ბს-1365 (კ-22) 05 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-ემ 20.12.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 25.09.2018წ. N01-869/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.03.2019წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ნ. მ-ი, თ. მ-ი და ა. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.07.2019წ. გადაწყვეტილებით მ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 25.09.2018წ. N01-869/ო ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. კ-ეის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "დევნილთა შესახებ" კანონის მე-4, 6.1, მე-13, მე-14, მე-19, 20.1 მუხლებზე, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2, მე-3, მე-6 მუხლებზე და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მ. კ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო: ქ. ცხინვალი, ...ის ქ. №27. მ. კ-ეს ჰყავს მეუღლე - ზ. მ-ი (არადევნილი) და დევნილის სტატუსის მქონე შვილები - თ. მ-ი (დაბ. ... წ.), ა. მ-ი (დაბ. ... წ.), ნ. მ-ი (დაბ. ... წ.). კრიტერიუმების მიხედვით დევნილი ოჯახი შეფასებულია 5.5 ქულით. ასევე დადგენილია, რომ დევნილ ოჯახს არ გააჩნია სათანადო საცხოვრებელი, ცხოვრობს ქირით მისამართზე: ქ. გორი, ...ის გზატკ. №..., ფართობი: 45.66 კვ.მ., საცხოვრებელი ბინა წარმოადგენს მოქალაქე ლ. გ-ეის საკუთრებას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 25.09.2018წ. №01-869/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 25.06.2018წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №26), მ. კ-ეის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, მეუღლის მიერ სიდედრზე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მ. კ-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს მისი მეუღლის ზ. მ-ის მიერ სიდედრზე გასხვისებულ ბინაში, რაც გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო გამორიცხავს აღნიშნული ოჯახის მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილების საჭიროებას. საქმის მასალებით, კერძოდ მ. კ-ეის მიერ შევსებული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის მესამე გვერდის მონაცემების მიხედვით, მ. კ-ეის მშობელს წარმოადგენს არადევნილი ნ. ჩ-ა, რომლის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს ქალაქი .... ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს 19.07.2019წ. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ. გ-ეემ უარყო მ. კ-ესთან რაიმე ნათესაური კავშირის არსებობა. ის ფაქტი, რომ დევნილი ოჯახი ცხოვრობს მის მიერ 14 წლის წინ გასხვისებულ ბინაში, უტყუარად არ ადასტურებს, რომ არ არსებობს ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლების გადაუდებელი აუცილებლობა. პალატის მოსაზრებით, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობა, თავისთავად არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020 წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)).
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მეუღლე ზ. მ-ი არის შეზღუდული შესაძლებლობი მქონე პირი. სააპელაციო პალატამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციაზე" მითითებით აღნიშნა, რომ სააგენტო ვალდებულია გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებები, რაც მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში არ იქნა მიღებული.
სააპელაციო პალატამ "ბავშვის უფლებათა კოდექსის" მე-3 მუხლის "თ" ქვეპუნქტზე და მე-5 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას, თუმცა ზემოაღნიშნული, სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელემ შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, განაცხადის დამუშავების შედეგად მან მოიპოვა წინასწარი შეფასებით 6,5 ქულა, რომელიც შემდეგ დაკორექტირდა და საბოლოოდ განისაზღვრა 5,5 ქულით. კანონით დადგენილი წესით, მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი, მონიტორინგის მასალების თანახმად მოსარჩელე 14 წელია ცხოვრობს თავის ყოფილ საკუთრებაში, რომელიც გადაფორმებულია სხვა პირზე. მონიტორინგის მასალები სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარედგინა დევნილთა საკითხის განმხილველ კომისიას. კომისიის 25.06.2018წ. №26 ოქმის თანახმად, მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ვინაიდან მიმდინარე ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა. კასატორის განმარტებით, დევნილთა საკითხების განმხილველი კომისია უფლებამოსილია სასწრაფო განსახლების საჭიროების არარსებობის დროს მიიღოს გადაწყვეტილება განსახლებაზე უარის თქმის შესახებ ქულების მიუხედავად. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე 14 წელია ცხოვრობს ყოფილ საკუთრებაში, რომელიც გადაფორმებულია სხვა პირზე, იგი ამ ხნის მანძილზე შეუზღუდავად სარგებლობს საცხოვრებელი ფართით და უახლოეს მომავალში არ დგას მისი ოჯახის თავშესაფრის გარეშე დარჩენის საშიშროება. კომისიამ სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვრა ოჯახის განსახლების საჭიროება და პრიორიტეტულად არ მიიჩნია მისი მიმდინარე ეტაპზე სასწრაფო განსახლება სხვა უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილ ოჯახებთან შედარებით.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე" და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუკი სამინისტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, მივიღებთ ქაოტურ სიტუაციას და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად მოსარჩელს თავის საცხოვრებელთან დაკავშირებით მითითებული აქვს მცდარი ინფორმაცია.
კასატორის მითითებით საცხოვრებლის სწრაფად ან რამდენიმე საცხოვრებლის მიღების მოტივით დევნილთა ოჯახები მიმართავენ სხვადასხვა ხერხს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ის დევნილი ოჯახები, რომლებიც ელოდებიან საცხოვრებლით უზურნველყოფას, ასხვისებენ ბინებს, ასევე ქირაობენ ბინებს, უთანხმდებიან მესაკუთრეებს, რომ სამინისტროს მონიტორინგის სამსახურს დაუდასტურონ ამა თუ იმ პირის ცხოვრების ფაქტი. ასევე ხშირია ოჯახის ხელოვნურად გაყოფის მცდელობებიც. კასატორის მითითებით მოცემულ შემთხვევაში სააგენტომ საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღო სადავო აქტი, შესაბამისად იგი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით მოსარჩელე მ. კ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 25.06.2018წ. №26 სხდომის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მ. კ-ეს, უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა მეუღლის მიერ სიდედრზე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 25.09.2018წ. N01-869/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 25.06.2018წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №26) მ. კ-ეის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არც მ. კ-ეის და არც მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არ ყოფილა რეგისტრირებული რაიმე სახის უძრავი ქონება. მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად ფიქსირდება ქ. გორი, ...ის გზატკეცილი N..., ბინა N35. აღნიშნული ბინა მ კ-ეის მეუღლემ ზ. მ-იმა 18.11.2016წ. გაასხვისა ლ. გ-ეეზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა ლ. გ-ეემ უარყო მოსარჩელის ოჯახთან ნათესაური კავშირის არსებობა, ასევე აღნიშნა, რომ მ. კ-ეის ოჯახი წლების მანძილზე მითითებულ მისამართზე ცხოვრობს, რომელიც ვერ იხდის ქირის თანხას ყოველთვიურად და დაგროვილი აქვს დავალიანება გადაუხდელი ქირის სახით. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების განკარგვას ფიქტიური ხასიათი ჰქონდა, საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ცხოვრობს მოსარჩელის მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში, აღნიშნული არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). დაუსაბუთებელია ასევე კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში არ დგას მოსარჩელის ოჯახის თავშესაფრის გარეშე დარჩენის საშიშროება. აღსანიშნავია, რომ მოწმის სახით დაკითხულმა ბინის ამჟამინდელმა მესაკუთრემ ლ. გ-ეემ მიუთითა, რომ მოსარჩელის ოჯახს დაგროვილი აქვს დავალიანება გადაუხდელი ქირის სახით, აღნიშნული განმარტება ადმინისტრაციულ ორგანოს არ აძლევს მოსარჩელის ოჯახის მითითებულ ბინაში შეუზღუდავად ცხოვრების ფაქტის დადგენის შესაძლებლობას.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მ. კ-ეის მეუღლე - ზ. მ-ი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, შვილი - ა. მ-ი არის არასრულწლოვანი, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული მათი განსაკუთრებული საჭიროებები. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მ. კ-ეის ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი