საქმე №ბს-668(კ-23) 11 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 29 აპრილს ვ. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 9 ივნისის №04-00-ი/14546 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელე ვ. ბ-ისათვის 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 1 აგვისტომდე პერიოდის მიუღებელი პენსიის - 7040 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-იმა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ ვ. ბ-ის პენსიაზე უფლება წარმოეშვა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 60 წლის ასაკის მიღწევისას - 2015 წლის დეკემბრის თვიდან.
2022 წლის 11 მაისს, ვ. ბ-იმა განცხადებით (რეგისტრაციის თარიღი - 2022 წლის 20 მაისი, №52220) მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრს და 2015 წლის პირველი დეკემბრიდან 2018 წლის პირველ აგვისტომდე მიუღებელი პენსიის - 7040 ლარის ანაზღაურების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოითხოვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სადავო 2022 წლის 9 ივნისის №04-00-ი/14546 გადაწყვეტილების თანახმად, ვ. ბ-ის მოთხოვნა პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან პენსიის დანიშვნამდე პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ვ. ბ-ის პენსიის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფორმით სააგენტოსათვის მიმართვის სხვა ფაქტი 2015 წლიდან, გარდა 2018 წლის 4 ივლისის განცხადებისა, არ უდასტურდებოდა. ვ. ბ-ის 2018 წლის 4 ივლისს წარდგენილი განცხადებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2018 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნა კუთვნილი პენსია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვ. ბ-ის მიერ პენსიაზე უფლების წარმოშობისთანავე ადმინისტრაციულ ორგანოსათვის მიმართვის ფაქტის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ იყო წარდგენილი სასამართლოში, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არ არსებობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სადავო 2022 წლის 9 ივნისის №04-00-ი/14546 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მან საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე მიმართა შესაბამის სამსახურს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით. მას უარი უთხრეს იმ საფუძვლით, რომ მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ...ში“, შესაბამისად, ეწეოდა საჯარო საქმიანობას.
კასატორის მითითებით, იმ პერიოდისათვის მსგავს პირობებში უამრავი ადამიანი იყო, რომლებიც იმავე საფუძვლით დარჩნენ პენსიის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელის - ვ. ბ-ისათვის 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 1 აგვისტომდე პერიოდის მიუღებელი პენსიის - 7040 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ვ. ბ-ის პენსიაზე უფლება წარმოეშვა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 60 წლის ასაკის მიღწევისას - 2015 წლის დეკემბრის თვიდან.
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დ...ს“ 2020 წლის 17 სექტემბრის №MOD 2 20 00814111 ცნობის თანახმად, ვ. ბ-ი 2011 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ...ში“, ...ის პოზიციაზე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში დაცული სსსტც „დ...ში’’ დასაქმებულ ბენეფიციართა შესახებ ინფორმაციის თანახმად, ვ. ბ-ის (დაბადებული ... წელს) პენსია დაენიშნა 2018 წლის პირველ აგვისტოს. მას, 2018 წლის 4 ივლისამდე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის პენსიის დანიშვნის მოთხოვნით არ მიუმართავს.
2022 წლის 11 მაისს, ვ. ბ-იმა განცხადებით (რეგისტრაციის თარიღი - 2022 წლის 20 მაისი, №52220) მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრს და 2015 წლის პირველი დეკემბრიდან 2018 წლის პირველ აგვისტომდე მიუღებელი პენსიის - 7040 ლარის, ანაზღაურების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოითხოვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სადავო 2022 წლის 9 ივნისის №04-00-ი/14546 გადაწყვეტილებით, ვ. ბ-ის მოთხოვნა პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან პენსიის დანიშვნამდე პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ვ. ბ-ის 2018 წლის 4 ივლისის განცხადება დაკმაყოფილდა, მას 2018 წლის პირველი აგვისტოდან დაენიშნა კუთვნილი პენსია. ამასთან, ვ. ბ-ის არ უდასტურდებოდა პენსიის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფორმით სააგენტოსათვის მიმართვის სხვა ფაქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. მითითებული კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ და „ე“ პუნქტების თანახმად, განცხადება არის უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის თაობაზე ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა. პენსიის მიღების უფლების მქონე პირი მაძიებლად ითვლება პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტიდან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპენსიო ასაკის მიღწევა ავტომატურად არ წარმოშობს კომპეტენტური ორგანოს მხრიდან პენსიის დანიშვნის ვალდებულებას, საპენსიო ასაკის შესრულებასთან ერთად სავალდებულოა უფლებამოსილმა პირმა შესაბამისი განცხადებითა და თანდართული დოკუმენტებით მიმართოს კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს.
მართალია, მოსარჩელე ვ. ბ-ის პენსიაზე უფლება წარმოეშვა 60 წლის ასაკის მიღწევისას - 2015 წლის დეკემბრის თვიდან, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება მისი მხრიდან ადმინისტრაციული ორგანისათვის პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების რაიმე ფორმით 2018 წლის 4 ივლისამდე წარდგენის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს მისთვის მიუღებელი პენსიის - 2015 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 1 აგვისტომდე ანაზღაურების კანონისმიერი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი