№ბს-203(კ-23) 11 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ.ხ-ი, ლ.ხ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 26 იანვარს გ. და ლ. ხ-ებმა სარჩელით მიმართეს ცაგერის რაიონულ სასამართლოს.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, საქმე განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელეებმა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გ.ხ-ისა და ლ.ხ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ) გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით გ.ხ-ისა და ლ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ.ხ-ისა და ლ.ხ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები და აღნიშნა, რომ 2020 წლის 4 თებერვლის შეფასების ფურცლის მიხედვით, გ.ხ-ს მიენიჭა 16 ქულა (საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორია I – 10 ქულა, არ აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში - 6 ქულა).
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანების თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის №21 ოქმის საფუძველზე, გ.ხ-ს არ მიეცა დადებითი რეკომენდაცია განსახლებაზე, იმ მოტივით, რომ არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას, ჰქონდა შესაძლებლობა შეუფერხებლად ესარგებლა იმჟამინდელი საცხოვრებელით ქ. ცაგერში, ...ის ქ. №66-ში მდებარე უძრავი ქონებით. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელეების მიერ რაიმე სახის უძრავი ქონების ფლობისა თუ საკუთრებაში ქონის (საკუთრების უფლების რეგისტრაციის) ფაქტს, რაც ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი, რომლითაც თავისუფლად და შეუზღუდავად სარგებლობს 1993 წლიდან. შესაბამისად, არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება.
გ.ხ-მა 2014 წელს ოჯახის წევრ ლ.ხ-სთან ერთად შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. ოჯახის მიერ დაგროვილ ქულათა ოდენობა იყო 16.0 ქულა: საცხოვრებელ სახლს აღენიშნებოდა პირველი კატეგორიის დაზიანება 10 ქულა; სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდა საკუთრებაში - 6 ქულა.
2013 წლის 13 ნოემბრის 799-ე ბრძანების შესაბამისად მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე (ცაგერის რაიონი, სოფ. ...) 2020 წლის 30 სექტემბერს განხორციელდა ადგილზე შემოწმება და შეივსო შესაბამისი ფორმა. საცხოვრებელი სახლი აღარ არსებობდა საკარმიდამო ეზოში შეინიშნებოდა საძირკვლის ფრაგმენტები, ასევე მეწყრისთვის დამახასიათებელი საფეხური. მონიტორინგის მასალებიდან დადგინდა, რომ მოცემული დროისათვის, ოჯახი ცხოვრობდა ქ. ცაგერში, ...ის ქ. №66-ში, 1993 წლიდან, გ.ს მეუღლის აწ. გარდაცვლილი მამიდის - ა.ვ-ის სახლში. სახლი იმჟამად არავის საკუთრებაში არ იყო. მონიტორინგის მასალები წარედგინა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიას. კომისიამ 2020 წლის 2, 3, 4, 7 დეკემბრის (სხდომის ოქმი №21) სხდომაზე განიხილა მოქალაქე გ.ხ-ის ოჯახის საკითხი და არ დააკმაყოფილა მისი განაცხადი ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო. გ.ხ-ი 1993 წლიდან ოჯახით ცხოვრობდა მეუღლის აწ. გარდაცვლილი მამიდის სახლში. მხარე არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას, შესაძლებლობა ჰქონდა შეუფერხებლად ესარგებლა იმჟამინდელი საცხოვრებლით, ქ. ცაგერში, ...ის ქ. №66-ში მდებარე უძრავი ქონებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურაზე“, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
ამავე პროცედურის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია. მოცემული მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების (შემდგომში – კრიტერიუმები) შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ხოლო ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმებს (დანართი №3) წარმოადგენდა: საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიები, სოციალური კრიტერიუმები და სხვა კრიტერიუმი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გ.ხ-ის ოჯახს 2020 წლის 4 თებერვლის შეფასების ფურცლის მიხედვით, გ.ხ-ს მიენიჭა 16 ქულა (საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორია I – 10 ქულა, არ აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში - 6 ქულა).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანების თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის №21 ოქმის საფუძველზე, გ.ხ-ს არ მიეცა დადებითი რეკომენდაცია განსახლებაზე, იმ მოტივით, რომ არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას, ჰქონდა შესაძლებლობა შეუფერხებლად ესარგებლა იმჟამინდელი საცხოვრებელით ქ. ცაგერში, ...ის ქ.№66-ში მდებარე უძრავი ქონებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი და არ დასტურდება, უშუალოდ მოსარჩელეთა ოჯახის რომელიმე წევრის, როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის), მიერ საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში ქონის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სტატუსით დაკითხული ბ.კ-ის განმარტებით ირკვეოდა, რომ მოწმე გ.ხ-ის ოჯახს იცნობდა 50 წლის განმავლობაში, ის მეზობელ სოფელში ცხოვრობდა. მოწმის განმარტებით, გ.ხ-ის საცხოვრებელი სახლი მოხვდა მეწყრულ ზონაში და დაინგრა. გ.ხ-ის ოჯახი ცხოვრობდა გ.ხ-ის მეუღლის მამიდასთან, თუმცა აღნიშნული სახლიდან წამოვიდნენ მამიდის ნათესავების მოთხოვნით. მოწმემ დაადასტურა, რომ გ.ხ-ს იმჟამად არ გააჩნდა ფაქტობრივი საცხოვრებელი სახლი.
მოწმის სტატუსით დაკითხული იქნა ასევე ნ.ს-ე, რომელმაც განმარტა, რომ გ.ხ-ის ოჯახი ცხოვრობდა მისი (მოწმის) დეიდის სახლში, რომელიც ამავე დროს იყო გ.ხ-ის მეუღლის მამიდა. ნ.ს-ემ აღნიშნა, რომ გ.ხ-ის ოჯახის საცხოვრებელი სახლი მეწყრის შედეგად დაინგრა, მათ არ გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი, ამიტომ გარდაცვლილი დეიდის სახლში შესთავაზა ცხოვრება, თუმცა ვინაიდან აღნიშნული სახლი თავად ესაჭიროებოდა, გ.ხ-მა ოჯახთან ერთად მისი მოთხოვნისამებრ სახლი დატოვა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ გ.ხ-ის ოჯახი დროებით, იმჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე ცხოვრობდა გ.ხ-ის მეუღლის აწ. გარდაცვლილი მამიდის - ა.ვ-ის სახლში. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა, სადავო პერიოდში არ გამორიცხავდა გ.ხ-ის ოჯახის უფლებას, როგორც ეკომიგრანტი ოჯახი განსახლებული ყოფილიყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით გათვალისწინებული წესით. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები გარკვეული პერიოდი სარგებლობდნენ სხვისი საკუთრებით, ცხოვრობდნენ სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, არ ქმნიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №ბს-592(კ-20) განჩინება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი