№ბს-318(კ-23) 18 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი; გორის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირი (სასკ 16.2) - გ. ფ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 13 ივლისს ო. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს.
მოთხოვნებისა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოპასუხეებად დაასახელა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი, გორის მუნიციპალიტეტის მერია და მოითხოვა:
1. ...ის თემში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის 2009 წლის 15 დეკემბრის №852, №853, №853 და №854 ცნობების ბათილად ცნობა;
2. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 618 მ2 მიწის ნაკვეთსა და 117,14 მ2 შენობა-ნაგებობაზე გ. ფ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
3. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 25 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
4. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 25 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
5. ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
6. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 618 მ2 მიწის ნაკვეთსა და 117,14 მ2 შენობა-ნაგებობაზე ო. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალდებულება.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ფ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ო. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გ. ფ-ის შუამდგომლობა საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ო. ა-ს გ. ფ-ის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანგარიშში გადასახდელად დაეკისრა 500 (ხუთასი) ლარი; გ. ფ-ის შუამდგომლობა საადვოკატო მომსახურების ხარჯიდან - 5 000 (ხუთი ათასი) ლარიდან 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ო. ა-ზე დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ არქივიდან გამოთხოვილი საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ქ. თ-ი (მესამე პირის - გ. ფ-ის დეიდა), ს. და დ. (ე.) ა-ები (მოსარჩელის ბიძა და მამიდა) იყვნენ ერთი ოჯახის, საკოლმეურნეო კომლის სტატუსის მქონე წევრები, საიდანაც დ. (ე.) ა-ი ცალკე კომლად დარეგისტრირდა 1971 წლიდან, ხოლო ერთ საკოლმეურნეო კომლად ცხოვრება გააგრძელეს ს. ა-მა და ქ. თ-მა.
ო. ა-ი არასოდეს ყოფილა ქ. თ-ის, ს. და დ. (ე.) ა-ების კომლის წევრი და არ იყო არც დ. (ე.) ა-ის კომლის წევრი მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი გამოეყო წინა კომლს და აღირიცხა ცალკე კომლად. ო. ა-ი გორის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის საკომლო წიგნებში ფიქსირდება მხოლოდ 1986-1995 წლებში და ისიც კავშირგაწყვეტილ პირთა საკომლო წიგნში.
ამდენად, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის პოზიცია, რომ იგი იყო ს. და დ. (ე.) ა-ების საკოლმეურნეო კომლის წევრი და ითვლებოდა მათგან კავშირგაწყვეტილი კომლის წევრად, ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო. შესაბამისად, მოსარჩელეს არ გააჩნდა უფლებები მითითებული კომლის უძრავ ქონებაზე.
ქ. თ-ისა და ს. ა-ის კომლს დ. (ე.) ა-ი გამოეყო და ცალკე კომლად დარეგისტრირდა 1971 წლიდან; ამ მომენტიდან ორივე კომლი წარმოადგენდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ სუბიექტებს (საკოლმეურნეო კომლებს), რომლებზეც ცალ-ცალკე იყო აღრიცხული სახლები და მიწის ნაკვეთები. დ. (ე.) ა-ი ცალკე კომლად გამოყოფის მომენტიდან გარდაცვალებამდე (1971-1989 წლები) იყო ცალკე კომლის უფროსი და ერთადერთი წევრი. იმის გათვალისწინებით, რომ მისი სამკვიდრო მიიღო ო. ა-მა, ამ უკანასკნელს საკუთრების უფლება გააჩნდა როგორც დ. (ე.) ა-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, ასევე იმ ქონებაზე, რაც აღრიცხული იყო ო. ა-ზე, როგორც კავშირგაწყვეტილ კომლზე; ამ ქონებებს კი ქ. თ-ისა და ს. ა-ის კომლის ქონებასთან შეხება არ ჰქონდა, და წარმოადგენდა სხვა და სხვა უძრავ ქონებას.
ს. ა-ის კომლი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს 1980 წლამდე; იგი გარდაიცვალა 1979 წელს და ამ მომენტიდან მის კომლის ერთადერთ წევრად ქ. თ-ი დარჩა. ს. ა-ის გარდაცვალების გამო საკოლმეურნეო კომლი მოისპო და მისი ადგილი ქ. თ-ის მუშა-მოსამსახურის კატეგორიის ოჯახმა დაიკავა; 1980 წლიდან მისი ოჯახი განეკუთვნებოდა მოსამსახურის კატეგორიას. იმის გამო, რომ საკოლმეურნეო კომლის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში კომლის ქონებაში მემკვიდრეობა არ წარმოიქმნებოდა, ს. ა-ის გარდაცვალების შემდეგ მისი კომლის ქონების მესაკუთრე ქ. თ-ი გახდა. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედ.) 569-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კომლის (ოჯახის) წევრების გარდაცვალების შემდეგ მათ მემკვიდრეებზე გადადიოდა მხოლოდ მათი პირადი ქონება საერთო საფუძველზე. ამდენად, ო. ა-ი, როგორც ს. ა-ის მემკვიდრე, გახდა ამ უკანასკნელის მხოლოდ პირადი და არა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი საერთო ქონების მესაკუთრე.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა გ. ფ-მა, მის სასარგებლოდ მოსარჩელისათვის დაკისრებული საადვოკატო მომსახურების ხარჯის ოდენობის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ო. ა-ის სააპელაციო საჩივარი; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. ა-ს გ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანგარიშში გადასახდელად 1000 (ათასი) ლარი; დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ა-მა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი ო. ა-ი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა არ გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ და გამოიყენეს კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინათ, ასევე არასწორად განმარტეს იგი.
კასატორის მითითებით, სასამართლოებმა ყველა ის უძრავ-მოძრავი მამა-პაპური საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონება, რომელიც კასატორის გარდაცვლილი ბიძის ს. და მამიდის დ. (ე.) ა-ების თანასაკუთრებას წარმოადგენდა, (კერძოდ საცხოვრებელი სახლი, აგებული 1927, 1950, 1960 წლებში და ასევე მამა-პაპური მიწის ნაკვეთები) მთლიანად მიიჩნიეს გარდაცვლილ ქ. თ-ი (თ-ის) კუთვნილებად, რითაც სასამართლოებმა დაარღვიეს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმითა და სამოქალაქო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოები არ დაინტერესებულან, თუ ვინ იყო ქ. თ-ი (თ-ი) ს. და დ. (ე.) ოჯახში და ასევე არ გამოურკვევიათ ისიც, სადავო კომლში კომლის წევრად მიჩნეული ეს პიროვნება იყო თუ არა კანონით დადგენილი წესით კომლის თანამესაკუთრეების (კომლის წევრების) თანხმობით ჩაწერილი ან უფრო მეტიც არსებობდა თუ არა თვითონ ქ. თ-ის (თ-ის) საკომლო წიგნების ჩანაწერებით პირადი განაცხადი, გარდაცვლილების ს. და დ. (ე.) ა-ების სადავო კომლში წევრად მიღების შესახებ ან თუ არსებობდა სადავო კომლში მისი წევრად მიღების შესახებ კოლმეურნეობის გამგეობის წარდგინებით კოლმეურნეობის საერთო კრების გადაწყვეტილება. ასევე არ გამოიკვლიეს 1971 წლიდან რატომ გარდაიქმნა ს. ა-ის საკომლო კატეგორიის ოჯახი მუშა-მოსამსახურის კატეგორიის ოჯახად, არანაირი შეფასება არ მისცეს იმ ფაქტსაც, რომ ქ. თ-ს (თ-ს) არასოდეს არ უმუშავია გორის რ-ნის სოფ. ...ის სასოფლო საბჭოს ს. ...ის კოლმეურნეობაში და არც მაშინდელი სამოქალაქო და საკოლმეურნეო სანიმუშო წესდებით გათვალისწინებული ნორმებით არ ყოფილა სადავო კომლის წევრად მიღებული და რეგისტრირებული.
ასევე სასამართლოებმა არ მიაქციეს სათანადო ყურადღება საქმეზე წარმოდგენილ საარქივო ცნობებში მითითებული ს. და დ. (ე.) 1971 წლიდან ერთიანი კომლის შემადგენლობიდან ცალკე კომლებად აღრიცხვის შემდეგ მოხდა თუ არა ერთიანი საკოლმეურნეო კომლის შემადგენლობიდან მათ თანასაკუთრებაში არსებული ერთიანი ქონების ნატურად წილების გაყოფა და განაწილება. მართალია მათი კომლები აღირიცხნენ ორ დამოუკიდებელ კომლის ოჯახებად, მაგრამ რეალურად ცხოვრობდნენ საცხოვრებელი ბინის ერთ ჭერქვეშ, ცალ-ცალკე დამოუკიდებელ ფართებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
გორის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1967-1969 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილი იყო ს. ა-ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: ქ. თ-ი (პატრონატი) და დ. ა-ი (და). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი (ფართობი არ ფიქსირდება), აგებული 1960 წელს და 1967-1970 წლებში - 0,25 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე.
გორის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1971-1973 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილი იყო ს. ა-ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: ქ. თ-ი (პატრონატი) და დ. ა-ი (და) - ცალკე კომლი 1971 წლიდან. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი (ფართობი არ ფიქსირდება), აგებული 1950 წელს და 1971 წელს - 0,38 ჰა მიწის ფართობი, 1972 წელს 0,38 ჰა გადახაზული იყო და ეწერა 0,29 ჰა; 1973 წელს მიწის ფართობი არ ფიქსირდებოდა; საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე.
გორის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1973-1975 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილი იყო ს. ა-ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდა ქ. თ-ი (პატრონატი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი (ფართობი არ ფიქსირდებოდა), აგებული 1950 წელს და 1973-1975 წლებში - 0,29 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე.
გორის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1976-1979 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილი იყო ს. ა-ი - გარდაიცვალა 1979 წელს; კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდა ქ. თ-ი (პატრონატი). ,,პატრონაჟი" გადახაზული იყო და ეწერა ,,ოჯახის უფროსი“. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი (ფართობი არ ფიქსირდებოდა), აგებული 1950 წელს და 1976-1978 წლებში - 0,29 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე.
ს. ა-ის დანაშთი ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო ო. ა-მა.
გორის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1980-1982 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილი იყო ქ. თ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდა ქმარი დ. ნ-ი. კომლს პირად საკუთრებაში 1980 წელს ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი 96 მ2, ხოლო 1981-1982 წლებში - 56 მ2, აგებული 1950 წელს და 1980-1982 წლებში - 0,24 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - მოსამსახურე.
გორის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1983-1985 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილი იყო ქ. თ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდა ქმარი დ. ნ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 56 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1950 წელს და 1983-1985 წლებში - 0,24 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - მოსამსახურე.
გორის რაიონის სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილი იყო ქ. თ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდა ქმარი დ. ნ-ი - გარდაცვლილი 1991 წელს. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 56 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1950 წელს, და 1986-1995 წლებში - 0,24 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - მოსამსახურე.
გორის რაიონის სოფელ ...ის 1996-2007 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო ქ. თ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 56 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1950 წელს, მიწის ფართობი არ ფიქსირდებოდა, საზოგადოებრივი ჯგუფი - მოსამსახურე.
გორის რაიონის სოფელ ...ის 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში ქ. თ-ის სახელზე ირიცხებოდა 0,65 ჰა მიწის ფართობი (მეორე კატეგორია).
გორის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1971-73 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო დ. ა-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1972 წელს 0,14 ჰა მიწის ფართობი, 1971 და 1973 წლებში მიწის ფართობი არ ფიქსირდება; გრაფაში ,,საცხოვრებელი სახლი" ჩაწერილი: ცხოვრობს პირ. ანგ. № 238-ში, საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე.
გორის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1973-75 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო დ. ა-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი (ფართობი არ ფიქსირდება), აგებული 1950 წელს და 1973-1975 წლებში 0,14 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე.
გორის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1976-78 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო დ. ა-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი (ფართობი არ ფიქსირდებოდა), აგებული 1950 წელს და 1976-1978 წლებში 0,14 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე.
გორის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1980-1982 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო დ. ა-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1980-1981 წლებში 81,9 მ2 საცხოვრებელი სახლი, 1982 წელს - 40 მ2, აგებული 1960 წელს, და 1980-1982 წლებში 0,14 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე.
გორის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1983-1985 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო დ. ა-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 40 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1960 წელს, და 1983-1985 წლებში 0,14 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე.
გორის რაიონის სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო დ. ა-ი - გარდაიცვალა 1989 წელს. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 40 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1960 წელს, და 1986-1988 წლებში 0,14 ჰა მიწის ფართობი; 1989-1990 წლებში მიწის ფართობი არ ფიქსირდებოდა. საზოგადოებრივი ჯგუფი - კოლმეურნე.
გორის რაიონის სოფელ ...ის 1996-2007 წლების საკომლო წიგნებში, 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში და მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის სიებში დ. (ე.) ა-ის კომლის და მის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდებოდა.
დ. (ე.) ა-ის ანდერძისმიერი მემკვიდრე ო. ა-ია.
გორის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1986-1995 წლების კავშირგაწყვეტილ პირთა საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ო. ა-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 100 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1990 წელს, მიწის ფართობი და საზოგადოებრივი ჯგუფი არ ფიქსირდება.
გორის რაიონის სოფელ ...ის 1996-2007 წლების კავშირგაწყვეტილ პირთა საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო ო. ა-ი. კომლს პირად საკუთრებაში 1996-1997 წლებში ერიცხებოდა 100 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1970 წელს, მიწის ფართობი და საზოგადოებრივი ჯგუფი არ ფიქსირდებოდა.
გორის რაიონის სოფელ ...ის 1980-1985 წლების საკომლო წიგნებში, 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში და მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის სიებში ო. ა-ის კომლის და მის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდებოდა.
ქ. თ-ის სახელზე 2003 წლის 26 აგვისტოს სისტემური რეგისტრაციით, №... საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 959 მ2 მიწის ნაკვეთი.
ქ. თ-ი გარდაიცვალა 2014 წელს, რომლის სამკვიდროსაც ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა გ. ფ-ი.
...ის თემში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის 2009 წლის 15 დეკემბრის № 852, №853, №853 (ერთი და იგივე დღეს, ერთი და იგივე №853-ით გაცემულია ორი სხვადასხვა შინაარსის ცნობა) და №854 ცნობების თანახმად გ. ფ-ი ჩაწერის გარეშე ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ...ში და აღრიცხული იყო კავშირგაწყვეტილ კომლად, რომლის საკომლო №2-113 იყო; მისი კომლი შედგებოდა 1 წევრისაგან: თავად გ. ფ-ისაგან. №... მიწის სარეგისტრაციო მოწმობაში შეცდომით მესაკუთრედ მითითებული იყო ქ. თ-ი და მითითებული უნდა ყოფილიყო გ. ფ-ი, რაზეც თანახმა იყო ქ. თ-იც, რომ შეცვლილიყო მესაკუთრით - გ. ფ-ით; ამ ნაკვეთზე კი 959 მ2-ის ნაცვლად, უნდა დაწერილი უნდა ყოფილიყო 618 მ2 ; საჯარო რეესტრს ეთხოვა შესწორების შეტანა. გ. ფ-ი განეკუთვნებოდა მიწათმოსარგებლეთა მესამე კატეგორიას, ფლობდა 618 მ2 მიწის ფართობს, რაშიც განთავსებული იყო საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით 117 მ2, აგების წელი - 1958.
ამ ცნობების საფუძველზე, ქ. თ-ის სახელზე სისტემური რეგისტრაციით საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება 2009 წლის 23 დეკემბერს დაზუსტებული მონაცემებით (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 618 მ2 მიწის ნაკვეთი და 117,14 მ2 შენობა- ნაგებობა), №... საკადასტრო კოდით აღირიცხა გ. ფ-ის სახელზე, სადაც ნაკვეთის წინა ნომრად მიეთითა ....
ო. ა-მა 2018 წლის 2 თებერვალს 2 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია იმავე ქონებაზე, ცალ-ცალკე 2 ნაკვეთად, რაც №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული იყო გ. ფ-ის სახელზე. ამ განცხადებებზე სარეგისტრაციო წარმოებები შეწყდა 2018 წლის 25 აპრილს იმის გამო, რომ განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ხოლო წარდგენილი ნახაზებით ზედდება ხდებოდა გ. ფ-ის კუთვნილ უძრავ ქონებასთან.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილებით ო. ა-ის საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო სადავო ქონების გ. ფ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში, ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 618 მ2 მიწის ნაკვეთისა და 117,14 მ2 შენობა-ნაგებობაზე გ. ფ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რამდენადაც აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანად მიჩნევა, ასევე წარმოადგენს სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილების წინაპირობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მესამე პირის- გ. ფ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველად მითითებულია - მიწის საგადასახადო სია №538 და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის 2009 წლის 15 დეკემბრის №852, №853, 853 და №854 ცნობები. მოსარჩელე სწორედ აღნიშნული ცნობების ბათილად ცნობას ითხოვს.
საკასაციო სასამართლო, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას და მიუთითებს, რომ არ არსებობს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის 2009 წლის 15 დეკემბრის №852, №853, №853 და №854 ცნობების და მათ შესაბამისად გამოცემული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები, რამდენადაც ისინი შესაბამისობაში არიან უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დადგენილ ფაქტობრივ და სამართლებრივ მდგომარეობასთან. ამასთან, მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების არსებობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის პოზიცია ეფუძნება, იმ გარემოებას, რომ იგი წარმოადგენს მისი ბიძისა და მამიდის ს. და დ. ა-ების მემკვიდრეს და შესაბამისად, მათი კომლის საკუთრებაში არსებული ქონების მესაკუთრეს. თუმცა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო უძრავი ქონება, ს. ა-ის გარდაცვალების და დ. ა-ის, ცალკე კომლად გამოყოფის შემდგომ, ეკუთვნოდა მესამე პირის - გ. ფ-ის მამკვიდრებლის - ქ. თ-ის კომლს.
საკოლმეურნეო კომლი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი მახასიათებელი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს ეკუთვნოდათ თანასაკუთრების უფლებით, ხოლო იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც ეკუთვნოდათ თანაბარი წილი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის № ბს-475-463 (კ-13) განჩინება). ს. ა-ის კომლი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს 1980 წლამდე; იგი გარდაიცვალა 1979 წელს და ამ მომენტიდან მის კომლის ერთადერთ წევრად ქ. თ-ი დარჩა. ს. ა-ის გარდაცვალების გამო საკოლმეურნეო კომლი მოისპო და მისი ადგილი ქ. თ-ის მუშა-მოსამსახურის კატეგორიის ოჯახმა დაიკავა; 1980 წლიდან მისი ოჯახი განეკუთვნებოდა მოსამსახურის კატეგორიას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ ს. ა-ის გარდაცვალების შემდგომ, კომლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დარჩა ისევ ამ კომლის საკუთრებაში, რომლის წევრს წარმოადგენდა ქ. თ-ი. მართალია, მოსარჩელე ო. ა-ი წარმოადგენს ს. ა-ის მემკვიდრეს, თუმცა სამკვიდრო ქონებას შეადგენდა ს. ა-ის პირად საკუთრებაში არსებული ქონება და არა კომლის, საერთო საკუთრებაში არსებული ქონება ან მისი ნაწილი.
ამასთან, უსაფუძვლოა ო. ა-ის პოზიცია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლება ასევე გამომდინარეობს დ. ა-ის მემკვიდრეობის ფაქტიდან, რამდენადაც, 1971 წლიდან, დ. ა-ი აღარ წარმოადგენდა ს. ა-ის კომლის წევრს და იყო ცალკე კომლის შემადგენლობაში, რომელსაც ცალკე ერიცხებოდა უძრავი ქონება. შესაბამისად, ცალკე კომლად გამოყოფით მან დაკარგა საკუთრების უფლება ს. ა-ისა და ქ. თ-ის კომლის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ დაუსაბუთებელია ო. ა-ის მოთხოვნა გ. ფ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე. შესაბამისად, ასევე, უსაფუძვლოა მოსარჩელის სხვა მოთხოვნები, რომლებიც უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნას უკავშირდება.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს, სააპელაციო პალატის შეფასებას მოსარჩელისათვის, მესამე პირის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯის 1000 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში და მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საკასაციო სასამართლო განსახილველი საქმის სირთულისა და მნიშვნელობის, წარმომადგენლობის ინტენსივობის გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო პალატის პოზიციას და წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის გონივრულ ოდენობად მიიჩნევს, მოსარჩელისათვის - მესამე პირის სასარგებლოდ - 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურების დაკისრებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, თ. მ-ეს 03/05/2023 წ. საგადახდო დავალება №16959409093-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნას დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. თ. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03/05/2023 წ. საგადახდო დავალება №16959409093-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
თ. ოქროპირიძე