Facebook Twitter

საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-1045(ს-23) 17 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ო. თ-ის საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ო. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის განჩინებით ო. თ-ს სასამართლოს წარმოებაში სარჩელის მიღებაზე ეთქვა უარი.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ო. თ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით ო. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 1 მარტის განჩინება და საქმე სარჩელის წარმოებაში მიღების სტადიიდან, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში საჩივარი წარმოადგინა ო. თ-მა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. თ-ის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრით საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კერძო საჩივრით კი, გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს ასეთი გასაჩივრების შესაძლებლობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ო. თ-ი სადავოდ ხდის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის განჩინებას.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით ო. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 1 მარტის განჩინება და საქმე სარჩელის წარმოებაში მიღების სტადიიდან, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია ისეთი განჩინების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივართან დაკავშირებული სამართალწარმოება დასრულდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ განჩინება არ საჩივრდება. ამდენად, მოსარჩელის მიერ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ სადავოდ გამხდარი სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ საჩივრდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. თ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. თ-ის საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე