Facebook Twitter

№ბს-551(კს-23) 4 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ნ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის დროებითი განჩინება

დავის საგანი - დროებითი განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 21 ივნისს ა. ნ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 მაისის №1000801107 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ა. ნ-ასთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე) გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 მაისის №1000801107 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ნ-ასთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით განსახილველად იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი. საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე 2023 წლის 2 მაისს 17:30 საათზე.

2023 წლის 21 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა ა. ნ-ას წარმომადგენელმა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და ა. ნ-ასთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება მოითხოვა.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მას 2023 წლის 28 თებერვალს საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა ამოეწურა და მიმართა სააგენტოს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე. მისი მოთხოვნა თავდაპირველად დაკმაყოფილდა და 2023 წლის 28 მარტამდე გადაუვადდა ქვეყნიდან გასვლის ვალდებულება, თუმცა მეორე განცხადების დაკმაყოფილებაზე სააგენტომ უთხრა უარი გაუგებარი მიზეზების გამო. შესაბამისად, იგი იძულებული იყო 2023 წლის 28 მარტს დაეტოვებინა საქართველო, რითიც ხელი შეეშლებოდა და გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა მეუღლესთან ერთად ცხოვრების უფლებას. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში უფლება მიეცემოდა კანონიერ საფუძველზე ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიაზე, მანამდე სანამ დავა საბოლოოდ არ დასრულდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინებით ა. ნ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა დროებითი განჩინება; ა. ნ-ას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „უცხოელთა და მოქალაქოების არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე, თუმცა ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება, თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, რაც ნიშნავდა იმას, რომ საქმის წარმოება მიმდინარეობდა საერთო სასამართლოებში კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსი, რეგულირების საგანი და მიზანი, მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტაცია ადასტურებდა, რომ არსებითად მნიშვნელოვანი იყო დავის საბოლოოდ დასრულებამდე არსებული ფაქტობრივ - სამართლებრივი მდგომარეობის შენარჩუნება. ა. ნ-ას სასარგებლოდ დავის გადაწყვეტის შემთხვევაში, მისი ინტერესის დაცვა, მისი უფლების რეალიზაცია, ვერ განხორციელდებოდა ან იგი მნიშვნელოვნად გართულდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის დროებითი განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბერის №462 ბრძანებით განსაზღვრულია სააგენტოს ფუნქციები. კერძოდ, მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტში მითითებულია საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება შედის სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის კომპეტენციაში. სააპელაციო სასამართლო მიღებული დროებითი განჩინებით გარკვეულწილად ერევა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაში და მის დისკრეციულ უფლებამოსილებაში მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება არ გულისხმობდა თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის დაშვებას, ადგილი არ ჰქონია პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას. სააგენტოს მოსაზრებით, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა უცხოელისთვის გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხზე, ვინაიდან სწორედ სააგენტოს ექსკლუზიურ კომპეტენციას განეკუთვნება აღნიშნული საკითხის განხილვა.

უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე, თუმცა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევებში არის შესაძლებელი უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება. 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება, თუ ერთდროულად აკმაყოფილებს ორ პირობას: საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად. ზემოაღნიშნული მუხლის მე–3 პუნქტი დამატებით უთითებს, რომ უცხოელს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადების სააგენტოსთვის წარდგენისას, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე, სულ მცირე, 14 კალენდარული დღე უნდა ჰქონდეს დარჩენილი, რაც იმპერატიულად არის განსაზღვრული და მოცემული დანაწესიდან კანონი გამონაკლისს არ ითვალისწინებს. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით, რაც გულისხმობს უფლებამოსილების განხორციელებას მხოლოდ კანონის საფუძველზე და დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

მხარე მიუთითებდა, რომ თუ არ გადაუვადდება საქართველოდან გასვლის ვალდებულება, იგი ვერ მოახერხებდა ჩართულიყო სააპელაციო საჩივრის განხილვის პროცესში, აღნიშნული პროცესი სააპელაციო სასამართლომ დანიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა წერილობით წარდგენილი დოკუმენტებისა, რომელიც უკვე საქმეშია, არ არის საჭირო მხარეთა დამატებითი ჩართულობა. სწორედ ამიტომ არ შეესაბამებოდა მხარის მოთხოვნა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების მიზნებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო. დროებით განჩინებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. ასეთ სასამართლოს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო, ხოლო როდესაც დავა იხილება სააპელაციო ინსტანციაში – სააპელაციო სასამართლო.

„სარჩელის უზრუნველყოფის სახეები ფართოდაა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, თუმცა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი თავად განსაზღვრავს უფლების წინასწარი დაცვის მექანიზმებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება და მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დროებით დაცვას და უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას... დროებითი განჩინება (სასკ-ის 31-ე მუხლი) წარმოადგენს უფლების წინასწარი დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს.“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები 09.01.2019 №ბს-1562(უს-18); 14.04.2022 №ბს-889(კს-21)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე.

საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 მაისის №1000801107 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ნ-ასათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით განსახილველად იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმის წარმოება მიმდინარეობს საერთო სასამართლოებში, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას დროებითი განჩინების გამოყენების საფუძვლების არსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ა. ნ-ას საქართველოდან გასვლის გადავადებაზე უარის თქმის პირობებში, მოსარჩელის სასარგებლოდ დავის გადაწყვეტის შემთხვევაში, მისი ინტერესის დაცვა და მისი უფლების რეალიზაცია ვერ განხორციელდება ან იგი მნიშვნელოვნად გართულდება. ამდენად, არსებითად მნიშვნელოვანი არის დავის საბოლოოდ დასრულებამდე არსებული ფაქტობრივ - სამართლებრივი მდგომარეობის შენარჩუნება.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დროებითი განჩინებით გარკვეულწილად ჩაერია ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციასა და მის დისკრეციულ უფლებამოსილებაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შეაფასა არა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ა. ნ-ას საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის კანონიერება (რაც დავის საგანი არც ყოფილა), არამედ მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. დროებითი განჩინების გამოტანით სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი-დროებითი მოწესრიგება, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაა, რაც საქმის სამართლიანი განხილვის უფლების არსებითი კომპონენტია. „როდესაც საქმე ეხება მოსალოდნელ მმართველობით ღონისძიებას - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ან მოქმედების განხორციელებას ან განხორციელებისაგან თავის შეკავებას – და აქედან გამომდინარე პირის უფლებების მოსალოდნელ შეზღუდვას, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პირის უფლების პრევენციული დაცვის მექანიზმი, რომელიც განისაზღვრა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლში... საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის შინაარსი სწორედ მის პრევენციულ ბუნებაზე მიუთითებს და ითვალისწინებს ასევე იმ შემთხვევას, როდესაც მოსარჩელის ინტერესს არსებული მდგომარეობის შენარჩუნება წარმოადგენს, რათა ხელი არ შეეშალოს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას... სასკ-ის 31-ე მუხლით დადგენილი უფლების დროებითი დაცვის საშუალებით შესაძლებელი ხდება არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, რომლის მიზანია დაიცვას პირი მმართველობის ღონისძიებების შედეგებისაგან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები 09.01.2019 №ბს-1562(უს-18); 14.04.2022 №ბს-889(კს-21)).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის დროებითი განჩინება ა. ნ-ას საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილითა და ამავე კოდექსის 31-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის დროებითი განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი