Facebook Twitter

ბს-783 (კ-22) 05 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ლ-ემ 18.01.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ე. ლ-ეისათვის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.08.2001წ. N2391 ბრძანებაში მითითებული პირადი შემადგენლობის სიაში დამატებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 29.09.2020წ. N MOD 22000860769 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა, ე. ლ-ეის ...ში მუშაობის ან სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 02.12.2020წ. N MOD 92001098294 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.08.2001წ. N2391 ბრძანებაში პირადი შემადგენლობის სიაში ე. ლ-ეის დამატების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.10.2021წ. გადაწყვეტილებით ე. ლ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 29.09.2020წ. N MOD 22000860769 და 02.12.2020წ. N MOD 92001098294 წერილობითი მიმართვები, მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ლ-ესთან მიმართებით, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 11.04.2022წ. გამართულ სხდომაზე ე. ლ-ემ დააზუსტა მოპასუხე და მიუთითა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2022წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სურს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.08.2001წ. N2391 ბრძანებით განსაზღვრულ სიაში შეყვანა, რომლის თანახმადაც ...ის თანამშრომლებს დაუმტკიცდათ სამხედრო რეჟიმზე გადაყვანა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა. თავის მხრივ, აღნიშნული მოთხოვნის მიზანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ე. ლ-ეს განესაზღვროს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ" კანონის მე-2, მე-6 და მე-9 მუხლებზე, აგრეთვე "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-16 მუხლზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით ე. ლ-ემ 13.08.2020წ. განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.08.2001წ. N2391 ბრძანებით განსაზღვრულ შემადგენლობაში მისი დამატება მოითხოვა. მისი მოთხოვნა განხილულ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 06.02.2017წ. N MOD 1 17 00000108 ბრძანებით შექმნილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/ყოფილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი დოკუმენტების მოწესრიგების საკითხთა განმხილველ კომისიაზე და სიაში დამატებისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არ არსებობის გამო მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების თაობაზე მოსარჩელეს ეცნობა 29.09.2020წ. N MOD 22000860769 წერილით. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 02.12.2020წ. N MOD 92001098294 გადაწყვეტილებით, ე. ლ-ეს განემარტა, რომ ამ ეტაპზე მოპასუხე მოკლებული იყო მისი სიაში დამატების შესაძლებლობას რამეთუ ადმინისტრაციულ ორგანოსთან არსებულ საარქივო დოკუმენტებში ე. ლ-ეის ...ში მუშაობის ან სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ არანაირი დოკუმენტი არ იძებნებოდა, თუმცა რაიმე სახის აქტის (დედანი, ასლი, ამონაწერი) წარდგენის შემთხვევაში, რომელიც დაადასტურებდა იმ პერიოდში ე. ლ-ეის ...ში მუშაობის და სამხედრო სამსახურის გავლის (გასამხედროების) შესახებ ფაქტს, ე. ლ-ეის საკითხი ხელახლა იქნებოდა განხილული.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მასთან დაცულ არქივში არ იძებნებოდა მოსარჩელის ...ში მუშაობის და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დოკუმენტები. ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხის შეფასებისას არ გაითვალისწინა მისთვის წარდგენილი ...ის ინსტიტუტის 03.08.2020წ. N79 ცნობა, რომლის თანახმად ე. ლ-ე 1986-1993წწ. მუშაობდა ინსტიტუტის ...ად, 1992-1993წწ. ჩართული იყო სამხედრო ფორმირებების მხარდაჭერაზე მომუშავე ინსტიტუტის ქვედანაყოფების, მათ შორის, ...ის სამუშაოებში. ადმინისტრაციულმა ორგანომ ცალმხრივად მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.08.2001წ. ბრძანებაში მითითებული არ იყო მისი გამოცემის საფუძველი და არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული არ შეიძლება გახდეს პირისათვის სამხედრო სამსახურში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი. პალატამ ყურადღება გააამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ ბრძანებაში 156-ე სიითი ნომრით მითითებულია ...ი ე. ლ-ე, მოსარჩელის განმარტებით ამგვარი პიროვნება ინსტიტუტში არ მსახურობდა. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს მოსარჩელის ...ის თანამდებობაზე ინსტიტუტში მუშაობის ფაქტი.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც არ განუხორციელებია, კერძოდ არ შეუფასებია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.08.2001წ. N2391 ბრძანებაში 156-ე სიითი ნომრით განსაზღვრული პიროვნების - ე. ლ-ეის სსიპ ...ის თანამდებობაზე მუშაობის და ე. ლ-ეის ნაცვლად მისი მითითების ფაქტი. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს შესაბამისი ორგანოდან (ინსტიტუტიდან, არქივიდან) ინფორმაციის მოთხოვნის, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ვერ იქნა მოძიებული თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და მის ქვედანაყოფებში ე. ლ-ეის შესახებ დაცული ინფორმაცია. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.08.2001წ. N2391 ბრძანებაში 156-ე ნომრად მითითებული ე. ლ-ე შეიძლება არის თვითონ, რადგან ასეთი პიროვნება ...ად ...ში არ მუშაობდა, რის გამოც ე. ლ-ეს ბრძანებაში დაშვებული შეცდომის გასწორების მოთხოვნით უნდა მიემართა თავდაცვის სამინისტროსათვის ან უნდა ედავა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე, რაც მისი მხრიდან არ მომხდარა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით ე. ლ-ემ 13.08.2020წ. განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მისი დამატება მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.08.2001წ. N2391 ბრძანებით განსაზღვრულ სიაში, რომლის თანახმადაც ...ის თანამშრომლებს დაუმტკიცდათ სამხედრო რეჟიმზე გადაყვანა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 29.09.2020წ. N MOD 22000860769 წერილობითი მიმართვით ე. ლ-ეს ეცნობა, რომ სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო მას უარი ეთქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.08.2001წ. N2391 ბრძანებაში მითითებული პირადი შემადგენლობის სიაში დამატებაზე, ხოლო 02.12.2020წ. N MOD 92001098294 წერილობითი მიმართვით განემარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსთან არსებულ საარქივო დოკუმენტებში ე. ლ-ეის ...ში მუშაობის ან სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ არანაირი დოკუმენტი არ იძებნებოდა, თუმცა რაიმე სახის აქტის (დედანი, ასლი, ამონაწერი) წარდგენის შემთხვევაში, რომელიც დაადასტურებდა იმ პერიოდში ე. ლ-ეის ...ში მუშაობის და სამხედრო სამსახურის გავლის (გასამხედროების) შესახებ ფაქტს, ე. ლ-ეის საკითხი ხელახლა იქნებოდა განხილული.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში დაცულ სსიპ ...ის ინსტიტუტის დირექტორის მიერ 03.08.2020წ. გაცემულ N79 ცნობაზე, რომლის თანახმად, ე. ლ-ე 1986-1993წწ. მუშაობდა ინსტიტუტის ...ად, 1992-1993წწ. ჩართული იყო სამხედრო ფორმირებების მხარდაჭერაზე მომუშავე ინსტიტუტის ქვედანაყოფების, მათ შორის, ...ის სამუშაოებში. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულ და დაკითხულ იქნენ მ. ქ-ა და ო. ო-ა, რომლებმაც დაადასტურეს ...ში ე. ლ-ესთან ერთად მუშაობის ფაქტი სოხუმის დაცემამდე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.08.2001წ. N2391 ბრძანებაში 156-ე სიითი ნომრით მითითებულია ...ი ე. ლ-ე, მოსარჩელის განმარტებით ასეთი პიროვნება არ მსახურობდა ინსტიტუტში.

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნლობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ე. ლ-ეს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ორგანოს არქივში არ იყო დაცული ე. ლ-ეის ...ში მუშაობის და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დოკუმენტები. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით მხოლოდ ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული არ იყო შესაბამისი დოკუმენტები, არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმეში არსებული მასალების და დამატებითი მტკიცებულებების შეგროვების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი