№ბს-566(კ-23) 11 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ.ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 12 ივლისს გ.ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 3 ივნისის №1351 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქალაქ თბილისში, ...ზე ...ის ქუჩისაკენ მიმავალ გზაზე და ...ას შორის, №... საკადასტრო კოდის 170.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 3 ივნისის №1351 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ქ. თბილისში, ...ზე ...ის ქუჩისაკენ მიმავალ გზაზე და ...ას შორის, (ნაკვ. ...), საერთო ფართობი 170.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ.ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 აპრილის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია №...) თანახმად, ქ. თბილისში, ...ზე ...ის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე და ...ას შორის (ნაკვ. ...); დაზუსტებული ფართობი 200 კვ.მ. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 207.00 კვ.მ. ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა გ.ხ-ი.
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 11 იანვრის №175 საოქმო გადაწყვეტილებით (საკითხი №7) მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თბილისი, ...ზე ...ის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე და ...ას შორის მდებარე დაკანონებული ფართის 200 კვ.მ.-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 110 კვ.მ.) საკუთრების უფლება უღიარდა გ.ხ-ს. შესაბამისად, კომისიის მიერ 2010 წლის 6 მაისს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №....
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 04 აპრილის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია №...) თანახმად, ქ. თბილისში, ...ზე ...ის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე და ...ას შორის მდებარე დაკანონებული 200 კვ.მ.-ის მიმდებარედ დაზუსტებული ფართობი 110 კვ.მ. შენობა-ნაგებობების საერთო ჩამონათვალი №1, ს/კ ... მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს გ.ხ-ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: საკუთრების უფლების მოწმობა №..., დამოწმების თარიღი 06.05.2010წ.
2018 წლის 15 მაისს გ.ხ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისში, ...ზე ...ის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე და ...ას შორის მიმდებარედ (ნაკვ. ...) მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას ერთოდა მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელ. ვერსია, ფოტოსურათები და პირადობის მოწმობის ასლი.
2019 წლის 23 მაისის №... სამსახურებრივი ბარათით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებულ რეგისტრაციის სამსახურს ეცნობა, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მიხედვით, №... განცხადებაზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე 15.05.2018 წლის მდგომარეობით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 მაისის წერილობითი მიმართვით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ, საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განსახილველად გადაეგზავნა გ.ხ-ის განცხადება თანდართული და საჯარო რეესტრის მიერ მოძიებულ დოკუმენტებთან ერთად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების სააგენტოს 2019 წლის 24 აპრილის წერილით აღიარების კომისიას ეცნობა, რომ ...ზე, ...ის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია საზოგადოებრივ საქმიან (სსზ-3) ზონაში.
საქმეშია ზ.თ-ის, თ.წ-სა და გ.თ-ის 2018 წლის 14 მაისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ მათი მეზობელი გ.ხ-ი 2008 წლიდან ნამდვილად ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთს 170 კვ.მ ოდენობით, მდებარე ...ზე, ...ის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე. ისინი არ არიან წინააღმდეგი აღნიშნული უძრავი ქონება დაირეგისტრიროს გ.ხ-მა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 2 მაისის №23 საოქმო გადაწყვეტილებით (საკითხი №39) გ.ხ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ზე, ...ის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე და ...ას შორის (...)) საკუთრების უფლების აღიარებაზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 3 ივნისის №1351 განკარგულებით, გ.ხ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ზე, ...ის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე და ...ას შორის (...), საერთო ფართობი 170.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიამ მიუთითა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით, ორთოფოტოებითა და ფოტოსურათებით არ დასტურდებოდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, არ დგინდებოდა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ამოქმედებამდე. კომისიამ ასევე მიუთითა, რომ გ.ხ-ის თავდაპირველი მოთხოვნა არ მოიცავდა განსახილველი განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დროისათვის (2010 წელს) გ.ხ-ი პრეტენზიას არ აცხადებდა განსახილველი განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ დადგენილი გარემოებები არ იძლეოდა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების ფაქტის დადასტურების საფუძველს. გარდა ამისა, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრები მოქცეული იყო საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთის საზღვრებში (ტროტუარი).
სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტთან დაკავშირებით მიუთითა თავად მოსარჩელის გ.ხ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ მისივე განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია 2008 წლიდან 170 კვ.მ მიწის ნაკვეთით ფლობა-სარგებლობის თაობაზე, რასაც უდასტურებს სამი მოწმე. აქედან ორი მოწმე მოგვიანებით, მართალია, უდასტურებს, ამ მიწის ნაკვეთის 2007 წლის 5 ივნისიდან ფლობა-სარგებლობის ფაქტს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული განცხადებები ვერ გამოდგებოდა გ.ხ-ის მიერ მოთხოვილი მიწის ნაკვეთით კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის სექტემბრამდე) ფლობა-სარგებლობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს გ.ხ-ს 2010 წელს მისი მოთხოვნის საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ზე ...ის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე და ...ას შორის მდებარე დაკანონებული ფართის 200 კვ.მ.-ის მიმდებარედ, საერთო ფართობზე - 110 კვ.მ. საკუთრების უფლება ერთხელ უკვე ეღიარა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ გარემოებაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკაზე მითითებით, მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით განსაზღვრული საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2010 წელს აღიარებული მიწის ნაკვეთის ფართობი იყო 110 კვ.მ (საკადასტრო კოდი №...), ხოლო სადავო მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 170 კვ.მ, რაც ჯამში (280 კვ.მ) აღემატებოდა გ.ხ-ის თავდაპირველ საკუთრებაში არსებულ (200 კვ.მ) ფართობს (საკადასტრო კოდი №...), რაც სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2010 წელს მოქმედი კანონმდებლობითაც დაუშვებელი იყო, რადგან ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არსებულის ფართობზე ნაკლები უნდა ყოფილიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ იგი 2007 წლის 5 ივნისიდან ფლობს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე აშენებული შენობის მომიჯნავეს. უფლებაასაღიარებელი და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ექცევა ერთიან სასაზღვრო მიჯნაში, რასაც ადასტურებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა. უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ ექცევა საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთის საზღვრებში და არ წარმოადგენს ტროტუარს, რაც თვალნათლივ ჩანს შპს „...ის“ მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში, ორთოფოტოსა და ფოტოსურათებში. მიწის ნაკვეთი მდებარეობს მეზობლების საკუთრების გასწვრივ (მარჯვნის და მარცხნივ) და არა საზოგადოებრივი სარგებლობის საზღვრებში, ხოლო ტროტუარი ცალკეა გამოყოფილი.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ ვინაიდან მოსარჩლემ 2010 წელს არ მოითხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ეს ფაქტი გამორიცხავს სხვა დროს მოთხოვნის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის აღიარებას ითხოვს, არის მის საკუთრებაში არსებული 310 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შესასვლელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ.ხ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს გ.ხ-ისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისში, ...ზე, ...ის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე და ...ას შორის (ნაკვ. ...), დაზუსტებული ფართობი 200 კვ.მ. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 207.00 კვ.მ. №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა გ.ხ-ი.
მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა 2010 წელს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ზე ...ის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე და ...ას შორის მდებარე 200 კვ.მ.-ის მიმდებარედ, დაკანონებული 110 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა გ.ხ-ის სახელზე (ს/კ ...). რეგისტრაციის საფუძველი გახდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საკუთრების უფლების მოწმობა №... (დამოწმების თარიღი 06.05.2010წ.). აღნიშნული მოწმობის გაცემას, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 11 იანვრის №175 საოქმო გადაწყვეტილება (საკითხი №7), რომლითაც მოთხოვილ მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია (სასყიდლიანი) და მოსარჩელეს ეღიარა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციულ ორგანოში გ.ხ-ის მიერ წარდგენილ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით განსაზღვრული საფუძველი, ვინაიდან, აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ნაწილობრივ, მოსარჩელის უფლებააღიარებული იმ მიწის ნაკვეთის (110 კვ.მ) მომიჯნავედ, რომელიც მას საკუთრებაში გადაეცა 2010 წელს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ იძლევა მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის 2007 წლის სექტემბრამდე ფლობის ფაქტის უტყუარად დადასტურების შესაძლებლობას და ასევე საქმის მასალებით ცალსახად არ დგინდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობის ფაქტი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთების შემოსაზღვრის გარეშე ერთ სივრცეში არსებობა (კასატორის მითითება) ავტომატურად არ გულისხმობს მიწის ნაკვეთის ერთიან სასაზღვრო მიჯნაში არსებობას.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის მითითება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მის საკუთრებამდე ერთადერთ მისასვლელ ტერიტორიად გამოყენების შესახებ ავტომატურად არ ქმნის მიწის ნაკვეთის აღიარების კანონისმიერ საფუძველს, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, ერთის მხრივ იგი ნაწილობრივ ემიჯნება უკვე უფლებააღიარებულ მიწის ნაკვეთს, რაც გამორიცხავს მასზე დამატებით უფლების აღიარების შესაძლებლობას (იხ. სუსგ 25.11.21წ. №ბს-1304(კ-19)), ხოლო მეორეს მხრივ, მიწის ნაკვეთი არ ექცევა ერთიან სასაზღვრო მიჯნაში (არ არის შემოსაზღვრული) და ამასთან, ექცევა საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს გ.ხ-ის საკუთრებასთან მისასვლელ ერთადერთ გზას-ტერიტორიას, კასატორი უფლებამოსილია შესაბამისი ტერიტორიით სათანადოდ სარგებლობის უფლება მოიპოვოს სხვა სამართლებრივი საფუძვლების გამოყენებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გ.ხ-ს საკასაციო საჩივარზე 13.05.2023წ. № ... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ხ-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. გ.ხ-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.05.2023წ. № ... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი