Facebook Twitter

ბს-200(კ-23) 05 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჭ-ა-მ-მა 03.06.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დევნილი ოჯახის გრეძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე მოპასუხის 20.04.2021წ. №03-1114/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ნ. ჭ-ა-მ-ის ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.10.2021წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ნ. მ-ი და ც. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.06.2022წ. გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ა-მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.04.2021წ. №03-1114/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ჭ-ა-მ-ის ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.06.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნ. ჭ-ა-მ-ი და მისი შვილი ც. მ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. კანონით დადგენილი წესით, ნ. ჭ-ა-მ-მა წარადგინა განცხადება და მოითხოვა მისი ოჯახის უზრუნველყოფა გრძელვადიანი საცხოვრებლით. განცხადების საფუძველზე შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 7.5 ქულა (მათ შორის: ცხოვრობს ქირის გარეშე ნათესავის/ახლობლის ბინაში - 1.5 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მნიშვნელოვნად გამოხატული - 3 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მკვეთრად გამოხატული - 3 ქულა ). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. გადაწყვეტილებით (N19 სხდომის ოქმი), ნ. ჭ-ა-მ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მისი ოჯახი ამ ეტაპზე არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას, ქირის გარეშე ცხოვრების გამო. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დააკლდა 1.5 ქულა ნათესავის/ახლობლის ბინაში ცხოვრების კომპონენტში. სადავო ბრძანებით, კომისიის აღნიშული გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ. ჭ-ა-მ-ს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის 4.1 მუხლის "ო" ქვეპუნქტზე, მე-6 და მე-12 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე" და აღნიშნა, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს და მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში არ აქვთ რაიმე სახის უძრავი ქონება, რის გამოც მუდმივი საცხოვრებლის არარსებობის გამო, ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობენ სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. წარსულში ოჯახის წევრის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის ფაქტი და შემდგომ მისი გასხვისება არ ქმნის იმის წინაპირობას, რომ დევნილ ოჯახს დღეის მდგომარეობით, მისი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით უარი ეთქვას საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე. რაც შეეხება მოსარჩელისთვის 1.5 ქულის დაკლებას, პალატა განმარტავს, რომ სააგენტო დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს სწორედ იმ შემთხვევას, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში. მოსარჩელეს ამ კრიტერიუმის საფუძველზე ჰქონდა ამ ნაწილში ქულა მინიჭებული. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერც სადავო გადაწყვეტილებით და ვერც სასამართლო განხილვისას არგუმენტირებულად ვერ დაასაბუთა რამ განაპირობა მოსარჩელისთვის 1.5 ქულის დაკლება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დროებით სხვის საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით (იხ. სუსგ Nბს-1129(კ-20), 25/03/2021წ.).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ას ..., N7) განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა. მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს დევნილობიდან დღემდე. მონიტორინგის დროს მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბინა არის მისი მულის - თ. მ-ის საკუთრება, თუმცა ოჯახმა მონიტორინგის განხორციელებისას და შემდგომ განსაზღვრულ 1 კვირიან ვადაში ვერ წარმოადგინა მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტი. კასატორის მითითებით ნ. მ-ს საკუთრებაში ჰქონდა ბინა (ს.კ. ...), რომელიც 2010 წელს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა შვილებს. ამავე მისამართზე ნ. მ-ის საკუთრებაში ირიცხება სარდაფი (ს.კ, ...). მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას, კომისიის 02.04.2021წ. N19 სხდომის ოქმით მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, ქირის გარეშე ცხოვრების გამო. ამავე გადაწყვეტილებით მხარეს დააკლდა 1.5 ქულა ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების ნაწილში. კასატორის მითითებით მხარემ მხოლოდ 17.03.2021წ. წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც მონიტორინგის მისამართზე მდებარე უძრავი ქონება თ. მ-ის საკუთრებაა, უფლების დამდგენ დოკუმენტად ამონაწერში მითითებულია ჩუქების ხელშეკრულება. აღნიშნული უძრავი ქონება 04.03.2021წ. მდგომარეობით ირიცხებოდა ნ. მ-ის სახელზე, ხოლო უფლების დამდგენ დოკუმენტად ფიქსირდებოდა ანდერძისმიერი მემკვიდრეობა (ს.კ. ...).

კასატორმა მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ "დევნილთა გრეძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე" და აღნიშნა, რომ დასახელებული ბრძანებით რეგულირდება საცხოვრებლით უზურუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. სამინისტრო ვერ იმოქმედებს ნორმატიული აქტით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს აქვს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და წლების მანძილზე სარგებლობს ქირის გარეშე. ამასთანავე, აღნიშნული ობიექტი არ არის ნგრევადი და არ საჭიროებს მხარის დაუყოვნებლივ განსახლებას. კასატორმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დაკმაყოფილდნენ ისეთი დევნილი ოჯახები, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. კასატორის მითითებით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია სზაკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები, გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად, შესაბამისად იგი ბათილად არ უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით ნ. ჭ-ა-მ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას სარეგისტრაციო განაცხადზე ჰყავს მეუღლე ნ. მ-ი და შვილი ც. მ-ი. ნ. ჭ-ა-მ-ი და მისი მეუღლე არიან უსინათლოები, დადგენილი აქვთ შშმ პირის სტატუსი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. №19 სხდომის ოქმის თანახმად, ბინის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ნ. ჭ-ა-მ-ს ოჯახს, რომელსაც წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდა 7.5 ქულა. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა, ქირის გარეშე ცხოვრების გამო, ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დააკლდა 1.5 ქულა ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების კომპონენტში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.04.2021წ. №03-114/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19) ნ. ჭ-ა-მ-ს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ქირის გარეშე და არ დგას მისი ოჯახის თავშესაფრის გარეშე დარჩენის საშიშროება, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, აღნიშნულ გარემოებაზე მითითება არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). უფრო მეტიც, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 1,5 ქულა მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა სწორედ იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ადგენს ქირის გარეშე ცხოვრებას. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბინა სადაც მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს არის ნ. მ-ის დის თ. მ-ის საკუთრება, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) განმცხადებლმა სადავო გადაწყვეტილების მიღებამდე წარუდგინა ადმინისტრაციულ ორგანოს, რასაც თავად კასატორიც აღნიშნავს საკასაციო საჩივარში. ამდენად, დაუსაბუთებელია ნ. ჭ-ა-მ-ის ოჯახისათვის ადმინისტრაციული წარმოებისას 1.5 ქულის დაკლება ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების კომპონენტში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქულის დაკლების მიუხედავად, ნ. ჭ-ა-მ-ის ოჯახს დაგროვილი ჰქონდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ქულების ოდენობა.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ წარსულში ოჯახის წევრის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის ფაქტი და შემდგომ მისი გასხვისება არ ქმნის იმის წინაპირობას, რომ დევნილ ოჯახს დღეის მდგომარეობით, მისი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით უარი ეთქვას საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე. ამასთან, საცხოვრებლით უზრუნველყოფის დამაბრკოლებელ გარემოებას არ ქმნის კასატორის მითითება ნ. მ-ის საკუთრებაში სარდაფის არსებობის თაობაზე, რამეთუ სარდაფი ვერ შეფასდება ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე და მისი მეუღლე არიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციების მოსაზრებას და მიუთითებს, რომ ნ. ჭ-ა-მ-ი და მისი მეუღლე, როგორც შშმ პირები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით საჭიროებენ შესაბამისი საცხოვრებელი პირობების არსებობას, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული სადავო აქტის მიღებისას. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი