საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1019(ს-23) 9 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. ღ-ის საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებაზე.
2022 წლის 15 ნოემბერს მოსარჩელე მ. ღ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 თებერვლის განჩინებით მ. ღ-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ღ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით მ. ღ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 თებერვლის განჩინება უშუალოდ მ. ღ-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, წარმოებაში მიღების სტადიიდან. ამასთან, ამავე განჩინებით მ. ღ-ეს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინება გაასაჩივრა მ. ღ-ემ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ღ-ის საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში კერძო საჩივართან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა - კანონმდებლობა ადგენს ორსაფეხურიან საქმის წარმოებას. კერძო საჩივარზე წარმოება სრულდება გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ. ღ-ე საჩივრით სადავოდ ხდის კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 თებერვლის განჩინებით მ. ღ-ეს უარი ეთქვა მის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაც მ. ღ-ემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით მ. ღ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 თებერვლის განჩინება უშუალოდ მ. ღ-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, წარმოებაში მიღების სტადიიდან. ამასთან, ამავე განჩინებით მ. ღ-ეს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმსავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა დამოკიდებული არ არის არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე (იხ. სუსგ Nას-1033-2018, 30.10.2018წ; Nას-1025-986-2016, 13.01.2017წ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით სასამართლო დოკუმენტის გასაჩივრების უფლების დადგენა, მხარეს აძლევს შესაძლებლობას, მიაღწიოს მისთვის საუკეთესო შედეგს. ამასთანავე, გასაჩივრების უფლებით სარგებლობა ამოწურვადი და დროში შეზღუდულია. მართალია, სამართლიანი სასამართლოს უფლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. სასამართლო დოკუმენტის გასაჩივრების შესაძლებლობაც აღნიშნული უფლების დაცული კომპონენტია და დასაშვებია მისი შეზღუდვა, ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად, თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით. „..სამართლიანი მართლმსაჯულება, სასამართლოსადმი სანდოობა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების შეუქცევადობა სამართლებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს...დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფუძველი გამოეცლებოდა სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება N3/1/531).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება, მ. ღ-ის მიერ მოთხოვნილია ისეთი განჩინების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას მოკლებულია საკასაციო სასამართლო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივართან დაკავშირებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით სამართალწარმოება დასრულდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. შესაბამისად, მ. ღ-ის მიერ წარმოდგენილია საჩივარი განჩინებაზე, რომლის დამატებითი გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ღ-ის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაუშვებლობის გამო, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ღ-ის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე