გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1429-1644-05 6 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე (მომხსენებელი),
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს «კ. პ-მ» აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა აღნაგობის უფლება შპს გამომცემლობა «კ-ისაგან» მის საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე, რომლის მისამართია ქ.თბილისი, ... ¹30. აღნიშნულ ნაკვეთს გააჩნია მხოლოდ ერთი მისასვლელი გზა. .. ¹10-ში მცხოვრებმა ე. ლ-შვილმა უკანონოდ მიითვისა და საკუთრებად აქცია ქუჩის ნაწილი.
შპს «კ. პ-ს» დირექტორმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ე.ლ-შვილის მიმართ და მოითხოვა უკანონო ხელშეშლის აღკვეთა იმ მოტივით, რომ ე.ლ-შვილის ქმედებით ილახება მისი კანონიერი უფლება აღნაგობით მიღებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისა.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «კ. პ-ს» სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ე.ლ-შვილს დაეკისრა უმოკლეს ვადაში მოხსნას ქ.თბილისი, ... ¹10-ში მდებარე ტერიტორიაზე თვითნებურად გაკეთებული ღობე საერთო სარგებლობის გზაზე, იგი მოყვანილ იქნეს პირვანდელ მდგომარეობაში და მოსარჩელეს მიეცა აღნიშნული გზით თავისუფლად სარგებლობის უფლება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ლ-შვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე.ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს «კ. პ-ს» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს «კ. პ-ს» დირექტორმა დ.გ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატის 2006წ. 6 ივნისის სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა მორიგების აქტის შინაარსის გაცნობის შედეგად თვლის, რომ მხარეთა შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს «კ. პ-ს» და ე. ლ-შვილს შორის უნდა დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:
იმ შემთხვევაში, თუ შპს «კ. პ-» ააშენებს შენობა-ნაგებობას ქ.თბილისში ... ¹30-ში მდებარე შპს გამომცემლობა «კ-ის» საკუთებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე, რომელიც შპს «კ. პ-ს» მიღებული აქვს აღნაგობის უფლებით და შესაბამისად მიიღებს ექსპლუატაციაში, ე. ლ-შვილი ვალდებულებას კისრულობს შპს «კ. პ-ის» წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე მოშალოს თავის საცხოვრებელ სახლთან გზის მხარეს უკანონოდ განთავსებული ღობე, პირობითად მდებარე ქ.თბილისი, ... ¹ 10-ში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებები და სსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად შეწყდეს საქმის წარმოება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის «დ» პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დამტკიცდეს მორიგება შპს «კ. პ-ს» და ე. ლ-შვილს შორის შორის შემდეგი პირობებით:
იმ შემთხვევაში, თუ შპს «კ. პ-» ააშენებს შენობა-ნაგებობას ქ.თბილისში ... ¹30-ში მდებარე შპს გამომცემლობა «კ-ის» საკუთებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე, რომელიც შპს «კ. პ-ს» მიღებული აქვს აღნაგობის უფლებით და შესაბამისად მიიღებს ექსპლუატაციაში, ე. ლ-შვილი ვალდებულებას კისრულობს‚ შპს «კ. პ-ის» წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე მოშალოს თავის საცხოვრებელ სახლთან გზის მხარეს უკანონოდ განთავსებული ღობე, პირობითად მდებარე ქ.თბილისი, ... ¹ 10-ში.
მხარეთა შორის მორიგების გამო გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებები და შეწყდეს საქმის წარმოება.
განემარტოთ მხარეებს, რომ იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით, იმავე მხარეებს შორის სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დაუშვებელია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.