Facebook Twitter

საქმე №ბს-491(კ-23) 20 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ლ.ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ლ.ბ-ის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა - ლ.ბ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის გადახდა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო ლ.ბ-ის (პ/ნ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქალაქი ..., „...“, (ს/კ ...) სასარჩელო მოთხოვნის - 3 000 ლარის ფარგლებში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლ.ბ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის ანაზღაურება 2 000 ლარის ოდენობით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

2023 წლის 27 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქმის წარმოების შეწყვეტა იშუამდგომლა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე - ლ.ბ-ი დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში და 2023 წლის 5 ივნისს მასთან გაფორმდა თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტზე (თუ სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს ან ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე აღნიშნული ვალდებულება წყდება თუ პირი დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1„ პუნქტზე მითითებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, დავის საგნის არარსებობის გამო, იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2021 წლის 17 ივნისს ლ.ბ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის №683 ბრძანებით დამტკიცებული №2927/21 კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ (ს.ფ. 25-32); ბ) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 24 მაისის MOD 3 22 00002094 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მე-... ...ის ...-ე ...ის ...ის ოცეულის ...ის ათეულის ...თა ჯგუფის ... (საშტატო კატეგორია „კაპრალ-სპეციალისტი“; შტატი N...; გვარეობის კოდი: ..., დუგ. კოდი: ....), ...ის რიგითი ლ.ბ-ი (სსსკ ძირითადი: ..., მეორადი: ...) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2022 წლის პირველი ივნისიდან. ბრძანების გამოცემის საფუძველია „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტი (პირადი პატაკით) (ს.ფ. 33); გ) მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 7.3 პუნქტით განსაზღვრული იყო „სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ, „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში), ჯარიმის სახით აენაზღაურებინა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ვინაიდან, ლ.ბ-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენს 11 თვეს და 14 დღეს, იგი ექცევა 7.3 პუნქტის რეგულირების სფეროში (ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში) და შესაბამისად ეკისრება ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნას წარმოადგენს, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, დაეკისროს ლ.ბ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს ან ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე აღნიშნული ვალდებულება წყდება თუ პირი დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 27 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტებით, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 5 ივნისის №MOD 2 23 00001976 ბრძანებით უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხე - ლ.ბ-ი (...ის რიგითი ლ.ბ-ი) გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ...ის ბატალიონის ...ის ასეულის ...ის ...ის ...ად (საშტატო კატეგორია „კაპრალ-სპეციალისტი“; შტატი №...; გვარეობის კოდი: ..., დუგ. კოდი: ....).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს დავის საგანი, რის გამოც, მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. ამასთან, მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს ერთმევათ შესაძლებლობას, ხელმეორედ მიმართონ სასამართლოს იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

აღნიშნულის საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, ვინაიდან წინამდებარე საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შესაბამისად უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ლ.ბ-ის (პ/ნ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქალაქი ..., „...“, (ს/კ ...) სასარჩელო მოთხოვნის - 3 000 ლარის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე დავის საგნის არ არსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განჩინება და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ლ.ბ-ის (პ/ნ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქალაქი ..., „...“, (ს/კ ...) სასარჩელო მოთხოვნის - 3 000 ლარის ფარგლებში.

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა, დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე