ბს-1424 (კ-22) 05 ოქტომბერი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ჩ-ამ 03.06.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 23.04.2021წ. N03-1641/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ქ. თბილისში მ.ჩ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.01.2022წ. გადაწყვეტილებით მ.ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 23.04.2021წ. N03-1641/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში მ.ჩ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით მ.ჩ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილები - ე.ც-ი და დ.ც-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. 31.10.2019წ. მ.ჩ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს მისი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 16.10.2020წ. მდგომარებით, ოჯახი შეფასდა 4.5 ქულით, მათ შორის: 2 ქულა - საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს; 1,00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები 2 არასრულწლოვანი; 1,5 ქულა - მ.ჩ-ა არის ქვრივი. მ.ჩ-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, განაცხადს აკეთებს მათთან ერთად. ოჯახის ფაქტობრივი მისამართია: თბილისი, ..., ...ის გამზირი N.... მონიტორინგი განხორციელდა 05.02.2021წ., მონიტორინგის დროს დადგინდა, რომ ოჯახი შედგება სამი წევრისაგან, თავად მოსარჩელის და ორი არასრულწლოვანი შვილისაგან. მოსარჩელე აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 1996 წლიდან. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოხდა საცხოვრებლის დასურათება. მონიტორინგის ჯგუფს წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 03.06.2019წ. N003538519 დასკვნის მიხედვით თბილისი, ...ის გამზ. N...-ში მდებარე ათ სართულიანი კორპუსის მზიდი კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შენობის შიგნით განთავსებული საერთო სარგებლობის დამხმარე სათავსოები: სამზარეულო, ტუალეტი, საშხაპე, კორიდორის აგურის ტიხრების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, დაზიანებულია მეორე ხარისხში, ასეთ ხარისხში დაზიანებული შიდა სივრცე ექსპლუატაციისთვის ვარგისია, მაგრამ ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭიროებს აღდგენით სამუშაოების ჩატარებას და შემდგომ კაპიტალურ რემონტს, აღნიშნული შენობის გეგმარებიდან გამომდინარე, არსებული ოთახების საცხოვრებელ ბინებად გამოყენება მიზანშეწონილი არაა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებულ "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე". სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. ოქმის მიხედვით, ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4,5 და მეტი ქულა. სწორედ 4,5 ქულა ჰქონდა მინიჭებული მ.ჩ-ას ოჯახს, თუმცა უკანონოდ და დაუსაბუთებლად დააკლდა 2 ქულა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უსამართლოდ მიიჩნია, რომ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობები არის დამაკმაყოფილებელი, არ გაიზიარა მხარის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 03.06.2019წ. N003538519 დასკვნა. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს აგრეთვე საქმეში დაცულ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 15.09.2021წ. N0065427721 დასკვნაზე, რომლითაც დადგნილია, რომ თბილისში, ...ის გამზ. N33-ში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ათსართულიან შენობაში მე-8 სართულზე მდებარე, განმცხადებლის მიერ მითითებული დამხმარე ფართი: სააბაზანო, საპირფარეშო და სამზარეულო არის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში და საჭიროებს საფუძვლიან სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნული ფართი საექსპლუატაციო პირობებს არ აკმაყოფილებს. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში დაცულ საქართველოს სახალხო დამცველის 15.10.2021წ. N04-9/9836 რეკომენდაციაზე, რომლის თანახმად მ.ჩ-ას ოჯახისთვის "საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს" კრიტერიუმებში მინიჭებული ქულის გაუქმება არ შეესაბამება საქმის განხილვის დროისთვის მოქმედ კანონმდებლობას, აღნიშნულით ვერ მიიღწევა განსახლების საჭიროების მქონე დევნილთა გამოვლენისა და შემდგომში მათი განსახლების მიზანი. სახალხო დამცველის რეკომენდაციით მიმართა მოსარჩელემ სააგენტოს მომხდარიყო გაუქმებული ქულების აღდგენა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული ფოტომასალით, ექსპერტიზის დასკვნით, სახალხო დამცველის რეკომენდაციით და თავად მოსარჩელის განმარტებით დგინდება რამდენად მძიმეა მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული (სადავო პერიოდში მოქმედი) დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ სააგენტო საცხოვრებელი ფართის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობით დაკისრებული ყველა მოთხოვნის ზედმიწევნით შესრულებით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებას, ფაქტების დეტალურ შესწავლას და მხოლოდ ამის შემდგომ, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტზებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. სასამართლო სააგენტოს ადანაშუალებს ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის უგულებელყოფაში. აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ შენობის დაზიანების ხარისხი მე-2 კატეგორისაა, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ნგრევადი ობიექტის დაზიანების ხარისხი მე-3-მე-4 კატეგორიაა. ექსპერტიზის დასკვანში არ არის მითითებული, რომ აღნიშნული ობიექტი საცხოვრებლად უვარგისი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია. რაც შეეხება მძიმე საცხოვრებელ პირობებს, რასაც მხარე განაცხადის გაკეთებისას უთითებდა და წინასწარი შეფასების ეტაპზე შესაბამისი ქულით შეფასდა, აღნიშნული გადამოწმებულ იქნა მონიტორინგის სამმართველოს მიერ და დადგინდა, რომ ობიექტში აღინიშნება მცირე დაზიანებები, თუმცა მოსარჩელის საცხოვრებელი აბსოლუტურად ვარგისია, შესაბამისად არ გამოიკვეთა მძიმე საცხოვრებელ პირობების კრიტერიუმში ქულის მინიჭების საფუძველი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიმალურ საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით კრიტერიუმში ქულის მინიჭება იმ შემთხვევაში ხდება როდესაც დევნილი ცხოვრობს აფტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია.
კასატორის მითითებით სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსის მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელის მეუღლეს აქვს საკუთრებაში უძრავი ქონება და აქვს შესაძლებლობა რომ არ იცხოვროს ქირით ან ისარგებლოს ალტერნატიული საცხოვრებლით. ამდენად, მოსარჩელის ოჯახი არ საჭიროებს სასწრაფო განსახლებას. მონიტორინგის ოქმიდან ცალსახად დასტურდება, რომ მხარე რეალურად ფლობს და შეუზღუდავად სარგებლობს ფაქტობრივი საცხოვრებლით. ასევე არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მხარე შესაძლოა თავშესაფრის გარეშე დარჩეს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებებს, რომელიც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალების მიხედვით მოსარჩელე მ.ჩ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. 31.10.2019წ. მ.ჩ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მისი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. 16.10.2020წ. ელექტრონული ფორმის მიხედვით ოჯახი შეფასდა 4.5 ქულით, მათ შორის: 2 ქულა - საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს; 1,00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები 2 არასრულწლოვანი; 1,5 ქულა - მ.ჩ-ა არის ქვრივი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. №19 სხდომის ოქმის თანახმად, ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მ.ჩ-ას ოჯახს არასაკმარისი ქულის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს 2 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელი პირობების კომპონენტში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 23.04.2021წ. №03-1641/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19) მ.ჩ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე არასაკმარისი ქულის გამო. საქმეზე დადგენილია, რომ მ.ჩ-ა 1996 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის გამზ. N33ბ-ში (ყოფილი ...), რომელიც არის ...ის საერთო საცხოვრებელი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 03.06.2019წ. N003538519 და 15.09.2021წ. N0065427721 დასკვნებზე, ასევე სახალხო დამცველის 15.10.2021წ. N04-9/9836 რეკომენდაციაზე, რომელთა ერთობლიობაში შეფასებით დგინდება რომ მოსარჩელის და მისი არასრულწლოვანი შვლების საცხოვრებელი პირობები აშკარად მძიმეა და არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს. შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უკანონოა მ.ჩ-ას დევნილი ოაჯხისთვის 2 ქულის დაკლება მძიმე საცხოვრებელი პირობების კომპონენტში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. №19 სხდომის ოქმის თანახმად, ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა, ამდენად, წინასწარი შეფასებით მ.ჩ-ას ოჯახისთვის მინიჭებული ქულა (4.5) საკმარისი იყო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
ამასთან, წინააღმდეგობრივია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე სადავო აქტით განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ მოსაზრებასთან, რომლის მიხედვით მოსარჩელის ოჯახი არ საჭიროებდა სასწარაფო განსახლებას მოსარჩელის მეუღლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამო, მაშინ როდესაც, მოსარჩელე არის ქვრივი და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი სადავო აქტის თანახმად არასაკმარისი ქულის გამო ეთქვა.
უსაფუძვლოა ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ არ დასტურდება დევნილის ოჯახის თავშესაფრის გარეშე დარჩენის საშიშროება, აღნიშნული არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. ამასთან აღსანიშნავია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მ.ჩ-ასთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მის არასრულწლოვან შვილებს ე.ც-ს და დ.ც-ს. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (საქართველო კონვენციას შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 21.04.1994წ. დადგენილებით) 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. მითითებული
კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალსწინებით ემოქმედა.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი