Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-984(კ-22) 26 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი) - ნ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ე...“

მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს „ე...მ“ 2020 წლის 16 მარტს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 3 სექტემბრის №18/518/2018 განკარგულებისა და ამავე კომისიის საკუთრების უფლების №151/2018 მოწმობის ბათილად ცნობა, რომლითაც ტ. გ-ის საკუთრებაში გადაეცა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების (4705 კვ.მ) მიწის ნაკვეთი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით ტ. გ-იის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. გ-ი. პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას მესამე პირად ჩაბმულმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით სს „ე...ს“ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელე სს „ე...ს“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს განჩინებით სს „ე...ს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ე...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ე...მ“.

საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, სს „ე...მ“ მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 3 სექტემბრის №18/518/2018 განკარგულებისა და ამავე კომისიის 2018 წლის 3 სექტემბრის №151/2018 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე (4705 კვ.მ) გამავალი ელექტრო გადამცემი ხაზის დაცვის ზონის 217 კვ.მ-ის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სს „ე...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ე...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 3 სექტემბრის №18/518/2018 განკარგულება ქ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 4705 კვ.მ) ტ. გ-იის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, მასზე გამავალი ელექტრო გადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 217 კვ.მ-ის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2022 წლის 4 მაისის სასამართლოს სხდომაზე წარდგენილი ორთოფოტოს/ნახაზის მიხედვით. ასევე ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2018 წლის 3 სექტემბრის საკუთრების უფლების მოწმობა №151/2018 წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში გათვალისწინებულ ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-იმა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად შეფასებული გარემოებების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად გააუქმა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს რომ პირველ ინსტანციაში დაფიქსირებული სასარჩელო მოთხოვნა, მათ შორის, საკუთრების უფლების დადგენისა და რეგისტრაციის თაობაზე, ემყარებოდა სულ სხვა დასაბუთებას. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს. კასატორი მოითხოვს, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ტ. გ-იისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კანონიერება მასზე გამავალი ელექტრო გადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 217 კვ.მ-ის ნაწილში.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივლისს ტ. გ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 4705 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით ასევე დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 4705 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ერთი საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობა და სამი დამხმარე შენობა-ნაგებობა. 2018 წლის 26 ივლისის №428160/17 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ გარდაბნის რაიონის მერძევეობა-მებოსტნეობის ს/მეურნეობის 1982 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო (სახნავი) მიწის ფართობს. ტ. გ-იმა განცხადებას დაურთო ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლებითაც გ. ა-ი, მ. ა-ი, გი. ა-ი და ბ. გ-ი ადასტურებენ ტ. გ-იის მიერ 1980 წლიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4705 კვ.მ მიწის ნაკვეთის უწყვეტად ფლობას (შენობა-ნაგებობებით).

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 31 ივლისის №... მიმართვით, ტ. გ-იის განცხადება შესასწავლად გადაუგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლის 2018 წლის 3 სექტემბრის №18/518/2018 სადავო განკარგულებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე (4705 კვ.მ მიწის ნაკვეთი) აღიარებულ იქნა ტ. გ-იის საკუთრების უფლება. კომისიის 2018 წლის 3 სექტემბრის №151/2018 საკუთრების უფლების მოწმობის თანახმად, ტ. გ-ის საკუთრებაში გადაეცა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4705 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით: აშენებული ერთსართულიანი საცხოვრებელი - 73 კვ.მ, ერთსართულიანი აშენებული დამხმარე ფართი - 48 კვ.მ, ერთსართულიანი აშენებული დამხმარე ფართი - 28 კვ.მ, ერთსართულიანი აშენებული დამხმარე ფართი -18 კვ.მ. საკუთრების მოწმობის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბერს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და ამავე დღეს მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მიწის ნაკვეთს მიენიჭა საკადასტრო კოდი - ....

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა - ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

დასახელებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

პალატა აღნიშნავს, რომ საკითხის მომწესრიგებელი კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 51 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოთვლის დაინტერესებული პირის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენ დოკუმენტაციას, სახელდობრ: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, აგრეთვე იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეთხოვათ საკუთრების უფლების აღიარება. ამასთანავე, სადავო პერიოდში, კანონით გათვალისწინებული იყო შემზღუდველი გარემოებებიც, რომლის არსებობის შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარებოდა თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თუ მასზე განთავსებული იყო საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები (მითითებული კანონის 3.2 მუხლი).

ნიშანდობლივია, იდენტურ შემზღუდველ რეგულაციას არამხოლოდ ზემოხსენებული კანონის ამჟამად მოქმედი რედაქცია, არამედ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესიც შეიცავს, რომლის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, წყალარინების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები.

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს CD დისკისა და ასევე, მატერიალური სახით წარდგენილ ორთოფოტოზე/ნახაზზე, რომლითაც ცალსახად დასტურდება 2016 წლის მდგომარეობით, სადავო მიწის ნაკვეთზე ერთი ბოძისა და ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა. ასევე აღსანიშნავია საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრების მიერ ხელმოწერილი 2020 წლის 14 მაისის ადგილზე დათვალიერების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ „მიწის ნაკვეთი ნამდვილად მდებარეობს სოფელ ...ში, იგი განთავსებულია სავალი გზის გვერდით, გზასა და ნაკვეთს შორის გადის სადრენაჟე არხი, მიწის ნაკვეთი სავალი გზიდან დაშორებულია დაახლოებით 13-14 მეტრით, ნაკვეთზე განთავსებულია ელექტროენერგიის ბოძები, რომლებიც, მერიის წარმომადგენლის განმარტებით, ჩაიდგა დაახლოებით ბოლო 1 წლის განმავლობაში. ოქმის თანახმად, ძველი ბოძი იდგა არხის პირას, და არა ტ. გ-იის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. შემდგომ მოხდა ძველი ბოძის გაუქმება და ჩაიდგა ორი ახალი ბოძი, რომელიც განთავსდა კომისიის მიერ აღიარებულ ნაკვეთზე“.

საკასაციო სასამართლოს ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-698-698(კ-18) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ „დღევანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთზე კონკრეტულ პერიოდში უძრავი ქონების არსებობა - არარსებობის ფაქტის დადგენა ობიექტური რეალობის ამსახველი მტკიცებულებების - ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღების) მეშვეობით არის შესაძლებელი. ამასთან, გარემოებები, რომლებიც შესაძლებელია დადასტურდეს კონკრეტული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურებული და, მით უფრო, უარყოფილი იქნეს სხვა სახის მტკიცებულებით. საგულისხმოა, რომ მოწმის ჩვენება ვერბალური ხასიათის მტკიცებულებაა, რომელიც ნოტარიულად დამოწმებული განცხადების სახით იურიდიულ ფორმას იძენს. ამგვარი მტკიცებულებით გადმოიცემა მოწმეთა მიერ სუბიექტური თვალით დანახული რეალობა, რომლის ნამდვილობაც განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, სწორედ ობიექტურად არსებული გარემოებების ამსახველ, ზემოხსენებული კანონითა და წესით გათვალისწინებული დოკუმენტებით დადგენილ მოცემულობასთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს“. ამავე გადაწყვეტილებით განიმარტა, „სასამართლო არ არის შეზღუდული შეაფასოს კონკრეტულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულების მტკიცებითი ძალა, მეტიც, აღნიშნული სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს. მოწმეთა ჩვენებასა და ორთოფოტოთი, როგორც ობიექტური რეალობის ამსახველი მტკიცებულებით, დადგენილ რეალობას შორის წინააღმდეგობის არსებობის პირობებში, უპირატესობა სწორედ ორთოფოტოთი განსაზღვრულ მოცემულობას უნდა მიენიჭოს, რამდენადაც აღნიშნული მტკიცებულებით ასახული მდგომარეობა ობიექტურად დადასტურებულია, რომელიც შესაძლოა გაქარწყლდეს ან მისი მართებულობა ეჭვქვეშ დადგეს არა სუბიექტური ინფორმაციის შემცველი მოწმის ჩვენებით, არამედ მხოლოდ იმავე მტკიცებითი ძალის, ობიექტური გარემოებების ამსახველი მტკიცებულებებით“.

შეფასების მიღმა არ უნდა დარჩეს ის საკითხი, რომ სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარება ტ. გ-იის სახელზე განხორციელდა 2018 წლის 3 სექტემბრის №18/518/2018 განკარგულების საფუძველზე, ხოლო 2020 წლის 14 მაისის ადგილზე დათვალიერების ოქმი ვერ ადასტურებს და ვერც უარყოფს აღიარებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე 2018 წლის მდგომარეობით ელექტროენერგიის ბოძებისა და ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა-არარსებობას. საქმეზე არ არის წარმოდგენილი, ადგილზე დათვალიერების 2018 წლის (საკუთრების უფლების აღიარების მომენტი) იმგვარი ოქმი, რომელიც ელექტრო ბოძებისა და ელექტროგადამცემის ხაზების არსებობა-არარსებობას მიწის ნაკვეთის ტ. გ-იის სახელზე საკუთრების უფლებით აღიარების მომენტისათვის ცალსახად დაადასტურებდა.

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, სადავო საკითხზე მსჯელობისას, განმარტოს, რომ მოწმის ჩვენება ფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დასადასტურებლად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები საწინააღმდეგოს ადასტურებს. ქვედა ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები (CD დისკი, ორთოფოტო, ნახაზი) მეორეხარისხოვან მტკიცებულებად აქცევს ტ. გ-იის მიერ კომისიაში წარდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ მოწმეთა განცხადებებს/ხელწერილებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მხარის საყურადღებოდ განმარტავს, რომ ტ. გ-ის არ გააჩნდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 4705 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად, კონკრეტულად კი, 217 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში საკუთრების უფლების აღიარების კანონისმიერი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს პოზიციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 4705 კვ.მ) ტ. გ-იის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 3 სექტემბრის №18/518/2018 განკარგულებისა და ამავე მიწის ნაკვეთზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 217 კვ.მ-ს ნაწილში, ასევე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 3 სექტემბრის №151/2018 საკუთრების უფლების მოწმობის სადავო მიწის ნაკვეთის ფარგლებში ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარზე ნ. გ-ის 21.12.2022წ. №15496825378 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. გ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.

3. ნ. გ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე 21.12.2022წ. №15496825378 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე