Facebook Twitter

ბს-851(კ-20) 30 დეკემბერი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „...ი“

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2020წ. განჩინება

დავის საგანი - ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის შესახებ ხელშეკრულების დადების და შემდგომი პროცედურების განხორციელების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 11.07.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიმართ აკრედიტაციის ხელშეკრულების დადებისა და აკრედიტაციის პროცედურების ჩატარების თაობაზე მოპასუხის დავალდებულების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აკრედიტაციის სისტემისა და პროცედურების დადგენა და აკრედიტაციის განხორციელება არის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რაც დასტურდება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონით (მე-11 მუხ.), პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით (96.4, 97.1 და 99.4 მუხ.), საქართველოს მთავრობის 01.12.2017წ. №511 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (1-ელი მუხ.) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულებით (მე-2 მუხ.). შპს „...მა“ აკრედიტაციის ცენტრში 27.05.2019წ. წარადგინა განცხადება, რომელიც დარეგისტრირდა და მიენიჭა ნომერი .... აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 03.10.2018წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „საკ 1.1 აკრედიტაციის სქემების და საერთო პროცედურების“ 5.2 და 7.2 მუხლების შესაბამისად განცხადების რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ განცხადება აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად იყო წარდგენილი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხის 02.07.2019წ. წერილით, კონკრეტული საფუძვლის მითითებისა და დასაბუთების გარეშე შპს „...ს“ უარი ეთქვა აკრედიტაციის ხელშეკრულებისა გაფორმებასა და მის საფუძველზე აკრედიტაციის პროცედურების დაწყებაზე. აკრედიტაციის ხელშეკრულების დადება ან დადებაზე უარი განეკუთვნება სახელშეკრულებო დავათა კატეგორიას, რომლის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო არის მხოლოდ სასამართლო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.11.2019წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 08.01.2018წ. №1-1/5 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 16.03.2010წ. №1–1/330 ბრძანებაში, დებულებას დაემატა დანართი N1, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისათვის განისაზღვრა დამატებითი პირობები. აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრისადმი მიმართვის უფლება აკრედიტაციის მაძიებელ პირს წარმოეშობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა თავად აკრედიტაციის უფლებას სამინისტრო ანიჭებს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ განცხადებით პირდაპირ მიმართა აკრედიტაციის ცენტრს და მას არ წარუდგენია ზემოაღნიშნული ხელშეკრულება, შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრს არ ჰქონდა უფლება, შპს „...ის“ მიერ წარდგენილი განცხადებისთვის მიეცა მსვლელობა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის არგუმენტაცია მისი უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და კანონით არის დაცული. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება აკრედიტაციის ხელშეკრულების დადებისა და აკრედიტაციის პროცედურების ჩატარების თაობაზე მოპასუხის დავალდებულების წინაპირობები. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2018წ. განჩინებაზე (საქმე №ბს-389-389(კ-18)) და აღნიშნა, რომ უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით გასწორდა დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების მიღების თარიღად მიეთითა 19.11.2019წ.. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2020წ. განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლზე, რომლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 08.01.2018წ. №1-1/5 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 16.03.2010წ. №1–1/330 ბრძანებაში, დებულებას დაემატა დანართი N1, რომლითაც განისაზღვრა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 08.01.2018წ. ბრძანებით ცვლილებების შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრისადმი მიმართვის უფლება აკრედიტაციის მაძიებელ პირს წარმოეშობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა თავად აკრედიტაციის უფლებას სამინისტრო ანიჭებს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს „...მა“ განცხადებით მიმართა აკრედიტაციის ცენტრს და მას არ წარუდგენია ზემოაღნიშნული ხელშეკრულება, შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრს არ ჰქონდა უფლება შპს „...ის“განცხადებისთვის მიეცა მსვლელობა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.04.2013წ. (საქმე №ბს-544-535(კ-12)), 23.09.2014წ. (საქმე №ბს-246-243(კ-14)) გადაწყვეტილებებზე, ასევე 05.07.2018წ. განჩინებაზე (საქმე №ბს-389-389(კ-18)) და აღნიშნა, რომ უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა ზემოთ მითითებულ საკასაციო სასამართლოს განჩინებაში ასახულ მსჯელობაზე, რომლითაც საკასაციო პალატა დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს განმარტებას კანონისა და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრძანების დებულებები ახდენენ კანონში მითითებული დანაწესების კონკრეტიზაციას, რაც ცხადია გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობის არსებობას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მოსარჩელის უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და კანონით არის დაცული. ინტერესი, რომელიც სცდილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. სარჩელით მოთხოვნილი ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან. ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მხარემ უნდა წარადგინოს მის მიერ მითითებული შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ამასთან, სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს არ მიუთითებია ისეთ გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს, შესაბამისად, მიიჩნია, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე სამართლებრივი შეფასება მისცა შპს „...ის“ კანონიერი ინტერესის არსებობა-არარსებობის საკითხს. სასამართლოს არ დაუდგენია რამდენად იყო აკრედიტაციის საგანი შპს „...ის“ განაცხადით მოთხოვნილი საკითხი, არ დადგენილა მოთხოვნილი ხელშეკრულების დადების დავალების საფუძვლის არსებობა. სასამართლოს არ უმსჯელია სზაკ-ით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მომწესრიგებელ ნორმებზე, არ დაუდგენია რეგისტრირებული განაცხადით დაწყებული პროცესის კუთვნილება სზაკ-ით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს უნდა აეხსნა თუ რა პროცესია ეს. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა 2018 წლიდან დაიწყო 01.12.2017წ. მთავრობის მიერ მიღებული №510 და №511 დადგენილებების საფუძველზე, შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციის საკითხებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა ჯერ არ არსებობს. კასატორმა აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია სსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული საფუძვლებით. ანალოგიურ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.01.2019წ. განჩინებაში აღინიშნა, რომ აკრედიტაციის ცენტრში განცხადების წარდგენით იწყება ადმინისტრაციული წარმოების პროცესი, რომლის ერთ-ერთი ეტაპი არის ხელშეკრულების გაფორმება და მის საფუძველზე შეფასების პროცედურების წარმართვა. გასაჩივრებულ განჩინებაში აკრედიტაციის პროცესზე საერთოდ არ არის მსჯელობა, რის გამო განჩინება დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგოა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინპექტირების ცენტრების აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკა არ არის ჩამოყალიბებული. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ უმსჯელია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციის პროცესზე, რაც საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.

კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება ინციდენტურ კონტროლთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან. აკრედიტაციის პროცედურების დადგენა არის მხოლოდ სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის კომპეტენცია, ხოლო აკრედიტაციის პირობები დაადგინა საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა, რომელსაც კანონით ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნია. აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. სასამართლომ იხელმძღვანელა არა საკანონმდებლო აქტით, არამედ საქმე გადაწყვიტა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოყენებით. ინციდენტურ კონტროლთან დაკავშირებით კასატრომა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე (საქმე №ბს-964-960(კ-17), 21.11.2017წ., საქმე №ბს-815-807(კ-16), 25.05.2017წ., საქმე №854-836(კ-12), 10.10.2013წ., საქმე №ბს-403-398(კ-12), 13.02.2013წ., საქმე №ბს-654-626(2კ-08), 11.03.2009წ.). კანონმდებლობა შებოჭილია კონსტიტუციით, კონსტიტუციით შექმნილი და განმტკიცებული სამართლებრივი წესრიგით, აღმასრულებელი ხელისუფლება კი კონსტიტუციის შესაბამისად მიღებული კანონებით, ანუ სამართლით (სუსგ 12.09.2019წ. საქმე №ბს-1020(კ-18)). სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია კოლიზიის არსებობასა და ინციდენტურ კონტროლზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე არაერთგზის იქნა სასამართლოს ყურადღება გამახვილებული. სასამართლომ გამოიყენა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.02.2020წ. გადაწყვეტილებით არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იქნა აღიარებული იმ საფუძვლით, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრების მარეგულირებელი ნორმის გამოცემაზე უფლებამოსილი ორგანო. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლო იყენებს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 01.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებას (08.01.2018წ. №1-1/5 ბრძანებით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) მაშინ, როდესაც ეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სწორედ სამინისტროს უფლებამოსილების ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.02.2020წ. გადაწყვეტილებით (საქმე №3/5468-19) ცნობილია არარა ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იმ საფუძვლით, რომ სამინისტრო არ არის კანონით უფლებამოსილი ორგანო გამოსცეს ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციის მარეგულირებელი რაიმე ნორმა.

კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე სამართლებრივი შეფასება მისცა შპს „...ის“ კანონიერი ინტერესის არსებობა-არარსებობის საკითხს, არ დაადგინა განცხადებით მოთხოვნილი საკითხის აკრედიტაციის საგნისადმი კუთვნილება, ასევე მოპასუხისთვის ხელშეკრულების დადების დავალების საფუძვლის არსებობა. აკრედიტაციის ცენტრისთვის განცხადების მიმართვისა და აკრედიტაციის მიღების გარეშე, ინსპექტირების ორგანო ვერ განახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ ინსპექტირებას, შესაბამისად, კანონიერი ინტერესი სახეზეა. კასატორი ყურადღებას ამახვილებს მისი განცხადების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეგისტრაციაში გატარებაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატა არ უთითებს საკანომდებლო ნორმას, რომლითაც პირის ინტერესი ასეთ შემთხვევაში არ არის კანონით დაცული. აკრედიტაციის გარეშე კასატორი ვერ აწარმოებს საქმიანობას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ ინსპექტირებას, რაც ადასტურებს პირდაპირ და უშუალო ზიანს. განსახილველი დავის ფარგლებში შეფასებას საჭიროებს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების ვალდებულების არსებობა, სზაკ-ით ადმინისტრაციული წარმოებისთვის დადგენილი წესებისა და პირობებისაგან განსხვავებული წესებისა და პირობების კანონქვემდებარე აქტით დადგენის შესაძლებლობა, ასევე ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საკანონმდებლო აქტებისა თუ ამ საკანონმდებლო აქტებთან წინააღმდეგობაში მყოფი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოყენების მართებულობა.

შპს „...ის“ კონსტიტუციური უფლება ადმინისტრაციულ წარმოებაზე (საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხ.) მოპასუხეს აკისრებს ვალდებულებას კანონით დადგენილი წესით დაიწყოს და ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც წარიმართება სამართლიანად და გონივრულ ვადაში. შპს „...ის“ განცხადება მოპასუხეს წარედგინა 27.05.2019წ.. სზაკ-ით დადგენილ ვადაში მოპასუხეს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა არ მოუთხოვია, შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრს ადმინისტრაციული წარმოება უნდა გაეგრძელებინა და გამოეცა აქტი აკრედიტაციის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სასკ-ის 34.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საკასაციო საჩივრის განხილვა დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე.

სსიპ აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ - აკრედიტაციის ცენტრმა წარმოდგენილ მოსაზრებაში აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონმდებლობის მოთხოვნის სრული დაცვითაა მიღებული. მოსაზრების ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებაში მინისტრის 08.01.2018წ. №1-1/5 ბრძანებით შეტანილი ცვლილების შედეგად აკრედიტაციისათვის დაწესდა სპეციალური რეგულაციები, რომელიც რელევანტური იყო იმ დროისათვის გატარებული რეფორმების ფარგლებში. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციაზე განაცხადს ვერ მისცემდა მსვლელობას, იმ პირთა განაცხადის გარდა, რომლებსაც სამინისტრომ გაუფორმა ხელშეკრულება. შპს „...მა“ განაცხადი წარმოადგინა 27.05.2019წ. (აკრედიტაციის ცენტრში რეგისტრაციის №..., 27.05.2019წ.) ისე, რომ სამინისტროსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება არ წარმოდგენილა. მოსაზრების ავტორი თვლის, რომ სასამართლოს უარი ხელშეკრულების დადების დავალებაზე და აკრედიტაციის პროცედურის ჩატარებაზე, საქმის გარემოებების შესწავლის საფუძველზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვითაა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უფლებების თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა არ იყო რეალური, ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.07.2018წ. განჩინებაზე (საქმე №ბს-389-389(კ-18)), რომელიც შეეხება მოცემული დავისგან განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს, სხვა ნორმატიულ აქტებს შორის ინციდენტური კონტროლის არსებობას, რაც იმთავითვე, შესაბამისი დასაბუთების გარეშე, არ გამორიცხავდა განსახილველ დავაში მოსარჩელის მიერ მითითებულ ნორმატიულ აქტებს („საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსსა და აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის აქტს) შორის წინააღმდეგობის არარსებობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზე სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისთვის, აკრედიტაციის ეროვნული სისტემა ემყარება ერთიან წესებსა და პრინციპებს, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სერტიფიკაციის ორგანოების, ინსპექტირების ორგანოების (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირის) აკრედიტაციას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლების გარეთ, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 96.1, 96.4 მუხ.). აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება. აკრედიტაციის ცენტრი, აკრედიტაციის მოწმობის გაცემით, ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისათვის (სადავო პერიოდში მოქმედი აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 03.10.2018წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1 - „აკრედიტაციის სქემები და საერთო პროცედურები“, 1.2 მუხ.), დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისათვის (ამჟამად მოქმედი აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 10.04.2020წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 - „აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურები“, მე-2 მუხ., 1-ელი პ., „ა“ ქვ.პ.). აკრედიტაციის პროცედურა მდებარეობს განმცხადებლის და სახელმწიფოს ინტერესების გადაკვეთის მიჯნაზე, აკრედიტაციის ინსტიტუტი არის აკრედიტაციასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ურთიერთობებზე სახელმწიფოს ზემოქმედების ერთ-ერთი საშუალება, რაც თავის მხრივ იძლევა მისი სახელმწიფო კონტროლის ფორმად განხილვის საშუალებას. როგორც წესი ლიცენზიისგან განსხვავებით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირისთვის განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭებას, აკრედიტაცია ასევე მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტულ სფეროში სუბიექტის კვალიფიკაციის დადასტურებას, ამასთანავე აკრედიტაცია უმეტესად არის სახელმწიფო ორგანოს მიერ სუბიექტის განსაკუთრებული უფლებამოსილების აღიარების (დადასტურების) პროცედურა, თავისი ბუნებით აკრედიტაცია არის სახელმწიფო რეგულირების განსაკუთრებული ფორმა, რომლის ფარგლებში სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო აღჭურავს გარკვეულ სუბიექტს განსაკუთრებული უფლებამოსილებით. აკრედიტაცია, როგორც ადმინისტრაციული სამართლის დამოუკიდებელი ინსტიტუტი გულისხმობს ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირების მექანიზმს, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობებს ერთის მხრივ სახელმწიფო ორგანოს, ხოლო მეორეს მხრივ განსაკუთრებული უფლებამოსილების მიღების მქონე სუბიექტს შორის (სუსგ 25.11.2022წ. საქმე Nბს-876(კ-20)). აკრედიტაციის პროცედურის გავლის შედეგად აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტაციის მოწმობის გაცემა ნიშნავს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ოფიციალურად აღიარებას შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განსახორციელებლად, შესაბამისად, პირველადი აკრედიტაციისას აკრედიტაციის ცენტრი ახდენს აკრედიტაციის მაძიებელი პირის კომპეტენტურობის შეფასებას. აკრედიტაციის ცენტრის მიერ კომპტენტურობის შეფასების ეტაპებს განსაზღვრავდა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 03.10.2018წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის სქემებისა და საერთო პროცედურების“ (საკ 1.1) 5.2 მუხლი (ძალადაკარგულია აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 16.10.2019წ. №01-1 ბრძანებით).

აკრედიტაციის ცენტრი შეიქმნა აკრედიტაციის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების“ 1.1 მუხ.). სხვადასხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელ პირთა აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული იმ წესებისა და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც ეფუძნება შესაბამის, აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონის მიზნების განსახორციელებლად გამოსცემს ნორმატიულ აქტებს – ბრძანებებს და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს − განკარგულებებს (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 97.1, 99.3 მუხ.). აკრედიტაციის ცენტრი შეიმუშავებს აკრედიტაციის წესებს და პროცედურებს (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების“ მე-2 მუხ., „მ“ ქვ.პ., მე-3 მუხ. მე-4 პ. „გ“ ქვ.პ.). მოსარჩელის მიერ აკრედიტაციის ცენტრში განცხადების წარდგენის დროისთვის მოქმედებდა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 03.10.2018წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის წესები და პროცედურები“ (ძალადაკარგულია სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 16.10.2019წ. №01-1 ბრძანებით). ზოგადად, წესსა და პროცედურაში მოიაზრება დადგენილ ქცევათა ერთობლიობა პირის მიერ მისი უფლებების რეალიზაციისა და მისთვის მოვალეობების დაკისრების მიზნით. საერთო წესის მიხედვით პროცედურა გულისხმობს საკითხის მსვლელობის და განხილვის წესს, უფლება-მოვალეობათა რეალიზაციისათვის თანმიმდევრულ წესრიგს. არსებობს პროცედურის შემოღების განსხვავებული საშუალებები (კანონი, რეგლამენტი, წესი, ინსტრუქცია და სხვ.). სზაკ-ით დადგენილი ზოგადი პროცედურები გამოიყენება სპეციალური მოწესრიგების არარსებობის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა პროცედურის სპეციალური მოწესრიგება, რაც ქმნის აკრედიტაციის მიმართ სპეციალურად დადგენილი წესის გამოყენების საფუძველს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ დებულებაში 08.01.2018წ. №1-1/5 ბრძანებით შეტანილი დამატებების შედეგად დებულებას დაემატა 21 მუხლი, რომლის თანახმად „ტექნიკური რეგლამენტის - „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 01.12. 2017წ. №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები განისაზღვრა დებულების №1 დანართით (დებულების 21 მუხლი და №1 დანართი გაუქმებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 03.02.2021წ. №1-1/27 ბრძანებით). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 08.01.2018წ. №1-1/5 ბრძანებით დამტკიცდა აგრეთვე სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დანართი №1, რომლითაც დადგინდა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები. ამ დანართით განისაზღვრა, რომ ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისთვის დამატებითი პირობების დადგენას, შესარჩევი პროცესის წარმართვას და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ამავე დებულებით დადგენილი წესით. აღნიშნული დანართი აწესრიგებდა ასევე ერთმანეთისგან შინაარსობრივად განსხვავებულ საკითხებს: განსაზღვრავდა აკრედიტაციის მიღების წესებს და ვადებს, ადგენდა შესარჩევი პროცესის წარმართვასა და გამარჯვებულის გამოვლენაზე პასუხისმგებელ ორგანოს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის პირობებს, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურს და სხვ.. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 03.02.2021წ. №1-1/27 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში, ამოღებულ იქნა დებულების 21 მუხლი და დებულების №1 დანართი. საქმეში დაცული აკრედიტაციის ცენტრის 02.07.2019წ. №... წერილის მიხედვით, შპს „...მა“ აკრედიტაციის მოთხოვნით აკრედიტაციის ცენტრს განცხადებით მიმართა 27.05.2019წ., ამდენად, კასატორმა აკრედიტაციის ცენტრში განცხადება აკრედიტაციის ცენტრის დებულების №1 დანართის მოქმედების პერიოდში წარადგინა, განცხადებას მსვლელობა არ მიეცა №1 დანართით გათვალისწინებული დამატებითი პირობებისადმი მისი შეუსაბამობის გამო, თუმცა განსახილველი დავის მიმდინარეობისას შეიცვალა აღნიშნული საკითხის ნორმატიული მოწესრიგება, კერძოდ, დებულების №1 დანართით გათვალისწინებული აკრედიტაციის დამატებითი პირობები გაუქმდა და დღეის მდგომარეობით აღარ მოქმედებს. განსახილველ საქმეზე აღნიშნული გარემოება განაპირობებს იმ სამართლებრივი შედეგების შეცვლას, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმოიშვა (სუსგ 25.11.2022წ. საქმე №ბს-876(კ-20)). საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელეს (კასატორს) აკრედიტაციის ხელშეკრულების და ზოგადად აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებაზე, განცხადების განხილვაზე უარი ეთქვა სწორედ იმ საფუძვლით, რომ დაცული არ იყო აკრედიტაციის ცენტრის დებულების №1 დანართით გათვალისწინებული პირობა, რაც მდგომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებაში (ს.ფ. 13). როგორც წესი, სამართლებრივი ნორმის ცვლილება/გაუქმება გავლენას არ ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე, თუ ეს უკანასკნელი გამოცემული იქნა ამ ნორმის ცვლილებამდე/გაუქმებამდე, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, მაგ. საჯარიმო სანქციის შეფარდების მართლზომიერების შეფასებისას (იხ. სუსგ 18.01.2018წ. საქმე №380-375(2კ-16)). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ შეადგენს არც ინდივიდუალური და არც ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 08.01.2018წ. №1-1/5 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართი, რომლითაც დადგინდა აკრედიტაციის დამატებითი პირობები ცალკე სასამართლო დავის საგანს შეადგენს), მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების დავალდებულებას და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების დავალებას. ვინაიდან დღეის მდგომარეობით ზემოთ მითითებული ნორმატიული მოწესრიგება არ არსებობს (გაუქმდა დანართი №1), სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერება უნდა შემოწმდეს არა აკრედიტაციის ცენტრის დებულების №1 დანართთან შესაბამისობის თვალსაზრისით, არამედ ამჟამად მოქმედი აკრედიტაციის პროცედურების გათვალისწინებით. აკრედიტაციის პროცესში განმცხადებელი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებაში, აგრეთვე საბოლოო ჯამში აკრედიტაციის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაში დაინტერესებული პირი. იმის გათვალისწინებით, რომ ნორმატიული აქტი სამართალურთიერთობებს აწესრიგებს მისი ძალაში შესვლის მომენტიდან, ამასთანავე დავის განხილვის პროცესში გაუქმდა აკრედიტაციის დამატებითი პირობები, რომლებთანაც განცხადების შეუსაბამობის გამო აკრედიტაციის პროცედურები არ განხორციელდა, რაც აუმჯობესებს მოსარჩელის მდგომარეობას, აგრეთვე იმის მხედველობაში მიღებით, რომ განსახილველი სამართალურთიერობა კასატორის მიერ სადავოდ არის გამხდარი და შესაბამისად არ დასრულებულა, მოსარჩელისთვის საბოლოო შედეგს კი იწვევს სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო სადავო საკითხის გადაწყვეტის დრო მოიცავს არა მხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტის პერიოდს, ამასთანავე პროცედურული ნორმების არაპირდაპირი უკუქცევითი ანუ რეტროსპექტრიული ძალის გათვალისწინებით (საკითხი იხილება მისი განხილვის დროს მოქმედი პროცედურის მიხედვით), - შესაძლებლად უნდა ჩაითვალოს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ საკანონმდებლო ცვლილების შემდგომი სამართლებრივი რეჟიმის გამოყენება (სუსგ 25.11.2022წ. საქმე №ბს-876(კ-20)). აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება კანონიერი ინტერესის არარსებობაზე. ზოგადად კანონიერი ინტერესი არის გარკვეული სამართლებრივი სიკეთისკენ სწრაფვა შესაბამისი სამართლებრივი შედეგის მიღების მიზნით. კანონიერი ინტერესის დაცვა უზრუნველყოფილია შესაბამისი პროცესულუარ-სამართლებრივი მექანიზმებით, რაც გულისხმობს ამ ინტერესების დაცვის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას. ინტერესის არსებობის საკითხს წყვეტს სასამართლო საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის ზედა ინსტანციის სასამართლოებშიც საკუთარი ინიციატივით ამოწმებს. ინტერესის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება, თუმცა იგი ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. სარჩელი უნდა იყოს მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვის საშუალება ანუ სარჩელში გამოკვეთილი უნდა იყოს პირის კანონიერი ინტერესის არსებობის ფაქტი. დაცვის ღირსი ინტერესით სარგებლობს არა პირის ნებისმიერი ინტერესი, არამედ მხოლოდ ის ინტერესი, რომელიც დაცულია კანონით. ეს უკანასკნელი კი სახეზეა მაშინ, როდესაც საფრთხე ექმნება ან არსებობს საშიშროება იმისი, რომ შესაბამისი პროცესუალური ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე ვერ მოხდება პირის კანონიერი უფლებებისა ან ინტერესის დაცვა. კანონიერ ინტერესში შესაძლოა მოიაზრებოდეს ინტერესი, რომელიც გამომდინარეობს კანონიდან და იმ სამართლებრივი ურთიერთობიდან, რომელშიც იმყოფება ან შესაძლოა იმყოფებოდეს პირი ადმინისტრაციულ ორგანოსთან. კანონმდებელი ამ ინტერესში მოიაზრებს მხოლოდ პატივსადებ, მართლზომიერ ინტერესს. პროცესის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული დაინტერესება, ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები. ადმინისტრაციული პროცესის მთავარი მიზანი კი არის მხარეთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე აკრედიტაციის ხელშეკრულების და შემდგომი პროცედურების მოპასუხისთვის დავალებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ აკრედიტაციის ცენტრმა გააგრძელოს წარმოება, საბოლოოდ მის მიზანს შეადგენს აკრედიტაციის მიღება კონკრეტული საქმიანობის სფეროში. სააპელაციო სასამართლომ განსახილველ დავაში კანონიერი ინტერესის არარსებობა დაუკავშირა მოსარჩელის მიერ იმ მოთხოვნების შეუსრულებლობას, რომელსაც იმ დროისათვის ითვალისწინებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 08.01.2018წ. №1-1/5 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართი, სასამართლოს მიერ ინციდენტური კონტროლის საკითხის განხილვის გარეშე. ამჟამად აღნიშნული დანართი გაუქმებულია, შესაბამისად, ამ დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აღარ გააჩნია შესასრულებლად სავალდებულო ძალა. ვინაიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აკრედიტაციის მაძიებელ პირს შორის ხელშეკრულების დადება აღარ წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნას, აკრედიტაციის განსახორციელებლად ამ მხრივ კანონიერი ინტერესის არარსებობაზე მითითება მოკლებულია საფუძველს.

საკასაციო საჩივრის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისას ინციდენტური კონტროლის გამოუყენებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტა შესაძლებელია უკავშირდებოდეს ნორმებს შორის კოლიზიის გადაჭრას, სადავო სამართალურთიერთობის მიმართ სათანადო ნორმატიული აქტის გამოყენების და სხვა, საწინააღმდეგო, კოლიზიაში მყოფი ნორმატიული აქტის გამოყენებაზე უარის თქმის საკითხის გადაწყვეტას. სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას სასამართლო უფლებამოსილია ნაკლები იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის იერარქიულად უფრო მაღალი დონის ნორმატიული აქტისადმი შესაბამისობის საკითხი გადაწყვიტოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და ასეთი შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში უარი თქვას ნორმატიული აქტის გამოყენებაზე, მისი ფორმალური გაუქმების გარეშე (ინციდენტური კონტროლი). ამასთანავე, ის ნორმატიული აქტი, რომელიც შეუსაბამობის გამო არ იქნა გამოყენებული სასამართლოს მიერ, ავტომატურად არ კარგავს ძალას და აგრძელებს მოქმედებას. სსკ-ის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის თანახმად, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით (იხ. სუს 25.05.2017წ. გადაწყვეტილება, საქმე №ბს-815-807(კ-16)). მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების პერიოდში შეიცვალა ნორმატიული მოწესრიგება, კერძოდ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ის ნაწილი (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების“ №1 დანართი), რომელიც კასატორს მიაჩნია შეუსაბამოდ იერარქიულად უფრო მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტებთან („საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსთან), აღარ მოქმედებს, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნის (ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების დავალების, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების) საფუძვლიანობის განმსაზღვრელი ხსენებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მითითებული ნაწილი ვერ იქნება. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტა საკასაციო ინსტანციის ეტაპზე არ საჭიროებს სასამართლოს მიერ ინციდენტური კონტროლის გამოყენებას. ამასთანავე, კასატორის მითითება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.02.2020წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არარად იქნა აღიარებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების 21 მუხლი და დანართი №1, არ არის რელევანტური, ვინაიდან ხსენებული სასამართლოს აქტი გასაჩივრებულია და მოცემული პერიოდისათვის არ არის შესული კანონიერ ძალაში. განსახილველ საქმეზე მისაღებ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს აკრედიტაციის დამატებითი პირობების დადგენის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლების გაცდენის შესახებ ხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, კერძოდ, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალდებულება ამ ეტაპზე აღარ საჭიროებს მითითებულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ნაწილთან (აკრედიტაციის ცენტრის დებულების №1 დანართთან) შესაბამისობის შეფასებას.

27.06.2014წ. ხელმოწერილი „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ ასოცირების შესახებ შეთანხმების (რატიფიცირებული იქნა საქართველოს პარლამენტის 18.07.2014წ. №2495-რს დადგენილებით) მიხედვით თანამშრომლობა მოიცავს დარგობრივი სტრატეგიების განვითარებას საგზაო ტრასნპორტის სფეროში, ასოცირების შეთანხმების დანართებში განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (293-ე (ბ) მუხ.). საქართველომ იკისრა ვალდებულება მოეხდინა ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ასოცირების შეთანხმების XXIV და XV-D დანართებში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო-სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართების შესაბამისად (296-ე მუხ.). ასოცირების შეთანხმების დანართი XXIV მოიცავს საგზაო ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის გათვალისწინებულია 06.05.2009წ. ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2009/40/EC დირექტივა „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების საგზაო მოძრაობისთვის გამოსადეგი ტესტების შესახებ“, ამასთანავე ასოცირების შეთანხმებით განისაზღვრა, რომ ამ დირექტივის დებულებები ავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისთვის უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში, ხოლო სხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის განმავლობაში. 2009/40/EC დირექტივა შეიცვალა „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკურის შემოწმების შესახებ“ 03.04.2014წ. ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2014/45/EU დირექტივით (2009/40/EC დირექტივამ ძალა დაკარგა 2018 წლის 20 მაისიდან), რომლითაც დადგინდა სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური შემოწმების მინიმალური მოთხოვნები, ტესტირების ცენტრების მიერ სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული შემოწმების, ტესტირების ცენტრებისთვის წევრი სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილების მინიჭების და შემდგომი კონტროლის ვალდებულება, ასევე ამ დირექტივის შესასრულებლად წევრი სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღების ვალდებულება. ასოცირების შეთანხმების საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის 01.12.2017წ. №510 და №511 დადგენილებებით დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტები „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ და „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდულ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების შესახებ“. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება ეკოლოგიურად სუფთა, ეფექტიანი და უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემის განვითარებას. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არის ტექნიკური ოპერაციების და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობით დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრებში. ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების შესაბამისად („საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 5.6, 11.1 და 11.3 მუხ.). 27.05.2019წ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით აკრედიტაციის მაძიებელი პირი აკრედიტაციისთვის განცხადებით მიმართავდა აკრედიტაციის ცენტრს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. თუ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების კომპლექტი იყო აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად წარდგენილი, განმცხადებლის მიერ აკრედიტაციაზე წარდგენილი დოკუმენტი მიიღებოდა და რეგისტრირდებოდა აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში (საკ 1.1 „აკრედიტაციის სქემების და საერთო პროცედურების“ მე-7 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების დავალდებულებას, ხელშეკრულების დადების შემდეგ ადმინისტრაციული ორგანოსთვის აკრედიტაციის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების ჩატარების დავალებას, ამასთანავე საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მანამდელი და ამჟამად მოქმედი წესის თანახმად განცხადების რეგისტრაციის შემდეგ, ხელშეკრულების დადებამდე აკრედიტაციის ცენტრი ატარებდა აკრედიტაციის პროცედურით გათვალისწინებულ მოქმედებებს. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 03.10.2018წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის სქემების და საერთო პროცედურების“ (საკ 1.1) 8.1 მუხლის თანახმად, განცხადების რეგისტრაციის შემდეგ აკრედიტაციის ცენტრი ადგენს: ა) განაცხადის აკრედიტაციის საგნისადმი კუთვნილებას; ბ) აკრედიტაციის სქემებს, კანონმდებლობასა და დადგენილ მოთხოვნებთან განაცხადის შესაბამისობას. ამჟამად მოქმედი სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 10.04.2020წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების“ (საკ 1.1:2020) მე-5 მუხლის შესაბამისად, აკრედიტაციის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ აკრედიტაციის ცენტრი პირველ რიგში ადგენს: ა) განაცხადის აკრედიტაციის საგნისადმი კუთვნილებას; ბ) საქართველოს კანონმდებლობასთან, შესაბამის აკრედიტაციის სქემასთან და აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან წარდგენილი განაცხადის შესაბამისობას. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობებს, აკრედიტაციის ცენტრი არ ატარებს აკრედიტაციის პროცესით გათვალისწინებულ შემდგომ პროცედურებს და განაცხადის განხილვაზე დასაბუთებულ უარს აცნობებს განმცხადებელს დადგენილ ვადაში (მე-5 მუხ. მე-2 პ.), მითითებულ პირობებთან განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი ატარებს აკრედიტაციის პროცესით გათვალისწინებულ შემდგომ პროცედურებს და აკრედიტაციის ცენტრსა და განმცხადებელს შორის ფორმდება „შეთანმება აკრედიტაციაზე“ და შესაბამისი ხელშეკრულება. განაცხადის განმხილველი ჯგუფის ხელმძღვანელის კოორდინაციით ცენტრის შემფასებელი ჯგუფი ახორციელებს განაცხადის განხილვას, დოკუმენტების ანალიზს ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა აკრედიტაციის საგანთან განაცხადის კუთვნილება, გამოყენებული სქემის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემასთან და სხვ. (მე-5 მუხ. მე-3პ., მე-9 პ.).

დაუსაბუთებელია მოსარჩელის (კასატორის) მოსაზრება იმის შესახებ, რომ აკრედიტაციის მოთხოვნით განცხადების რეგისტრაცია და მისთვის ნომრის მინიჭება გულისხმობს განცხადების და თანდართული დოკუმენტების აკრედიტაციის წესებთან და პროცედურებთან შესაბამისობას, რაც წარმოშობს ხელშეკრულების დადების საფუძველს. აკრედიტაციის მისაღებად დადგენილი პროცედურის პირველი ეტაპია აკრედიტაციის მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირის მიერ აკრედიტაციის ცენტრში განცხადების წარდგენა, შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებულ დოკუმენტებთან ერთად. აღნიშნული ეტაპი სრულდება განცხადების დადგენილ ფორმალურ პირობებთან შესაბამისობის დადგენით, კერძოდ, დგინდება, რომ განცხადება შეტანილია სათანადო სუბიექტის მიერ, განცხადება წარდგენილია სათანადო ფორმის დაცვით, განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტები შეიცავს სათანადო ინფორმაციას. აღნიშნულის დაცვის შემთხვევაში აკრედიტაციის საწყისი სტადია სრულდება განცხადების რეგისტრაციით, მისთვის სათანადო ნომრის მინიჭებით. შემდგომი სტადიები უკავშირდება განცხადების სახელდობრ განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას. აკრედიტაციის ცენტრში განცხადების რეგისტრაციით დასტურდება განცხადების ფორმალური და არა შინაარსობრივი შესაბამისობა აკრედიტაციისათვის დადგენილ შესაბამის წესებთან და პროცედურებთან, რაც იმთავითვე არ გულისხმობს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, შესაბამისად ხელშეკრულების დადების ვალდებულების არარსებობა არ წარმოშობს აკრედიტაციის მომდევნო პროცედურების განხორციელების საფუძველს. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ განცხადების რეგისტრაცია და მისთვის ნომრის მინიჭება ადასტურებს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წესებისა და პროცედურების შესაბამისად წარდგენას და წარმოშობს ხელშეკრულების დადების საფუძველს, არ გამომდინარეობს, როგორც განცხადების წარდგენის დროს (27.05.2019წ.), ასევე ამჟამად მოქმედი აკრედიტაციისთვის დადგენილი წესებიდან.

სსკ-ის 103.1 მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები, სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. სასკ-ის 19.1 მუხლის თანახმად, სსკ-ის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. ამდენად, ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები. განსახილველ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.07.2019წ. განჩინებით, აკრედიტაციის ცენტრიდან გამოთხოვილი იქნა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალა, მათ შორის შპს „...ის“ 27.05.2019წ. №... აკრედიტაციის განაცხადი. აღნიშნული განჩინება აკრედიტაციის ცენტრს ჩაბარდა 22.07.2019წ.. 23.07.2019წ. აკრედიტაციის ცენტრმა სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომელსაც არ ერთვის სასამართლოს მიერ გამოთხოვილი დოკუმენტები, ასევე შესაგებელში მითითებული არ არის სასამართლოს მიერ დავალებული წარმოების მასალების წარუდგენლობის შეუძლებლობის თაობაზე, ამასთანავე, საქმის მასალებში არ მოიპოვება შპს „...ის“ 27.05.2019წ. №... აკრედიტაციის განცხადების, მასთან დაკავშირებული წარმოების მასალები. სასკ-ის 19.5 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასაპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო მტკიცებულებათა წარდგენა, სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამის თანამდებობის პირს აჯარიმებს, რაც არ ათავისუფლებს მას მტკიცებულებათა შემდგომში წარდგენის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელს ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართოს წარდგინებით სასამართლოში მტკიცებულებათა წარუდგენლობის მიზეზების დადგენისა და შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების თაობაზე. საქმეში დაცული დოკუმენტებით არ დგინდება მტკიცებულებათა წარუდგენლობის მიზეზების დადგენის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოსადმი სასამართლოს მიმართვის ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრული ადმინისტრაციული წარმოების მასალების (მათ შორის აკრედიტაციაზე განცხადების) შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მტკიცებულებების სრულად გამოკვლევას ეფუძნება. სზაკ-ის 2.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განცხადება არის უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა. აკრედიტაციის მოპოვების მიზნით წარმოება იწყება აკრედიტაციის მაძიებელი პირის მიერ აკრედიტაციის ცენტრში განცხადების წარდგენით, შესაბამისად, განცხადება ამ შემთხვევაში არის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების აუცილებელი წინაპირობა. აკრედიტაციის ცენტრის 02.07.2019წ. №... წერილის შინაარსიდან გამომდინარე შპს „...მა“ აკრედიტაციის მიღების მიზნით წარადგინა განცხადება, რომელსაც მიენიჭა რეგისტრაციის ნომერი. სხვა პროცედურების გავლის თაობაზე აღნიშნულ წერილში მითითებული არაა, აღნიშნული გარემოებები არც სააპელაციო სასამართლოს დაუდგენია, ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება ადმინისტრაციული წარმოების მასალები, რაც არ იძლევა განცხადების რეგისტრაციის გავლის შემდეგომ სხვა პროცედურების გავლის თაობაზე დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განცხადების წარდგენა და მისთვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭება ადასტურებს ასეთი განცხადებით მიმართვის დასაშვებობას, კერძოდ, ადასტურებს იმას, რომ განცხადება წარდგენილია აკრედიტაციის მოსაპოვებლად უფლებამოსილი პირის მიერ, სათანადო ფორმით და შესაბამისობაშია ფორმალურ მოთხოვნებთან, ასევე განცხადებას ერთვის კანონით დადგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი. ამ მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს განმცხადებლისთვის უნდა ეცნობებინა განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი საფუძვლების მითითებით. განცხადების წარდგენა და მისი რეგისტრაცია ადასტურებს შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად განცხადების და მასზე თანდართული დოკუმენტების კომპლექტის სრულად წარდგენას. ამასთანავე, აკრედიტაციის ხელშეკრულების დასადებად საკმარისია არა უბრალოდ განმცხადებლის ნება, რაც გამოიხატება განცხადების (მასზე თანდართული დოკუმენტების) წარდგენაში, არამედ სავალდებულოა დადგენილი პირობების დაკმაყოფილება. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დადგენილია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება. სზაკ-ის 12.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სზაკ-ის 76.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, ადმინისტრაციული წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციიდან (სზაკ-ის 76.2 მუხ.). იმის გათვალისწინებით, რომ დავის განხილვის პროცესში გაუქმდა აკრედიტაციის დამატებითი პირობები, ადმინისტრაციული წარმოება უნდა გაგრძელდეს. აკრედიტაციის თაობაზე განცხადების რეგისტრაცია არ წარმოადგენს ხელშეკრულების დადების უპირობო საფუძველს, ვინაიდან უკვე აღინიშნა, რომ მიმართვის დროს და ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ხელშეკრულების დადებამდე აკრედიტაციის ცენტრმა უნდა შეამოწმოს: განაცხადით წარმოდგენილი საკითხის აკრედიტაციის საგანთან შესაბამისობა, აგრეთვე, წარდგენილი განაცხადის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემებთან და პროცედურებთან. ხსენებული პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ იდება ხელშეკრულება აკრედიტაციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტაციის შემდეგი პროცედურები არ ტარდება, მათ შორის არ იდება ხელშეკრულება ცენტრსა და განმცხადებელს შორის. მოპასუხის 02.07.2019წ. №... წერილი არ შეიცავს რაიმე მითითებას შპს „...ის“ განცხადებით წარდგენილი საკითხის აკრედიტაციის საგანთან შესაბამისობაზე, წერილი არ შეიცავს აგრეთვე რაიმე მითითებას „წესით“ გათვალისწინებული სქემების და პროცედურების მოთხოვნებისადმი შპს „...ის“ განცხადების შეუსაბამობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 02.07.2019წ. №... წერილით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს განუმარტა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 08.01.2018წ. ბრძანებით ცვლილებები იქნა შეტანილი 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში, დადგინდა დამატებითი პირობები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩამტარებელი ორგანოების მიმართ, რის გამო აკრედიტაციის ცენტრს არ აქვს უფლება შპს „...ის“ განცხადებას მისცეს მსვლელობა. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი მასალების საფუძველზე უნდა დადგინდეს შპს „...ის“ განცხადების წარდგენის შემდეგ, განცხადებასთან დაკავშირებით იმ ეტაპების გავლა, რაც წარმოშობდა ხელშეკრულების დადების საფუძველს, საქმეში დაცულია მხოლოდ ცენტრის 02.07.2019წ. წერილი, რომელიც შეიცავს მითითებას მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 08.01.2018წ. №1-1/5 ბრძანებაზე, აკრედიტაციის ცენტრში შპს „...ის“ განცხადება დარჩა განუხილველად, ცენტრის 02.07.2019წ. №... წერილში შპს „...ის“ განცხადების აკრედიტაციის საგანთან, დამტკიცებულ სქემასა და პროცედურასთან შეუსაბამისობაზე მითითების არარსებობა არ ადასტურებს ცენტრის მიერ ხსენებული ასპექტების შემოწმებას, შესაბამისად დასადგენია წერილის გამოცემამდე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული გარემოებების შესწავლის საკითხი.

აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციას ახორციელებს დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 97.3 მუხ.). აკრედიტაციის ცენტრსა და აკრედიტაციის მაძიებელ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს შორის შესაბამის ხელშეკრულებასთან ერთად ფორმდება „შეთანხმება აკრედიტაციაზე“ (სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 10.04.2020წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის საერთო წესების და პროცედურების“ (საკ 1.1:2020) მე-4 მუხ. მე-7 პ.). აკრედიტაციის განაცხადის წარდგენის შემდეგ, აკრედიტაციის მიღების მსურველ პირთან ფორმდება ხელშეკრულება შესაბამისი მომსახურების გაწევის თაობაზე და ამის პარალელურად აკრედიტაციის მსურველ პირსა და აკრედიტაციის ცენტრს შორის ფორმდება დამატებითი შეთანხმება აკრედიტაციაზე, რითიც აკრედიტაციის მსურველი პირი ადასტურებს, რომ მინიჭებული აკრედიტაციის ფარგლებში საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, აკრედიტაციის წესებსა და პროცედურების, აკრედიტაციის სქემების და აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებულ პოლიტიკის დოკუმენტების შესაბამისად. შეთანხმება ასევე განსაზღვრავს აკრედიტაციის ცენტრის ვალდებულებებს მიუკერძოებლად შეფასების განხორციელების და აკრედიტაციის სრული ციკლის განმავლობაში აკრედიტებული პირის შესაბამის ინფორმაციაზე კონფიდენციალობის დაცვის თაობაზე. შეთანხმების თანახმად აკრედიტაციის ცენტრი იღებს ვალდებულებას, რომ აკრედიტებულ პირს დროულად მიაწოდოს ყველა ინფორმაცია აკრედიტაციის წესებსა და პროცედურებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. ხელშეკრულების დადება ხდება ადმინისტრაციული პროცედურის გარკვეულ ეტაპზე, ამასთანავე ის წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების აუცილებელ პირობას. სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ერთ-ერთი მხარე - ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კერძო პირისათვის დამახასიათებელი კერძო ავტონომიის თავისუფლების ფარგლებში, არამედ მხოლოდ იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც მას მოქმედი კანონმდებლობით აქვს განსაზღვრული (სზაკ-ის 66-ე მუხ.). ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციული წარმოების პროდუქტია, რომელიც წარმოშობს, ცვლის ან წყვეტს სამართლებრივ ურთიერთობას საჯარო სამართლის სფეროში და მიზნად ისახავს საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას. სასკ-ის 2.1 მუხლის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, ქმედების განხორციელების ვალდებულება. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან (სასკ-ის 251 მუხ.), ასევე რეალაქტის განხორციელებასთან (სასკ-ის 24-ე მუხ.) დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. აკრედიტაციის პროცესი წარმოებს რამდენიმე ეტაპად, აკრედიტაცია კომპლექსური ხასიათისაა, რომელიც მოიცავს რიგი მოქმედებების განხორციელებას, ხელშეკრულების დადებას, აკრედიტაციის პროცესი საბოლოოდ სრულდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. მოსარჩელე მოითხოვს აკრედიტაციაზე ხელშეკრულების გაფორმებას, რაც ჯერ კიდევ არ ნიშნავს განმცხადებლის შესაბამისობის დადასტურებას და განმცხადებლისათვის აკრედიტაციის მინიჭებას, ვინაიდან ხელშეკრულების დადების შემდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პროცედურის გაგრძელება, აკრედიტაციის მინიჭების საკითხის გადაწყვეტამდე რიგი მოქმედებების განხორციელება. განმცხადებელსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის აკრედიტაციის ხელშეკრულების დადების შემდგომ სადავო პერიოდში მოქმედი „საკ 1.1 - აკრედიტაციის სქემების და საერთო პროცედურების“ მე-9-მე-14 მუხლები ადგენდა წინასწარი ვიზიტის/შეფასების, შეფასებისთვის მომზადების, სამუშაო უბნის/ფილიალის, დოკუმენტებისა და ჩანაწერების ანალიზის, ადგილზე შეფასების, მიღებული მონაცემების ანალიზის და შეფასების ანგარიშის წესს. ამავე „წესებისა და პროცედურების“ მე-15 მუხლი განსაზღვრავდა აკრედიტაციის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების, აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის (ან მისი მოადგილის) მიერ შესაბამისი განკარგულების გამოცემის, აკრედიტაციის მოწმობის და მისი დანართის გაცემის წესს. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დადების შემდეგ აკრედიტაციის შემდგომი პროცედურების მოპასუხისთვის განხორციელების დავალების საფუძველი იარსებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ განსახილველი დავის ფარგლებში დადგინდება ხელშეკრულების დადების დავალდებულების საფუძვლების არსებობა. ხელშეკრულების დადებისა და აკრედიტაციის პროცედურების განხორციელების საფუძველი უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი მასალების გათვალისწინებითა და ამჟამად მოქმედი სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 10.04.2020წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის წესების და პროცედურების“ შესაბამისად. ამ წესებისა და პროცედურების მიზანი და ამოცანებია საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად აკრედიტაციასთან დაკავშირებული განცხადების მიღების, დამუშავების, შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების დადგენა (საკ 1.1:2020 1.1 მუხ.). განმცხადებლის მიერ აკრედიტაციის მისაღებად წარდგენილი განცხადება მიიღება და რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით მოთხოვნილი ყველა თანდართული დოკუმენტი წარდგენილია სრულად, მათ შორის, განცხადება უნდა იყოს ხელმოწერილი შშო-ს (შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს) სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის მიერ და წარდგენილი უნდა იყოს მტკიცებულება, რომ შშო არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ნაწილი (საკ 1.1:2020, 4.2 მუხ.). აკრედიტაციის ცენტრსა და განმცხადებელს შორის ხელშეკრულების გაფორმება და აკრედიტაციის ცენტრით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურები ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ზემოთ უკვე აღნიშნულ კონკრეტულ პირობებს. ასეთი პირობების არარსებობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა შპს „...ის“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესაძლებლობის, კერძოდ, მოპასუხისთვის - სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრისათვის შპს „...ის“ განცხადების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტაციის ხელშეკრულების დადების წინაპირობების დადგენის დავალების შესახებ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, გადაწყვეტილება მიღებულია ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი მასალების შეფასების და გამოკვლევის გარეშე, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაგროვოს საჭირო მტკიცებულებები, დამატებით გამოიკვლიოს შპს „...ის“ განცხადების წარდგენის ფაქტი, ამ განცხადების შინაარსი და მოთხოვნა, მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, აკრედიტაციის ცენტრის მიერ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული პროცედურები, ეტაპები და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2020წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა