Facebook Twitter
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბ-1365-5(ა-23) 12 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - შპს „უ...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „უ...მ“ 18.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 14.03.2017წ. №... და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 06.04.2017წ. №116671 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, აგრეთვე შპს „უ...ს“ 13.02.2017წ. განცხადებისა და 29.03.2017წ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე მოპასუხის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.09.2017წ. განჩინებით, შპს ,,უ...ს“ შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2018წ. გადაწყვეტილებით, შპს „უ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.03.2017წ. №... გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა შპს „უ...ს“ 13.02.2017წ. განცხადებასთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს ,,უ...ს’’ მოთხოვნა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „უ...ს“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, შპს „უ...მ“ დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნით ასევე მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.09.2017წ. განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინებით შპს „უ...ს“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.05.2018წ. გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 12.09.2017წ. განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „უ...ს“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინებით (საქმე №ბს-883 (2კ-20)), შპს ,,უ...ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.07.2020წ. განჩინება შპს „უ...ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.07.2020წ. განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
შპს „უ...ს“ დირექტორმა ი. კ-იმა 06.10.2023წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო №ბს-883(2კ-20) საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინება არსებითად დაფუძნებულია ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის 21.01.2008წ. დადგენილებასა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის 11.10.2011წ. წერილზე, რომლებიც გაუქმდა საოლქო პროკურატურის მიერ. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნულმა გარემოებამ სსკ-ის 423.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოშვა საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო შპს „უ...ს“ განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს. სსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსკ-ის 422-ე მუხ.) ან ახლა აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსკ-ის 423-ე მუხ.) განცხადების წანამძღვრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „უ...ს“ საკასაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.07.2020წ. განჩინება შპს „უ...ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება არა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „უ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის 14.03.2017წ. გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა შპს „უ...ს“ 13.02.2017წ. განცხადებასთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა, ხოლო შპს ,,უ...ს’’ მოთხოვნა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ამდენად, შპს „უ...ს“ დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნაზე არსებითად იმსჯელა და სარჩელი არ დააკმაყოფილა სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლომ. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა და შპს „უ...ს“ საჩივრებზე იმსჯელეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმაც, თუმცა მათ არ შეუცვლიათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ ნაწილში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით შპს „უ...ს“ უნდა მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიისთვის, ანუ სასამართლოსთვის, რომელმაც არსებითად იმსჯელა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებზე და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძვლად განმცხადებელი მიუთითებს სსკ-ის 423.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას გაუქმდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ისეთ საქმეებზე, რომლებზეც წარმოება დამთავრებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინებით (საქმე №ბს-883 (2კ-20)) საჯარო რეესტრის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ამდენად, მითითებულ ნაწილში დავა სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია და მასზე სამართალწარმოება არ დასრულებულა, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს მხოლოდ დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას, შესაბამისად, განახლების ობიექტი შესაძლოა იყოს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმე და არა ცალკეული საპროცესო მოქმედებები, რომელზეც მიღებულია კანონიერ ძალაში შესული განჩინებები. საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, საქმის ხელახალი განხილვისთვის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნებულ ნაწილში, არ დასრულებულა საქმის წარმოება, რითაც კონკრეტული დავა ამ ნაწილში არსებითად არ გადაწყვეტილა, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქმის წარმოების განახლების დასაშვებობის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობა - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე დასრულდა. ვინაიდან საქმის წარმოება მითითებულ ნაწილში არ არის დასრულებული, სახეზე არაა კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება (განჩინება). განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილის 16.08.2022წ. დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა 21.01.2008წ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დადგენილება და განახლდა გამოძიება. განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება წარმოადგენს არა სსკ-ის 421.1 მუხლით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის საფუძველს, არამედ სსკ-ის 380-ე მუხლით გათვალისწინებულ ახალ ფაქტს. სსკ-ის 429-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ, თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „უ...ს“ განცხადება იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის საკასაციო საჩივარი და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, უსაფუძვლოა და არ არსებობს მითითებულ ნაწილში მისი დასაშვებად ცნობის პროცესუალური წინაპირობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „უ...ს“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:


1. შპს „უ...ს“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


გ. გოგიაშვილი