№ბს-148(კ-23) 4 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. მ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 30 ივნისს მ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 4 ივნისის №821 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის (ს.კ. ...) მიმდებარედ 305 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 4 ივნისის №821 განკარგულება და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 4 ივნისის №821 განკარგულება მიღებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, რომლითაც მ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 აპრილის №606 განკარგულება „მიწის ნაკვეთზე მ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში ყურადღება იყო გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ კომისიის 2017 წლის 31 მაისის №72 განკარგულებით მ. მ-ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა 2 საფუძვლით: 1. კანონის ამოქმედებამდე მიწის ფლობა-სარგებლობის დაუდასტურებლობა და 2. მიწის ნაკვეთის ნაწილის სატრანსპორტო ზონაში მოქცევა. კომისიამ კი საკითხის ხელახლა არსებითად განხილვის დროს ადგილზე დაათვალიერა სადავო მიწის ნაკვეთი და 2021 წლის 4 ივნისის №821 განკარგულებით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი შენობა - ხის კონსტრუქცია, რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან და არის ღია ფანჩატური. კომისიის სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შპს „...-ის“ მიერ შესრულებული ტექნიკური ექსპერტიზა ვერ გახდება მ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი, რამდენადაც იგი მხოლოდ შენობის ხანდაზმულობას ეხება და ექსპერტის კვლევის საგანი არ ყოფილა შენობის მახასიათებლები.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „...-ის“ დასკვნა მ. მ-მა ადმინისტრაციულ ორგანოში 2017 წლის 31 მაისის №72 განკარგულების მიღების შემდგომ წარადგინა იმ მიზნით, რომ მხარეს დაედასტურებინა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე ფლობის ფაქტი, ვინაიდან 2017 წლის 31 მაისის №72 განკარგულების მიღების საფუძველი სწორედ ის იყო, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
შპს „...-ის“ 2018 წლის 23 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის საკვლევი ობიექტის აღწერისა და კვლევის ნაწილში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე განლაგებული ნაგებობა შემოსაზღვრულია კედლებით და აქვს ბეტონის ფუნდამენტი, რომელიც მყარად არის დაკავშირებული ბეტონის საძირკველთან, რომლის კონსტრუქციების მდგრადობა მეტყველებს მის ხანდაზმულობაზე. ნაგებობის ქვეშ მოწყობილ ბეტონის კონსტრუქციას აღენიშნება წლების განმავლობაში განვითარებული დეფორმაციები და ეროზიური დეფექტები, რაც განპირობებულია მათი ხანდაზმულობით. დასკვნის დასკვნითი ნაწილის მიხედვით: ზემოთხსენებულ ნაგებობას მ. მ-ი ფლობს დაახლოებით 1976 წლიდან დღემდე. ამასთან, ნაკვეთი ემიჯნება მ. მ-ის საცხოვრებელ სახლს. ნაკვეთის შემომზღუდავი ლითონის მავთულბადის და კონსტრუქციებზე არსებული კოროზიის კვალი წლების მანძილზეა განვითარებული, რაც განპირობებულია ლითონის კონსტრუქციების ხანდაზმულობით. ნაკვეთში დარგული მრავალწლოვანი ნარგავები მიანიშნებენ იმაზე, რომ მ. მ-ი აღნიშნულ ტერიტორიას წლების განმავლობაში ფლობს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ისევე როგორც 2018 წელს სასამართლო განხილვისას კვლევის საგანი არ ყოფილა საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობის კატეგორია. კერძოდ, არც ადმინისტრაციულ ორგანოს და შემდეგ არც სასამართლოს არ შეუფასებია და არ დაუდგენია, სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენდა თუ არ წარმოადგენდა დროებით ნაგებობას.
ამასთან, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობის მახასიათებლის დადგენის მიზნით მ. მ-ის წარმომადგენელმა გ. ხ-მა 2021 წლის 11 ივნისის მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით, შემდეგი კითხვით: მ. მ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე წარმოადგენს თუ არა შენობას. კერძოდ, არის თუ არა იგი სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით? მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 16 ივნისის დასკვნის თანახმად, „ქ. თბილისში, ...ის ქ. №2-ის მიმდებარედ, მ. მ-ის მიერ მითითებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს შერეული კონსტრუქციის, სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობისაგან შექმნილ კონსტრუქციულ სისტემას (სამეურნეო დანიშნულების ფართი), რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული შენობა წარმოადგენს შერეული კონსტრუქციის ნაშენ სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობას, რომელიც მყარად არის დამაგრებული მიწასთან, აქვს ბეტონის იატაკი და საყრდენი ბოძები ბეტონის ცოკოლით, კედლები 20 სმ სისქით, ქვიშა-ცემენტის დუღაბით შელესილი, კედლები არაერთგვაროვანი, ნაწილი კერამიკული აგურით, ლითონის შველერის სარტყელით, გადახურვა პროფილირებული თუნუქით“.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ნ. მ-ის, ს. მ-ის, ლ. თ-ის, ს. მ-ის და მ. გ-ის ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობებზე, რომელთა მიხედვით აღნიშნული პირები ადასტურებდნენ, მ. მ-ის მიერ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, კორპუსი №2-ის მიმდებარედ მდებარე 305 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის ფლობას და სარგებლობას 1976 წლიდან და ისინი თანახმანი იყვნენ, რომ მ. მ-მა მოახდინოს აღნიშნული უძრავი ქონების ლეგალიზება, რასაც ადასტურებენ ხელმოწერით (კონკრეტულ მისამართზე მ. მ-ის 1976 წლიდან ცხოვრების ფაქტი არ არის სადავოდ გამხდარი).
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც, საქმის მასალებში წარმოდგენილი ფოტომასალა, ექსპერტის დასკვნები ადასტურებენ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობაზე ბეტონის ფუნდამენტის არსებობას და ნაგებობის გრუნტთან უძრავად კავშირს, გაურკვეველია, რა გარემოებაზე დაყრდნობით მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანომ, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი ნაგებობა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ შენობა არის შერეული კონსტრუქციის, ვერ გახდება შენობის დროებით ნაგებობად მიჩნევის საფუძველი. ასევე, საქმეში დაცული ფოტოსურათებში სხვადასხვა მხრიდან ჩანს შენობა, რომელიც თავისი მხრივ წარმოადგენს დამხმარე, სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობას, თუმცა ბეტონის იატაკისა და ბეტონის კედლების გარეშე არსებული შენობა-ნაგებობა არც ერთ მათგანზე არ ფიქსირდება.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ. მ-ის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული არ არის დროებითი შენობა-ნაგებობა. მიწაზე აშენებულია დამხმარე, სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობა, რომელიც მყარად არის დაკავშირებული მიწასთან და უზრუნველყოფილია შესაბამისი კომუნიკაციებით(ელექტრო ენერგია, წყალი, მობეტონებული მისასვლელი ბილიკები, თუნუქის წყალსაწრეტი მილები). ასევე, საქმის მასალებით არ დადასტურდა ბეტონის იატაკის და ბეტონის კედლების მოწყობა აღიარების კომისიის მიერ ადგილზე დათვალიერების განხორციელების შემდეგ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებით მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შესაბამისად, არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საჯაროდ ხელმისაწვდომი რესურსის გამოყენებით და სადავო ტერიტორიის ორთოფოტოების დათვალიერების შედეგად (2005, 2010, 2014 წლები) არ დასტურდება სადავო ტერიტორიაზე კანონის ამოქმედებამდე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი. შპს „...-ის“ მიერ შესრულებულ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები, კასატორის მითითებით, არ წარმოადგენს მ. მ-ის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან სადავო ტერიტორიაზე განლაგებული ნაგებობის შიგნით და მის მიმდებარედ არსებული ბეტობის ფრაგმენტების (გაურკვეველია რომელი ბეტონის ფრაგმენტები) და ნაკვეთის შემოსაღობად კონსტრუქციების ხანდაზმულობის საკითხი ექსპერტმა დაადგინა მეზობლების წერილობითი განცხადებით და სხვა რაიმე მტკიცებულება აღნიშნულის დასადგენად მას არ გამოუყენებია.
რაც შეეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 16 ივნისის დასკვნას, კასატორის მითითებით, აღნიშნული მომზადებულია 2021 წლის 16 ივნისის მდგომარეობით და მასში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, რომ სადავო შენობა 2007 წლის მდგომარებით წარმოადგენდა კაპიტალურ ნაგებობას. ამავე დასკვნაზე დართული ფოტოების და საქმეში წარმოდგენილი სხვა ფოტოების ურთიერთშედარების საფუძველზე იმის დადგენა, რომ მოსარჩელის მიერ ბეტონის იატაკისა და ბეტონის კედლების მოწყობა განხორცილებული იქნა აღიარების კომისიის ადგილზე დათვალიერების შემდგომ, აღნიშნული კასატორის მითითებით, ცალსახად არ გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ ამ მდგომარებით შენობა არსებობდა კანონის ამოქმედებამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისია მოქმედებდა კანონის შესაბამისად, მან გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და კანონმდებლობის დაცვით გამოსცა შესაბამისი აქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოწინააღმდეგე მხარის - მ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: სადავო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 4 ივნისის №821 განკარგულება მიღებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 აპრილის №606 განკარგულება „მიწის ნაკვეთზე მ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაში ყურადღება იყო გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ კომისიის 2017 წლის 31 მაისის №72 განკარგულებით მ. მ-ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა ორი საფუძვლით: 1. კანონის ამოქმედებამდე მიწის ფლობა-სარგებლობის დაუდასტურებლობა და 2. მიწის ნაკვეთის ნაწილის სატრანსპორტო ზონაში მოქცევა.
კომისიამ საკითხის ხელახლა არსებითად განხილვის დროს ადგილზე დაათვალიერა სადავო მიწის ნაკვეთი და 2021 წლის 4 ივნისის №821 განკარგულებით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი შენობა - ხის კონსტრუქცია, რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან და არის ღია ფანჩატური. კომისიის სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შპს „...-ის“ მიერ შესრულებული ტექნიკური ექსპერტიზა ვერ გახდება მ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი, რამდენადაც იგი მხოლოდ შენობის ხანდაზმულობას ეხება და ექსპერტის კვლევის საგანი არ ყოფილა შენობის მახასიათებლები.
შპს „...-ის“ დასკვნა მ. მ-მა ადმინისტრაციულ ორგანოში 2017 წლის 31 მაისის №72 განკარგულების მიღების შემდგომ წარადგინა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე ფლობის ფაქტის დასადასტურებლად, ვინაიდან 2017 წლის 31 მაისის №72 განკარგულების მიღების საფუძველი სწორედ ის იყო, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
შპს „...-ის“ 2018 წლის 23 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის საკვლევი ობიექტის აღწერისა და კვლევის ნაწილში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე განლაგებული ნაგებობა შემოსაზღვრულია კედლებით და აქვს ბეტონის ფუნდამენტი, რომელიც მყარად არის დაკავშირებული ბეტონის საძირკველთან, რომლის კონსტრუქციების მდგრადობა მეტყველებს მის ხანდაზმულობაზე. ნაგებობის ქვეშ მოწყობილ ბეტონის კონსტრუქციას აღენიშნება წლების განმავლობაში განვითარებული დეფორმაციები და ეროზიური დეფექტები, რაც განპირობებულია მათი ხანდაზმულობით. დასკვნის დასკვნითი ნაწილის მიხედვით: ზემოთხსენებულ ნაგებობას მ. მ-ი ფლობს დაახლოებით 1976 წლიდან დღემდე. ამასთან, ნაკვეთი ემიჯნება მ. მ-ის საცხოვრებელ სახლს. ნაკვეთის შემომზღუდავი ლითონის მავთულბადის და კონსტრუქციებზე არსებული კოროზიის კვალი წლების მანძილზეა განვითარებული, რაც განპირობებულია ლითონის კონსტრუქციების ხანდაზმულობით. ნაკვეთში დარგული მრავალწლოვანი ნარგავები მიანიშნებენ იმაზე, რომ მ. მ-ი აღნიშნულ ტერიტორიას წლების განმავლობაში ფლობს.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 16 ივნისის დასკვნის თანახმად, „ქ. თბილისში, ...ის ქ. №2-ის მიმდებარედ, მ. მ-ის მიერ მითითებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს შერეული კონსტრუქციის, სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობისაგან შექმნილ კონსტრუქციულ სისტემას (სამეურნეო დანიშნულების ფართი), რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული შენობა წარმოადგენს შერეული კონსტრუქციის ნაშენ სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობას, რომელიც მყარად არის დამაგრებული მიწასთან, აქვს ბეტონის იატაკი და საყრდენი ბოძები ბეტონის ცოკოლით, კედლები 20 სმ სისქით, ქვიშა-ცემენტის დუღაბით შელესილი, კედლები არაერთგვაროვანი, ნაწილი კერამიკული აგურით, ლითონის შველერის სარტყელით, გადახურვა პროფილირებული თუნუქით“.
საქმეში წარმოდგენილი ნ. მ-ის, ს. მ-ის, ლ. თ-ის, ს. მ-ის და მ. გ-ის ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობების მიხედვით აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ მ. მ-ის მიერ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, კორპუსი №2-ის მიმდებარედ მდებარე 305 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის ფლობას და სარგებლობას 1976 წლიდან და ისინი თანახმანი არიან, რომ მ. მ-მა მოახდინოს აღნიშნული უძრავი ქონების ლეგალიზება, რასაც ადასტურებენ ხელმოწერით (კონკრეტულ მისამართზე მ. მ-ის 1976 წლიდან ცხოვრების ფაქტი არ არის სადავოდ გამხდარი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიჩნეულ იმ გარემოებაზე, რომ მ. მ-ის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებულია დამხმარე, სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობა, რომელიც მყარად არის დაკავშირებული მიწასთან და უზრუნველყოფილია შესაბამისი კომუნიკაციებით (ელექტრო ენერგია, წყალი, მობეტონებული მისასვლელი ბილიკები, თუნუქის წყალსაწრეტი მილები). ასევე, საქმის მასალებით არ არის დადასტურებული ბეტონის იატაკის და ბეტონის კედლების მოწყობა აღიარების კომისიის მიერ ადგილზე დათვალიერების განხორციელების შემდეგ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განისაზღვრება, რომ შენობა წარმოადგენს სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციულ სისტემას, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა. ხოლო, ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, დროებითი შენობა განიმარტება, როგორც – ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, საკითხზე მსჯელობისას, არ მომხდარა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დეტალური შესწავლა და იმ მტკიცებულებების სათანადო შეფასება, რომლებიც განმცხადებელმა კომისიას წარუდგინა. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და მითითებები. ამასთან, კასატორის მითითება მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების არასანდოობის/არასრულყოფილების შესახებ არ არის გამყარებული საწინააღმდეგო და დასაბუთებული მტკიცებულებებითა თუ არგუმენტებით, რაც გამორიცხავს სასამართლოს მიერ მისი გაზიარების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის - მ. მ-ის საკასაციო საჩივრის არ არსებობის პირობებში მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი