ბს-1124 (კ-22) 05 ოქტომბერი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2022წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. გ-ემ და ს. გ-ემ 24.05.2021წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს დ. გ-ის და ს. გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 1595 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მათ სახელზე ლეგალიზებასა და შესაბამისი საკუთრების მოწმობის გაცემის თაობაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ფაქტობრივი უარის ბათილად ცნობა, ასევე ქ. თბილისში, ...ის ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, დ. გ-ის საკუთრებაში არსებული 1622 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 1595 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2021წ. გადაწყვეტილებით დ. და ს. გ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ფაქტობრივი, "ვირტუალური" უარი და მოპასუხეს დაევალა, ქ. თბილისში, ...ის ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, დ. გ-ის საკუთრებაში არსებული 1622 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ 1595 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2022წ. სხდომის ოქმით მოსარჩელეების წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.05.2022წ. N964 განკარგულების ბათილად ცნობა. სასარჩელო მოთხოვნა აქტის გამოცემის დავალების ნაწილში უცვლელი დარჩა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2022წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2021წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. გ-ის და ს. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.05.2022წ. N964 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა, ქ. თბილისში, ...ის ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე დ. გ-ის საკუთრებაში არსებული 1622 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ 1595 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დ. გ-ის და ს. გ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო გამოცემული წერილობითი აქტი საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე და სასამართლომ იმსჯელა ადმინისტრაციული ორგანოს ვირტუალურ უარზე. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 21.04.2022წ. N25 სხდომის ოქმი და მის საფუძველზე გამოცემული 24.05.2022წ. N964 განკარგულება, რომლის მიხედვითაც დ. გ-ეს და ს. გ-ეს უარი ეთქვათ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნული აქტი მიღებულია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2018წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 03.10.2017წ. N1754 და 17.01.2018წ. N195 განკარგულებები, ამავე გადაწყვეტილებით კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.05.2022წ. N964 განკარგულებით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა „საძოვრის" კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს. აღნიშნული გარემოება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა პირველადი ადმინისტრაციული წარმოების პირობებშიც. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.09.2017წ. N... და 19.09.2017წ. ... ცნობების მიხედვით, ს. და დ. გ-ეების მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი 1978 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით წარმოადგენდა „საძოვრის“ კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს, რაც არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლებით აღიარებას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებში დაცულ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 13.09.2017წ. N60-01172561727 წერილზე, რომლის თანახმად, სამსახურმა განიხილა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე 1595 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი. მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია საცხოვრებელ (სზ) ზონაში. მასზე გათვალისწინებულია ... სისტემური რეგისტრაცია (არ იძებნება ვისზეა აღირცხული). პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი აღარ ექცევა "საძოვრის" სტატუსის მქონე ფუნქციურ ზონაში, რითაც მოხსნილია ის ძირითადი დამაბრკოლებელი გარემოება, რაც საფუძვლად დაედო ს. და დ. გ-ეებისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას.
სააპელაციო პალატის მითითებით სადავო აქტი მიღებულ იქნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა აღნიშნული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები. ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია ისეთი გარემოებების არსებობა, რაც შესაძლოა გამხდარიყო სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის პირობებში ცალსახად გამოიკვეთებოდა ის გარემოება, რომ დღეს მოქმედი გენგეგმის თანახმად სადავო მიწის ნაკვეთზე აღარ ვრცელდება „საძოვრის“ ფუნქციური ზონის სტატუსი. ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები წლების მანძილზე ფლობდნენ და სარგებლობდნენ უფლებაასაღიარებელი ტერიტორიით და სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება ორთოფოტოებით და საკადასტრო აზომვითი ნახაზით. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უსაფუძვლოდ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება დ. და ს. გ-ეების საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში 24.05.2022წ. მიღებულ იქნა N964 განკარგულება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიას. კასატორმა მიუთითა "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონის მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტზე, ასევე მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის "პ" ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთი. კანონის ზემოაღნიშნული ჩანაწერი არის იმპერატიული და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ არის დამოკიდებული კომისიის დისკრეციაზე. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.09.2017წ. N... და 19.09.2017წ. ... ცნობებით დგინდება, რომ ს. გ-ის და დ. გ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს, ამდენად, არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას და კომისია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს შეაფასოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და იმსჯელოს ს. და დ. გ-ეების მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა კანონის ზემოაღნიშნული ჩანაწერი და დაეყრდნო მხოლოდ მოქმედ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას, რაც წინააღმდეგობაში მოდის კომისიისათვის სამოქმედო საკანონმდებლო ნორმასთან. კასატორმა სსკ-ის 102-ე და სასკ-ის მე-17 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მხარემ ვერ წარმოადგინა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად იქნა განმარტებული სადავო საკითხის მომწესრიგებლი ნორები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ს. გ-ემ 09.03.2017წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე 2966 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.04.2017წ. წერილით კომპეტენციის ფარგლებში (თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების) საკითხის განსახილველად აღიარების კომისიას გაეგზავნა ს. გ-ის მიერ წარდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული ინფორმაცია. აღნიშნულის შემდგომ, 06.09.2017წ. დ. გ-ემ და ს. გ-ემ ერთობლივი განცხადებით მიმართეს კომისიას და დააზუსტეს მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვეს დ. გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონების, 1595 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, მათ სახელზე ლეგალიზება და საკუთრების მოწმობის გაცემა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 03.10.2017წ. N1754 განკარგულებით უარი ეთქვა ს. გ-ეს ...ის მიმდებარედ მდებარე 2966 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღიარებაზე. კომისიის 17.01.2018წ. N195 განკარგულებით გასწორდა 03.10.2017წ. N1754 განკარგულებაში დაშვებული შეცდომა და უარი ეთქვა ს. გ-ეს და დ. გ-ეს ...ის მიმდებარედ 1595 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. მითითებული განკარგულებებით ს. გ-ეს და დ. გ-ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა "საძოვრის" კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აღიარებას არ ექვემდებარებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დ. და ს. გ-ეების მიერ გასაჩივრებულ იქნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 03.10.2017წ. N1754 და 17.01.2018წ. N195 განკარგულებები. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2018წ. გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 03.10.2017წ. N1754 და 7.01.2018წ. N195 განკარგულებები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული დავის ფარგლებში სადავოდაა გამხდარი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.05.2022წ. N964 განკარგულება. აღნიშნული განკარგულებით ს. და დ. გ-ეებს უარი ეთქვათ ...ის მიმდებარედ 2966 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ განმცხადებლების მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს "საძოვრის" კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს. ადმინისტრაციული ორგანო, როგორც პირველი ადმინისტრაციული წარმოების, ასევე სადავო განკარგულების გამოცემის დროს დაეყრდნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.10.2017წ. N... და 19.09.2017წ. ... ცნობებს, რომელთა მიხედვით ს. და დ. გ-ეების მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი 1978წ. მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით წარმოადგენდა "საძოვრის" კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ზემოაღნიშნულ ცნობებში მიუთითებს, რომ ინფორმაცია მომზადებულია სააგენტოში დაცული საარქივო მონაცემების საფუძველზე, 1992-1994 წლამდე პერიოდში არსებული მდგომარეობით, ხოლო მიმდინარე პერიოდის მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო კატეგორიების შესახებ საარქივო დოკუმენტებს სააგენტო არ ფლობს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში დაცულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.08.2017წ. და 13.09.2017წ. წერილებზე, რომელთა თანახმად, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეულია საცხოვრებელ ზონაში. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას უგულებელყო არქიტექტურის სამსახურის წერილებით მოწოდებული ინფორმაცია და დაეყრდნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის მონაცემებს, რომელიც 1992-1994 წლამდე პერიოდის მდგომარეობას ასახავს, თუმცა რა გახდა ამ უპირატესობის მინიჭების საფუძველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთებული არ არის. ამასთან, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2018წ. გადაწყვეტილების აღსრულება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული მითითებების გათვალისწინების, სადავო საკითხის არსებითი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე. სადავო აქტით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.05.2022წ. N964 განკარგულებით, ს. და დ. გ-ეებს უარი ეთქვათ ...ის მიმდებარედ 2966 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, მაშინ როდესაც მხარეთა მიერ მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ სადავო იყო არა 2966 კვ.მ. მიწის ფართობზე, არამედ 1595 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხი, რაც დამატებით ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოსაკვლევი საკითხისადმი ფორმალურ მიდგომას. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთი აღარ ექცევა "საძოვრის" კატეგორიის მქონე ფუნქციურ ზონაში, რითაც მოხსნილია ის ძირითადი დამაბრკოლებელი გარემოება, რაც საფუძვლად დაედო ს. და დ. გ-ეებისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს.
ამასთან, "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობის და სარგებლობის ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით და ორთოფოტოებით, რასაც სადავოდ არ ხდის მოპასუხე. ამდენად, უკანონო და დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი სადავო მიწის ნაკვეთზე დ. და ს. გ-ეების საკუთრების უფლების აღიარებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2022წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა