Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-728(კ-22) 26 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - თ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ. ს-ემ 2020 წლის 4 მაისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 5 მარტის №11-02/03 ოქმის №07 გადაწყვეტილების თ. ს-ეის ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის თ. ს-ეის სასარგებლოდ ქობულეთში, სოფელ ...ში მდებარე 323 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 5 მარტის №11-02/03 ოქმის №07 გადაწყვეტილება; ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ქობულეთში, სოფელ ...ში, 323 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-ემ.

კასატორის მითითებით, როგორც კომისიის სხდომაზე, ისე სასამართლოში საქმის განხილვისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა დოკუმენტები შენობა-ნაგებობის სახელმწიფოსადმი კუთვნილების თაობაზე. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, თითქოს მოსარჩელემ კომისიის სხდომაზე აღიარა, რომ მიწაზე არსებული ნაგებობები მისი აგებული არ არის.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა უფლებამოსილებას, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არ გადაამოწმა გამოცემული აქტის დასაბუთება მტკიცებულებების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით და დაეხმარა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული აქტის დასაბუთებაში. კასატორის მითითებით სადავო აქტსა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სრულიად სხვადასხვა საფუძვლებია მოცემული. კასატორის განმარტებით, მან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა კანონით გათვალისწინებული ყველა საბუთი და სხვა, დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მას არ მოეთხოვებოდა. შესაბამისად, კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორი ასევე მოითხოვს უზენაესმა სასამართლომ მოისმინოს სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, რათა დადგინდეს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული თ. ს-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თ. ს-ეისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ თ. ს-ეის მიერ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობა არ დასტურდებოდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

ხსენებული ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ. ს-ემ, როგორც დაინტერესებულმა პირმა, 2020 წლის 22 იანვარს №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა ქობულეთში, სოფელ ...ში მდებარე 323 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. განცხადებასთან ერთად მან წარადგინა პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ორი ფიზიკური პირის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება. თ. ს-ეის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია 2020 წლის 6 თებერვლის №... მიმართვით კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

ასევე დადგენილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 თებერვლის №... მიმართვის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც მოხდა სოფელ ...ში მდებარე 323 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების შედეგად და ასევე სხდომაზე უშუალოდ დაინტერესებული მხარის - თ. ს-ეის განმარტებით, მის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მდგარი შენობა-ნაგებობების ნანგრევები წარმოადგენდნენ სახელმწიფოს მიერ აგებულ შენობებს, რომლებშიც თავის დროზე განთავსებული იყო სამაშველო სამსახური. გარდა ამისა, ნაკვეთი აღმოჩნდა სრულიად მოუვლელი და მასზე არ ფიქსირდებოდა მისი სარგებლობის კვალი, ასევე, ნაკვეთი არ იყო შემოღობილი, არ ჰქონდა ფიქსირებული საზღვრები და არც თ. ს-ეის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთს წარმოადგენდა. ამდენად, თ. ს-ეს გასაჩივრებული საოქმო გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიცია, კერძოდ, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამდენად, მითითებული ნორმის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულოა, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი. ამასთან, სახეზე უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: თვითნებურად დაკავებულ მიწაზე განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), რაც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად მოიაზრებს მხოლოდ ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ეს შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), კანონის ამოქმედების პერიოდამდე აგებული უნდა იყოს უშუალოდ განმცხადებლის (მოთხოვნის მქონე პირი) ან მისი მამკვიდრებლის (უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო უფლებაში შემავალ აქტივს) მიერ, ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე.

ამასთან, ზემოხსენებული კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სადავო საკითხის მომწესრიგებელი კანონის მიზნებიდან გამომდინარე, განმსაზღვრელია, რომ კანონის ამოქმედების მომენტში სახეზე იყოს ნივთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მფლობელობა. მფლობელობა კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამგვარად, მფლობელობა ნივთზე ფაქტობრივ „ბატონობას“, ნივთის, როგორც საკუთარის მართვა-გამგეობას გულისხმობს და ხორციელდება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მფლობელობის სახით, ნივთთან უშუალოდ ან სხვა პირთა მეშვეობით გარკვეული სივრცობრივი კავშირის შენარჩუნების გზით.

განსახილველ შემთხვევაში კი, სადავო მიწის ნაკვეთზე არ დადასტურდა თ. ს-ეის მხრიდან თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად წარმოადგენს სოფელ ...ის ზღვისპირა, სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ხარობს ასეთი ადგილისათვის დამახასიათებელი ტყის მცენარეები, ხე-ბუჩქები და ა.შ., არ არის შემოსაზღვრული ღობით, მასზე განთავსებული შენობა კი, ფაქტობრივად, დანგრეულია. ამდენად, არც მიწის ნაკვეთს და არც მასზე აღმართული შენობა-ნაგებობის ნარჩენებს ერთმნიშვნელოვნად არ ეტყობა მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის კვალი. აღნიშნული ვითარება დასტურდება ადგილზე დათვალიერებისას კომისიის მიერ შედგენილ შესაბამის დათვალიერების აქტში და ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილი ფოტოსურათებით. ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ის შენობა-ნაგებობა, რომლის ნანგრევებიც შემორჩენილია ამ მიწის ნაკვეთზე, არ წარმოადგენს არც თ. ს-ეის და არც მის წინაპართა (მამკვიდრებელთა) მიერ აგებულ შენობა-ნაგებობას.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მხარის საყურადღებოდ განმარტავს, რომ კომისიამ სრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, კერძოდ, მოუსმინა დაინტერესებულ პირს, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, უშუალოდ ადგილზე გასვლით დაათვალიერა მიწის ნაკვეთი, და შეადგინა ადგილზე დათვალიერების აქტი. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ კომისიამ, შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, სწორად დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ დგინდებოდა მოსარჩელის მხრიდან თვითნებურად დაკავების ფაქტი.

რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას მოწმეთა ჩვენებების სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაში არსებული განმარტება დამოუკიდებლად არ წარმოადგენს განმცხადებლის მოთხოვნის დამადასტურებელ უპირობოდ რელევანტურ მტკიცებულებას, მას არ აქვს უტყუარი მნიშვნელობა და მისი შეფასება ხდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ნიშანდობლივია, რომ განცხადების განხილვის მიზნით კომისია თავად იყო გასული ადგილზე, უშუალოდ დაათვალიერა მიწის ნაკვეთი, შეექმნა მასზე შინაგანი რწმენა და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიღო სადავო გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, განსახილველ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. პალატა მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დარღვეულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ხოლო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები სრულყოფილად იქნა გამოკვლეული.

ამასთან, საკასაციო პალატა კასატორს დამატებით განუმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო, საქმის განხილვისას, სრულყოფილად სწავლობს საქმეში არსებულ მასალებს, სასამართლო სხდომის ოქმებს და მათთან შესაბამისობაში იღებს გადაწყვეტილებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. ს-ეის საკასაციო საჩივარზე თ. კ-ეს 13.07.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. კ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. ს-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.

3. თ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს თ. ს-ეის საკასაციო საჩივარზე 13.07.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე