაც მის აღდგენას მოითხოვდა შპს “პ-ა” სარჩელით. სახელმწიფო საწარმო “ა-ოს” კოლექტივის ამხანაგობის მიერ საწარმოს საკუთრებაში მიღებისას სადავო საკანალიზაციო ჭაზე მიერთებული იყო შპს “პ-ას” საკანალიზაციო მილი, რის შესახებაც ცნობილი იყო შრომითი კოლექტივის წევრებისათვის.

საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “მ-ის” მიერ შპს “პ-ას” საკანალიზაციო სისტემის ამოქოლვა არ წარმოადგენს მართლზომიერ ქმედებას, არ შეესაბამება სამოქალაქო მართლწესრიგის პრინციპებს და სკ-ის 115-ე-118-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირობებს, კერძოდ, სკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ამავე კოდექსის 116-ე-118-ე მუხლებით ძალადობის გზით საკუთარი მოთხოვნების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში რეალური მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის მოგერიების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, შპს “პ-ას” მხრიდან ასეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედება შპს “მ-ის” საკუთრების უფლებაზე არ განხორციელებულა. ამდენად, შპს “მ-ის” მიერ შპს “პ-ას” საკანალიზაციო სისტემის ამოქოლვა წარმოადგენს თვითნებობას, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და ქონებაზე საკუთრების უფლება შპს “მ-ს” არ ანიჭებს უფლებამოსილებას, აღუკვეთოს შპს “პ-ას” სარგებლობის უფლება.

ამასთან, სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული ნორმის ანალიზით მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებაში თავისუფალია, მაგრამ ამასთან მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა, შეზღუდული იყოს ან კანონით, ან ხელშეკრულებით და ასევე მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ საკუთრების კანონისმიერ შებოჭვასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან სკ-ის 180-ე მუხლით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ შპს “მ-ს” უნდა დაეკისროს თმენის ვალდებულება მის ქონებაზე შპს “პ-ას” მიერ განხორციელებული სარგებლობის იმ წესისადმი, რომელიც მას დაწესებული ჰქონდა ამ ქონების შეძენამდე.

არასწორია კასატორის მითითება დავის ხანდაზმულად მიჩნევის შესახებ, რადგან რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საკანალიზაციო ჭა ამოიქოლა მოხდა 1996 წელს და არა 2001წ. გაზაფხულზე, შპს “მ-ს” არ წარმოუდგენია. თუნდაც აღნიშნული საკანალიზაციო ჭის ამოქოლვა მომხდარიყო 1996 წელს, ხანდაზმულობის ვადა გასულად ვერ ჩაითვლება, რადგან სამოქალაქო კოდქსის 128-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა მიღებული და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “მ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.