Facebook Twitter

№ბს-498(კ-23) 4 ოქტომბერი, 2023

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 3 ივნისს დ.თ-ამ, ე.ბ-მა, გ.თ-ამ და გი.თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 აპრილის №03-2202/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში, დ.თ-ასათვის (განაცხადით გათვალისწინებული პირებისათვის) კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ.თ-ას, ე.ბ-ის, გ.თ-ას და გი.თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 აპრილის №03-2202/ო ბრძანება და მოპასუხეს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, დ.თ-ასათვის (განაცხადით გათვალისწინებულ პირებისათვის) კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამრთლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დ.თ-ა არის დევნილი - მასზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №... მოწმობა. 2021 წლის 28 მაისს, დ.თ-ამ №... განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. ამასთან, შეავსო შესაბამისი კითხვარი.

დ.თ-ას ოჯახი შედგება ოთხი წევრისგან: დ.თ-ა, მეუღლე - ე.ბ-ი, შვილი - გ.თ-ა, შვილი - გი.თ-ა.

2021 წლის მდგომარეობით, მოსარჩელეთა ოჯახი შეფასდა 4.50 ქულით (2.00 ქულა - 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2 წევრი; 1.50 ქულა - C.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 1.00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი). დ.თ-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, დედა და დისშვილი. განაცხადს აკეთებს შვილებთან და სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ (...) მეუღლესთან - ე.ბ-თან ერთად. კონკრეტულ შემთხვევაში მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელდა მოკვლევა მოსარჩელისა და მისი ოჯახის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით და დადგინდა, რომ დ.თ-ა მის ოჯახთან ერთად ცხოვრობს დედის - ზ.ხ-ას საკუთრებაში არსებულ ბინაში. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის გადაწყვეტილებით, დ.თ-ას უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, ვინაიდან, ამ ეტაპზე, განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, დედის სახელზე აღრიცხულ საკუთრებაში ცხოვრების გამო.

სააპელაციო სასამართლომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს და მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში არ აქვთ რაიმე სახის უძრავი ქონება, რის გამოც მუდმივი საცხოვრებლის არარსებობის გამო, სარგებლობენ სხვის (დ.თ-ას დედის) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავდა მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული ყოფილიყო ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, საჭიროებიდან გამომდინარე მოეთხოვა საცხოვრებელი ფართი და მისი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დაკმაყოფილებული ყოფილიყო საცხოვრებლით. განსახილველ შემთხვევაში, დევნილი ოჯახი, მინიჭებული ქულათა გათვალისწინებით, საჭიროებდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობას, რის გამოც, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 აპრილის №03-2022/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის, მოსარჩელეთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ დ.თ-ა თავის ოჯახთან ერთად, მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს დედის საკუთრებაში, რასაც ასევე ადასტურებენ თავად მხარეებიც. შესაბამისად, არ იკვეთება გადაუდებელი განსახლების საჭიროება, ვინაიდან საცხოვრებელი ფართის მოცულობა იძლევა შესაძლებლობას ოჯახის თითოეულ წევრს ჰქონდეს თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა და პირობები.

კასატორის მითითებით, მართალია სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განსაზღვრავს რიგითობას, ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობისა და შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სრულყოფილად არის გამოკვლეული გარემოებები, დაცულია კანონის ყველა მოთხოვნა, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შესაბამისად არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებთ უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე უარის თქმა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.

ამავე წესის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია).

ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით ასევე დამტკიცდა „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №6, რომლის „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დ.თ-ა არის დევნილი - მასზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №... მოწმობა. 2021 წლის 28 მაისს, დ.თ-ამ №... განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. ამასთან, შეავსო შესაბამისი კითხვარი.

დ.თ-ას ოჯახი შედგება ოთხი წევრისგან: დ.თ-ა, მეუღლე - ე.ბ-ი, შვილი - გ.თ-ა, შვილი - გი.თ-ა.

2021 წლის მდგომარეობით, მოსარჩელეთა ოჯახი შეფასდა 4.50 ქულით (2.00 ქულა - 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2 წევრი; 1.50 ქულა - C.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 1.00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი). დ.თ-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, დედა და დისშვილი. განაცხადს აკეთებს შვილებთან და სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ (...) მეუღლესთან - ე.ბ-თან ერთად. დ.თ-ას და მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში არ აქვთ რაიმე სახის უძრავი ქონება, რის გამოც მუდმივი საცხოვრებლის არარსებობის გამო, სარგებლობენ სხვის (დ.თ-ას დედის) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.

გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, დ.თ-ას განაცხადიდან გამომდინარე, მონიტორინგი განხორციელდა 2022 წლის 25 იანვარს, ქ. თბილისში, მისამართზე - ..., VI კვ., 10/49 (იგივე ...ის ქუჩა №3). დ.თ-ას ოჯახი აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობს 2017 წლიდან დღემდე, მანამდე ისინი ქირით ცხოვრობდნენ სხვადასხვა მისამართებზე.

მონიტორინგის ჯგუფის მოკვლევის შესაბამისად, დ.თ-ა მის ოჯახთან ერთად ცხოვრობს დედის - ზ.ხ-ას საკუთრებაში არსებულ ბინაში.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 აპრილის №03-2202/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №28) დ.თ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო (დედის სახელზე აღრიცხულ საკუთრებაში ცხოვრება), უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე მითითებას და განმარტავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ქირის გარეშე ცხოვრობს ნათესავის ბინაში არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ დასაბუთებული არ არის. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას დაკმაყოფილებული იქნეს საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი