Facebook Twitter
№ბს-468(კ-23) 22 სექტემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. რ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ... წლის 2 ივლისს ქუთაისის №... მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული №... დაბადების აქტის ჩანაწერი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით ა. რ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ა. რ-იმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 19 თებერვლის №... გადაწყვეტილება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის №01/107009/გ გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ... წლის 2 ივლისს ქუთაისის №... მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული №... დაბადების აქტის ჩანაწერი და ძალაში დარჩეს ... წლის ...ის №... დაბადების აქტის ჩანაწერი ა. რ-ის (პ/ნ ...) სახელზე;

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. რ-ის (პ/ნ ...) სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის მომენტიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 19 თებერვლის №... გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის №01/107009/გ გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი ... წლის 2 ივლისს ქუთაისის №... მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული №... დაბადების აქტის ჩანაწერი და ძალაში დარჩა ... წლის ...ის №... დაბადების აქტის ჩანაწერი ა. რ-ის (პ/ნ ...) სახელზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, ქუთაისის №... მმაჩის განყოფილების მიერ ... წლის 2 ივლისის №... დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას მოქმედი საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის (დამტკიცებულია საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივნისის კანონით) 168-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დაბადების რეგისტრაცია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში ხდებოდა ბავშვის დაბადების ადგილის, მშობლების ან ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე კოდექსის 170-ე მუხლი კი განსაზღვრავდა, რომ განცხადება ბავშვის დაბადების შესახებ უნდა შეტანილიყო დაბადებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში. იდენტურ რეგულაციებს ითვალისწინებდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1971 წლის 9 მარტის №133 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქციის“ მე-10 და მე-18 პუნქტები. დასახელებული ინსტრუქციის მე-20 პუნქტის თანახმად კი, დაბადების რეგისტრაციის დროს უნდა წარდგენილიყო დაბადების ფაქტისა და დროის დამადასტურებელი ცნობა სამშობიარო სახლიდან, მშობელთა (მშობლის) პირადობის დამადასტურებელი საბუთი და მშობელთა ქორწინების მოწმობა. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ანალიზის შედეგად, ირკვევა, რომ ... წლის ...ს ქუთაისის №... მმაჩის განყოფილების მიერ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, როგორც რეგისტრაციის ვადისა და ადგილის, ისე წარსადგენი დოკუმენტაციის ნაწილში.

კასატორის განმარტებით, სზაკ-ის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა არ არის სახეზე, კერძოდ, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. იმ პირობებში, როდესაც ... წლის ...ს ქუთაისის №... მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული დაბადების აქტის №... ჩანაწერის პირველ და მეორე ეგზემპლარებზე, რომელთა მონაცემები იდენტურია, განმცხადებელია თ. რ-ი, ასევე ... წლის ...ს, ა. რ-ის მიმართ მესტიის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებულია დაბადების აქტის №... ჩანაწერი, რომლის თანახმად, ბავშვი დაბადებულია ... ან ... წლის (ციფრს შეცვლილი აქვს დაბოლოება და იგი შეიძლება წაკითხულ იქნეს ორგვარად) ...ს, ქუთაისში, რომელზეც განმცხადებელი, ასევე თ. რ-ია, სასამართლოს არ ჰქონდა კანონიერი ნდობის პრინციპის გამოყენების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი წინაპირობები. იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით, სწორედ მშობელს ევალებოდა დაბადების აქტის რეგისტრაციის თაობაზე განცხადების წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში და აქტის რეგისტრაცია, თ. რ-იმა კი, იმოქმედა კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ და დაბადების აქტის ჩანაწერი, რომელიც თავისივე განცხადების საფუძველზე, რეგისტრირებული იყო ... წელს, განმეორებით დაარეგისტრირა 2 წლის შემდეგ - ... წელს. შესაბამისად, მესტიის მმაჩის განყოფილების მიერ ... წლის ...ს რეგისტრირებული დაბადების აქტის №... ჩანაწერის მიმართ დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობის პრინციპის მოქმედება გამორიცხულია თავიდანვე, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად, ერთხელ უკვე რეგისტრირებული იყო დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და განმეორებით რეგისტრაციას კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, მითითებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას საფუძვლად დაედო თ. რ-ის უკანონო ქმედება. გაურკვეველია, საიდან მივიდა სასამართლო დასკვნამდე, რომ მესტიის მმაჩის განყოფილების მიერ ... წლის ...ს რეგისტრირებული დაბადების აქტის №... ჩანაწერის რეგისტრაციით კანონმდებლობა არ დარღვეულა, როდესაც კანონმდებლობის შესაბამისად, ერთხელ უკვე განხორციელებული იყო აქტის რეგისტრაცია და განმეორებით რეგისტრაციას კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.

სააპელაციო პალატამ ცალსახად გაიზიარა სააგენტოს პოზიცია, რომ №... დაბადების აქტის ჩანაწერი ნამდვილი მონაცემების მატარებელია, შესაბამისად, კანონიერია, მაგრამ მიზანშეწონილობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაშვებია კანონიერი აქტის ბათილად ცნობა იმ პირობებში, როდესაც ა. რ-ის აქვს სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტი იმ მონაცემებით, რომელიც არასწორია და ეყრდნობა ... წლის ...ის №... დაბადების აქტის ჩანაწერს. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით სახელმწიფო ინტერესია, რომ სააგენტოს სფეროს მარეგულირებელი აქტებით დადგენილი მოთხოვნებით შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერები შეიცავდეს ნამდვილ, რეალურ მონაცემებს. ცალკე ხაზგასასმელია ა. რ-ის ტყუპისცალი დის დაბადების აქტის ჩანაწერი (მესტიის მმაჩის მიერ რეგისტრირებული), რომელიც სააგენტომ არასწორი მონაცემების გამო ბათილად ცნო და ამ მონაცემებით გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გააუქმა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ა. რ-ითან ერთად დაიბადა მისი ტყუპისცალი და - მ. რ-ი. საქმის მასალებში წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ ა. რ-ი და მ. რ-ი ... წლის ...ს ქუთაისის №... მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული დაბადების აქტების №... და №... ჩანაწერის შესაბამისად, დაიბადნენ ... წლის ...ს, რაც, ასევე, დასტურდება ქუთაისის №... სამშობიარო სახლის სიმართლის წიგნით. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ... წლის ...ს, ა. რ-ის მიმართ მესტიის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული დაბადების აქტის №... ჩანაწერში, დაბადების რეგისტრაციის საფუძველია ექიმის ცნობა, რომელიც არ იძებნება. ასევე, არ იძებნება მესტიის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული დაბადების აქტის №... ჩანაწერის მეორე ეგზემპლარი.

კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, ა. რ-ის დაზუსტებულ მოთხოვნას წარმოადგენდა როგორც სააგენტოს გადაწყვეტილების, აგრეთვე, სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ისე იმსჯელა, მიიღო გადაწყვეტილება და ბათილად ცნო სააგენტოს გადაწყვეტილება და სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილება, რომ დავაში მხარეები (კონკრეტულად, იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური) არ განსაზღვრა სათანადო წესით.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტსა და მე-2 პუნქტზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თავად იყოს სასამართლოში მოპასუხე/მოსარჩელე და დამოუკიდებლად განახორციელოს საპროცესოსამართლებრივი უფლება-მოვალეობები მაშინ, როდესაც სტრუქტურულ ქვედანაყოფებს/ერთეულებს, თავად სააგენტო წარმოადგენს. (ანალოგიურ დებულებებს შეიცავდა 2020 წლის 27 თებერვლამდე მოქმედი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დამოუკიდებლად წარმოადგენენ სასამართლოში თავიანთ სამსახურს და დავის საგნის მოწესრიგება სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნებოდა, სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 19 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში მხარედ უნდა განსაზღვრულიყო სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) დაბადების მოწმობით VII TI №492176 (გაცემული განმეორებით, ... წლის ...ს, მესტიის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ) დგინდება, რომ ა. მ.-ის ძე რ-ი დაბადებულია ქუთაისში, ... წლის ...ს (აქტი №..., რეგისტრაციის თარიღი: ... წელი) (ს.ფ. 13); ბ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა განიხილა ა. რ-ის (პ/ნ ...) 2018 წლის 26 იანვრის განცხადება №..., რომლის თანახმად, ა. რ-ის მიმართ რეგისტრირებულია დაბადების აქტის ორი ჩანაწერი: აქტი №..., რეგ. ... წელს, ქუთაისის №... მმაჩის განყოფილების მიერ და აქტი №..., რეგ. ... წელს, მესტიის მმაჩის ბიუროს მიერ. განმცხადებელი მოითხოვდა ქუთაისის №... მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული №... დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობას, ვინაიდან ყველა დოკუმენტს ფლობდა მესტიის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული დაბადების აქტის ჩანაწერის საფუძველზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 19 თებერვლის №... გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ა. რ-ის მოთხოვნა მის მიმართ ... წლის ...ს ქუთაისის მმაჩის №... განყოფილების მიერ რეგისტრირებული №... დაბადების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე იმ მოტივით, რომ ქუთაისის მმაჩის №... განყოფილების მიერ ... წლის ...ს რეგისტრირებული დაბადების აქტის ჩანაწერი შესრულებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით. აქტი დამოწმებულია უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდით და ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის მიერ, აქტში არ შეიმჩნევა რაიმე გაყალბების ნიშნები, ქუთაისის ცენტრალურ არქივში იძებნება დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის კანონიერი საფუძველი, რომლითაც დასტურდება, რომ ა. რ-ი ნამდვილად დაბადებულია ... წლის ...ს (ს.ფ. 35-37); გ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის №01/107009/გ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. რ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 19 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ (ს.ფ. 38-41); დ) ... წლის ...ს ქუთაისის №... მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებულია დაბადების აქტის №... ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, რ-ი ა. დაბადებულია ... წლის ...ს, ქუთაისში, მამა - რ-ი მ. ა.-ს ძე, 27 წლის; დედა - რ-ი მ. ბ.-ს ასული, 20 წლის (ს.ფ. 104-105); ე) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის 2018 წლის 05 თებერვლის №13/23492 წერილის თანახმად, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ქუთაისის №... სამშობიარო სახლის სიმართლის წიგნით დასტურდება ... წლის ...ს მ. ბ.-ს (ასეა დოკუმენტში) ასული ნ-ე-რ-ის მამრობითი სქესის ნაყოფზე მშობიარობის ფაქტი (ს.ფ. 117); ვ) 1979 წლის 28 აპრილს რეგისტრირებულია მ. რ-ის და მ. ნ-ეის ქორწინების სააქტო ჩანაწერი №250, რომლის თანახმად, მ. ნ-ეემ ქორწინების შემდგომ მიიღო გვარი „რ-ი“ (ს.ფ. 109); ზ) ... წლის ...ს ა. რ-ის მიმართ მესტიის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებულია დაბადების აქტის ჩანაწერი №..., რომლის თანახმად, ბავშვი დაბადებულია ... ან ... წლის (ციფრს შეცვლილი აქვს დაბოლოება და იგი შეიძლება წაკითხულ იქნეს ორგვარად) ...ს, ქუთაისში. დაბადების რეგისტრაციის საფუძველია ექიმის ცნობა (ს.ფ. 106); თ) ა. რ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში დაბადების თარიღის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №... გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ №... დაბადების სააქტო ჩანაწერში დაბადების თარიღში წელზე გადასწორების ნიშნები შეინიშნება, იკითხება ... წელიც, შესწორება არ არის სათანადო წესით დამოწმებული. ჩანაწერის მეორე ეგზემპლარი არ იძებნება. საქმეში წარმოდგენილი მოწმობის VII TI №492176 გაცემა ჩანაწერზე არ დასტურდება. დაბადების რეგისტრაციის საფუძველია ექიმის ცნობა, არ არის მითითებული ცნობის გამცემი სამედიცინო დაწესებულება და ცნობის გაცემის თარიღი. ჩანაწერის მონაცემებში «რამდენი ბავშვი დაიბადა“, მითითებულია, რომ დაიბადა „ტყუპი“. სამსახურის მიერ მოძიებულ იქნა ა. რ-ის დის - მ. რ-ის დაბადების აქტის ჩანაწერი №..., რომლის მიხედვით, მ. რ-ი დაბადებულია ... წლის ...ს. მშობელთა მონაცემებად მითითებულია: მ. ა.-ს ძე რ-ი, დაბადებული ... წლის ...ს, მ. ბ.-ს ასული რ-ი, დაბადებული ... წლის ...ს. ჩანაწერის მონაცემებში „რამდენი ბავშვი დაიბადა“, მითითებულია, რომ დაიბადა „ტყუპი“ (ს.ფ. 127-129);

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონის მიზნებისათვის სამოქალაქო აქტი განიმარტება, როგორც ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება (ა); სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს (ბ); სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია – სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია (გ).

დასახელებული კანონის 4.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.

ამავე კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დაბადება არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ.

მოცემული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები (1); პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა სამოქალაქო აქტის მატერიალურ ჩანაწერში მითითებული მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მონაცემები შეცვლილია ამ კანონით გათვალისწინებული წარმოების ფარგლებში (2).

ამავე კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა; ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; გ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი (1); საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის შეიძლება განისაზღვროს დაბადების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც (2).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ №... სააქტო ჩანაწერის მიხედვით გაცემული დაბადების მოწმობის საფუძველზე მოსარჩელეს განხორციელებული აქვს არაერთი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. ყველა ოფიციალურ საბუთსა და პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტში, მისი დაბადების თარიღად მითითებულია ... წლის ...ი, მათ შორის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულ ყველა დოკუმენტებში - დაბადების მოწმობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი), საქართველოს მოქალაქის პასპორტი, როგორც არაბიომეტრიული, ისე ბიომეტრიული. ამასთან, არ იკვეთება სზაკ-ის 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობა, რომელიც კანონიერ ნდობას გამორიცხავდა, განსაკუთრებით კი იმ დროის გათვალისწინებით, რაც გასულია აქტის გამოცემიდან.

რაც შეეხება კასატორის მითითებას, მოცემულ საქმეში ერთ-ერთი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის (2020 წლის 01 თებერვლიდან ამოქმედებული, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანების მიხედვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური) მხარედ მოუწვევლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამგვარ დარღვევას კი, წარმოდგენილ საქმეზე ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან სასამართლოში საქმის განხილვაში, როგორც მოპასუხე მხარე, მონაწილეობდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც ფლობდა სრულ პროცესუალურ უფლებებს განსახილველ საქმეში ემტკიცებინა მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გამოცემული აქტის კანონიერებაც, რაც მისი მხრიდან განხორციელდა კიდეც.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 07.04.2023წ. №07404 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.04.2023წ. №07404 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. მაკარიძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


თ. ოქროპირიძე