ას-1408-1627-05 17 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),
მ. ცისკაძე
დავის საგანი: სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს საპატრიარქოს ბათუმისა ... საბავშვო ბაღის მიმართ ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1996 წელს მოსარჩელემ მუშაობა დაიწყო ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საბავშვო ბაღში პედაგოგად. 2002 წელს, საბავშვო ბაღის ფუნქციონირების შეჩერების გამო, იგი გადაყვანილ იქნა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კანცელარიის ტექნიკოსად, ხოლო 2004წ. 1 სექტემბერს მ.გ-ძე დროებითი შრომითი ხელშეკრულებით, გამოსაცდელი ვადით, კვლავ გადაყვანილ იქნა მოპასუხე ორგანიზაციაში პედაგოგად. 2005წ. 1 მარტის ¹19 ბრძანებით იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ საგამოცდო ვადით მისი სამუშაოზე მიღებისას სასამართლომ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 22-ე მუხლის მოთხოვნები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2004წ. 1 სექტემბერს მ. გ-ძე სხვა თანამშრომლებთან ერთად, შრომის კანონთა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით, სამუშაოდ მიღებულ იქნა ბათუმის ... საბავშვო ბაღში. აღნიშნულზე ადმინისტრაციამ გამოსცა სათანადო ბრძანება. ხელშეკრულების ასლი ჩაჰბარდა მ.გ-ძეს და მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა სამუშაოს არადამაკმაყოფილებლად შესრულების გამო. უსაფუძვლოა მოსარჩელის არგუმენტი, რომ იგი სადავო თანამდებობაზე გადაყვანილ იქნა სხვა ორგანიზაციდან, კერძოდ: მოპასუხე დაწესებულებაში სამუშაოს დაწყებამდე მ.გ-ძე მუშაობდა შპს «ბ. ნ-ში», რომელსაც განცხადებით მიმართა ... საბავშვო ბაღში სამუშაოდ გადაყვანის შესახებ. აღნიშნულ დაწესებულებებს შორის თანამშრომელთა გადაყვანის თაობაზე შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება არ შემდგარა, ამდენად, შპს «ბ. ნ-ის» ადმინისტრაციამ ¹47/კ ბრძანებაში მოსარჩელის განთავისუფლების საფუძვლად მიუთითა რა მისი სამუშაოდ ... საბავშვო ბაღში გადაყვანა, შეცდომაში შეიყვანა მ.გ-ძე და სხვა თანამშრომლები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 5 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მ.გ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, მ.გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს საპატრიარქოს ბათუმისა ... საბავშვო ბაღის 2005წ. 1 მარტის ¹19 ბრძანება და მ.გ-ძე აღდგენილ იქნა პედაგოგად. მასვე აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი რვა თვის ხელფასი 1150 ლარის ოდენობით შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1996 წლიდან მ.გ-ძე მუშაობდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საბავშვო ბაღში პედაგოგად. 2002 წელს საბავშვო ბაღის ფუნქციონირების შეჩერების გამო იგი გადაყვანილ იქნა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კანცელარიის ტექნიკოსად. 2004წ. 1 სექტემბერს მ.გ-ძე, დროებითი შრომითი ხელშეკრულებით, საგამოცდო ვადით დაინიშნა პედაგოგად მოპასუხე ორგანიზაციაში. 2005წ. 1 მარტის ¹19 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან არადამაკმაყოფილებელი საგამოცდო შედეგების გამო. პალატამ ასევე დაადგინა, რომ საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია მ.გ-ძისათვის დანიშნულ საგამოცდო ვადაში მისი მუშაობის სისტემატურ ანალიზსა და შეფასებას არ აწარმოებდა, ვინაიდან მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ წარმოუდგენია. პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმ მოწმეთა განმარტებების შესახებ, რომელთაც მოსარჩელის მხრიდან პედაგოგიური ეთიკის დარღვევის ფაქტები დაადასტურეს, ვინაიდან აღნიშნული მოწმეები არიან აღსაზრდელის მშობლები და იმავე ბაღის პედაგოგი, ანუ არაოფიციალური პირები, ხოლო მ.გ-ძის საქმიანობა უნდა შეეფასებინა პედაგოგიურ საბჭოს სათანადო დასკვნის გამოტანით. პალატამ ასევე არ გაიზიარა საქმის მასალებში წარდგენილი პედაგოგთა საბჭოს ოქმი, რადგან იგი ეხებოდა მ.გ-ძის მხოლოდ ერთი გაკვეთილის ანალიზს. აღნიშნული კი პედაგოგის საქმიანობის მაკვალიფიცირებლად საკმარისი არ იყო. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შრომის კანონთა კოდექსის 24-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს რა საგამოცდო ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგით გასვლისას ადმინისტრაციის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლას, ადგენს გამოსაცდელი ვადის პერიოდში მუშაკის შრომის სისტემატური შეფასების აუცილებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. სასამართლომ მიიჩნია რა მ.გ-ძის სამსახურიდან განთავისუფლება უკანონოდ, შრომის კანონთა კოდექსის 206-ე და 208-ე მუხლების თანახმად, ჩათვალა, რომ იგი უნდა აღდგენილიყო სამსახურში და ანაზღაურებოდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ... საბავშვო ბაღმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც მ.გ-ძის სამსახურიდან განთავისუფლების უკანონობაზე იმსჯელა შრომის კანონთა კოდექსის 24-ე მუხლის მეორე ნაწილზე და არა 22-ე მუხლზე დაყრდნობით, როგორც ამას მოსარჩელე მოითხოვდა. აღნიშნულით სასამართლომ გააქარწყლა მ.გ-ძის არგუმენტი, რომ იგი სადავო თანამდებობაზე გადაყვანილ იქნა სხვა ადგილიდან. სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა შრომის კანონთა კოდექსის 24-ე მუხლი, არამედ უნდა ეხელმძღვანელა ამავე კოდექსის 22-ე მუხლითა და 30-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით. ამასთან, პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სადავო შრომითი ხელშეკრულება შეწყდა გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. მოსარჩელის საქმიანობის შეფასებისათვის სასამართლოს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭებინა, ვინაიდან მუშაკთან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმების საკითხის გადაწყვეტა საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის პრეროგატივას წარმოადგენდა. სადავო შრომითი ხელშეკრულება მხარეთა შორის ვადამდე კი არ მოშლილა, არამედ შეწყდა კონტრაქტის ვადის ამოწურვასთან ერთად. სასამართლომ კი მითითებული გარემოება არასწორად შეაფასა. პალატამ დაარღვია სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა და გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ვინაიდან წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მ.გ-ძე მოითხოვდა, რომ სადავო ურთიერთობაზე გავრცელებულიყო შრომის კანონთა კოდექსის არა 22-ე მუხლის პირველი ნაწილი და 24-ე მუხლის მეორე ნაწილი, არამედ 30-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე» ქვეპუნქტი. აპელანტი მიიჩნევდა, რომ იგი იყო სადავო თანამდებობაზე გადაყვანილი და უარყოფდა მსჯელობას მისი გამოსაცდელი ვადით სამუშაოზე მიღების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა და თავისი მოტივაცია დააყრდნო სწორედ იმ გარემოებას, რომ აპელანტი საცდელი ვადით დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლდა. პალატამ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს, არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან იმსჯელა მხოლოდ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე და არანაირი შეფასება არ მიუცია მოპასუხის შუამდგომლობით მიწვეულ მოწმეთა განმარტებებისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემული გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა გამოიხატება იმაში, რომ სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია და შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლომ მ.გ-ძის სამუშაოდან განთავისუფლება, საგამოცდო ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, უკანონოდ მიიჩნია იმ დასაბუთებით, რომ საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია მ.გ-ძისათვის დანიშნულ საგამოცდო ვადაში მის მუშაობას სისტემატურად არ აანალიზებდა და არ აფასებდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა რა პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმზე, რომელშიც ასახულია მ.გ-ძის მიერ ჩატარებული ერთი გაკვეთილის შეფასება, ჩათვალა, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებები არ იყო საკმარისი მ.გ-ძის პედაგოგიური საქმიანობის შესაფასებლად.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებით ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ, კასატორის მიერ მოწმეებად დასახელებული პირების: ბაღის გამგის, მეთოდისტის, პედაგოგის, ბუღალტრის, ჯგუფის ძიძისა და ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის ჩვენებები, რომლებიც ახასიათებდნენ მ.გ-ძის დამოკიდებულებას საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან.
სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ბრძანებით მ.გ-ძე ... საბავშვო ბაღში სამუშაოდ მიღებულ იქნა გამოსაცდელი ვადით, რომელიც განისაზღვრა ექვსი თვით. მხარეთა შორის რაიმე დათქმა, თუნდაც გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებლად დამთავრების შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობის სავალდებულოდ გაგრძელების თაობაზე არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, თუ საქმის გარემოებები სათანადოდ არ არის გამოკვლეული, სსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებათა ზუსტად და ამომწურავად გამოკვლევისა და ანალიზის შემდეგ უნდა იმსჯელოს გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს საპატრიარქოს ბათუმისა ... საბავშვო ბაღის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.