საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1001(ს-23) 6 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. ი-ეის საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებაზე.
ნ. ი-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ (მესამე პირი - შპს „ჯ...“).
2023 წლის 31 მარტს გამართულ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა, იურიდიული ინტერესის არარსებობისა და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტაზე. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის განჩინებით მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ნ. ი-ეის სარჩელზე (მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირი - შპს „ჯ...“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 დეკემბრის N... და 2020 წლის 17 მარტის N90914 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ნ. ი-ეის პ/ნ ... მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ, უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი, ...ის ... მ/რ, კორპ ..., ბინა 66, ს/კ ..., ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით, შეწყდა საქმის წარმოება. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ი-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით ნ. ი-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის განჩინება. ამასთან, ამავე განჩინებით ნ. ი-ეს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინება გაასაჩივრა ნ. ი-ემ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ი-ეის საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ. ი-ე საჩივრით სადავოდ ხდის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია ისეთი განჩინების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას მოკლებულია საკასაციო სასამართლო, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სამართალწარმოება დასრულდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ განჩინება არ საჩივრდება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივართან დაკავშირებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. შესაბამისად, ნ. ი-ეის მიერ წარმოდგენილია საჩივარი განჩინებაზე, რომლის დამატებითი გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ი-ეის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაუშვებლობის გამო, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ი-ეის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე