Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-782(კ-22) 26 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „თ...“

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

მესამე პირები - ე.ე-ი, შპს „ლ...“, დ.ა-ი

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება, ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2017 წლის 22 ნოემბერს სს „თ-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის, კანონით დადგენილ ვადაში, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების გატარების დავალება (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბერს გაცემული №2/2888-12 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მათ შორის, იძულებითი აუქციონის გამოცხადება იპოთეკით და გირავნობით დატვირთულ შემდეგ ქონებაზე: ა) ე.ე-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 2ა, ბინა 17, ს/კ ...; ბ) ე.ე-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 2ა, ბინა 18, ს/კ ...; გ) დ.ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 35, 3/12, ს/კ ...; დ) 2009 წლის 13 მაისის გირავნობის ხელშეკრულებით №... გირავნობით დატვირთული შპს ,,ლ...ს“ საკუთრებაში არსებული სასაქონლო მარაგები (ტელევიზორები, მუსიკალური ცენტრები, კომპიუტერები, ფოტოაპარატები, მუსიკალური ტექნიკა და სხვა)) და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის სს „თ...ს“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა (აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობის - 923, 397. 40 აშშ დოლარის და გაწეული ხარჯის - 60, 563.81 წლიური 8.6 %-ის ოდენობის, 2016 წლის 27 ოქტომბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.09.2012 წელს გაცემულ №2/2888-12 სააღსრულებო ფურცელში მითითებული ყველა ქონების აუქციონის მეშვეობით რეალიზაციამდე).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „თ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 10 სექტემბერს გაცემული №2/2888-12 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულება შემდეგ ნაწილში: დავალიანების დაფარვის მიზნით სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთული შემდეგი ქონების - 2009 წლის 13 მაისის გირავნობის №... ხელშეკრულებით შპს „ლ...ს“ საკუთრებაში არსებული, გირავნობით დატვირთული სასაქონლო მარაგების (ტელევიზორები, მუსიკალური ცენტრები, კომპიუტერები, ფოტოაპარატები, მუსიკალური ტექნიკის და სხვა) სარეალიზაციოდ მიქცევა; დანარჩენ ნაწილში სს „თ-ს“ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე.ე-მა, შპს „ლ-მა“, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ და სს „თ-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი, ხოლო 2021 წლის 10 მარტის განჩინებით ე.ე-ის და შპს „ლ-ს“ სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ, ხოლო სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინება ასევე კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე.ე-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებებით ე.ე-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლისა და 10 მარტის განჩინებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით სს „თ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „თ-მა“.

კასატორის მითითებით, სააღსრულებო წარმოების შეჩერების კანონიერად მიჩნევის გამო, ქვედა ინსტანციის სასამართლომ გამორიცხა კრედიტორი ბანკისთვის მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი. სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე სარეალიზაციო უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის ხელშემშლელი გარემოება არ არსებობდა. კასატორის მითითებით, აღნიშნული ორწლიანი პერიოდი სრულიად საკმარისი იყო ქონების რეალიზაციისთვის. ამ პერიოდში შეფასდა კიდეც ქონება, თუმცა გაურკვეველი მიზეზით აუქციონი არ დაინიშნა. სწორედ ქონების რეალიზაციის დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის პერიოდში სააღსრულებო ბიუროს უმოქმედობამ გამოიწვია კრედიტორი ბანკისთვის ზიანის მიყენება.

კასატორის განმარტებით, მართალია, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს აღსრულების ვადას, მაგრამ ითვალისწინებს კონკრეტული მოქმედების გასატარებლად საჭირო ვადებს, კერძოდ, კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბიუროს, ქონებაზე ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში უნდა ჩაეტარებინა იძულებითი აუქციონი, ხოლო ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, აღმასრულებელს სააღსრულებო წარმოების დაწყებისთანავე უნდა დაეწყო ქონების მოძიება, აღწერა, დაყადაღება.

რაც შეეხება მოძრავ ნივთებს, კასატორის მითითებით, მართალია, სასამართლომ სააღსრულებო ბიუროს დაავალა აღნიშნული ნივთების რეალიზაცია, მაგრამ არ დააკისრა აღსრულების რვაწლიანი გაჭიანურების გამო ზიანის ანაზღაურება. ამასთან, მოძრავი ნივთების განადგურება/მოუძიებლობა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობით არის გამოწვეული, ვინაიდან მან არ განახორციელა გირავნობის საგნის რეალიზაციისათვის საჭირო მოქმედებები სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს, სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ყველა ქონების რეალიზაციამდე უნდა დაეკმაყოფილებინა კასატორისათვის ზიანის ანაზღაურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „თ...ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „თ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ხსენებული ნორმატიული აქტის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (25.1 მუხლი).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 27 დეკემბერს სს „...ამ“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბრის №2/2888-12 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მოთხოვნით. ასევე დადგენილია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლის აღსრულების მიზნითაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, შპს „ლ-ს“, ე.ე-ს, დ.ა-სა და ა.ა-ს - სს „...ას“ სასარგებლოდ სოლიდარულად ჰქონდათ დაკისრებული თანხის გადახდა, რისთვისაც (დავალიანების დაფარვის მიზნით) სარეალიზაციოდ უნდა მიქცეულიყო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონება, მათ შორის, ე.ე-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე, ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №2ა, ბინა 17, საკადასტრო კოდი: ...; ე.ე-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე, ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №2ა, ბინა 18, საკადასტრო კოდი: ...; დ.ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე, ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №35, 3/12, საკადასტრო კოდი: ... და ასევე, 2009 წლის 13 მაისის გირავნობის ხელშეკრულებით №... გირავნობით დატვირთული შპს „ლ...ს“ საკუთრებაში არსებული სასაქონლო მარაგები (ტელევიზორები, მუსიკალური ცენტრები, კომპიუტერები, ფოტოაპარატები, მუსიკალური ტექნიკა და სხვა).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სააღსრულებო წარმოების ეტაპებზე, კონკრეტულად, კანონის 251 მუხლით თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია: ა) აღსრულების დაწყება; ბ) ქონებაზე ყადაღის დადება; გ) აუქციონის ჩატარება; დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა. ამავე კანონის 25-ე მუხლიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, რომელსაც ეცნობება მისი უფლება-მოვალეობები, იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები და შეეთავაზა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება. ამასთან, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. გარდა ამისა, მითითებული კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილია აღმასრულებლის ვალდებულება მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

საკასაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კრედიტორის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბრის №2/2888-12 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, ეტაპობრივად განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები, კერძოდ, მოვალეებს გაეგზავნათ და ჩაბარდათ წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ; აღმასრულებლის 2013 წლის 17 იანვრის №A12076591-008/001 მიმართვის საფუძველზე, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებებზე, საკადასტრო კოდით №..., №..., №..., №..., განხორციელდა ყადაღის რეგისტრაცია; 2013 წლის 19 თებერვალს, 25 მარტს და 26 მარტს აღმასრულებლის მიერ შედგა უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტები და ამასთან, აღმასრულებლის მიმართვების საფუძველზე განხორციელდა №..., №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შეფასება.

აღსანიშნავია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის №12/8055-18 განჩინებით რეგისტრირებული ყადაღის არსებობის გამო, №..., №... და №... საკადასტრო კოდით მესამე პირთა მიმართ რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე შეჩერდა 2012 წლის 10 სექტემბრის №2/2888-12 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისა, უძრავი ნივთების რეალიზაცია იძულებით აუქციონზე ვერ განხორციელდა.

საკასაციო სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აღინიშნოს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკანონმდებლო რეგულაცია, რომლის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იყო აღსრულება შეეჩერებინა განსაკუთრებულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016წ. №1/2/596 გადაწყვეტილებიდან (საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გამომდინარე, რის საფუძველზეც, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2016 წლის 27 ოქტომბრის №1009 ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოაცხადა ზემოაღნიშნული სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები. სწორედ აღნიშნული პერიოდიდან მიიჩნევს მოსარჩელე სააღსრულებო მოქმედებების განუხორციელებლობას კანონშეუსაბამოდ და თვლის, რომ ადგილი ჰქონდა სააღსრულებო წარმოების ხელოვნურად გაჭიანურებას.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის 26 იანვრის წერილით საქართველოს მთავარ პროკურატურას ეთხოვა წერილობითი პოზიციის წარდგენა აღსრულების გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე სააღსრულებო ფურცლით რეალიზაციას დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებით, თუმცა საპასუხო დოკუმენტი ან პროკურორის წერილობითი თანხმობა საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ №..., №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, სახეზეა სააღსრულებო წარმოების შეჩერების სავალდებულო საფუძველი, ასევე იმ პირობებში, როდესაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს ამ ქონებაზე არც პროკურორის წერილობითი თანხმობა მიუღია, ხოლო მოსარჩელე მხარე ვერ მიუთითებს 2012 წლის 10 სექტემბრის №2/2888-12 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების განახლების საფუძვლებზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ...ს“ მოთხოვნა მოპასუხისათვის №..., №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მიმართ იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების გატარების დავალების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი მართებულად არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციოს სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად. ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი უკანონო მოქმედების უშუალო შედეგი.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მხარის საყურადღებოდ განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული უძრავ ნივთებთან მიმართებით მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეჩერება და დადგინდა, რომ არ არსებობდა სააღსრულებო წარმოების გაგრძელების წინაპირობები, აღნიშნულით ასევე საფუძველი გამოეცალა ზიანის სახით მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასაც.

რაც შეეხება თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის მოძრავი ნივთების რეალიზაციის დაყოვნების გამო სააღსრულებო ბიუროსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიას, პალატა მიუთითებს, რომ 2009 წლის 13 მაისის №593791–1 გირავნობის ხელშეკრულებით შპს „ლ...ს“ საკუთრებაში არსებული და გირავნობით დატვირთული არაიდენტიფიცირებადი მოძრავი ქონების - სასაქონლო მარაგების (ტელევიზორები, მუსიკალური ცენტრები, კომპიუტერები, ფოტოაპარატები, მუსიკალური ტექნიკა და სხვა) რეალიზაცია, სააღსრულებო წარმოების გაგრძელების მიუხედავად ვერ განხორციელდა, ვინაიდან დადგინდა, რომ აღნიშნული სასაქონლო მარაგები სხვადასხვა მიზეზებით აღარ არსებობდა. ამგვარად, სახეზეა ვითარება, როდესაც არ არის განსაზღვრული ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი, რომელსაც დროული აღსრულების ფარგლებში მიიღებდა მოსარჩელე, ასევე არ დგინდება თუ რა პერიოდიდან არ არსებობს გირავნობის საგანი და აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების პირობებში, რა ფარგლებში იყო შესაძლებელი კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის სასარგებლოდ დატვირთული იყო არაიდენტიფიცირებადი მოძრავი ქონება სასაქონლო მარაგების სახით, რაც, თავის მხრივ, არის საქონელი, რომელიც შემდგომში სარეალიზაციოდაა განკუთვნილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შეუძლებლობასთან დაკავშირებით იმ ვითარებაში, როდესაც არ არის განსაზღვრული გირავნობის საგნის რეალიზაციის დაბრკოლებით გამოწვეული ზიანის ოდენობა ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის. ამრიგად, პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოს პოზიციას სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარზე სს „თ-ს“ 08.08.2022წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „თ-ს“ (ს/კ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „თ-ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება.

3. სს „თ-ს“ (ს/კ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე 08.08.2022წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე