Facebook Twitter

№ბს-270(კ-23) 11 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ინდმეწარმე „მ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 14 ივნისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ინდმეწარმე „მ...ს“ მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2015 წლის 18 აგვისტოდან 2019 წლის 12 თებერვლამდე პერიოდის ჯამში - 2 018.12 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება მოითხოვა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ინდმეწარმე „მ...ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2018 წლის 30 მაისიდან 2019 წლის 12 თებერვლამდე პერიოდის - 490 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე: უძრავი ქონება, მდებარე: ხონის რაიონი, ...ს ქ. №58 (შენობა ნაგებობა №..., ს/კ ...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

მ. ლ-ა სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ხონის რ-ნი, ...ს ქ. №58 (შენობა-ნაგებობა №..., ს/კ ...) მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილში (50,25 კვ.მ) შემოწმების დღიდან 2018 წლის 30 მაისიდან 2019 წლის 12 თებერვლამდე.

2018 წლის 30 მაისს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ი. კ-ეისა და ჭ. მ-ეის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად დადგინდა, რომ ხონის რაიონში, ...ს ქ. №58-ში (შენობა ნაგებობა №..., ს/კ ...) მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობს და ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს ი/მ „მ...“ (ხარატი). ოქმში მითითებულია, რომ სარგებლობის პერიოდი არ დგინდება. შენიშვნის სახით მითითებულია, რომ მ. ლ-ამ აქტს ხელი არ მოაწერა.

აქტს მ. ლ-ამ ხელი არ მოაწერა, მაგრამ 2018 წლის 2 ოქტომბერს სააგენტოს სახელზე დაწერილ განცხადებაში დაადასტურა აღნიშნული გარემოება და მოითხოვა საიჯარო ქირის გადახდა შემცირებულ ფართზე. აღნიშნული გარემოება ნაწილობრივ დადასტურდა თავად მ. ლ-ას რაიონული სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით და მისივე შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების - თ. წ-ეის და ო. ს-ეის ჩვენებებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვერც შემდგომში სააგენტოს თანამშრომლების მიერ ვერ მოხერხდა შემოწმებამდე - 2018 წლის 30 მაისამდე პერიოდში მ. ლ-ას მხრიდან სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესახებ მტკიცებულების მოპოვება. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული ვერც საქმის სასამართლო განხილვისას, როდესაც სასამართლოს განჩინებით შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მ. ლ-ას სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5005927818 დასკვნის თანახმად, ქალაქ ხონში, ...ს ქუჩა №58-ში მდებარე უძრავი ქონებიდან შენობა-ნაგებობა №...-ის წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 900 ლარს (50, 25 კვ.მ 522 ლარი), 2016 წლის მდგომარეობით 900 ლარი (50,25 კვ.მ - 523.12 ლარი), 2017 წლის მდგომარეობით 900 ლარი (50 25 კვ.მ - 522 ლარი), ხოლო 2018 წლის მდგომარეობით 1200 ლარი (50.25 კვ.მ - 696 ლარი).

ინდმეწარმე „მ...ს“ არაერთხელ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გაფრთხილების წერილი (2018 წლის 25 ივნისის №13/35613; 2018 წლის 21 სექტემბრის №13/52979 ჩაბარდა - 25.09; 2018 წლის 29 ოქტომბრის №13/60228, ჩაბარდა 31.10.), რომლითაც განესაზღვრა ვადა, სახელმწიფო ქონების გამოსათავისუფლებლად და ვალდებულების შესასრულებლად, მაგრამ მხარის მიერ აღნიშნული მოთხოვნა არ იქნა შესრულებული. მ. ლ-ას განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ იგი მუშაობდა შპს „გ...ის“ ...ად და ყოფილი ჩაის ფაბრიკის ხელმძღვანელობის დავალებით ასრულებდა ...ის ფუნქციებს. დროდადრო სარგებლობდა ხოლმე შპს-ში არსებული დანადგარებით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავოდ არ იყო გამხდარი ინდმეწარმე „მ...ს“ მიერ 2018 წლის 30 მაისიდან 2019 წლის 12 თებერვლამდე სახელმწიფო საკუთრებით არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტი, დროის ამ მონაკვეთზე სააპელაციო სასამართლო დამატებით აღარ იმსჯელებდა. რაც შეეხება 2015 წლის 18 აგვისტოდან 2018 წლის 30 მაისამდე პერიოდს, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მითითება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სადავო პერიოდში ინდმეწარმე „მ...ს“ მიერ ფართით არამართლზომიერი სარგებლობისა და კომერციული მიზნით გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე და 492 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ინდმეწარმე „მ...“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობდა 2015 წლის 18 აგვისტოდან, შესაბამისად, არამართლზომიერი სარგებლობის საფასურიც უნდა დაეკისროს 2015 წლის 18 აგვისტოდან და არა ქონების ადგილზე დათვალიერების თარიღიდან - 2018 წლის 30 მაისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ 2015 წლის 18 აგვისტოდან 2018 წლის 30 მაისამდე სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისთვის ინდმეწარმე „მ...სათვის“ თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა არსებობს ორი კუმულატიური გარემოების არსებობის შემთხვევაში - სახელმწიფო ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისა და შესაბამისი ქონების სამეწარმეო/კომერციული მიზნით გამოყენების შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს კონკრეტული პირის მიერ კონკრეტულ პერიოდში შესაბამისი ქონების არამართლზომიერად, სამეწარმეო მიზნებით გამოყენების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთობლიობაში ვერ ადასტურებენ ინდმეწარმე „მ...ს“ მიერ ხონის რაიონი, ...ს ქ. №58-ში (შენობა-ნაგებობა №..., ს/კ ...2019) 2015 წლის 18 აგვისტოდან 2018 წლის 30 მაისამდე პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტს. წარმოდგენილი ექპერტიზის დასკვნა შეეხება უშუალოდ საიჯარო ქირის ღირებულების განსაზღვრას, ხოლო ექსპერტის მიერ გადაღებული ფოტოები ასახავენ ტერიტორიაზე მოძრავი ნივთების არსებობას, რაც თავისთავად ვერ ამტკიცებს ინდმეწარმე „მ...ს“ მიერ ხონის რაიონი, ...ს ქ. №58-ში (შენობა-ნაგებობა №..., ს/კ ...2019) 2015 წლის 18 აგვისტოდან 2018 წლის 30 მაისამდე პერიოდში სამეწარმეო მიზნებისათვის გამოყენების ფაქტს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მტკიცების ტვირთი ვერ იქნა დაძლეული, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა შესაბამის პერიოდში ინდმეწარმე „მ...ს“ მიერ სახელმწიფო ქონების გამოყენების ფაქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (21.02.19წ. №ბს-1449(კ-18); 16.04.19წ. №ბს-41(კ-19)).

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი