ბს- 510 (კს-23) 05 ოქტომბერი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
განიხილა ვ. ა-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2023წ. განჩინებაზე წარმოდგენილ კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გ. ღ-ემ, მ. კ-ამ და ტ. ჯ-ემ 09.10.2018წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 18.09.2018წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მოპასუხისთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.01.2019წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი, ხოლო სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე - ბმა „...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.04.2019წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ვ. ა-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.11.2022წ. გადაწყვეტილებით, გ. ღ-ის, მ. კ-ას და ტ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.09.2018წ. №... გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.02.2018წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ნაწილში, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.02.2018წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, საჩივრის არსებითად განხილვა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ვ. ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2023წ. განჩინებით, ვ. ა-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.11.2022წ. გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ვ. ა-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2023წ. განჩინებით, ვ. ა-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2023წ. განჩინებაზე წარმოებაში იქნა მიღებული.
მ. დ-ემ, როგორც ვ. ა-ის წარმომადგენელმა, 20.09.2023წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განმცხადებელმა მოითხოვა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება იმ საფუძვლით, რომ საჩივრის აღძვრის ყველა მიზეზი აღმოიფხვრა. მ. დ-ის განცხადებას ერთვის ბმა „...ის“ 31.08.2023წ. კრების ოქმი სარდაფის დაურეგისტრირებელი ნაწილის - 10.47 კვ.მ. ფართის ვ. ა-ისთვის გადაცემის თაობაზე, 06.09.2023წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერი 160,27კვ.მ. სარდაფზე ვ. ა-ის საკუთრების უფლების შესახებ, ასევე გ. ღ-ის, ტ. ჯ-ის, მ. კ-ას და კ. ვ-ის განცხადებების ასლი ვ, ა-ის საკუთრებაში არსებულ 160,27კვ.მ. სარდაფთან დაკავშირებით პრეტენზიის არქონის შესახებ. 26.09.2023წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ვ. ა-ის წარმომადგენელმა მ. ბ-მა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების მოთხოვნით, ხოლო 29.09.2023წ. მ. ბ-მა დამატებით მომართა საკასაციო პალატას განცხადებით და ვ. ა-ის კერძო საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადებების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ხოლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნდეს გადამხდელს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.
კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება წარმოდგენილია ვ. ა-ის წარმომადგენლის მ. ბ-ის მიერ, რომლის საგანმკარგულებო უფლებამოსილება დასტურდება საქმეში დაცული რწმუნებულებით (ტ.2, ს.ფ. 27-29). 27.09.2022წ. გაცემულ №221302100 რწმუნებულებით წარმომადგენელს განუსაზღვრელი ვადით აქვს მინიჭებული სარჩელზე უარის თქმის უფლება, რაც ადასტურებს წარმომადგენლის კერძო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილებას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის ვ. ა-ის წარმომადგენელმა მ. ბ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით განახორციელა სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია - უარი თქვა კერძო საჩივარზე, რაც კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 3.2 და 378-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე, 390-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. ვ. ა-ის კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება კერძო საჩივარზე უარის თქმი გამო;
3. მ. დ-ეს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე 01.06.2023წ. №17301513680 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. კერძო საჩივრის ავტორს განემარტოს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება კერძო საჩივრით კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს იგივე განჩინება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი