Facebook Twitter

საქმე №ბს-561(გ-23) 4 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა შპს „...ას“ სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და გორის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 5 აპრილს შპს „...ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 7 მარტის №1-1/88 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.

2023 წლის 27 აპრილს შპს „...ამ“ დაზუსტებული სარჩელით, მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ამავე სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შედეგად, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2022 წლის 20 ოქტომბრის №დად-182/09 დადგენილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 7 მარტის №1-1/88 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მაისის განჩინებით, შპს „...ას“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებული ცვლილების შემდეგ, კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული ჩანაწერით გამოირიცხა ამ კატეგორიის საქმეთა სხვა (სასარჩელო) სამართალწარმოების წესით განხილვა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე და მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მარტის Nბს-3(გ-20) განჩინებაში ასახულ განმარტებაზე, რომ „...ცალკეული საკანონმდებლო აქტები უნდა მიეკუთვნოს თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობას უნდა გაირკვეს აღნიშნული საკანონმდებლო აქტების რეგულირების სფეროს შესაბამისად“. „...პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური განსჯადობის წესი, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განხილული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილის მიხედვით. შესაბამისად, მითითებული მუხლის საფუძველზე, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც დაფიქსირდა სამართალდარღვევის ჩადენა...“

შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, ტექნიკური ინსპექტირება განხორციელდა ქ. გორში, ...ი №17-ში, შესაბამისად, სამართალდარღვევის სავარაუდო ჩადენის ადგილს წარმოადგენდა ქ. გორი. ამდენად, საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენდა - გორის რაიონული სასამართლო.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 მაისის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და გორის რაიონულ სასამართლოს შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არასწორად ჩათვალა დავა გორის რაიონული სასამართლოს განსჯადად.

გორის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემული საქმე განხილული უნდა იყოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. გორის რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო აქტები - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2022 წლის 20 ოქტომბრის №დად-182/09 დადგენილება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 7 მარტის №1-1/88 ბრძანება არ წარმოადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, კერძოდ, დადგენილებები შპს „...ას“ დაჯარიმების შესახებ შედგენილი იყო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, ხოლო სამინისტროს 2023 წლის 7 მარტის №1-1/88 ბრძანება პირდაპირ გამომდინარეობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან.

გორის რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე განხილული უნდა იყოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (სასარჩელი წარმოება) და საერთო განსჯადობის წესების შესაბამისად (მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით), მოცემულ საქმეზე კი ორივე მოპასუხის - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადგილსამყოფელი (მისამართი) ქ. თბილისშია, შესაბამისად, ადმინისტრაციული დავა შპს „...ას“ სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალებისა და განსჯადობის თაობაზე გორის რაიონული სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ შპს „...ას“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას როგორც საგნობრივი, ისე ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, საერთო წესის მიხედვით, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით. შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმდაც, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 159​5-159​9 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული გადაცდომების ჩამონათვალს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს. ცალკეულ სფეროებში სამართალდარღვევათა ჩადენისათვის კონკრეტული სახის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას ადგენს სპეციალური კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებიც (საარჩევნო კოდექსი, საგადასახადო კოდექსი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი და სხვა). ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განხილვას ავტომატურად ვერ დაექვემდებარება სამართალდარღვევებთან დაკავშირებული იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხი, რომლებიც უშუალოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არ არის გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას, საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოფს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. უდავოა, რომ მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძვლები, სწორედ მითითებული კოდექსის საფუძველზე განხორციელებული კონტროლისა და ზედამხედველობის შედეგებს უკავშირდება. კერძოდ, სადავო სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2022 წლის 20 ოქტომბრის №დად-182/09 დადგენილების მიხედვით, შპს „...ას“ დარღვევა გამოიხატა საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში - ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევაში. მითითებული დარღვევების გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-19 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის გამო, შპს „...ას“ მიმართ დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდა და დაჯარიმდა 2 250 ლარით.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, შპს „...ას“ მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის ნორმატიულ საფუძველს არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენებაზე პირდაპირ მითითებას არც სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები მოიცავს. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2022 წლის 20 ოქტომბრის №დად-182/09 დადგენილებაში მითითებული, სავარაუდო სამართალდარღვევის ამსახველი ქმედებები, მათთვის განსაზღვრული შესაბამისი სანქციებით, ასახულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში. ამასთან, აღნიშნული კოდექსი არ შეიცავს მითითებას, სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესის ავტომატურად გამოყენების თაობაზე. ამასთან, აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ სადავო დადგენილება გასაჩივრდა და ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივარი განხილულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საერთო წესის შესაბამისად.

ამდენად, სამართალდარღვევის ჩადენისა და დამრღვევის დაჯარიმების შესახებ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხი განხილულ უნდა იქნეს საერთო განსჯადობის წესების დაცვით. მოცემული საქმის განსჯადი სასამართლო უნდა დადგინდეს არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი), არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული განსჯადობის წესების გათვალისწინებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი ადმინისტრაციული დავის განსჯად სასამართლოდ მიჩნეულ უნდა იქნეს სადავო აქტების გამომცემი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადგილმდებარეობის შესაბამისი სასამართლო - თბილისის საქალაქო სასამართლო და დავა ტერიტორიულად განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-6 და 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ას“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი