№ბს-418(2კ-23) 4 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ.ს-ას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 27 ოქტომბერს ჯ.ს-ამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2022 წლის 07 სექტემბრის №SSA 9 22 00288275 გადაწყვეტილების (განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 17 ოქტომბრის №SSA 3 22 00426464 გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2013 წლის მარტის შემდგომი პერიოდიდან 2022 წლის მაისის თვემდე პერიოდში, ჯ.ს-ას მიერ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებისა და ანაზღაურების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ.ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2022 წლის 07 სექტემბრის №SSA 9 22 00288275 გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 17 ოქტომბრის №SSA 3 22 00426464 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება 2019 წლის 19 ივლისიდან 2022 წლის მაისის თვემდე პერიოდში, ჯ.ს-ას მიერ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშებისა და ანაზღაურების შესახებ; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ.ს-ამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით აპელანტების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; აპელანტის ჯ.ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ჯ.ს-ა 1996 წლის 28 აპრილიდან - 1997 წლის 03 დეკემბრამდე მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში, როგორც ...-ე სამხედრო ნაწილის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე - რიგითი. შესაბამისად, იგი იყო სამხედრო მოსამსახურე და გადიოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს. ჯ.ს-ა სამხედრო ნაწილის მეთაურის 1997 წლის 03 დეკემბრის №278 ბრძანებით ვადაზე ადრე დათხოვნილი იქნა თადარიგში ავადმყოფობის გამო.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჯ.ს-ამ იმსახურა ერთი წელი, შვიდი თვე და ხუთი დღე. სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდში 1997 წლის 09 ივლისს მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება - ქალა-ტვინის ტრავმა, ქალა-ფუძის მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, რამაც გამოიწვია მისი შრომისუუნარობა, რის გამოც, იგი სამხედრო ნაწილის მეთაურის 1997 წლის 03 დეკემბრის №278 ბრძანებით ვადაზე ადრე დათხოვნილი იქნა თადარიგში ავადმყოფობის გამო.
2019 წლის 19 ივლისს, ჯ.ს-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.
2019 წლიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდში მიმდინარეობდა სასამართლო დავა. კერძოდ, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ჯ.ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჯ.ს-ასთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 06 აპრილის №ბს-178(კ-22) განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. შესაბამისად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
ჯ.ს-ას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს 345 ლარის ოდენობით 01.08.2022 წლიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით და აუნაზღაურდა სხვაობა 01.05.2022 წლიდან (შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ჯ.ს-ას დადგენილი აქვს უვადოდ).
2022 წლის 23 აგვისტოს ჯ.ს-ამ №236785 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას და მოითხოვა გასული პერიოდის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშება და ჩარიცხვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2022 წლის 07 სექტემბრის №SSA 9 22 00288275 წერილით, ჯ.ს-ას ეცნობა, რომ კომპენსაცია დანიშნული ჰქონდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, სადაც არ იყო მოთხოვნილი კომპენსაციის დანიშვნის კონკრეტული პერიოდი. ასევე არ იყო მითითებული მისი დანიშვნის კონკრეტული თარიღი, შესაბამისად, ჯ.ს-ასთვის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა განხორციელდა უზენაესი სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო რაც შეეხება 2013 წლის 22 მარტიდან - 2022 წლის მაისამდე პერიოდის თანხების ანაზღაურებას, ჯ.ს-ას განცხადებაში მოყვანილი საფუძვლები სააგენტომ ბუნდოვნად მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა თუ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს მიიჩნევდა ჯ.ს-ა, გასული პერიოდის თანხის ანაზღაურების საფუძვლად.
ზემოაღნიშნული წერილი ჯ.ს-ას მიერ გასაჩივრებულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 17.10.2022 წლის №SSA 3 22 00426464 გადაწყვეტილებით, ჯ.ს-ას უარი ეთქვა №353459 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო. ამავე გადაწყვეტილებაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ აღნიშნა, რომ გარდა ზემოაღნიშნული საფუძვლებისა, 2013 წლიდან სახელმწიფო კომპენსაციის თანხის ანაზღაურებაზე ჯ.ს-ას მოთხოვნა ხანდაზმული იყო. სააგენტომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, არის 3 წელი. ამდენად, 2013 წლიდან (იგულისხმება სოციალური პაკეტის დანიშვნის პერიოდი) 2022 წლის 23 აგვისტომდე ჯ.ს-ას არ მიუმართავს ადმინისტრაციულო ორგანოსათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, შესაბამისად, გასული იყო კანონით გათვალისწინებული 3 წლიანი ვადა.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მათთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასება და აღნიშნა, რომ, ჯ.ს-აზე ვრცელდებოდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონი, ამდენად, ჯ.ს-ა წარმოადგენდა კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირს.
საქმეში არსებული მასალით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 ივლისს, ჯ.ს-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მოახდინა ჯ.ს-აზე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშება 2019 წლის 19 ივლისიდან (სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვის თარიღიდან) 2022 წლის მაისამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ.ს-ამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ჯ.ს-ას საკასაციო საჩივრის თანახმად, მას 1997 წლის 25 ნოემბრიდან დაენიშნა ომის ინვალიდობის პენსია საქართველოს 1998 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 1997 წლის 12 დეკემბრის კანონის მე-13 მუხლის ,,გ“ პუნქტითა და ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად - ომის ინვალიდობის პენსია 45 ლარი, ხოლო 2006 წლის 01 იანვრიდან სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ,გ,ა“-პუნქტის შესაბამისად (კანონში ცვლილება განხორციელდა 28.12.2005 წ.) როგორც შშმ პირი-სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შემსრ. დაენიშნა პენსია 84 ლარი, რომელსაც იღებდა 2006 წლის 1 ოქტომბრამდე. 2006 წლის 01 ოქტომბრიდან სამხედრო ძალების ინვალიდის (მნიშვნელოვნად გამოხატული) პენსიის გაცემა შეუწყდა საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობის გამო, ხოლო 2013 წლის 01 ივნისიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე დაუნიშნა სოციალური პაკეტი შესაძლებლობის შეზღუდვის გამო. სახეზე არ იყო კომპენსაციის მიღებაზე ხელახლა უფლების მოპოვების შემთხვევა, რადგან უფლება კომპენსაციის მიღებაზე მოპოვებული ჰქონდა და ეს უფლება მას (ჯ.ს-ას) არ დაუკარგავს. ამასთან, მართალია, კომპენსაციის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო საქმიანობის განხორცილებას განსაზღვრავს, თუმცა საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში კომპენსაციის შეწყვეტა, თავისი არსით, კომპენსაციის შეჩერებას არ გულისხმობს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელე იმ უფლებებში უნდა აღდგენილიყო, რაც უკვე მოპოვებული ჰქონდა, მით უფრო კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა და უფლება კომპენსაციაზე შენარჩუნებული ჰქონდა.
2021 წლის 04 ნოემბრის სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების №04-09-09/593 წერილში აღნიშნულია, რომ კასატორზე დანიშნული სახელმწიფო გასაცემლის სახე არ შეცვლილა, წლების განმავლობაში შეიცვალა მხოლოდ თანხის ოდენობა სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების საფუძველზე. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით, წარმოშობილი სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება, გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შესაძლებლობას.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივრის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2022 წლის 7 სექტემბრის SSA 92200288275 და ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 17 ოქტომბრის SSA 32200426464 გადაწყვეტილებებით ჯ.ს-ას კანონმდებლობის შესაბამისად უარი ეთქვა კუთვნილი და მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
უარის საფუძველს წარმოადგენდა მოქმედი კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც ძალოვანი სტრუქტურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის, მათ შორის, დანიშვნის კომპენსაციაზე უფლების მქონე პირთა წრე განსაზღვრულია „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო აღნიშნული კატეგორიის პირთა კომპენსაციის გაანგარიშების პირობები რეგულირდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ორივე კანონი სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის მიზნებისთვის ერთმანეთის შემავსებელია და ისინი წარმოადგენენ ძალოვანი სტრუქტურებიდან თადარიგში დათხოვნილი პირებისათვის სპეციალურ კანონებს. ამასთან 2006 წლის 1 იანვრამდე ძალოვანი სტრუქტურებიდან თადარიგში დათხოვნილ ზევადიან სამხედრო მოსამსახურეებისთვის, როგორც კომპენსაციაზე უფლების განმსაზღვრელი პირობები ასევე მისი გაანგარიშების წესი რეგულირდებოდა მხოლოდ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2005 წლის 23 დეკემბერს აღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებების (№2459) შედეგად გაუქმდა უამრავი ნორმა, მათ შორის ყველა სახის კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების ნორმები და დარჩა მხოლოდ კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე. აღნიშნულის პარალელურად, 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელმაც ახლებურად მოაწესრიგა სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილ ზევადიან სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა კომპენსაციის გაანგარიშების პირობები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა გასაცემლის გაანგარიშების წესი.
სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის „ ე’ ქვეპუნქტი პირდაპირ არ მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ნორმაში მოიაზრებიან ზუსტად ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ ამავე კანონის მე–8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზევადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს და რომლებიც კანონით დადგენილი ნამსახურეობის ვადის ამოწურვის საფუძვლით (წელთა ნამსახურობა) ან/და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის საფუძვლით, იპოვებენ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებას. შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში იგულისხმება სწორედ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი ზევადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების საფუძველზე დაენიშნა 2013 წლის 1 ივნისიდან ჯ.ს-ას სოციალური პაკეტი მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების დადგენის გამო.
აღნიშნული საქმის განხილვისას სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129–ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნისა რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, არის 3 წელი. 2013 წლიდან (იგულისხმება სოციალური პაკეტის დანიშვნის პერიოდი) 2022 წლის 23 აგვისტომდე ჯ.ს-ას არ მიუმართავს ადმინისტრაციული ორგანოსთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, შესაბამისად გასულია 3 წლიანი ვადა. როს გამოც ხანდაზმულობის მოტივით, 2013 წლიდან სახელმწიფო კომპენსაციის თანხის ანაზღაურებაზე ჯ.ს-ას ადმინისტრაციულ სარჩელში დასმული მოთხოვნის განხილვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები სასამართლოს არ გააჩნდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ.ს-ასა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.ს-ას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირების ჩამონათვალს. ამასთან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის მე-5 მუხლის მე -2 პუნქტის „ა“, „დ1“, „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთა შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯ.ს-ამ 2019 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაზეც ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით ეთქვა უარი. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ.ს-ას მოთხოვნა (კომპენსაციის დანიშვნის შესახებ) სრულად დაკმაყოფილდა და აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, მას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების მიერ დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს - 345 ლარის ოდენობით 01.08.2022 წლიდან და აუნაზღაურდა სხვაობა 01.05.2022 წლიდან.
განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნას სწორედ 2022 წლის მაისამდე მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებელობის წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრული დებულებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს მართლსაწინააღმდგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული, ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ.ს-ას სარჩელი კომპენსაციის დანიშვნის შესახებ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ჯ.ს-ამ კომპენსაციის მიღება ადმინისტრაციული ორგანოების უკანონო ქმედების შედეგად (ადმინისტრაციული ორგანოს უარი ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით), განცხადების წარდგენისთანავე 2019 წლის 19 ივლისიდან ვერ შეძლო, შესაბამისად, სახეზე იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჯ.ს-ასათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი ადმინისტრაციული ორგანოების მითითებას, დაკმაყოფილებულ ნაწილში სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაკავშირებული იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან (გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 06 აპრილის №ბს-178(კ-22) განჩინებით).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. რაც შეეხება კასატორის - ჯ.ს-ას მოთხოვნას კომპენსაციის თანხის 2013 წლის მარტიდან ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილშიც სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ.ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი