Facebook Twitter

№ბს-533(კ-23) 11 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ...“; მესამე პირი (სასკ 16.2) - შპს „მ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 12 ნოემბერს სს „თ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 23 სექტემბრის №41/8 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიისათვის, ქმედების განხორციელების, შპს ,,მ...ს“ კუთვნილი ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადის გადაცილების გამო ელექტრონული ჟურნალით დარიცხული კომპენსაციის გაუქმების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „მ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სს „თ...ს‘‘ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 23 სექტემბრის №41/8 გადაწყვეტილება და მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალა შპს ,,მ...ს“ კუთვნილი ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადის გადაცილების გამო ელექტრონული ჟურნალით დარიცხული კომპენსაციის გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2021 წლის 24 მაისს, შპს „მ...ს“ წარმომადგენელმა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ №CNS-05/3082/21 განაცხადით მიმართა სს „თ...ს“. განაცხადის თანახმად, მისაერთებელი ობიექტის მისამართი იყო - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №7, საკადასტრო კოდი - №..., განაცხადით მოთხოვნილი აბონენტთა საერთო რაოდენობა - 115, გეგმით გათვალისწინებული ობიექტის ჯამური მისაერთებელი სიმძლავრე - 200.0 კვტ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად ქსელზე მიერთების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 27 ივლისი (45 სამუშაო დღე).

სს „თ...ს“ მიერ ჩატარდა მოკვლევა და 2021 წლის 14 ივნისს მომზადდა CC-661/21 პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა დამკვეთის მიერ გადასაცემ მიწის ფართზე ქალაქური კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურის განთავსებას, 6/10 კვ-ის საკაბელო მიმართულების 9106-9204-ის გაჭრას და შემაერთებელი ქუროების მეშვეობით საპროექტო ქვესადგურთან დაკავშირებას. ასევე, ახალი სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან ობიექტამდე გამანაწილებელი ქსელის მიწის ქვეშ განთავსებას, ძალოვანი კარადების და აღრიცხვის კვანძის მონტაჟს. აღნიშნული პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა მიწისქვეშა კომუნიკაციების მფლობელ კომპანიებთან.

სს „თ...მა“ 2021 წლის 24 ივნისს, დაჩქარებული წესით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემის შესახებ №QN1834001 განცხადებით. სააგენტოს მხრიდან აქტის გამოცემის ბოლო ვადა იყო 2021 წლის 29 ივნისი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2021 წლის 2 ივლისის №QN1834001 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა. სს „თ...ს“ მიეცა თანხმობა ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე №7-ის მიმდებარედ, ელ. მომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე. 2021 წლის 8 ივლისს, შპს „მ...სა“ (მესაკუთრე) და სს „თ...ს“ (უზუფრუქტუარი) შორის გაფორმდა უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, უზუფრუქტუარმა უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით აიღო მესაკუთრის საკუთრებაში არსებულ უძრავი ნივთის ნაწილი, მდებარე ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე №7-ში, საკადასტრო კოდი - №..., შპს „მ...ს“ საკუთრებაში მდებარე 2954,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 25 კვ.მ. ფართი, 49 წლის ვადით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, უზუფრუქტის საგანი უზუფრუქტუარის მიერ გამოყენებულ იქნებოდა მხოლოდ ელ. ენერგიის ტრანსფორმატორის განსათავსებლად.

2021 წლის 15 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №7-ში მდებარედ 25.00 კვ.მ. ფართზე (საკადასტრო კოდი - №...), 49 წლის ვადით, 2021 წლის 8 ივლისის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებული იყო სს „თ...ს“ უზუფრუქტის უფლება. უფლების რეგისტრაციის თარიღი იყო 2021 წლის 9 ივლისი. 2021 წლის 19 ივლისს სს „თ...მა“ №0719/1189/21 მოთხოვნით (კომისიაში რეგისტრაციის №7236/01, 20.07.2021 წ.) მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის ვადის გაზრდა მოითხოვა 2021 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. კომპანიის განმარტებით, ქონების მართვის სააგენტოსთან გამანაწილებელი ქსელის განთავსებაზე პროექტის შეთანხმების გარდა, ობიექტის ქსელში ჩასართავად აგრეთვე საჭირო გახდა სატრანსფორმატორო ქვესადგურის განთავსებაზე სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან ნებართვის მოპოვება. 2021 წლის 21 ივლისს სს „თ...ს“ წარმომადგენელმა №AR1839251 განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე №7-ში პირველი კლასის მშენებლობის განხორციელების დადასტურება მოითხოვა. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 28 ივლისის №5522501 გადაწყვეტილებით №AR1839251 განაცხადზე დადგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა ენერგოობიექტის ადგილის შეცვლა. საბოლოოდ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 5 აგვისტოს №5533915 გადაწყვეტილებით, სამსახური დაეთანხმა ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე №7-ში ენერგოობიექტის განთავსების შესაძლებლობას.

შპს „მ...ს“ ქსელზე მიერთება დასრულდა 2021 წლის 20 აგვისტოს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სადავო 2021 წლის 23 სექტემბრის №41/8 გადაწყვეტილებით, სს „თ...ს“ მოთხოვნა ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის, შპს „მ...ს“ კუთვნილი ობიექტის (მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩაზე №7, საკადასტრო კოდი - №...) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიის მიერ დაცული არ იყო ის პირობები და პროცედურები, რაც გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის თაობაზე მოთხოვნისთვის წესებით იყო დადგენილი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება, რომ 2021 წლის 19 ივლისს სს „თ...ს“ მოთხოვნა მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის ვადის გაზრდის თაობაზე არ შეიცავდა არანაირ დასაბუთებას, მკაცრად ფორმალური ხასიათის იყო. შესაბამისად პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის მითითება მოსარჩელის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების გაჭიანურებასთან მიმართებით და დადასტურებულად მიიჩნია იმგვარი ობიექტური გარემოებების არსებობა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მოპასუხის მხრიდან სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ „ქონების მართვის სააგენტოში“ პროექტის შესათანხმებლად წარდგენას სს „თ...მა“ მოანდომა ერთ თვეზე მეტი, ეს იმ პირობებში, როცა სს „თ...“ მსგავს პროექტებს ამზადებს თითქმის ყოველდღიურად და მომზადებული აქვს ასეულობით, ჰყავს კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებმაც მცირე დეტალებამდე იციან მსგავსი პროექტები და მათი მომზადებისთვის საჭიროა ორიოდე დღე და არა 20 დღეზე მეტი. პროექტის მომზადებისას, დროის გარკვეული პერიოდი ეთმობა ოპტიმალური მარშუტის შერჩევას. პროექტის სხვა ნაწილი, როგორიცაა მიერთებისთვის საჭირო მოწყობილობები, მაგალითად, ტრანსფორმატორი, მრიცხველი, მიწის ქვეშ განსათავსებელი კაბელი, თხრილის მოცულობა და ა.შ თითქმის ავტომატურ რეჟიმში განისაზღვრება და დამოკიდებულია ახალი მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ სიმძლავრესა და ძაბვის საფეხურზე. კომისიის წარმოებაში არსებულ სხვა საქმეში, სს „თ...მა“ 2 დღის ვადაში მოამზადა თითქმის სრულიად ახალი პროექტი, ქონების სააგენტოს მიერ ხარვეზის დადგენიდან. შესაბამისად, კომპანიამ თავისი უმოქმედობით და ბრალეული დაუდევრობით დაკარგა მნიშვნელოვანი დრო, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებდა მიერთების ვადას. სს „თ...ს“ არანაირი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ დასჭირდა ერთი თვეზე მეტი პროექტის მომზადებას და სააგენტოში შესათანხმებლად წარდგენას, კომისიაში არ წარუდგენია.

პროექტის შედგენის მომენტიდან, რომელიც განსახილველ შემთხვევაში 14 ივნისს წარმოადგენს და შესაძლოა სულ სხვა თარიღიც ყოფილიყო „თ...ს“ რომ პროექტის შედგენა უმოქმედობით არ გაეჭიანურებინა, კომპანიამ ზუსტად იცოდა, რომ ობიექტის ქსელზე მიერთებისთვის აუცილებელი იყო სატრანსფორმატორო ქვესადგურის განთავსება. დამკვეთმა, შპს „მ...მა“ გამოხატა მზადყოფნა სატრანსფორმატორო ქვესადგურის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, სს „თ...მა“ უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმება გააჭიანურა 2021 წლის 14 ივნისიდან 2021 წლის 9 ივლისამდე, ხოლო საჯარო რეესტრში რეგისტრაცია 15 ივლისამდე. ამდენად, უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებისა და მისი რეესტრში რეგისტრაციის პერიოდი სს „თ...ს“ ბრალეული უმოქმედობით გაჭიანურდა მინიმუმ ერთი თვით.

სს „თ...სთვის“ კარგადაა ცნობილი, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, პირველი კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე თანხმობას გასცემს სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური. სს „თ...მა“ იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ სატრანსფორმატორო ქვესადგურის მშენებლობას ვერ განახორციელებდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის თანხმობის გარეშე. სასამართლოებმა არ ასახეს გადაწყვეტილებაში კომისიის პოზიცია, რომ სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურთან სატრანსფორმატორო ქვესადგურის (პირველი კლასის შენობა-ნაგებობა) მშენებლობაზე თანხმობის მიღება და ქსელის განთავსებაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს თანხმობის მიღება, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი ორი პროცესია. აღნიშნული გარემოება, ასევე დაადასტურა მოსარჩელე მხარემაც და აღნიშნული გარემოება რომ სადავოს არ წარმოადგენდა ასახულია სხდომის ოქმში. ამდენად, ქვესადგურის განთავსებაზე თანხმობის მიღება არქიტექტურის სამსახურისგან და ქსელის განთავსებაზე თანხმობის მიღება ქონების სააგენტოსგან, ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცესია და შესაძლებელია ორი პროექტი ორ სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეთანხმებულიყო პარალელურად. მიუხედავად აღნიშნულისა, კომპანიამ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქვესადგურის მშენებლობაზე თანხმობის მიღების მიზნით, მხოლოდ 2021 წლის 21 ივლისს მიმართა, პროექტის შედგენიდან (14 ივნისი) - დაახლოებით 40 დღის შემდეგ, როცა უკვე გასული იყო ნორმატიული აქტით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადა.

ელექტრონულ ჟურნალში არსებული კომპენსაციის გაუქმებასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი არასოდეს ყოფილა კომისიის განხილვის საგანი. აღნიშნულ საკითხს სხვა სამართლებრივი აქტი არეგულირებს და მასთან დაკავშირებით წარმოების ჩატარება არასოდეს ყოფილა მოთხოვნილი შპს „მ...ს“ ობიექტთან მიმართებით. შესაბამისად კომპენსაციის გაუქმების საკითხს არ აქვს პირდაპირი მიმართება მოცემულ საქმეზე დავის საგანთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ელექტროენერგეტიკის სექტორში წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და ვაჭრობის და ბუნებრივი გაზის სექტორში გადაცემის, განაწილების, მიწოდების, შენახვისა და ვაჭრობის ზოგად სამართლებრივ ჩარჩოს გამართული, გამჭვირვალე და კონკურენტული ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის ბაზრების შექმნის, გახსნის, განვითარებისა და ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით (მუხლი 1.1). ამასთან, კანონი აწესრიგებს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების მართვასა და ორგანიზებასთან, რეგულირებასთან, მონიტორინგსა და ზედამხედველობასთან, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე თავისუფალ დაშვებასა და ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე ადგენს ტენდერის გამოცხადებასა და ენერგეტიკული საქმიანობის ავტორიზაციასთან, ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერირებასა და მათზე დაშვებასთან, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში საჯარო მომსახურებასთან, მომხმარებელთა უფლებებთან და მათ დაცვასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებსა და პროცედურებს (მუხლი 1.2).

მითითებული კანონის მე-17 მუხლის თანახმად, კომისიის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს კანონი, კომისიის დებულება და კომისიის მიერ დამტკიცებული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. კომისია ახორციელებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების საქმიანობის რეგულირებას და ზედამხედველობას, როგორც „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, ამ სექტორების მარეგულირებელი ერთადერთი ორგანო.

ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების − დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების კანონიერებაზე. კომისიის სამართლებრივი აქტები უნდა იყოს წერილობითი ფორმის, დასაბუთებული და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს განმარტებებს მათი განხორციელების თაობაზე. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას. ამავე კანონის 101-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება ხორციელდება ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის მიმწოდებელი, სისტემის ოპერატორი, მომხმარებელი, მათ შორის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებელი, ვალდებულია დაიცვას წესებში მოცემული ნორმები. წესების შესრულება სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას, მიწოდებას ან/და მოხმარებას. დაუშვებელია ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება.

აღნიშნული წესის მე-18 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, 0,4 კვ (380/220ვ) და 6/10 კვ ძაბვის ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს სისტემის ოპერატორის მიერ „გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი ობიექტის (ან ობიექტების) ელექტროენერგიით მომარაგების (განაცხადითა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს.

ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის სისტემის ოპერატორს ახალი ობიექტის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. სისტემის ოპერატორის მოთხოვნა მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას, ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს, მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით).

განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სადავო 2021 წლის 23 სექტემბრის №41/8 გადაწყვეტილებით, სს „თ...ს“ მოთხოვნა ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის, შპს „მ...ს“ კუთვნილი ობიექტის (მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩაზე №7, საკადასტრო კოდი - №...) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიის მიერ დაცული არ იყო ის პირობები და პროცედურები, რაც გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის გაზრდის თაობაზე მოთხოვნისთვის წესებითაა დადგენილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოსარჩელის ქმედებები განხორციელებული იყო შემდეგ თარიღებში - განცხადება წარდგენილია 2021 წლის 24 მაისს, მიერთების ვადად განისაზღვრა - 2021 წლის 27 ივლისი, პროექტი მომზადდა 2021 წლის 14 ივნისს, 2021 წლის 24 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოში სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემის შესახებ განაცხადი წარდგენილია დაჩქარებული წესით, 2021 წლის 8 ივლისს, შპს „მ...სა“ (მესაკუთრე) და სს „თ...ს“ (უზუფრუქტუარი) შორის გაფორმდა უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია 2021 წლის 15 ივლისს, სს „თ...მა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის ვადის გაზრდის მოთხოვნით მიმართა 2021 წლის 19 ივლისს (ქსელზე მიერთების ვადა იწურებოდა 2021 წლის 27 ივლისს), სს „თ...მა“ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს განცხადებით მიმართა 2021 წლის 21 ივლისს, შპს „მ...ს“ ქსელზე მიერთება დასრულდა 2021 წლის 20 აგვისტოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ სახეზე არ ყოფილა მოსარჩელის ბრალეული უმოქმედობა. სასამართლო წარდგენილი განაცხადის შინაარსისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ დასტურდება იმგვარი ობიექტური გარემოებების არსებობა, რაც შეიძლება გამხდარიყო მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ „დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება). ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას და მიუთითებს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქმის ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას, მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანებისა და მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში ჰქონდა უფლებამოსილება დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის განცხადება, თუმცა ფორმალური, არასათანადო დასაბუთებით უარი უთხრა სამუშაოების ვადის გაგრძელებაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პოზიციას, რომ განსახილველ ძირითად დავის საგანთან კავშირი არ აქვს ელექტრონული ჟურნალით დარიცხული კომპენსაციის გაუქმების საკითხს და აღნიშნავს, რომ დარიცხული კომპენსაცია გამომდინარეობს სწორედ შპს ,,მ...ს“ კუთვნილი ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადის გადაცილების გამო. ამდენად, რამდენადაც დასტურდება, რომ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადის გაგრძელებაზე უარი იყო უკანონო, მოსარჩელის მიერ ვადა არ უნდა იქნას მიჩნეული გადაცილებულად, შესაბამისად, ამ ნაწილშიც არსებობს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასების გაზიარების და დაკისრებული კომპენსაციის გაუქმების საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 02/05/2023 წ. საგადასახდო დავალება №657-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნას დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ს/ნ 204400200) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02/05/2023 წ. საგადასახდო დავალება №657-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი