№11481-13 6 აპრილი, 2013 წელი
წ-ე ვ.- 11481-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - დ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. წ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
ვ. წ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 22 აგვისტოდან 2011 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით, სულ 3 დღე.
მასვე სსკ-ის 41-44-ე მუხლების თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 საათი, რომლის სახის განსაზღვრაც დაევალა პრობაციის ბიუროს.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სსიპ – პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მსჯავრდებულ ვ. წ-ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. წ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ვ. წ-ე გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობით მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისგან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. წ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მისი დანაშაულებისათვის სწორად მისადაგება და ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ კანონით ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლით, რომლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ამ კანონის მე-19 მუხლის გამოყენებაზე, ვინაიდან მსჯავრდებულ ვ. წ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. წ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი